„დოშირაკის“ სკანდალი
ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში გადავიდა და დაიწყო აფხაზების რუსი ტურისტებით უკმაყოფილება, რუსებისა კი აფხაზების სიზარმაცესა თუ უმადურობაზე გამოხმაურებების მთელი სერია. ამჯერად უკმაყოფილების ეს ახალი ტალღა "დოშირაკის" სკანდალმა გამოიწვია. ივლისის მიწურულს სოხუმში ტურიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ შეკრებაზე აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთს არ სჭირდება ღარიბი ტურისტი, რომელიც ყიდულობს "დოშირაკს" (სწრაფი მომზადების იაფ სუპს) და ქუჩაში ფულს არ ხარჯავს. ეს განცხადება სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა. აღშფოთებული რუსების დასაშოშმინებლად განცხადების ავტორი თანამდებობიდან გაუშვეს, ხოლო განცხადების გავრცელებისთვის აფხაზი ჟურნალისტები დასავლეთის აგენტობასა და ქვეყნის წინააღმდეგ განზრახ აგორებულ მავნებლობაში დაადანაშაულეს.
"ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 რუბლით, გარწმუნებთ, არაფერს იყიდის. ის სასტუმროში რიგში ჩადგება, რომ ერთი ჭიქა წყალი ან წვენი მისცენ, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის. ისინი ჩამოდიან და "დოშირაკს" ყიდულობენ, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ისინი ყიდულობდნენ სუვენირებს, ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ა.შ. ჩემი აზრით, ჩვენ ასეთი ტურისტი არ გვჭირდება", - განაცხადა დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტინა ლაკერბაიამ.
ჩინოვნიკის ამ განცხადების ვიდეოჩანაწერი ოპოზიციურმა არხმა "აბაზა ტვ"-მ გაავრცელა, შემდეგ კი ის მთელ ინტერნეტს მოედო და 2 კვირაზე მეტია უკვე დიდი განხილვის საგანია.
სკანდალის აგორების შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ კაბინეტში დაიბარა "ტურიზმის მინისტრი" და იმავე დღეს განცხადების ავტორი კრისტინა ლაკერბაია თანამდებობიდან გაუშვეს. "დოშირაკზე" განცხადებას შეეწირა "მინისტრის" ერთი მოადგილე, ასტამურ ბარციციც, რომელიც შეკრებას ესწრებოდა და ლაკერბაიას პოზიციას იზიარებდა.
ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუს ტურისტებს მოუბოდიშა, განაცხადა, რომ სტუმრებზე ასეთი ლაპარაკი მიუღებელია: "მე, ისევე, როგორც აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, აღშფოთებული ვარ სამინისტროს თანამშრომლის ამ განცხადებით. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვუპასუხო სიტუაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს ლახავს... სტუმართმოყვარეობა არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ჩვენს ხალხს, აფხაზეთში სტუმრები არ იყოფიან მათი სიმდიდრის დონის მიხედვით".
"დოშირაკზე" ნათქვამი განცხადების შემდეგ ინტერნეტი უარყოფითი შეფასებებით გაივსო. როგორც რუსული მედია წერს, ლაკერბაიას განცხადებამ რუსები აღაშფოთა, რომ აფხაზეთში პრობლემაა მომსახურების ხარისხი, მოძველებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი კეთილგანწყობილი არ არის რუსი ტურისტების მიმართ და იქ კვებაც არ არის უსაფრთხო.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ოლგა ეპიფანოვამ "გაზეტა. რუ"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ხშირად ჭამენ "დოშირაკს" შვებულებაში ინფექციების თავიდან ასაცილებლად, რადგან "სასადილოებსა და კაფეებში ნაწლავური ინფექციის მუდმივი რისკია".
როგორც რუსი ტურისტები სოცქსელებში წერენ, აფხაზეთში მხოლოდ ბუნებაა კარგი, მომსახურება უვარგისია, ამიტომაც მდიდარი ტურისტი იქ არ ჩავა: "ყველგან იტყუებიან - საზღვარზე, გზებზე, კაფეებში, ყველა ცდილობს მეტი ფული წაგართვას"; "აფხაზები ზარმაცები არიან, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარება არ უნდათ, მხოლოდ რუსული ფული უნდათ"; "კარგად დაფიქრდით, სანამ იქ დასასვენებლად წახვალთ. მერწმუნეთ, მათ ტურისტები არ უყვართ. როგორ გვიყურებენ, აგერ სახეშიც მოგვახალეს ეს"; "აქ ვერსად გაერთობი, კლუბები არა აქვთ, ღამით გარეთ დალევას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს"... აფხაზებს ასევე წამოაძახეს, რომ მათ "რუსეთი ინახავს" - "გაუთიშეთ აფხაზეთს ელექტროენერგია", "შეუწყვიტეთ დაფინანსება ამ უმადურებს". "ტიკ-ტოკზე" აქვეყნებენ მიმებსა და გაშარჟებულ ვიდეოებს "დოშირაკითა" და 300 რუბლით და ქილიკობენ, აფხაზეთში წასასვლელად ვემზადებითო.
აფხაზურმა ოპოზიციურმა მედიამ გათავისუფლებული "ჩინოვნიკების" მხარე დაიჭირა. "ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რომ ის ხალხი დასაჯეს და გაუშვეს სამსახურიდან, ვინც ეროვნული ტურიზმის ინდუსტრიისა და აფხაზი მეწარმეების დაცვას ცდილობდა მსხვილი სასტუმროების მფლობელი რუსი ბიზნესმენების დემპინგური ფასების გამო.
როგორც ოპოზიციური მედია იუწყება, აფხაზეთის კურატორმა სერგეი კირიენკომ ბადრა გუნბას ჩინოვნიკების გათავისუფლება სწორედ იმიტომ მოითხოვა, რომ "აფხაზმა ჩინოვნიკმა" დემპინგის პრობლემებზე საუბარი გაბედა. "როგორც ჩანს, აფხაზეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ახლა უკვე კურატორის დავალებებით გადაწყდება", - წერს ტელეარხი "რესპუბლიკა".
საგულისხმოა, რომ აფხაზეთში წელს ტურისტული სეზონი გახსნისთანავე პრობლემებით დაიწყო. ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ მსხვილი სასტუმროების მეპატრონე რუსი ბიზნესმენები იმდენად დაბალ ფასად ყიდიან მომსახურებას, რომ შეუძლებელია იგივე ფასი დაადოს აფხაზმა თავისი საოჯახო სასტუმროს მომსახურებას, რადგან ასეთ შემთხვევაში კომუნალურ ხარჯებსაც ვერ დაფარავს და ეს უსამართლო რუსული დემპინგი აფხაზთა მცირე ბიზნესს ანადგურებს.
ინფორმაციის გავრცელების გამო ე.წ. სახელისუფლებო ტელეგრამარხებმა ჟურნალისტების გაშავება და "ქვეყნის მტრებად" მონათვლა წამოიწყეს. მათი თქმით, "პრეზიდენტი" რამდენიმე დღე რუსეთიდან აღშფოთებულ ზარებს იღებდა და ეს ყველაფერი ხდება აეროპორტის გახსნის, მატარებლების დანიშვნის, ჰუმანიტარული ნაკადებისა და სხვა ბევრი რუსული დახმარების ფონზე, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია "არჩევნებში ჩაფლავდა", დასავლეთის აგენტი ოპოზიციონერი ჟურნალისტები ახლა სხვადასხვა მავნებლური მეთოდით ცდილობენ "სერიოზული ზიანი მიაყენონ ქვეყნის რეპუტაციას", მოკავშირეების თვალში აფხაზეთის იმიჯი შელახონ და ტურისტული სეზონი ჩაშალონ.
როგორც "ამრა ლაიფი" აღნიშნავს, ქვეყნის მტერია "აბაზა ტვ"-ის ჟურნალისტი მარიანა კოტოვა, ვინც ჩინოვნიკის განცხადება გაავრცელა. მას წლებია დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ და ახლა ამ უცხოეთის აგენტმა ტურისტული სეზონის პიკზე მოაწყო ეს პროვოკაცია.
"დოშირაკის" შესახებ ამბავი შესამჩნევი გახდა რუსეთშიც. მხოლოდ იმის გამოცნობა შეიძლება, თუ რამდენმა ათიათასობით რუსმა თქვა უარი აფხაზეთში გამგზავრებაზე უიღბლო ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ", - წერს "სოვმინი".
აფხაზურ სხვადასხვა ტელეგრამარხზე განხილვები გრძელდება. ინტერნეტი მიმებით აფეთქდა და ახლა აფხაზეთი "დოშირაკთან" ასოცირდება. წერენ, რომ ტურისტი ძვირს არ გადაიხდის ისეთ მოუწესრიგებელ სასტუმროებში, როგორსაც აფხაზეთში სთავაზობენ. "თუ გსურთ სამმაგ ფასად გააქირაოთ ოთახები, შექმენით ისეთი პირობები, რაშიც გადაგიხდიან. ბათუმში ასეთი პირობებია, ამიტომაც დადის იქ ხალხი", - წერს მომხმარებელი და შესადარებლად ავრცელებს სოხუმის დანგრეულფასადიანი შენობებისა და ბათუმის თანამედროვე მდიდრული შენობების ფოტოებს.
აფხაზეთში ტურიზმის თემის განხილვებისას აქტიურად დაიწყეს ბათუმის წარმატებულ მაგალითზე საუბარი. აფხაზი ექსპერტების თქმით, აფხაზეთის კონკურენტი ტურიზმში ბათუმია და მას ძალიან ჩამორჩებიან. გასულ წელს ბათუმში სამჯერ მეტი რუსი ჩავიდა, ვიდრე აფხაზეთში, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც არა აქვს და ეს აფხაზებისთვის საგანგაშო სიგნალია.
"ჩვენ უკვე დავწერეთ ბათუმის წარმატებული მაგალითის შესახებ, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ჩამორჩებოდა აფხაზეთს როგორც დასასვენებელი ადგილი, მაგრამ ახლა მას გაუსწრო და შავი ზღვის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა... დროა, სრულად შევისწავლოთ და მოვარგოთ ბათუმის გამოცდილება ჩვენს რეალობას, რათა მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დავიწყოთ აფხაზეთში ინვესტორების მოსაზიდად", - აცხადებს აფხაზი ექსპერტი.
"ფულიანი რუსი ტურისტი აფხაზეთში არ ჩავა"
მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას" ერთ-ერთი დამფუძნებელი: - "დოშირაკის" სკანდალმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველა რუსმა ბლოგერმა ამ თემაზე ვიდეო ჩაწერა. აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელმაც აღიარა, რომ ამ სეზონზე იმდენი ტურისტი არ ჩამოვიდა, რამდენსაც ელოდნენ. ბევრმა დაწერა, რომ აფხაზეთში ჩასვლა სურდათ, მაგრამ გადაიფიქრეს აფხაზების ნეგატიური დამოკიდებულების გამო. ტურისტების ნაკადის შემცირების სხვა მიზეზებზეც საუბრობენ და ჩემი აზრით, ეს უფრო საფუძვლიანია. როგორც ამბობენ, "დოშირაკის" სკანდალის გამწვავებაში კურატორ კირიენკოს ხელი ურევია. კრემლი სჯის აფხაზებს გაჯიუტებისთვის, რადგან ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, არ ამოქმედებულა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც რუსი ბიზნესმენებისთვის უპრეცედენტო შეღავათებს გულისხმობს, ამიტომ რუსეთმა ხელოვნურად ჩააგდო წლევანდელი სეზონი, რომ აფხაზებს სხვა გზა არ დარჩეთ, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნები შეასრულონ. იმავდროულად, რუსმა ბიზნესმენებმა დემპინგური ომი დაიწყეს. სოჭსა და ადლერში მოქმედმა დიდმა ტურისტულმა კომპანია "ბიბლიო-გლობუსმა" აფხაზური სასტუმროები სეზონის დაწყებამდე დაბალ ფასად დაიქირავა და ახლა უკიდურესად იაფად აქირავებს. მაგალითად, 33 რუბლადაც კი (დაახლოებით 2 ლარი) შეუძლია ტურისტს დასვენება სასტუმროში, სადაც საუზმეც შედის. "ბიბლიო-გლობუსს" სხვებმაც მიჰბაძეს. რუსული კომპანიები დემპინგით ცდილობენ პატარა სასტუმროების, გესტჰაუსების ჩაძირვას, რათა მომდევნო სეზონზე თვითონ იყვნენ ერთადერთი მსხვილი მოთამაშეები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამის გამო ამ სეზონზე აფხაზების მცირე სასტუმროები თითქმის ცარიელია.
როგორც წესი, აფხაზეთში საშუალო ფენაზე დაბალი მომხმარებელი ჩადის, სწორედ "დოშირაკის" მყიდველი. ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, სერვისი - კატასტროფული. ხშირია ტურისტების ძარცვა, კონფლიქტები. წელს გაგრაში რუსი ტურისტი დაჭრეს, როგორც ითქვა, ამაში გაგრის მერი იყო ჩარეული... თავის დროზე ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც გაუგზავნა თავის ჩინოვნიკებს ბათუმის ფოტოები და დაავალა, რომ სერვისით ბათუმს უნდა გაუტოლდნენ, თუმცა აფხაზეთი ისევ ისეთი მოუწყობელი დარჩა. რუსი ტურისტების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ ყველა ცდილობს მათ მოტყუებას. ამას ემატება არაჰიგიენური გარემო, ხშირად სასმლით იწამლებიან. ამიტომაც ფულიანი რუსი ტურისტი აფხაზეთში არ ჩავა.
ეკატერინე ბასილაია