"დედობის ბედნიერებას ვერაფერი შეედრება. საკუთარი თავისთვის აღარ ვარსებობ. ღამისთევების სტრესი არაფერია იმასთან შედარებით, რა ბედნიერებაც ჩემთვის რონის მოაქვს"
"რომ ამბობენ, პოპულარობა დამღლელიაო, ტყუილია. ადამიანები კომპლიმენტს გეუბნებიან, გიღიმიან, მადლობას გიხდიან და როგორ შეიძლება ეს დამღლელი იყოს? ყველას მადლობელი ვარ, ვინც ასეთ დადებით ემოციებს მჩუქნის", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე.
რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, ვინ აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა შეცვალა დედობამ მის ცხოვრებაში და რამდენად თამამად მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1984 წლის 1-ლი აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ბალერინა. ისე ძალიან მინდოდა, ბალეტზეც კი შემიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ საამისო აღნაგობა არასდროს მქონია. სულ ბალერინებს ვხატავდი, ან მამაჩემს, რადგან მამა ადვილი დასახატი იყო - ორი წრე უნდა დამეხატა, პუტკუნა კაცი იყო. სკოლაში რომ მივედი, დედამ მთხოვა, იქ დახატვას რომ გთხოვენ, იცოდე, მამიკო არ დახატო, ბალერინები უკეთესად გამოგდისო. დილით სკოლაში მამამ წამიყვანა, ფოტოგრაფი იყო და თან ბავშვები გადაგვიღო. გაკვეთილების ბოლოს, დედაჩემმა რომ მომაკითხა, მასწავლებელმა უთხრა, საოცარი ბავშვი გყავთ, მამამისი ერთი ერთში დახატაო (იცინის).
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ღიმილი. სხვები სულ ამას აღნიშნავენ, არაერთხელ მომისმენია ფრაზა: "რომ გაიღიმე, ახლა გიცანი".
- საკუთარ თავზე ხშირად მესმის...
- პოზიტიური ადამიანიაო. რომ გითხრა, ამაზე ვივარჯიშე-მეთქი, ტყუილი იქნება - ასეთი ვარ. მიხარია, რომ ადამიანები ჩემს პოზიტივს ხედავენ, ეს მაბედნიერებს და დიდ მოტივაციას მაძლევს.
- ოჯახის წევრები ამბობენ...
- მოტივირებული და მიზანდასახულიაო, მაგრამ სულ ჩემს ქებაში არ არიან, კრიტიკაც მესმის. უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგალითად, ჩემს ეგოიზმზე, როდესაც რაღაც მჭირდება, შემიძლია ნებისმიერი სიტუაცია საჩემოდ მოვირგო, ყველას რაღაცის გაკეთება დავავალო. ზოდიაქოს ნიშანს ვამართლებ, მკვეთრად გამოხატული ლომი ვარ.
- პოპულარობა...
- მსიამოვნებს. რომ ამბობენ, დამღლელიაო, ტყუილია. ადამიანები კომპლიმეტს გეუბნებიან, გიღიმიან, მადლობას გიხდიან და როგორ შეიძლება ეს დამღლელი იყოს? ყველას მადლობელი ვარ, ვინც ასეთ დადებით ემოციებს მჩუქნის. ხშირად ხდება პერსონაჟთან გაიგივება, ეს უკვე სასაცილო ფორმებს იღებს. ერთ სერიალში ძალიან თავშეკავებული და რელიგიური გოგოს როლს ვთამაშობდი, იმ პერიოდში სტადიონზე დეეპ პურლე-ს კონცერტი იყო და იქ ვინც მხედავდა, გაკვირვებული კითხულობდნენ, ამას აქ რა უნდაო?! ასეთივე შემთხვევები მქონდა კლუბში სტუმრობის დროსაც. "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ ვთამაშობდი, მერჩოდნენ, ოჯახს რატომ ანგრევო? რადგან ასეთი ემოცია გამოვიწვიე, იმის დასტურია, რომ ის როლი მე, როგორც მსახიობმა დამაჯერებლად ვითამაშე.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა - რონი მყავს, ძალიან კარგი ბიჭია, გონიერი, დამჯერი, ინტერესიანი, დაბადებიდან უზომოდ ცნობისმოყვარე. სახლში უფრო თამამი და ცელქია, სადმე რომ მიმყავს, კარგად იქცევა, ყველა ბავშვს ეხუტება, ეფერება. ბედნიერებაა საყვარელ პროფესიას რომ ვემსახურები. ცხოვრებაში ბევრი რამ მახარებს, მაგრამ დედობის ბედნიერებას ვერაფერი შეედრება.
- რაც დედა გავხდი....
- საკუთარი თავისთვის აღარ ვარსებობ. რონი რომ გავაჩინე, მალე გავხდი 40 წლის, აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი გამძლეობა მქონია, ვიდრე წარმომედგინა. უფრო ახალგაზრდას რომ გამეჩინა, ღამისთევებს ალბათ უფრო ადვილად გავუძლებდი, მაგრამ ეს სტრესი არაფერია იმასთან შედარებით, რა ბედნიერებაც ჩემთვის რონის მოაქვს. მის დაბადებამდე მთელ დროს საკუთარ თავს ვუთმობდი და უეცრად ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
- ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- მიზანდასახულობა. რაღაც თუ მთელი გულით მინდა, არ არსებობს, არ ავისრულო. ცოტათი ჯიუტიც ვარ და ეს თვისება მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მეხმარება. ხელების ჩამოშვება, დანებება მარტივად არ ვიცი.
- დღემდე ვერ მოვახერხე...
- ინგლისური ენის ისე კარგად სწავლა, რომ უცხოენოვან ფილმებში ვითამაშო. სულ სპექტაკლი, რეპეტიცია, გადაღება მაქვს, ბავშვი დიდ დროს მოითხოვს და ჩემს უსაყვარლეს მასწავლებლამდე ვეღარ მივაღწიე.
- საკუთარ ხასიათში არ მომწონს...
- სიჯიუტისა და მიზანდასახულობის მიუხედავად, ცოტათი ზარმაცი ვარ. აღიარება ყოველთვის გულწრფელი ჯობია, ამიტომ ვიტყვი, ძალიან რომ მომენდომებინა, ალბათ ინგლისური დღეს კარგად მეცოდინებოდა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს წონასთან "ბრძოლებზეც". თუ ვიცი, რომ რაღაცის გაკეთება საჭიროა, მაგრამ თავად გაგიჟებამდე არ მინდა, შემიძლია, მივატოვო, ან სხვას გადავაბარო. ეს თვისება საქმეში ხელის შემშლელია.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ასეთი არაფერი მახსენდება, რისი გაკეთებაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე. დიდი ექსტრიმი არ მიზიდავს. გაბედული ადამიანი ვარ, გადაწვეტილებებს თამამად ვიღებ. როდესაც რისკზე მიწევს წასვლა, ვუფიქრდები, მიღირს? გადაწყვეტილებას იქვე ვიღებ. მშიშარა არ ვარ. ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რაღაც შიშის გამო ვერ გამეკეთებინოს. იყო რაღაცები, რაც არ გავაკეთე, მაგრამ არა იმიტომ, რომ შემეშინდა, იმ მომენტში საღ გადაწყვეტილებად არ მივიჩნიე.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ვოკალისტი. ათწლედი მაქვს დამთავრებული, კონსერვატორიაში ჩაბარების საკითხიც განიხილებოდა, ლირიკული სოპრანო ვიყავი, მაგრამ თეატრალურმა გადაწონა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ვისწავლე, ერთსა და იმავე შეცდომებს ხშირად ვუშვებ, როგორც ადამიანების უმრავლესობა. ვერ ვისწავლე, ზოგიერთს ზედმეტად რომ არ უნდა გადავყვე, არ უნდა ვიყო ისეთი მიმნდობი, როგორიც ვარ. ადამიანში ცუდს არასდროს ვეძებ, სულ კარგი მინდა დავინახო და ეს დამოკიდებულება ზოგჯერ ჩემი შეცდომის დაშვების მიზეზი ხდება.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ჩემი შვილია. ვინც კარგად მიცნობს, მახასიათებენ, როგორც ძლიერ ადამიანს. როცა რაღაც ძალიან მინდა, ყველანაირი სირთულის დაძლევა შემიძლია.
- სიყვარული ეს...
- წლების წინ, როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში წავიკითხე, სიყვარულზე პასუხისმგებელი არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც აქტიურობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში. სიყვარული დამოკიდებულებაა მეორე ადამიანზე. როგორც დამოკიდებული შეიძლება იყო რაღაც ნივთიერებაზე, იგივე დამოკიდებულება გიჩნდება ადამიანის მიმართ. როცა შეყვარებული ხარ, მის გარეშე გიჭირს გაძლება. ტოქსიკური ურთიერთობა ზოგჯერ დიდხანს რატომ გრძელდება? ადამიანმა ხომ იცის, რომ ნარკოტიკი ცუდია, ანადგურებს, მაგრამ მის გარეშე გაძლება არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს მეცნიერული ახსნა, ძალიან ახლოსაა სიყვარულის განმარტებასთან.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- პირველკლასელი ვიყავი, კლასელ ბიჭს ჯონი ერქვა, უცხო სახელი იყო და მომეწონა. ხუთოსანი, გრძელთმიანი ლამაზი გოგო ვიყავი, ბევრი ბიჭი გამოხატავდა ყურადღებას და ამ ჯონიმ პედაგოგთან ხმამაღლა თქვა, ნინო მიყვარსო! მისი გამბედაობაც მომეწონა. მეორე კლასიდან ჯონი სხვა სკოლაში გადაიყვანეს, მერე ურთიერთობა აღარ გვქონია, მისი გვარიც კი აღარ მახსოვს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასაითზე დამაყენოს...
- ჩემმა მეგობარმა გაგლომ (მსახიობი გიორგი გაგლოევი), რომელიც ისეთი ადამიანია, ჩარჩოები რომ არა აქვს. მას შეუძლია ისეთი რაღაც გააკეთოს, სიცილით მოგკლას. რა თქმა უნდა, ჩემს შვილი უკონკურენტოა, მაგრამ ეს ცალკე თემაა...
- ვიტყუები, როცა...
- ვაგვიანებ. პუნქტუალურობით ვერ გამოვირჩევი. შხაპის ქვეშ ვდგავარ და ვამბობ, გზაში ვარ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ხანდაზმული ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის სახლს მოვაწყობდი, მოხუცებს უზრუნველ გარემოს შევუქმნიდი. ბებია 93 წლის ასაკში გარდამეცვალა, ვიცი, რას ნიშნავს მოხუცის მოვლა, მას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა და საავადმყოფოში რომ მიგვყავდა, იქ ამბობდნენ, მოხუცები მოჰყავთ და აქ ტოვებენ, აღარ აკითხავენ, ოჯახებში ვერ უვლიანო.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ტკბილეული მინდება და ეს არის საშინელება, წონაზე ცუდად აისახება. ენდოკრინოლოგმა ამიხსნა, ზოგიერთს სტრესის დროს კუჭის სეკრეცია საერთოდ უქრება, ზოგიერთს კი ჭარბად ემატება. მე მეორე კატეგორიაში გავდივარ, მაგრამ მთავარი "უბედურება" რა არის, იცი? ტკბილის მირთმევა მაშინაც მინდება, როცა კარგ ხასიათზე ვარ (იცინის).
- დაბოლოს გეტყვით...
- მადლობა "კვირის პალიტრას", მადლობა თქვენ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ვფიქრობ, ცოტათი უფრო ახლოს გამიცანით. იმედია, დადებითი შთაბეჭდილება დაგრჩებათ.
თამუნა კვინიკაძე