როგორ ქალებს გაურბიან მამაკაცები
თითოეულ ჩვენგანს ჰყავს, სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელსაც ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ სიყვარულში არ უმართლებს: ხშირად ასეთი ქალები მომხიბვლელები და ჭკვიანები არიან, ოჯახსაც რამდენჯერმე ქმნიან, მაგრამ ამაოდ - ბოლოს მაინც მარტონი რჩებიან. რა ტიპის ქალებს გაურბიან მამაკაცები? - ამ შეკითხვით ფსიქოლოგ თამაზ ლაღიძეს მივმართეთ:
- კვლევების მიხედვით, საწყის ეტაპზე, ორი სქესის წარმომადგენელს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მიზიდულობას, მერე იწყება შეგუება, შეჩვევა, რაც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება ხოლმე.
თუ ქალს ემოციური ინტელექტი აქვს, ასევე ადამიანებთან კონტაქტისა და თანაგრძნობის უნარითაა დაჯილდოებული, ის მამაკაცისთვის გაცილებით საინტერესოა.
ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან ენერგიას: როცა ქალი სითბოსა და ყურადღებას ასხივებს, როცა მისი სხეულის ენაც ამაზე მეტყველებს, ის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის. თანამედროვე მამაკაცისთვის არანაკლებ მომხიბვლელია ქალი, რომლის ცხოვრება სტაბილური და აწყობილია.
- რის გამო გაურბის მამაკაცი ქალს?
- მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც ქალის დომინანტური ბუნებაა. დომინაცია შეიძლება იყოს ინტელექტუალური, სოციალური, ფიზიკური და ა.შ...
თუ ქალი მამაკაცს ჭკუითაც ჯაბნის, სოციალურადაც უფრო მაღლა დგას და ფიზიკურადაც უფრო ამტანია, ეს საბოლოოდ ანტიპათიას იწვევს.
მამაკაცს რაღაც მაინც სჭირდება, რომ თავი დომინანტად იგრძნოს, და ქალმა ამის საშუალება უნდა მისცეს. იმის დასტურად, რომ მამაკაცები დომინანტ ქალებს გაურბიან, კვლევის შედეგს გაგაცნობთ: 2011 წელს ვატერლოოს უნივერსიტეტში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მამაკაცებს სოცქსელში სხვადასხვა ქალის პროფილებს აჩვენებდნენ. მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ საქმიან, მიზანდასახულ, აკადემიურ ქალებსა და რომანტიკულ გოგონებს შორის. ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცებს უსვამდნენ კითხვას, ვის აირჩევდნენ პროფესიული თანამშრომლობისთვის და ვის - რომანტიკული ურთიერთობისთვის. გამოვლინდა, რომ საქმიან, აკადემიური სტილის ქალებს მამაკაცები თანამშრომლებად ირჩევდნენ, ხოლო მათ, ვინც უფრო თბილი და გულისხმიერი ჩანდა, სასიყვარულო ურთიერთობისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალის დომინანტობა მამაკაცისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
2016 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში ჩაატარეს კიდევ ერთი კვლევა: მამაკაცებს სთხოვდნენ განცალკევებულ ოთახში შესვლას, სადაც სკამები იყო ჩამწკრივებული და რამდენიმე ადამიანი იჯდა, მათ შორის ერთ-ერთი ქალი, რომელიც ჩაცმულობითა და მანერებით დომინანტ ქალს ჰგავდა. მამაკაცებს სთხოვდნენ, ნებისმიერი სკამი აერჩიათ და დამსხდარიყვნენ. მათი უმრავლესობა ამ ქალისგან თავს შორს იჭერდა - ისინი აშკარად მოშორებით სხდებოდნენ.
- ამბობენ, კაცები ჭკვიან ქალებსაც გაურბიანო...
- ზოგადად, როდესაც ქალი მეუღლეზე ჭკვიანია, გავლენიანი და სოციალურ კიბეზეც უფრო მაღლა დგას, მამაკაცს გასაქანი აღარ რჩება, მასზე იზრუნოს. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ჭკვიან ქალთან ურთიერთობა რთულია და ვერ შედგება, თუმცა ყველა კვლევა ადასტურებს, რომ უმჯობესია, როდესაც მამაკაცსა და ქალს დაახლოებით თანაბარი ინტელექტი აქვთ. ამ შემთხვევაში მათი კავშირი უფრო სტაბილურია და ურთიერთობასაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ.
Kკიდევ ერთი თვისება, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონს, ქალის ზედმეტი ეჭვიანობა და კონტროლია. თითქმის ყველა კვლევით დასტურდება, რომ
მამაკაცს არ მოსწონს, როდესაც ქალი გამუდმებით აკონტროლებს, ყოველ ათ წუთში ერთხელ ურეკავს და ეკითხება, სად არის, ვისთან, რა ხნით რჩება და ა.შ... ეს მაშინ, როცა ქალს, პირიქით, მოსწონს, როცა მეუღლე მასზე ზრუნავს და ხშირად მოიკითხავს ხოლმე. მამაკაცისთვის მუდმივი კონტროლი დამთრგუნველია და ისე აღიქმება, როგორც თავისუფლების დაკარგვა.
- კიდევ რა ფაქტორები უშლის ხელს ურთიერთობის განვითარებას?
- ერთ-ერთი მიზეზი არაგულწრფელობაა - როცა ქალი ნამდვილ სათქმელს მალავს, შეფარვით ამბობს ან შორიდან უვლის. მას ჰგონია, კაცი ისედაც მიუხვდება, მაგრამ სულ ამაოდ... კაცები Aასევე ვერ იტანენ მანიპულატორ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ მამაკაცის გაკონტროლებას. ასეთი ქალი ხშირად იბუტება, მას ხასიათი ეცვლება, ზოგჯერ მოიწყენს და კაცმა უნდა გაარკვიოს, რატომაა მოწყენილი. ასეთი ქალებიც ფიქრობენ, რომ კაცმა უნდა გამოიცნოს და მიხვდეს, რატომაა მოწყენილი და რა უნდა. ეს კაცისთვის ძალიან დამღლელია და ასეთ ურთიერთობაში დიდხანს არ რჩება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია მატერიალურ კეთილდღეობაზე ჩაციკლული ქალები, რომლებიც მამაკაცთან სიმდიდრისა და მატერიალური მდგომარეობის გამო არიან. საწყის ეტაპზე ასეთი ურთიერთობა შეიძლება ორივე მხარისთვის მისაღები იყოს, მაგრამ ხანგრძლივი ვერ იქნება. ასეთი ურთიერთობა მატერიალური პრობლემების გაჩენისთანავე ინგრევა.
არანაკლებ ცუდი თვისებებია მუდმივი კრიტიკა, წუწუნი და საყვედური, რაც მამაკაცისთვის ღირსების შემლახველია.A ამ დროს მამაკაცი ფიქრობს, რომ მას არ აფასებენ, პატივს არ სცემენ და მსგავსი კავშირისგან გარიდებას ამჯობინებს. რა თქმა უნდა, სიყალბე ან ემოციური სიცივეც შეიძლება გახდეს ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.
- დასასრულ, რას იტყვით ისეთ კაცებზე, რომლებიც მეუღლისგან დედობრივ მზრუნველობას მოითხოვენ?
- მართლაც არსებობენ მამაკაცები, რომლებიც პარტნიორ ქალში დედის შემცვლელს ეძებენ, მაგრამ ისეთი კაცისთვის, ვისაც სურს თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს, მსგავსი რამ მიუღებელია. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი ინდივიდუალურია: ვიღაცას შეიძლება დომინანტი ქალებიც მოსწონდეს და უკარებაც, მაგრამ ეს გამონაკლისია.
და ბოლოს: ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, თანამედროვე, ცივილიზებულ ურთიერთობებს ეხება და არა იმ ქვეყნებს, სადაც გოგონებს აკვანშივე ნიშნავენ, ან 11-12 წლის ასაკში ათხოვებენ. ასეთ ქვეყნებში არჩევანის უფლება მამაკაცსაც წართმეული აქვს და ქალსაც.
ხათუნა ჩიგოგიძე