„ეს იყო პირველი გაკვეთილი, როდესაც მივხვდი, რომ ცხოვრებაში ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა!“
"ჩემი ცხოვრება იყო საინტერესო, შესანიშნავი. საერთოდ ცხოვრებაზე მშვენიერი არაფერია, ყველაფერი უნდა გახსოვდეს, ყველაფრის მადლიერი იყო. კარგიც, ცუდიც, მართალიც, ტყუილიც უნდა გაიარო, მაგრამ შენი ცხოვრებით, საქმიანობით მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდე! ამის თქმა მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე, სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ეს გადაგვარჩენს!" - ასე დასრულდა ჩემი დიალოგი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილთან და მაშინვე ვიფიქრე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი ინტერვიუს შესავალში გადმომეტანა.
ბატონი მერაბი, მისი მართლაც საინტერესო ცხოვრებიდან, პირველ კლასში ჩატარებულ მნიშვნელოვან გაკვეთილს და ადამიანებს იხსენებს.
ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილი
- სხვადასხვა დროიდან, სხვადასხვა სფეროს მიხედვით, ჩემს მეხსიერებაში არაერთი ისეთი პიროვნების ხსოვნაა, რომლებმაც მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინეს. ადამიანს არასდროს დაგავიწყდება დედა, მეგობრები, მათზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ დღეს თქვენთან ორ პიროვნებაზე ვისაუბრებ.
პირველ კლასში ჩემი მასწავლებელი ნინო ალადაშვილი გახლდათ. ერთ დღეს მე და კლასელმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, ვიცელქეთ. მასწავლებელმა შენიშვნა მოგვცა, მაშინ გოგონები და ვაჟები ერთ კლასში ვსწავლობდით, შემდეგ დაგვაშორეს, როგორც ჩანს, პატარა ბიჭები ამ ცელქობისას ცოტათი ვიპრანჭებოდით კიდეც. ვინაიდან მასწავლებელმა ვერ გაგვაჩერა, მე კლასის ერთ კუთხეში დამაყენა, მეგობარი - მეორე კუთხეში. როდესაც გაკვეთილი დასრულდა, ქალბატონმა ნინომ ორივეს წერილები მოგვაწოდა და გვითხრა, მშობლებს გადაეცითო...
ამბავი 1942 წელს ხდება, მოგეხსენებათ, ამ პერიოდში, როგორც ჩემი, ასევე ბევრი სხვა ოჯახი რეპრესირებული იყო. მამების ნაწილი ომში იბრძოდა, ოჯახების წარმმართველები უმრავლეს შემთხვევაში ქალები იყვნენ. ჩემს კლასში უმრავლესობის ოჯახში ასე იყო. როდესაც საკლასო ოთახიდან გამოვედით, მეგობარმა მითხრა, ახლა რა ვქნათო? რას ჰქვია, რა ვქნათ? შენ ბებიაშენს მიუტანე წერილი და მე დედაჩემს გადავცემ-მეთქი. რას ამბობ, ბებია გაგიჟდება, გული შეუწუხდება, მაგას ვერ გავაკეთებო. მაშინ მეც ვერ მივუტან დედას ამ წერილს, რადგან შენი ღალატი გამომივა-მეთქი. ბავშვური ჭკუით ასე ვფიქრობდი და ნაწილობრივ მართალიც ვიყავი. გადავწყვიტეთ წერილები ოჯახებში არ მიგვეტანა.
მეორე დილით სკოლაში წასასვლელად რომ გავემზადე, წვიმა წამოვიდა, მაშინ დალხენილი ცხოვრება არავის გვქონდა, დაგლეჯილი ფეხსაცმელები გვეცვა, ახლის ფული რომ გვქონოდა, არც იშოვებოდა. არსებობდა რეზინის ფეხსაცმელი ე.წ. კალოში, რომელსაც ფეხსაცმელზე გვაცმევდნენ, წვიმისგან ფეხი რომ არ დაგვსველებოდა... პირველი გაკვეთილი ჩაგვიტარდა და უეცრად, გაკვეთილის მიწურულს, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მობრძანდით! - გასძახა მასწავლებელმა. გაიღო კარი და ვხედავ, დედა დგას ხელში "კალოშებით". ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. ქალბატონმა ნინომ დედა კლასში შემოიპატიჟა, ალბათ, მერაბმა წერილი გადმოგცათო. იცით, რა დამემართა? ყურებზე ცეცხლი წამეკიდა. ჩემი ცელქი მეგობარი მერხის ქვეშ ჩაძვრა. მე ფეხზე ავდექი, ქალბატონმა ნინომ შემომხედა, მერე დედას შეხედა, მიხვდა, წერილი მიტანილი არ მქონდა და როდესაც დედამ ჰკითხა, რა წერილიო, ქალბატონმა ნინომ თავის ნათქვამი თავადვე გამოასწორა, - მე დამავიწყდა, არა უშავსო და დაიწყო: მერაბი კარგი ბიჭია, კარგად სწავლობს... ნინო მასწავლებელი ჩემს ქებას მოჰყვა, მე კი თვალებიდან ცრემლი მდიოდა, ვცახცახებდი... ეს იყო პირველი გაკვეთილი, როდესაც მივხვდი, რომ ცხოვრებაში ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა.
ბევრი წლის შემდეგ (დაახლოებით 45 წლის ვიქნებოდი), ქალბატონ ნინოს საიუბილეო დღეები ჰქონდა, მას თავად მივწერე წერილი, სადაც ეს ყველაფერი გავიხსენე და ბოდიში მოვუხადე.
მთელი ცხოვრება ისე გავლიე, ეს გაკვეთილი სულ მახსოვდა და სულ ვცდილობდი, ხელოვნებაში სიმართლე მეთქვა, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
ამ ამბის შემდეგ ქალბატონ ნინოსთან ამ თემაზე აღარასდროს მისაუბრია. სკოლაში ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ჩემი კლასიც გამორჩეული იყო. ახლანდელ პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი.
სერგო ზაქარიაძე
- 1967 წელია, გარკვეული გამოცდილება მაქვს უკვე კინოში, თითქმის 10 წელია, რაც ინსტიტუტი დავამთავრე და "ქართულ ფილმში" ვარ. "დიდი მწვანე ველი" გადაღებული მაქვს. ეს ის დროა, როცა ეკრანზე არანაირ ფილმს არ უშვებენ, ცენტრალური კომიტეტი თუ არ ნახავს და ამის ნებას არ დაგვრთავს. კინოსტუდიიდან ფილმი ცეკაში წავიღეთ. ჩემთან ერთად იყვნენ კინოსტუდიის დირექტორი თენგიზ გორდელაძე და მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დოდო აბაშიძე. დარბაზში პირველ რიგში ისხდნენ ცეკას პირველი მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ ერთი პირი - ქვეყნის პირველი სამი ადამიანი. ერთი რიგის გამოტოვებით "კაგებეს" გენერალი და მაღალჩინოსნები ისხდნენ. შემდეგ რიგში - ცეკას მდივნები, პარტიის წარმომადგენლები და ბოლოში ვისხედით მე, თენგიზ გორდელაძე და დოდო აბაშიძე.
ფილმის ჩვენებამ ჩაიარა... დარბაზში სინათლე აინთო, არავინ ხმას არ იღებს, სრული სიჩუმეა... ამ სიჩუმეში წამოდგა "კაგებეს" გენერალი, რომელსაც ეცვა გალიფე შარვალი, ჩექმები, კოსტიუმი და ჩექმების ჭრაჭუნით გაიარა. ხმას ისევ არავინ იღებს... გენერალი ჯერ წინ, ეკრანისკენ მივიდა, მერე უკან გამობრუნდა, პირველ რიგთან შეჩერდა და რუსულად თქვა: ჩვენ დავკარგეთ 2 საათი სამუშაო დრო!
წარმოიდგინეთ, ამ სიტყვების გაგონებისას, ჩვენ რა დაგვემართებოდა?! დოდოს გავხედე, შუბლიდან ოფლი ისე წამოუვიდა, პერანგის საყელო დაუსველდა. ქვეყნის პირველ პირთაგან ერთ-ერთმა უთხრა, კარგი, შენ სულ ასე იცი! გენერალი დაჯდა, ცეკას წევრებმა საუბარი დაიწყეს, ეს იყო ფილმის სრული განადგურება, რომ ეს არის ფილმი, რომელიც არ არის საბჭოური, არ არის ხალხისთვის. საბჭოთა კავშირში ხალხი დღე და ღამე შრომობს და როცა კინოში დასასვენებლად მივლენ, ეს პრობლემები არ გაახარებთ...
უეცრად დარბაზის კარი გაიღო და სერგო ზაქარიაძე შემოვიდა. ის იმ დროს უკვე ლენინური პრემიის ლაურეატი იყო. ნათამაშები ჰქონდა ფილმში "ჯარისკაცის მამა" და ყველა ჯარისკაცის მამის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბატონი სერგო მაშინ "ცეკას" წევრადაც იყო არჩეული. დაჯდა, 2 თუ 3 გამომსვლელს მოუსმინა და შემდეგ სიტყვით თავად გამოვიდა. უნდა მოგესმინათ, როგორ ილაპარაკა, ფილმი როგორ დაიცვა. წინა გამომსვლელებს, როგორც ტანკმა, ისე გადაურა და დაჯდა. ამის შემდეგ "ცეკას" პირველი მდივანი მჟავანაძე მობრუნდა და დასკვნითი სიტყვა თქვა: ხალხმა ნახოს!
დარბაზიდან თენგიზი, დოდო, მე და სერგო ერთად გამოვედით. არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ახლაც არ ვიცი, რა დაგვემართა. ერთადერთი რაც დამშვიდობებისას მოვახერხე ის იყო, რომ სერგო ზაქარიაძისთვის მადლობა გადამეხადა.
ფილმი კინო "რუსთაველში" გაუშვეს. სეანსებს თავადაც ვესწრებოდი, ხალხი ბოლომდე უყურებდა და ორი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არ მინახავს, ვინმეს დარბაზი დაეტოვებინოს, თუმცა, 2 დღის შემდეგ, ფილმი ეკრანებზე აღარ იყო, პარალელურად, გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა რეცენზია სათაურით: "მაყურებელი დარბაზს ტოვებს!", ამ მიზეზით ფილმი ეკრანებიდან მოხსნეს. რომ არა ბატონი სერგო, მაშინ "დიდ მწვანე ველს" მაყურებელი ვერ ნახავდა. არადა, დაახლოებით 10 წლის შემდეგ, დასავლეთ გერმანიაში მისი ევროპული პრემიერა შედგა. შემდეგ 100 საუკეთესო ფილმის სიაში შეიტანეს იტალიელებმა. მადლობა ბატონ სერგოს, მის სიმართლეს, მის ბრძოლისუნარიანობას, ნიჭიერებას.
დაუვიწყარი ამბავი
- მოგეხსენებათ, ფილმში "გიორგი სააკაძე" პაატას როლს ვასრულებ ბავშვობაში. პაატას თავის მოჭრის დრო რომ მოვიდა, ისე გავიგე, მეორე დღეს თავი ჩემთვის უნდა მოეკვეთათ. მთელი ღამე ვინერვიულე, მეღვიძებოდა და ვხედავდი, თავს როგორ მაჭრიდნენ. მეორე დღეს დავიმალე, ტახტის ქვეშ შევძვერი. აკაკი ვასაძის ძალიან მეშინოდა. მართალია, ის, როგორც სხვა მსახიობები, გადასაღებ მოედანზე ყოველთვის მეფერებოდა, მაგრამ როცა გადაღება იწყებოდა, ისეთი სახე უხდებოდა, ისე გამომხედავდა ხოლმე (იმის მიხედვით შაჰ-აბასს რა ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი), გული მისკდებოდა. მიხეილ ჭიაურელს რამდენიმე ასისტენტი ჰყავდა, ერთ-ერთი ტანდაბალი ადამიანი იყო. როდესაც იმ ოთახის კარზე დააკაკუნეს, სადაც ვიმალებოდი და კარი გაიღო, ის ტანდაბალი ასისტენტი არც დახრილა, ტახტის ქვეშ მყოფი ისე დამინახა. გამომიყვანეს სამალავიდან, მამშვიდებდნენ, ნუ გეშინიაო, ძია მიშამ მითხრა, თავი შენ კი არა, დიდ პაატას უნდა მოვჭრათ, ისიც ქანდაკებააო...
თამუნა კვინიკაძე