ისა მუნაევი: „თუ ერთი წუთითაც უკან დავიხიო ბრძოლაში, მაშინ არამი ყოფილიყოს თითოეული წუთი ჩემი ცხოვრებისა“
გასული საუკუნის მიწურულსა და XXI დამდეგს, როდესაც კავკასიის სხვა ერების მსგავსად ვაინახებიც უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, მათი ყველაზე საიმედო მოკავშირეები ისევ ეთნიკურად მონათესავე ქართველები აღმოჩნდნენ. მიუხედავად პოლიტიკური არეულობისა და საფრთხეებისა, საქართველომ კარი გაუღო ათასობით ჩეჩენ ლტოლვილს - ოჯახებს, მებრძოლებს, ადამიანებს, რომელთაც დროებით სიმშვიდე სწორედ აქ, ქართველთა მიწაზე იპოვეს. ამ პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა კავკასიური სოლიდარობის ძალა: ჯოჰარ დუდაევი, ზვიად გამსახურდია, ჰამზათ გელაევი და მერაბ კოსტავა - მათ ბრძოლას ერთი მიზანი ამოძრავებდა: თავისუფალი კავკასია.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 57 ნომერში მდებარე მკვლევარ მექა ხანგოშვილის პატარა ოროთახიანი ბინა არაერთი ვაინახი ლეგენდის დროებითი ნავსაყუდელი ყოფილა. აქ უთენებიათ ღამეები ჩეჩნეთის პირველი და მეორე პრეზიდენტების, ჯოჰარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის ვაჟებს, ვახა იბრაგიმოვს (რომელიც ტრაგიკული აღსასრულისას თან ახლდა ჯოჰარ დუდაევს), ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის პირველი თავმჯდომარე ახიად იდიგოვს, იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ილიას მუნაევს, ასევე იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერს, სოციალური დაცვის მინისტრს, სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფის "მანსურის" მეთაურს (1999-2003 წწ.), გროზნოსა და ჩეჩნეთის მთებში ბრძოლების მონაწილე ცნობილ ჩეჩენ ფილოსოფოსს, პოეტს, მრავალი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატს აფთი ბისულთანოვს. მათ გარდა კიდევ არაერთი ცნობილი საველე მეთაური და გენერალი ყოფილა ჩოლოყაშვილის ქუჩის სტუმარი, თუმცა ამჯერად მათ შორის ერთ, სრულიად გამორჩეულ პიროვნებაზე - ისა მუნაევზე უნდა გიამბოთ.
ის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი, შინაგან საქმეთა მინისტრი და გროზნოს სამხედრო კომენდანტი გახლდათ. ჩეჩნეთის ომების დროს ხელმძღვანელობდა ოპერაციებს რუსული ჯარების წინააღმდეგ, ხოლო ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ - გროზნოს თავდაცვისთვის მზადებას, პირადად მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ჩასაფრებებისა და დივერსიების ორგანიზებაში. ბოლო წლებში ცხოვრობდა დანიაში, სადაც შექმნა "თავისუფალი კავკასიის"“სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, დევნილობაში იყო იჩქერიის მთავრობის გენერალური პროკურორი და ბოლოს ჯოჰარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მეთაური უკრაინაში, სადაც აღესრულა კიდეც. რაც ყველაზე მთავარია, იყო ჩეჩნეთის ყველა ლეგიტიმური პრეზიდენტისა თუ სახელმწიფო მეთაურის ნდობით აღჭურვილი პირი. 2001 წელს მუნაევი დაინიშნა სამხრეთ-დასავლეთის თავდაცვის სექტორის მეთაურად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ის მძიმედ დაიჭრა და ხელში ჩაუვარდა რუს სამხედროებს. რუსი ბარბაროსი ჯარისკაცები სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენიმე ტყვიაც დაახალეს და დარწმუნებულებმა, რომ მოკლეს, იქვე მდგარი უფუნქციო "კამაზის" ქვეშ შეაგდეს. ისა მუნაევი გადარჩა, თანამებრძოლებმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩეჩნეთიდან გაიყვანეს და დანიაში უმკურნალეს, სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მისი ოჯახის გადარჩენილი წევრებიც დანიაში ჩაიყვანეს. სამწუხაროდ, ბრძოლის ველზე აღესრულა მისი უფროსი ვაჟი, ხოლო ნაბოლარა 5 წლის ქალიშვილი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოში სამთავრობო დონეზე კავკასიური პოლიტიკის გატარება დაიწყეს, თანამოაზრეებთან ერთად დანიიდან საქართველოში მოიწვიეს გენერალი მუნაევი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ფეშენებელური სასტუმრო უზრუნველყვეს, მან მექა ხანგოშვილის ოჯახში ცხოვრება არჩია. როგორც ქალბატონი მექა იხსენებს, ისა ხშირად საუბრობდა მამის ანდერძზე, რომელიც შვილებსა და ახლობლებს არწმუნებდა, რომ საქართველოსა და ჩეჩნეთისთვის მზე ერთად ამოვიდოდა და ერთად ჩავიდოდა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრისას ისამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებაში წვლილის შეტანა სურდა და დასძინა, რომ ამ საქმის გადადება არ შეიძლება, ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს დღედაღამ ფიქრი და ზრუნვა სჭირდება, დაუშვებელია მოდუნება, განსაკუთრებით კი სხვის იმედზე ყოფნა. "თავად ვესწრებოდი ამ შეხვედრას, თითოეული მისი სიტყვა დღესაც ყურებში ჩამესმის და თითოეული მისი ჟესტი და ემოცია თვალნათლივ მახსოვს. დიდი ემოციები იყო იმ დღეს საქართველოს პარლამენტში. ზოგიერთს არც სჯეროდა, რომ მათ საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლსა და სტრატეგს და მასთან ფოტოები გადაეღოთ, რასაც ისა მუნაევის პიროვნების უბრალოება და დიდი გული კიდევ უფრო ამძაფრებდა", - გვიამბობს მექა ხანგოშვილი და კიდევ ერთ გულის ამაჩუყებელ ამბავს იხსენებს: "მეორე შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ იულონ გაგოშიძესთან შედგა. ბატონი იულონი უბედნიერესი იყო, შუა საუბარში ბავშვივით წამოხტა სკამიდან, მეორე ოთახში გავიდა და კონიაკი შემოიტანა, თანაც აღნიშნა, ეს კონიაკი დიდი შოთას იუბილეზეა ჩამოსხმული, თითქმის ნახევარი საუკუნის უკან, დღემდე ვერავისთვის გავიმეტეო. კონიაკის ჩამოსხმაც თავად უნდოდა, თუმცა ისამ ხელიდან გამოსტაცა და კავკასიური უფროს-უმცროსობის ეტიკეტის დაცვით თავად ჩამოასხა. ერთადერთი სადღეგრძელო დაილია: საქართველოსა და ჩეჩნეთის გამარჯვებისა და კავკასიის თავისუფლებისა და ერთიანობის. მახსოვს ისას წუხილითა და იმედით სავსე სახე და სიტყვები, - თუ ერთი წუთითაც უკან დავიხიო ამ ბრძოლაში, მაშინ არამი ყოფილიყოს თითოეული წუთი ჩემი ცხოვრებისაო, შემდეგ შემომხედა და თითქოს ბოდიშს იხდიდა, გააგრძელა, თითქმის ოცი წელია არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ გავკარებივარ, თუმცა ამ უხუცესის მორთმეულ შხამზეც კი უარს ვერ ვიტყვიო, და გადაკრა. ბატონ იულონს თვალებზე ცრემლი მოადგა და, ალბათ, ოთახის ყრუ კედლების მიღმაც ისმოდა თითოეული იქ მჯდომის გულის ფეთქვა და საოცარი ემოცია. დიდი დღე იყო, კავკასიელების ძმობისა და სიყვარულის დღე, უთქმელი გრძნობებისა და გაუთქმელი მიზნებით სავსე".
ერთი დღით პანკისსაც სტუმრებია. იმხანად იქ მისი თანამებრძოლის, აწ უკვე მარადისობაში გადასული ჰამზათ გელაევის დედა და უფროსი ძმა ცხოვრობდნენ ოჯახებით. თურმე სულ ჰამზათის გმირ დედაზე საუბრობდა, სიამაყით აღნიშნავდა, ოთხი შვილი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა და მხრებშიც კი არ მოხრილაო. საკუთარ დედაზეც ბევრი უსაუბრია, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად ჰყვარებია. მეგობრებისთვის გულის დარდიც გაუნდვია და უთქვამს, განიცდიდა, რომ დედა ყოველი გათენებიდან დაღამებამდე ელოდა, უთქვამს, სხვა რომ არაფერი, მარტო ამ ნოსტალგიის გამო ვიძიებ შურს მტერზე, არ ვაპატიებ დედაჩემის თვალებიდან დაღვრილ ზღვა ცრემლებს, მის ყოველდღიურ ლოდინს, დარდსა და ვარამსო...
"და ბოლოს ერთი საგულისხმო დეტალის შესახებ მინდა გიამბოთ: როდესაც მეგობრები ისას დანიაში აცილებდნენ, აეროპორტში მათთვის ასეთი რამ უთქვამს: "მე არ დავბადებულვარ იმისათვის, რომ ევროპაში ფუფუნებაში ვიცხოვრო, მით უმეტეს, როცა ჩემს სამშობლოსა და თანამემამულეებს ასე სჭირდებათ შველა. ძალიან მინდა ჩემი წვლილი შევიტანო კავკასიის გათავისუფლების, უშუალოდ საქართველოს გამთლიანების საქმეში, ამით ნაწილობრივ გამოვისყიდო ჩვენი აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული... იცით ჩემი ბრძოლის უნარი, გამოცდილება, მე დიდი დრო არა მაქვს, თუ არ გამოიყენებთ ჩემს შესაძლებლობებს, როგორც კი რუსების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მომეცემა, პირველივე შანსს გამოვიყენებო".
მართლაც, როგორც კი რუსეთმა მორიგი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, ამჯერად უკრაინაში, ისა მუნაევმა მაშინვე გადაწყვიტა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმა და გმირობისა და სიმამაცის საოცარი ისტორიები დატოვა.
მისი გარდაცვალების მეორე დღესვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტი, რომელიც უკრაინაში გამგზავრების წინ გამოაქვეყნა: "მე, ისა მუნაევი, ჩეჩენი, რესპუბლიკა იჩქერიის მოქალაქე, ვუცხადებ მთელ მსოფლიოს - ჩემი ქვეყანა იჩქერია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა 300 ათასი ჩემი თანამემამულე, 300-ათასჯერ მომკლა მე! რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა ჩემი ხალხიდან 42 ათასი უცოდველი ბავშვი, 42-ათასჯერ მომიკლა შვილები მე! რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც 255 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან გაატარა გამფილტრავ ბანაკებში, 255-ათასჯერ მაწამა მე! რუსეთის ფედერაციას ჰყავს და აწამებს დღემდე თავის კონცლაგერებში 30 ათას ადამიანს ჩემი ხალხიდან და ამით ყოველდღიურად ნაფლეთებად მიქცევს გულს! რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა ჩემი ხალხის მშვიდობა და ამით გაანადგურა ჩემი მშვიდობა! რუსეთის ფედერაციამ მოსწყვიტა სამშობლოს 250 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან, ამით მტანჯველი სასჯელი დამიწესა, რომელსაც ჰქვია "დარდი სამშობლოზე". ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს ჩემი გრძნობებით და ჩემი ტკივილებით, ჩემთვის ასჯერ უფრო ნაძირალაა, ვიდრე რუსეთის ფედერაცია! ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის განადგურების აზრით, ჩემთვის იგივეა, რაც პუტინი! ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერ სხვა ფორმატზე, ის პუტინზე უფრო ნაძირალაა! ნებისმიერი მტერი რუსეთის ფედერაციის, ყოველგვარი წინა პირობების გარეშე, ავტომატურად, ჩემი მეგობარია!"
ხათუნა ბახტურიძე