„პირადში მხოლოდ შენი თავი გაბარია... გუნდს კი ვერ დააღალატებ!“ - კვირის პალიტრა

„პირადში მხოლოდ შენი თავი გაბარია... გუნდს კი ვერ დააღალატებ!“

მიხეილ ბახბახაშვილი ერთ-ერთი იყო იმ სამი ძიუდოისტიდან, ნაკრების ხელმძღვანელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საგანგებოდ გუნდურ შერეულ პირველობაზე (ე.წ. მიქსი) საჭიდაოდ რომ დაიმატეს. ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის დარბაზში მიშომ ორი ორთაბრძოლა გამართა და ორივე იპონით მოიგო. მერე, ვისთან?! ნახევარფინალში იაპონელი იუდაი ტანაკა გააკრა ბეჭებზე, ფინალის დაწყებიდან წუთ-ნახევარში კი კორეელი დონგჰიან ბაეც შებოჭა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა! ბახბახა შემტევი, მრავალფეროვანი ჭიდაობით გამოირჩევა და 73 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი რომ არ ჰყავდეს, საჭიდაო დროც და ტიტულიც გაცილებით მეტი ექნებოდა, თუმცა... დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში მედლების კოლექციას პირადი ტიტულებითაც გაამდიდრებს. ბუდაპეშტში ეთო ლიპარტელიანმა და დანარჩენმა ქართველმა გოგონებმაც გაიბრწყინეს, გუნდურ ტურნირში საუცხოოდ იჭიდავეს ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა. თუმცა უნგრულ ტატამზე ბახბახაშვილიც გამორჩეული გახლდათ და რადგან მკითხველი შედარებით ნაკლებად იცნობს, რესპონდენტად სწორედ 25 წლის თელაველი ფალავანი შევარჩიე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძიუდოს ნაკრებს ფულადი ჯილდო - ერთი მილიონი ლარი გადაეცა, ძიუდოისტები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები კი ღირსების ორდენებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გასულ კვირას მარაბდის ბრძოლის (1625 წლის 1-ლი ივლისი) 400 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიხეილ ბახბახაშვილს "საპატიო ჩოხოსნის" წოდება მიენიჭა (მასთან ერთად დაჯილდოვდნენ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები და რამდენიმე ძიუდოისტი, მათ შორის ამ სახეობაში პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი).

- ივლისის პირველ დღეს, მარაბდის ბრძოლის 400 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ძიუდოისტები საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიგვიწვია და "საპატიო ჩოხოსნის" წოდება მოგვანიჭა.­ თითოეული ჩვენგანისთვის ამ ტიტულის მიღება უდიდესი პატივია და შევეცდებით კიდევ მეტი მონდომებით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ღირსეულად ვატაროთ ეს წოდება და ქართული ჩოხა... მადლობა­ მარაბდაში გამართული ულამაზესი პერფო­რმანსის ორგანიზატორებს, მადლობა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას ასეთი დაფასებისთვის.

- მიხეილ, გილოცავთ ახალ წოდებას და მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას! ბუდაპეშტის დარბაზში განცდილიდან, პირველ რიგში რა გახსენდებათ?

- ის, რომ იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ და მათი შვიდწლიანი ბატონობა დავასრულეთ! იაპონია ძიუდოს სამშობლოა, ყველა წონაში, ყველა ტურნირზე ფავორიტია და მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შერეული ტურნირიც ზედიზედ შვიდჯერ ჰქონდა მოგებული. ამიტომ ნახევარფინალში მათთან მოგება, ფაქტობრივად, ფინალში გამარჯვების ტოლფასი იყო ჩვენთვის - ასე კორეელებთან ფინალის მოგებაც კი არ გაგვხარებია! გადამწყვეტი რაუნდის წინ კორეის ნაკრების წევრებს პირდაპირ ეტყობოდათ, რომ ჩვენთან გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ.

- არ იყო იმის საშიშროება, "გოძილების" (იაპონიის ძიუდოს ნაკრების მეტსახელია) დამარცხების შემდეგ ფინალში ფავორიტებად ქცეული ქართველებიდან, რომელიმეს ნაადრევად ჩაეთვალა თავი ჩემპიონად, ან ზედმეტი ემოციისგან "გადამწვარიყო"?

- შეხვედრის დაწყებამდე, მწვრთნელთან ერთად, მომავალი მეტოქეების სუსტ და ძლიერ მხარეებს ვაანალიზებთ, ტაქტიკა-სტრატეგიას ვადგენთ ხოლმე. "მიქსის" ფინალის წინ დაძაბულები ნამდვილად არ ვყოფილვართ, პირიქით, ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავით, ლაშა ბექაურმა გვითხრა, დავმშვიდდეთ, სრული კონცენტრაცია გვჭირდება, რათა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთო, და ასეც მოვიქეცით. თუ ემოციას აჰყევი და თავი ორთაბრძოლის დაწყებამდე ჩათვალე გამარჯვებულად, დიდია ალბათობა, ტატამი თავჩაქინდრულმა დატოვო!

- ინდივიდუალური ტურნირის დროს ორთაბრძოლის მონაწილეს მხოლოდ მწვრთნელი აძლევს ხოლმე რჩევა-მითითებებს. გუნდური შეჯიბრებისას კი ნაკრების ყველა წევრი გამყოფი ჯებირის უკან დგახართ და ტატამზე მყოფ მეგობარს იქიდან ამხნევებთ...

- მგონი, ამ დროს ჩვენ უფრო ვნერვიულობთ ხოლმე, ვიდრე ტატამზე მყოფი ჩვენი თანაგუნდელი... შემდეგ ერთმანეთს ვცვლით და ასე გრძელდება, სანამ გამოსვლას არ დაასრულებს ხუთივე ძიუდოისტი. ხშირად "გვერდიდან" უფრო კარგად ჩანს, როგორ მიდის ორთაბრძოლის ბედი.

- გუნდური შეჯიბრების სპეციფიკა ისედაც განსხვავდება ინდივიდუალური ასპარეზობისგან, მით უმეტეს, განსხვავებულია ის თქვენთვის, ვინც ნაკრებს მხოლოდ გუნდურ-შერეული ტურნირისთვის დაემატეთ:

- ერთი მხრივ, კარგია, უფრო მეტი ენერგია გვაქვს მათთან შედარებით, ვინც პირადიც იჭიდავა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტურნირის პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია... მეორე ორთაბრძოლიდან გაცილებით უკეთ ეგუები დარბაზს, გულშემატკივარს და სხვ. ჩინელებსა და იტალიელებს ნაკრებმა ჩემ გარეშე აჯობა. ასე რომ, ტურნირის პირველმა მატჩმა იაპონელთან მომიწია და თავს შევუძახე, ნერვიულობის დრო არა გაქვს, გადი და გაიმარჯვე-მეთქი! ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! მე რა მიჭირდა?! რამდენიმე ჩემმა თანაგუნდელმა ბუდაპეშტში ცხრა ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა!

- გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა!

- ამდენი შეხვედრის გამართვა უდიდეს ფიზიკურ და მენტალურ დატვირთვას ნიშნავს, მით უმეტეს, ასპარეზობის მეორე დღეს, მთელი სხეული გტკივა... გურამს და ეთოს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით. ისიც სათქმელია, რომ პირადში მხოლოდ შენი თავი გაბარია, მარტო ინდივიდუალურ შედეგზე ფიქრობ და ხანდახან შესაძლოა რაღაც დათმო კიდეც. აი, გუნდურში კი მოდუნების ან წაფორხილების უფლება არა გაქვს, - შენ უკან თანაგუნდელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები არიან, შენი ოჯახია, შენი სამშობლო... გუნდს ვერ დააღალატებ!

- ბუდაპეშტის ტრიუმფამდე ორი თვით ადრე გუნდურ "მიქსში" პოდგორიცაში გამართულ ევროპის პირველობაზეც ჩემპიონები გახდით. გუნდურის უაღრესად დაძაბულ ფინალში იტალია დაამარცხეთ 4:3, გადამწყვეტი შეხვედრა კი სოფო სომხიშვილმა იპონით მოიგო!

- პოდგორიცაში საჩემპიონო ქულა სოფომ მოგვიტანა. მაშინდელი ფინალი გაცილებით დაძაბული გამოდგა და მეგონა, იტალიასთან შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზეც თანაბარ ბრძოლაში ჩაივლიდა. ამჯერად სრული უპირატესობა გვქონდა და 4:0 გავიმარჯვეთ. სხვათა შორის, შერეული ტურნირის იმ ფინალში მე დავმარცხდი, მაგრამ გუნდურის მთავარი პრინციპიც ეს არის: მე წავაგე, სამაგიეროდ, თანაგუნდელებმა გაიმარჯვეს.

- ფაქტია, საქართველოს ნაკრებსაც და პირადად თქვენც წარმატებული პერიოდი გაქვთ.

- სამბოსა და ძიუდოს ასაკობრივ ტურნირებში რამდენიმე მედალი მაქვს მოგებული. წელს გუნდურში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ასე რომ, ახლა ინდივიდუალური ჯილდოების დროა. შარშან მხარზე ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და თითქმის მთელი წელი გამიცდა. ახლა ყველაფერი კარგად მიდის და შესაძლებელია ჩემპიონის მედლით ინდივიდუალურ ტურნირებზეც მნახოთ.

- საამისოდ ასაკიც გიწყობთ ხელს და უკვე საკმაო გამოცდილებაც დააგროვეთ. სამბოც სასარგებლოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული ჭიდაობის ილეთები ბევრად დიდ დახმარებას გიწევთ თქვენც და დანარჩენ ქართველ ძიუდოისტებსაც.

- ვარჯიში 5 წლისამ დავიწყე (ჩემი და ჩემი ძმის პირველი მწვრთნელი მამაჩემია), ფაქტობრივად, ქართულ ჭიდაობაზე გავიზარდე. სამბოს ჩემთვის ბევრი არაფერი მოუცია - ამ სახეობაში მცირე ხნით მაშინ ვცადე ბედი, როცა ძიუდოში გარკვეული ჩავარდნა მქონდა. ქართული ჭიდაობა კი ძალიან მიყვარს, ფალავნობაშიც ხშირად ვმონაწილეობ და ვიცე-ფალავანიც ვარ. ნახერხზე გამართულ უამრავ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. აღდგომის შემდეგ, დღე არ გავა, კახეთის სხვადასხვა სოფელში ფალავნობა არ გაიმართოს ხოლმე და მეც ხშირად ვჭიდაობ.

- რადგან ქართულ ჭიდაობაზე ვლაპარაკობთ, თქვენი საყვარელი ილეთიც გაგვიმხილეთ:

- "ამოსმულის" გაკეთებაც მიყვარს, მაგრამ გულშემატკივარი უფრო "ამოგლეჯით" მიცნობს - კარგადაც გამომდის და ეფექტიანი გდებაც არის: მოწინააღმდეგეს ცალ ხელს მუცლის მხრიდან ჩაავლებ ქამარში, მეორე ხელს ზემოდან, ამოქაჩავ და უკანა მხარეს გადააგდებ.

- ბოლო წლებში ძიუდოს წესები რამდენჯერმე შეიცვალა. რომელი ცვლილებაა მოსაწონი ან მიუღებელი მუდმივად შეტევაზე დაგეშილი ძიუდოისტისთვის?

- იყო დრო, ძიუდოისტს ტატამზე თავით ოდნავი შეხებისთვისაც კი ხსნიდნენ. ეს ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა - ძალიან რთულია ისე იჭიდაო, ტატამს თავი ოდნავადაც არ შეახო. მაგალითად, სახელგანთქმული იაპონელი ონო სულ ადებდა თავს ტატამზე. მაშინდელი წესებით ეს აკრძალული რომ ყოფილიყო, ონოს ერთი ტიტულიც არ ექნებოდა! საბედნიეროდ, ახლა ეს აღარ ისჯება. მთავარია, გდებისას კისერი ისე ძალიან არ მოხარო. დღეს შეტევისას კიმონოში შიგნიდან ხელის ჩავლებაც დაშვებულია, ისევე როგორც ქამარში ხელის ჩავლება, რაც ქართველ ძიუდოისტებს აგრერიგად გვიყვარს, შეგიძლია რამდენი ხანიც გსურს, ჩავლებული გქონდეს, ოღონდ სულ აქტიურ ფაზაში უნდა იყო.

- თქვენს წონით კატეგორიაზეც (73 კგ) უნდა გკითხოთ: როცა შენს წონაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია პირველ ნომრად, ეს დიდი პატივი და გამოცდილებაც არის და იმავდროულად, თავსატეხიც. ოდესმე წონითი კატეგორიის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- ლაშა ჩემი მეგობარია. მეტოქედ არასდროს ჩამითვლია, პირიქით, ]უდიდესი მოტივაციის წყაროა! როცა პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 12 წლის ვიყავი და მას შემდეგ შრომისმოყვარეობის, ვარჯიშის, თავდადების მაგალითია ჩემთვის. ვამაყობ, რომ მისნაირი მეგობარი მყავს, ერთ წონით კატეგორიაში ვჭიდაობთ და კონკურენციას ვუწევ. უფლის მადლობელი ვიქნები, თუ იმდენს შევძლებ, რომ ლაშას ვაჯობებ და ჩემი შედეგებით წონის პირველი ნომერი გავხდები... საქართველოში წონის შეცვლით პრობლემები ვერ გვარდება, რადგან ყველა წონაში ძლიერი მოჭიდავეები გვყავს და მერე სხვა კონკურენტი ჩნდება.

- ბუდაპეშტში პირველივე შეხვედრამ იაპონელთან მოგიწიათ. ტანაკასთან ის ეპიზოდი გაიხსენეთ, რომელიც მხოლოდ გადამოწმების შემდეგ აღიარეს იპონად:

- იმ ეპიზოდის შემდეგ ორი მისვლა კიდევ გაკეთდა. მსაჯებმა მერე განიხილიეს ტანაკას წაქცევის მომენტი. ჩემი გამარჯვება ბევრ რამეს გადაწყვეტდა და წაგებაზე ფიქრიც კი არ მსურდა. საბედნიეროდ, არბიტრებმა სწორად შეაფასეს ის ეპიზოდი, სუფთა გამარჯვება მომაკუთვნეს და იაპონიასთან 3:1 დავწინაურდით, რამაც მთელი ჩვენი გუნდის განწყობაზე დადებითად იმოქმედა. საბოლოოდ კი ლაშამ დააგვირგვინა და სანშირო მურაოს დრამატულ ორთაბრძოლაში აჯობა.

- გუნდური ასპარეზობის ფინალში კორეელი დონგჰიან ბაე ორთაბრძოლის დაწყებიდან წუთ-ნახევარში შებოჭეთ. რაზე ფიქრობდით იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ მოწინააღმდეგე თქვენგან თავის დაღწევას ცდილობდა?

- იმ მომენტში მექანიკურად მოქმედებ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, მეტოქე მარწუხებიდან არ გაგექცეს... როცა ტატამიდან გამოსულ მწვრთნელებს, ექიმებს, ქომაგებს ხვდები, მერეღა აცნობიერებ, რამხელა რაღაცის გაკეთება შეძელი.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი გოგონებიც, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გუნდურ შერეულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაში:

- წლებია, ეთო ლიპარტელიანი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ეს უდიდესი პროგრესი სწორედ ამის დამსახურებაა. ნიჭი და შრომისმოყვარეობა არასდროს აკლდა, თუმცა ბოლო წლებში სტაბილურობას მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეთომ დასანანი მარცხი იწვნია, რამდენიმე დღის წინ კი ქართული ძიუდოსთვის ისტორიული შედეგიც დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენს ქვეყანაში მთლიანად ქალთა ძიუდოს პროგრესი აშკარაა! იმედია, საქართველოში ეთოს, სოფოს, მარიამის მსგავსი (და მათზე ძლიერი!) უამრავი გოგონა გაიზრდება.

- ქართველი გულშემატკივრის ნაწილმა კიდევ უფრო შეგიყვარათ, დანარჩენებმა კი ახალაღა "აღმოაჩინეს" რას ეტყვით მათ?

- მადლობა ყველას, ვისაც თავისი წვლილი აქვს ჩემს, ჩვენს წარმატებაში - მწვრთნელებს, ექიმებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს... ვუსურვებ, რომ ჩვენი იმედი არასდროს დაეკარგოთ, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ტიტულებს შენარჩუნება უნდა, თანაც, არც მიღწეულზე გაჩერებას ვაპირებთ.