დედამიწა ახალი აღმოჩენების პირისპირ - კვირის პალიტრა

დედამიწა ახალი აღმოჩენების პირისპირ

ბოლო დროს მეცნიერებაში იმდენად უდიდესი აღმოჩენებია, რომ ბუნებრივი გლობალური კატაკლიზმებისაც კი ნაკლებად უნდა გვეშინოდეს. გვესაუბრება ფიზიკოსი დათო კიკნაძე:

- მეცნიერები ფიზიკის განხრით ბუნებრივ მოვლენებს სწავლობენ. თუმცა, ალბათ, თქვენთვისაც მოულოდნელია სისწრაფე, რომლითაც მეცნიერები ბუნებრივ მოვლენებს სასიცოცხლო ინდუსტრიად გარდაქმნიან. მაგალითად, ბოლო დროს გამოქვეყნდა ინფორმაცია ჰაერიდან სასმელი წყლის მიღების შესახებ,­ რაც, ალბათ, გლობალური დათბობის პირობებში უდაბნოში ცხოვრებასაც შესაძლებელს გახდის.

- კი, ასეა. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ადამიანს გაუდაბნოებულ ბუნებაში ცხოვრებამ მოუწიოს.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებულ ამ ექსპერიმენტს, რომ ჰაერიდან სასმელი წყალი მიიღონ, ოდესღაც უდაბნოში მართლაც გამოიყენებენ. ექსპერიმენტი ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ძალიან საინტერესო. მთავარი გამოგონებაა ე.წ. ბუშტებიანი პანელი, რომელიც ჰაერიდან უხილავ წყლის ორთქლს ბუშტების საშუალებით შთანთქავს და მერე სასმელ წყლად გარდაქმნის. ალბათ, გასაგებია, უდაბნოში წყლის ორთქლი როდის ჩნდება - ის ჩნდება ღამით, როდესაც გახურებული უდაბნო იმდენად გრილდება, რომ სიცივე ისადგურებს, შემდეგ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ტემპერატურებით ორთქლი წყლად კონდენსირდება დანადგარებზე, რომლებსაც მომავალში, სავარაუდოდ, უდაბნოში განათავსებენ. რაც მთავარია, ამ მეთოდით წყლის მიღებას არანაირი ენერგიის დახარჯვა არ სჭირდება,

რაც მეტი იქნება დანადგარი, მით მეტი წყალი იქნება უდაბნოში. ასე რომ, მომავალში უდაბნოში მოგზაურები, ალბათ, იქ უამრავ მსგავს პანელს იხილავენ, რომლებშიც წყლის გაცივება იქნება შესაძლებელი. არა მხოლოდ უდაბნოში, მრავალ იმ ქვეყანაშიც, სადაც სასმელი წყალი ჭირს.

სხვათა შორის, ექსპერიმენტის შემქმნელმა მეცნიერებმა ასეთი სასმელი წყალი უკვე მიიღეს ე.წ. სიკვდილის ველზე, კალიფორნიაში, რომელიც ზაფხულში დედამიწაზე ყველაზე ცხელი და "მარილიანი" ადგილია. გეოლოგიურად ამ ტერიტორიაზეც წყალი იყო, რომელიც ამავე გეოლოგიურ წარსულში აორთქლდა და მის ადგილზე მარილიანი ქანები დარჩა.

- ისევე როგორც ბიბლიურ მკვდარ ზღვაში იორდანიისა და ისრაელის საზღვარზე, რომლის აორთქლება ამჟამადაც მიმდინარეობს და ირგვლივ მარილი რჩება...

- სხვათა შორის, უახლესი ინფორმაციით, ახალი აღმოჩენებია მკვდარი ზღვის ცნობილი გრაგნილების გაშიფვრაში. თავის დროზე მკვდარ ზღვასთან გამოქვაბულებში აღმოჩენილმა ამ უძველესმა პაპირუსის ხელნაწერებმა მსოფლიო შეძრა - მათში აპოკალიფსის მოლოდინზეა ლაპარაკი. Mმეცნიერების უმეტესობის აზრით, გრაგნილები ქრისტეს მოსვლის პერიოდიდან დაიწერა, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ისინი გაცილებით ძველია, ზოგიერთი­ ქრისტეს დაბადებამდე 2 საუკუნით ადრეც არის დაწერილი. ეს ხელნაწერებში ამოიკითხა ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც, ასე ვთქვათ, კაცობრიობას წარსულის ცოდნის გაღრმავებაში შეუამხანაგდა.

33325a8e-d155-44c8-b91b-ffd94ac20673-1751839295.jpg

თუ სიძველეებზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ ძალიან საინტერესო აღმოჩენებია ჩინეთში, სადაც 4500 წლის ადამიანის ძვლის ფრაგმენტებზე ჩინელმა მეცნიერებმა დნმ-ის ანალიზი გააკეთეს და დაასკვნეს, რომ იმ საზოგადოებას, რომელიც მათ ამჟამინდელ ტერიტორიაზე 4500 წლის წინ ცხოვრობდა, ქალები მართავდნენ. იმდროინდელი არაერთი სამარხის ანალიზით გამოჩნდა, რომ სულ მცირე 10 თაობა ერთად და მხოლოდ დედისეული ხაზის ნიშნით იყო დაკრძალული.

- ახლა კი ხელოვნური ინტელექტზე: როგორც ჩანს, ის ადამიანს რიგ მოვლენაში­ ჩაანაცვლებს. ზოგი მეცნიერი ამას პროგრესულად აფასებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ყველა სფეროში მზამზარეულად მოწოდებული ინფორმაცია ადამიანის ტვინს გააზარმაცებს.

- როდესაც მეცნიერება იწყებს რაიმე უარყოფითი შედეგების დაფიქსირებას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ შედეგებში სერიოზულ საშიშროებას ხედავენ. სამეცნიერო ჟურნალებში გახშირდა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება იმ თემაზე, თუ რა შეიძლება დაემართოს ტვინს, მის სააზროვნო უნარს, ხელოვნურ ინტელექტზე გადაბარებით. გამოქვეყნდა კვლევები, რომ ეს ტვინის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა ამ თემაზე ლონდონის ქუინ მერისა და გოტენბურგის უნივერსიტეტის პროფესორ შელ ლაპონს ეკუთვნის. მან გამოიკვლია უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტი, რომელთაც ექსპერიმენტის დასაწყისში მიმართა შემდეგი კითხვით: "რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება ან საერთოდ, საჭიროა თუ არა?" აღმოჩნდა რომ ხელოვნურ ინტელექტზე მკვეთრად დამოკიდებულებმა ვერ შეძლეს ამ კითხვაზე გონივრული პასუხის გაცემა, სამაგიეროდ, გასცეს მოაზროვნეებმა. კვლევა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულები მუდმივად დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ ნეირონულ, ლინგვისტურ და ქცევით დონეზე. ექსპერიმენტის ავტორი ამან იმდენად შეაშფოთა,­ რომ ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის დაწერას აპირებს. მაგალითად, რა მოხდება მაშინ, თუ ტვინი ხელოვნურ ინტელექტზე მთლიანად დამოკიდებული გახდება, კრიტიკულ აზროვნებას ვერ შეძლებს და გლობალური ინდუსტრიის საკითხებშიც მას დაემორჩილება, მაგალითად, დეზინფორმაციის ან ომის დაწყების ბრძანებაში? ასეთ შემთხვევებში ხომ არ მივიღებთ რეალობას, როდესაც რეალობის სიცრუისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდება და შიში, ომები და სრული ქაოსი იქნება?

773584fb-b5c0-47cb-b17a-ea29f4724ad5-1751839295.jpg

- ამაზე ფიქრი შორს წაგვიყვანს. იმედია, ადამიანი ამ გამოწვევაშიც მოძებნის სიცოცხლის დასაცავ გზებს.

- იმედია, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან სასიამოვნო სამედიცინო აღმოჩენებიც გვაქვს. მაგალითად, ტაფსის უნივერსიტეტში შეიქმნა კბილის იმპლანტი, რომელსაც ამჟამინდელი იმპლანტივით ყბის ძვალზე ჩამაგრება არ დასჭირდება, იქნება ბუნებრივი და ყბის ძვალთან რბილი ქსოვილით მყარად მიერთდება. ამას ექნება ზუსტად ისეთივე ბუნებრივი შეგრძნება, როგორიც ნამდვილ კბილს, რომელიც ღეჭვას ნერვებითა და რეცეპტორებით შეიგრძნობს და რაც მთავარია, ყბაში ჩახრახნას არ საჭიროებს. ეს შესანიშნავი გამოგონება იაპონელ მეცნიერებს ეკუთვნის. მათ იმპლანტი ბიოდეგრადირებადი საფრით შექმნეს, რომელიც შეხორცების პროცესში თანდათან იშლება, ღეროვან უჯრედებსა და ცილოვან კომპონენტებს გამოყოფს, რაც ნერვული ქსოვილის ზრდას უწყობს ხელს. ეს იმპლანტს ბუნებრივ მდგომარეობას სძენს და ტვინთან აკავშირებს ღეჭვის ბუნებრივი შეგრძნებებით. ეს ბუნებრივთან უკიდურესად მიახლოებული ტექნოლოგია სხეულის დანარჩენ იმპლანტებზეც შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, იმპლანტი უკვე გამოცდილია თაგუნებზე, რომლებშიც, ექსპერიმენტის მონაწილეთა თქმით, არანაირი ანთება თუ სხვა უსიამოვნო მოვლენები არ შეინიშნებოდა.

შემიძლია გიამბოთ უფრო მასშტაბურ პროექტზეც. მასზე საუბარი ათეული წლებია მიმდინარეობს და ბრიტანეთმა პირველი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩადო. ეს არის ადამიანის გენომის ჯაჭვის ხელოვნური შექმნა, დაავადებული გენების ჯანმრთელით შეცვლის შესაძლებლობა, რაც ათწლეულებს მოითხოვს. სამაგიეროდ, მისი პოტენციური სარგებელი შთამბეჭდავია - წარმოიდგინეთ, დაავადებული გენები გაქრება და მათ ჯანმრთელი ჩაანაცვლებს.

plastic-globe-1751839295.jpg

მომავალში ალბათ დაბზარული კედლის პრობლემებიც აღარ აგვიშლის ნერვებს: ტეხასის A&M უნივერსიტეტის მეცნიერებმა სინთეზურ ლიქენს "დაავალეს" დაბზარული ბეტონის ბზარების გამთელება. ასე შეიქმნა ბეტონი, რომელსაც საკუთარი ბზარების აღდგენა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ლიქენები, ის ნივთი­ერებებია, რომლებსაც სოკოები ციანობაქტერიებთან ან წყალმცენარეებთან ქმნიან და შემდეგ ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ, ისე, რომ არანაირი ხელოვნური გამოკვება არ სჭირდებათ, თავად იზიდავენ სხვადასხვა ნივთიერებას. ყველას გვინახავს ქვებზე ან ხეებზე მოდებული ლიქენები, რომელიც ასევე ცარცის, კვერცხის ნაჭუჭის თუ მარჯნების შემადგენელი ნივთიერებაა. მეცნიერებმა ბეტონის გამამთელებელი ლიქენების შესაქმნელად სოკო გამოიყენეს და მერე დაბზარულ ბეტონში გაუშვეს, რის შემდეგაც ბეტონმა ბზარები ადამიანის დაუხმარებლად შესანიშნავად აღადგინა.

ძალიან მალე რაც გველოდება, ის სიხარულია, რომელიც დედამიწაზე, ზღვებსა და ოკეანეებში ადამიანის ხელით ჩაყრილ პოლიეთილენის მთებს დაშლის: იაპონელმა მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს მოლეკულები, რომელთაც შეუძლიათ ეს გარემოს გამანადგურებელი პლასტმასის მთები ორგანულად დაშალონ და დედამიწას სასარგებლო ნივთიერებებად მიუერთონ. იმედია, ეს მეთოდი დედამიწასაც ამოასუნთქებს, მის ოკეანეებსა და ზღვებსაც, ასევე ყველა იმ სულდგმულსაც, რომლებიც ამ პლასტმასის მთებით იტანჯებიან.