სანამ არ დაჯარიმდებით, იქამდე ვერ გაიგებთ, კანონი დაარღვიეთ თუ არა
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
ვაპირებ უძრავი ქონების შეძენას. მშენებლობა არის საძირკვლის ფაზაზე, მხოლოდ პარკინგებია აშენებული. ამ ეტაპზე მაქვს თუ არა უფლება დავრეგისტრირდე მომავალ მესაკუთრედ?
- იმისათვის, რომ მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდეთ, აუცილებელია შენობა იყოს აშენებული, გაკეთებული იყოს განშლა, რომელიც ხელმოწერით დადასტურებული იქნება საჯარო რეესტრში.
გარდამეცვალა მეუღლე, რომელთანაც ხელი არ მქონდა მოწერილი, გვყავს არასრულწლოვანი შვილი. თუ არსებობს გზა ან პროცედურა, რომ დავამტკიცო, ნამდვილად მისი ცოლი ვიყავი და ვიმოქმედო, როგორც მეუღლემ. უცხოეთში მუშაობდა და იქ აქვს ასაღები ხელფასი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი შვილისთვის.
- ვინაიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იყავით, თქვენ ვერ იქნებით თქვენი მეუღლის მემკვიდრე, მაგრამ თქვენი შვილი არის პირველი რიგის მემკვიდრე და მას შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს, მიიღოს სამკვიდრო და მან მოითხოვოს ხელფასის მიღებაც, როგორც სამკვიდრო.
ახალაშენებულ კორპუსში, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული, ბინის განშლა მინდა გავაკეთო. ეს უნდა გააკეთოს სამშენებლო კომპანიამ თუ პირადად მე, ბინის მფლობელს შემიძლია იუსტიციაში ამის გაკეთება?
- განშლა უნდა გააკეთოს მშენებლობის დასრულების შემდგომ სამშენებლო კომპანიამ საჯარო რეესტში (იუსტიციის სახლში).
პირველი ქორწინებიდან შვილს ვუყიდე ცალკე ბინა, ვცხოვრობ მეორე ოჯახთან ერთად. ჩუქების ან გადაფორმების გარდა, ანდერძით რომ დავუტოვო მეორე შვილს ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, მომავალში შვილებს შორის სადავო ხომ არ გახდება?
- ქონების ანდერძით დატოვების შემთხვევაში, თქვენი გარდაცვალების შემდგომ პირველი რიგის მემკვიდრეებს შეეძლებათ მოითხოვონ სავალდებულო წილი სამკვიდროდან და ამ კუთხით გახდეს სადავო.
მშენებარე ბინაში მქონდა შეტანილი თანხა, რომელსაც ვიხდიდი. როცა შევირთე ცოლი, გავაგრძელე ჩვეულებრივ გადახდა. ბინაში გავაკეთე რემონტი და ცოტა ხანს ვიცხოვრეთ ერთად, მერე დავშორდით. მესაკუთრე მე ვარ, მაინტერესებს, ეს ბინა ქორწინებაში შეძენილად ითვლება თუ არა.
- ბინა, როგორც თავად აღნიშნეთ, ქორწინებამდე გაქვთ შეძენილი, თუმცა რადგან თანხის გადახდა დაასრულეთ ქორწინების პერიოდში, ასევე ქორწინების პერიოდში გაარემონტეთ, თქვენს ცოლს უფლება აქვს, მოითხოვოს ბინის გაუმჯობესების საფასური.
ორი წელი არ გასულა, რაც ბინა მაჩუქეს, ახლა მინდა გაყიდვა. გაყიდვის შემთხვევაში ხომ არ დაიბეგრება ეს ქონება? თუ დაიბეგრება, რა ოდენობის თანხით?
- თუ თქვენ 2 წლის განმავლობაში გაყიდით ბინას რეესტრში მითითებულ თანხაზე მეტად, მაშინ დაიბეგრებით მოგების 5-ით, ხოლო ორი წლის შემდგომ გაყიდვის შემთხვევაში არ დაიბეგრებით.
ვარ "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებული, ბინის საყიდლად თანხას ვაგროვებდი, მაგრამ მანამდე გადავწყვიტე დამეგირავებინა ბინა და წვალებით შეგროვებული ფული მათ მივეცი. შემიყვანეს ქირით, რამდენიმე თვე იხდიდნენ ქირას და მერე ყველა თვეს მიწევს ბრძოლა ქირის გადასახდელად. ვითხოვ ჩემს კუთვნილ თანხას, მაგრამ არ მიბრუნებენ. ვიცი, რომ ასეთ დროს სასამართლოს უნდა მივმართო, მაგრამ არა მაქვს ბაჟისთვის საჭირო თანხა. შეიძლება თუ არა ბაჟის გადასახადის გადავადება და შევძლებ თუ არა საჩივრის შეტანას?
- თუ თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაასაბუთებთ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენთ უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაგათავისუფლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ასევე შესაძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაც თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ან ბაჟის ოდენობის შემცირება, თუ სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენთ.
მაქვს სესხი, რომელსაც ვერ ვიხდი, ვარ ჩაწერილი მშობლების სახლში. ამის გამო რა ქონებას შეიძლება დაედოს ყადაღა და იძულებითი აღსრულების დროს სახლში არსებული ნივთები ექვემდებარება ყადაღას თუ გამიყიდიან?
- მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, ბინაში მოვალე მხოლოდ ჩაწერილია თუ თანამესაკუთრეა. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ჩაწერილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებისთვის იგულისხმება, რომ მოვალის ჩაწერის მიხედვით სახლში ყველა ნივთი მისია, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ამიტომ, თუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა სახლში არსებული ნივთები, უნდა გასაჩივრდეს აღმასრულებლის მოქმედება და სასამართლო გზით დადგინდეს, რომ ის ნივთები, რომელიც დაყადაღდა და სარეალიზაციოდ მზადდება, არ არის მოვალის. თუ მოვალე სახლის თანამესაკუთრეა, მაშინ აღმასრულებელს შეუძლია მოვალის წილი უძრავი ქონების თანასაკუთრება გაიტანოს სარეალიზაციოდ.
მინდა ჩემი შვილების მამას ჩამოვართვა მამობის უფლება, სარჩელის შეტანას სასამართლოში აქვს აზრი?
- მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით. მშობლის უფლება შეიძლება ჩამოერთვას მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს - ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა. თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს საფუძველი, მაშინ შესაძლოა აზრი ჰქონდეს დავას.
მეზობელმა სოფელში უკანონოდ დაირეგისტრირა გზა, რომლითაც უნდა მივიდე ჩემს სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთთან. ჯერ საჯარო რეესტრს მივმართე და მითხრეს, რომ თურმე მაშინ ასე ხდებოდა, ყურადღება არ ექცეოდაო. ჩემს კუთვნილ ქონებამდე მისვლას ვერ ვახერხებ და ვერც დამუშავებას, რადგან ვერ შემყავს ტრაქტორი. საჯარო რეესტრიდან ამოვიღე ამონაწერები და ეს მიწა 2014 წლამდე დარეგისტრირებულია სახელმწიფო მიწად და გზად. საჯარო რეესტრისგან მოვითხოვ უკანონოდ დარეგისტრირების ბათილად ცნობას, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. არის თუ არა ადგილობრივი მერია ვალდებული, რომ ჩემს ნაკვეთამდე მისასვლელი გზა მომცეს?
- მერია არ არის ვალდებული თქვენს ნაკვეთამდე მისასვლელი გზა მოგცეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესის მიხედვით. საქმის დეტალურად განხილვისთვის აუცილებელია კონკრეტული საქმის შესწავლა.
მანქანა ჩამოვიყვანე უცხოეთიდან, განვაბაჟე, გავაფორმე ჩემს სახელზე და გავიარე ტექდათვალიერება. რაიონში ამ მანქანით მივდიოდი და პატრულის თანამშრომელი მომადგა, როცა ავტოგასამართ სადგურთან ვაყენებდი მანქანას. როგორც მითხრა, გადამოწმების მიზნით მოვიდა და საწვავს რომ ჩავასხამდი, შემდეგ კუთხეში გამეჩერებინა მანქანა, თან გამომართვა მართვის მოწმობა და პირადობა. ჩავასხი საწვავი და მითითებულ ადგილას გავჩერდი. როგორც მითხრა, უნდა გადაემოწმებინა წინა საქარე მინა და გვერდითი მინა. თქვა, რომ გადაჭარბებულია წინა საქარე მინის დაბურვის პროცენტულობა და გაფრთხილების გარეშე 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. ავუხსენი, რომ მანქანა ამ ფორმით ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცოდი, თუ გადაჭარბება იყო და გამოვასწორებდი, ასევე ვთხოვე, მოეცა გაფრთხილება, თუმცა მან არაფერი გაითვალისწინა. არ მინახავს მის აპარატზე რამდენით აჩვენა გადაჭარბება. როცა გავიარე ტექდათვალიერება, ან მანქანის გაფორმების დროს დამთვალიერებელი იყო თუ არა ვალდებული განემარტა ჩემთვის, რომ დაბურვა ზედმეტი იყო და ეს ხარვეზი აღმოსაფხვრელი მქონდა. აქვს თუ არა გასაჩივრებას აზრი და რაც მთავარია, იქნებ განგვიმარტოთ, კანონით რა არის დასაშვები, რომ ჩემსავით სხვებიც არ დაზარალდნენ. დაჯარიმების შემდეგ ვცადე გამერკვია, როგორ უნდა გაიგო, რომ მანქანის მინები ზედმეტად არის დაბურული და სად შეუძლია გადავამოწმოთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანის მინები ნორმების ფარგლებშია თუ არა. ვერც მომსახურების სააგენტოში, ვერც სახმელეთო ტრანსპორტირების სააგენტოში ვერ მივიღე ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. ყველა სხვადასხვა უწყებაში გამისამართებს, ან გპასუხობენ, თუ გაქვს ეჭვი, ჯობია მოხსნაო, მაგრამ იქნებ არ არის გადაჭარბებული და სადღაც ხომ უნდა შეეძლოს ადამიანს ამის გადამოწმება. სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტი ამბობს, რომ შემოწმების ვალდებულება არავის აქვს, როცა პატრულ-ინსპექტორი გაგაჩერებს, მას შეუძლია გადაამოწმოს პროცენტულობაო. ბუნებრივია, ამ დროს ის უკვე დაგაჯარიმებს. ასეთ პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- პირველ რიგში უნდა დადგინდეს თქვენი საქარე მინის დაბურვა ქარხნულია თუ წინა მეპატრონემ თვითნებურად დაბურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არა უმეტეს 10%-ით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იმავე სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-7 ან 71-ე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა−გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000 ლარის ოდენობით. ამ დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს გაფრთხილებას, თუმცა პატრულ-ინსპექტორს თქვენთვის უნდა განემარტა, რამდენი პროცენტით გქონდათ დაბურვის გადაჭარბება, რათა გცოდნოდათ 100 ლარის ოდენობით გეკუთვნით ჯარიმა თუ 500 ლარის. ამ კუთხით შეიძლება იდავოთ, თუმცა რამდენად ექნება აზრი, ვერ გეტყვით. მანქანის გადაფორმების დროს აღნიშნულის შესახებ გაფრთხილების ვალდებულება არა აქვს არც მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს და არც ტექნიკური ინსპექტირების დროს მანქანის შემოწმების დროს არ ექცევა ყურადღება. ისინი არ არიან ვალდებული და არ ამოწმებენ მინების დაბურვის პროცენტულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მძღოლები ხშირად თქვენსავით ფაქტის წინაშე დგებიან და მაშინ იგებენ, რომ მინა დაბურული აქვთ კანონდარღვევით.
ინფორმაციისთვის ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 60%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე - 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები