ძონძები - ბიზნესი თუ ცნობიერება?! - კვირის პალიტრა

ძონძები - ბიზნესი თუ ცნობიერება?!

"ჩემი და ძონძებში მუშაობს!" "ჩემს ბიძაშვილს ძონძების მაღაზია აქვს!" "ჩემი მეზობელი ძონძების ვაჭრობით გამდიდრდა!" "ძონძები რომ არა, რა მეშველებოდა?!" - მსგავსმა ფრაზები ხშირად გვესმის. ძონძი ისე შემოიჭრა ჩვენში, ვერც კი გავაცნობიერეთ, როდის დაგვიპყრო, არადა, თავის დროზე გამოთქმა - "რა მინდა და შენი გამონაცვალი ხალათი!" თავმოყვარეობის იმ შელახვაზე მიუთითებდა, რითაც ქართველები აღვიქვამდით სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლის ჩაცმას. ასეთი თავმოყვარეობის ნაშთად, აქა-იქ კიდევ გვხვდება მოკრძალებული დიასახლისი, რომელსაც ახლობლისთვის თავისი ოჯახის წევრების ნაცვამი სამოსის შეთავაზება უნდა, მაგრამ ვერ ბედავს, - მართალია, კარგად მაქვს შენახული, მაგრამ მრცხვენია, ის ადამიანი რას იტყვისო!

შესაძლოა ეს ქალბატონი მართალიც იყოს, - ქართველების ფსიქოლოგიაში მრავალი თვითმყოფადი განშტოება გაჩნდა, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ძალიან ძნელია. ასე მაგალითად, ჩვენ შესაძლოა უცხოეთიდან ტონობით შემოტანილ ძონძებში საათობით ვიქექოთ და სუნიანი, ვინმე ჯონის შარვალი ან შერონის კაბა იქვე, გაურეცხავად მოვირგოთ, მაიკლის ფეხსაცმელშიც მშვენივრად ჩავდგათ ფეხი, ახლობლის გარეცხილ-გაუთოებული ტანსაცმელი კი ვიუკადრისოთ. ზოგადად ეს იმის "დამსახურებაც" გახლავთ, რომ ქართველები "უცხოთი" და "საუცხოოთი" ყოველთვის აღფრთოვანებული გახლდით. მით უფრო, ამ ბოლო წლებში, - არა მხოლოდ უცხოელებთან დამლაგებლებად და მოხუცების მომვლელებად მუშაობა გვირჩევნია, ჩვენს გაპარტახებულ მიწაზე შრომას, არამედ უცხოელებთან დამოკიდებულებაც კი თავისებური გვაქვს. მაგალითად, მაშინ, როცა ჩვენიანს უბრალო შეკამათებისთვისაც შესაძლოა ცხვირ-პირი დავამტვრიოთ, უცხოელებს კი იქნებ გინებაც ვაპატიოთ. ხელისუფლება, მით უმეტეს - დანაშაულსაც პატიობს ხოლმე, რის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ.

ეს ამბავი ძონძებთან თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ ტყუილად მაინც არ გამხსენებია. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენში ძონძების ბიზნესი ბევრ უცხოელს აქვს და მათ შორის აფრიკული წარმოშობის შავკანიანებსაც. ზემოთქმული სწორედ ამ უკანასკნელების ბიზნესის მაგალითზე გავიხსენე, - ერთი ჩემი ახლობელი ყოველდღე მიამბობდა, როგორ აყენებდნენ მებითუმე აფრიკელები საცალო მოვაჭრეებისთვის მკაცრ პირობებს. საათობით ალოდინებდნენ საწყობის გახსნამდე, მერე კი საბითუმო ვაჭრობის ქვედა ზღვარს იმხელას დააწესებდნენ, რომ მომლოდინე ქართველებს ხელცარიელს ყრიდნენ შენობიდან. მაგალითად, აფრიკელ ბიზნესმენებს შეეძლოთ ეთქვათ - ვისაც 2000 ლარის საქონლის წაღება არ შეუძლია, საწყობში ნუ შემოვაო. ქალები უკან ბრუნდებოდნენ, თუმცა მეორე დღეს კვლავ იმ იმედით ბრუნდებოდნენ, რომ ბიზნესმენები ამჯერად მცირე თანხაზე დათანხმდებოდნენ - რადგან მსგავს დაპირებებს მუდმივად ისმენდნენ. ასეთი იწილო-ბიწილო მანამდე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთი ქალბატონის მეუღლემ ძონძების მფლობელებისკენ არ გაიწია და წიხლქვეშ არ გაიგდო...

- კი მაგრამ, ამას რატომ ეგუებოდით, მანამდე პროტესტს რატომ არ გამოხატავდით-მეთქი - ვკითხე ახლობელს. მან კი პირდაპირ მიპასუხა, - მეტსაც შევეგუებით, სხვა რა გზა გვაქვს, შვილებისთვის ლუკმა-პურს ძონძებით ვშოულობთ, ეს ერთადერთი საქმეა საქართველოში, რომლის წამოწყება ჩვენისთანებს შეუძლიათ, ვერ ხედავ, ყველაფერი ძონძებმა წალეკაო. - ხმაში პროტესტის ნიშანწყალიც არ ჰქონდა, ანუ სრულიად ჩაეძირა ძონძების იმ ჭაობს, რომელიც ჩვენში ყველგან დგას, - შენობებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრებში, ქუჩებსა და კორპუსების ეზოებშიც კი, სადაც გამყიდველებს ძონძები ღობეებზე აქვთ გადაფენილი მყიდველის მოლოდინში, რომელთა შორის მეც ვარ. რის გამოც საკუთარი თავი მეუცხოება და ვეკითხები, რატომ აღმოვჩნდი იქ...

ეს რომ აღარ მაღელვებს, კარგია თუ ცუდი? და საერთოდ, რახან ღატაკები ვართ, ძონძები რომ არ არსებობდეს, მართლა დავიღუპებით? როგორც წარმოვაჩენთ ძონძების მომხმარებლები, გამყიდველები და სახელმწიფო, რომელიც თავის მხრივ, სოლიდურ თანხას ქაჩავს ამ ბიზნესიდან... საგულისხმოა, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობას ენაკვიმატებმა პირველივე წლებში ჯერ ძონძები შეარქვეს, შემდეგ კი "ძონძო არმანი". საჭიროა კი, ფეხებს ვასავსავებდეთ ძონძების სამოსიდან ამოსახტომად და მეტის პრეტენზია გვქონდეს? ამ კითხვებით ფსიქოლოგ ბატონ გივი მერაბიშვილს მივმართე:

- ადამიანი თუ ნებისმიერ ვითარებაში არ ცდილობს ერთი საფეხურიდან მეორე, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას, მისი განვითარება ფერხდება და ახალს ვერაფერს ქმნის. ეს თუ არ გავიაზრეთ, ჩვენი საზოგადოება არ განვითარდება. რაც შეეხება ჩვენს ყოველდღიურობაში ძონძების აღზევებას, ეს სულაც არ არის მოულოდნელი და არა მარტო მატერიალური სიდუხჭირის შედეგია. ის ნიშანია იმ კონფორმიზმის, შემგუებლობისა, რაც ჩვენი ერის ცნობიერებას დაახლოებით ბოლო 40 წელიწადია კიდევ მეტად დაეტყო, ვიდრე ოდესმე.

ხალხს ძლიერი მიდრეკილება გაუჩნდა უძრაობისა და შემგუებლობისადმი. რაღაც სიტუაციაში გადასარჩენად, შემგუებლობა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ერს დაეკარგა საკუთარი თავის ფლობის უნარი, იმის გაცნობიერება, როდის უნდა იყოს შემგუებელი და როდის იომოს. ეს ჩვენი ფსიქოლოგიის პრობლემაა, რაც, რაღა თქმა უნდა, იმ პრობლემებმაც აღძრა, რაც ათეული წლების განმავლობაში გვქონდა. სამწუხაროდ, რომ თუ ეს ფსიქოლოგიური პრობლემები ვერ გამოვასწორეთ, რეალურად ვერც თავისუფალი ერი ვიქნებით. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მივმართოთ ამ ფსიქოლოგიური პათოლოგიის ბავშვობაშივე გამოსწორებისკენ. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ სხვისი გამონაცვალის ჩაცმა აღარ მოგვინდება, არამედ საკუთარი, თავისუფალი აზროვნებაც გაგვიჩნდება და რეალურადაც თავისუფალი ვიქნებით.

(სპეციალურად საიტისთვის)