"მსოფლიო დაინგრევა, უკრაინა დაიშლება, ხელოვნური ინტელექტი უბედურებას მოიტანს, ამინდი კატასტროფული იქნება" - რას წერს ბრაზილიელი წინასწარმეტყველი, რომე - კვირის პალიტრა

"მსოფლიო დაინგრევა, უკრაინა დაიშლება, ხელოვნური ინტელექტი უბედურებას მოიტანს, ამინდი კატასტროფული იქნება" - რას წერს ბრაზილიელი წინასწარმეტყველი, რომელსაც „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ შეარქვეს.

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მსოფლიო დაინგრევა. ჯანმო გადატრიალებას ამზადებს. პლანეტის მართვა მხოლოდ ორი სახელმწიფოს ხელში იქნება. უკრაინა დაიშლება“. პუბლიკაციის ავტორია ათოს სალომე, ბრაზილიელი წინასწარმეტყველი, რომელსაც „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ შეარქვეს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„ (...) თავის დროზე ვიწინასწარმეტყველე "კოვიდ-19“, რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენი, ყველასათვის საყვარელი დედოფლის - ელისაბედ II-ის გარდაცვალება... ამის გამო „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ მიწოდეს, მე-16 საუკუნისდროინდელი ცნობილი ფრანგი ასტროლოგისა და წინასწარმჭვრეტელის საპატივცემულოდ, რომელმაც დაინახა და დიდი სიზუსტით ივარაუდა სამომავლო მოვლენების განვითარება, ასეულობით წლის მიღმა - ისეთების, როგორიც იყო ლონდონის ცნობილი ხანძარი, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლა და ნაციზმის გაბატონება...

ჩემს თავზე ვერაფერს ვიტყვი, მართლაც ვარ თუ არა მე ნოსტრადამუსის მემკვიდრე, თუმცა ნებაყოფლობით ვაღიარებ ყველა იმ შედარებას და ეპითეტს, რომლებსაც ჩემს შესახებ წერენ.

ჩვენი პლანეტა სულ უფრო შიშისმომგვრელი და არასტაბილური ხდება. ძველი პრინციპები და „ძლიერნი ამა სოფლისანი“ ნელ-ნელა ქრებიან პირისაგან მიწისა და მათ ცვლიან ახალი ფინანსური სისტემები და ალიანსები, რომელთა წინასწარ შეცნობა ძალიან რთულია. გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები ქრება...

ჩემდა სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრ ცუდ მოვლენას ვხედავ. ეს, ყველაფერი ერთდროულად ნიჭიც არის და წყევლაც. მე ეს არასოდეს მსურდა და არც არავისთვის მითხოვია. არ ვიცი, ვისი დამსახურებაა, მე რომ ასეთი შესაძლებლობები და უნარები მაქვს, მე რომ ასეთი ტალანტის მქონე ვარ (როგორც მეუბნებიან), რაც სხვებისაგან განმასხვავებს.

მე ბრაზილიის ერთ მშვიდ, წყნარ ქალაქში გავიზარდე, ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ სულიერ სამყაროსთან. ჩემს მშობლებს ბოშური ფესვები ჰქონდათ, განსაკუთრებით - პაპის მხრიდან. არავინ მეუბნებოდა, რომ უჩვეულო ნიჭის მფლობელი ვიყავი, მაგრამ ბავშვობიდანვე ვგრძნობდი „რაღაცას“, რომელიც ჰაერში იყო გაბნეული და უჩინრად ჩემ გვერდით არსებობდა. 12 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ თანატოლებისაგან განვსხვავდებოდი - ვგრძნობდი გარემომცველ გარემოს ისეთი ნიშნებით, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო - ხმებით, სუნით, გამომეტყველებით და ენერგიის მატებით.

თანდათანობით დავიწყე ისეთ საკითხებზე ლაპარაკი, რომელსაც მეც ვერ ვხვდებოდი - თითქოს, რაღაც მაფრთხილებდა, თითქოს ვიღაც თარიღებს მეუბნებოდა, სახელებს... მოკლედ, მეც არ მესმოდა, რას ვლაპარაკობდი. საიდანღაც ჩნდებოდა ხილვები, რომლებიც ეხებოდა უბედურ შემთხვევებს, ჩემთვის ახლობელი ადამიანების სნეულებებს, გარდაცვალებას, თითქოსდა, მოულოდნელ კონფლიქტებს და, ასევე, მოულოდნელ შერიგებებს.

ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებიდან ზოგიერთს ეშინოდა, მათ შორის - ჩემი ოჯახის წევრებსაც, ახლობლებს და ნათესავებს. მართლაცდა, ადამიანს რომ ეტყვი სამომავლო ბედს - რაც ჯერ თვითონაც არ იცის, მაგრამ დიდი სიზუსტით აუხდება, ბევრს შიში იპყრობს... იყო პერიოდი, როცა იძულებული გავხდი, საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი.

წლები გადიოდა. მე შევურიგდი ჩემს შინაგან, სულიერ მდგომარეობას, გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავს, გრძნობებს და გონებას, საკუთარ სხეულს ვერსად გავექცეოდი. შევისწავლე პუცატანაკი - აფრობრაზილიური მისტიკური ტრადიციები, დავიწყე კაბალისტური გამოთვლები (ციფრების მნიშვნელობის თეორიის მიხედვით) და მათ საფუძველზე პროგნოზების გაკეთება.

2011 წელს მეზმანა, რომ ათწლეულის შემდეგ ისეთი ავადმყოფობა გამოჩნდებოდა, რომელსაც პლანეტარული განზომილება ექნებოდა. ალბათ, ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ: 2020 წლის მარტისათვის მსოფლიო გიგანტურ კარანტინში აღმოჩნდა, ჩინური კორონავირუსის გამო.

კაბალისტურმა გამოთვლებმა მიმიყვანა იმ წინასწარმეტყველებამდე, რომლის თანახმად, მრავალი წლის წინ მე ღიად გამოვაცხადე, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ქალთა ხელისუფლება 2022 წელს დასრულდებოდა... 2015 წელს გამოვაცხადე, რომ ყატარში საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდებოდა, რომ საფრანგეთი და არგენტინა ფინალში გავიდოდნენ, არგენტინა კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე ბოლო თვეებში მეზმანა: არსებობს საიდუმლო დოკუმენტი, „ათენის ოქმის“ სახელწოდებით, რომელიც დავოსის ელიტურმა ჯგუფმა შეიმუშავა, მთელი მსოფლიოს ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლებლობების გამოყენებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩათვლით.

„ათენის ოქმი“ მიმართულია ახალი, ცალკე ფინანსური სისტემის შექმნისაკენ, რომელშიც დოლარი იცვლება ახალი საერთაშორისო მონეტით, რომელიც უზრუნველყოფილია ოქროთი, ნახშირბადით და იშვიათი ელემენტებით... ეს ხდება სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, რუსეთის ბრაზილიისა და შვეიცარიის ბანკების მეშვეობით. ორი წლის შემდეგ დოლარი თავის „ტახტს დაკარგავს“ იმ ფინანსური ომის შედეგად, რომელიც საიდუმლოდ და „გასროლის გარეშე“ მიმდინარეობს.

„ათენის ოქმი“ ერთადერთი არაა, რასაც ვხედავ. მე თვითონაც ვწუხვარ იმის გამო, რასაც ვამბობ: ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანების სასიკეთოდაა შექმნილი და მსოფლიოში ჯანდაცვის განვითარებისათვის უნდა იღწვოდეს, ისიც კი თავისი საიდუმლო პროექტის რეალიზებას ახორციელებს, საშინელი შედეგების მომტანს. პროექტს ოფიციალური დასახელება არ აქვს, თუმცა მე მას ვუწოდებდი სახელს - „ისინი“. ეს სიტყვა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ასახავს იმას, რასაც ვხედავ: მიმდინარეობს საშიში ექსპერიმენტები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელთა მეშვეობით მოხდება ადამიანების მოწყვლადი ჯგუფებით მანიპულირება სირიელი და სუდანელი ლტოლვილების ბანაკებში. მიზანი, თითქოსდა, სიკეთის გაკეთებაა - ძალადობისა და მასობრივი თვითმკვლელობების თავიდან აცილება. მაგრამ ჩემი ზმანებები მაფრთხილებენ - შედეგი უბედურება იქნება. ადამიანების ემოციები მართვადი გახდება და იარაღად იქცევა...

ახლო მომავალში დღევანდელი ომები ახალ სტადიაში გადავლენ: ის დაზავება, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანსა და ისრაელს შორის, მხოლოდ სპექტაკლია. ვშიშობ, რომ მასში თურქეთიც იქნება ჩათრეული.

კიდევ ერთი კონფლიქტი დასრულდება - არა ჩვეულებრივი გამარჯვებით, არამედ - ეკონომიკური დაქცევით. 2026 წლის მარტისათვის უკრაინა დაიშლება, პრორუსული რეგიონები საერთაშორისო დონეზე იქნება აღიარებული, ჩინეთი კი კულისებიდან მსოფლიოს უმეტესი პროცესების მართვას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს წინ ბევრი სხვა უბედურებაც ელოდება, პლანეტა სხვა კატაკლიზმებითაც შეიძლება „გადატრიალდეს“. მე ვხედავ ქარიშხლებს და დიდ კლიმატურ ცვლილებებს: მიმდინარე წლის ბოლოს ატლანტის ოკეანის გოლფსტრიმის თბილი დინება ძალიან შესუსტდება, რის შედეგადაც დედამიწის ბევრ რეგიონს პირველად დაატყდება თავს უძლიერესი კატასტროფული გრიგალები, უპირველესად კი - კარიბის ზღვას, სადაც ისედაც ბევრია მსგავსი მოვლენები, მაგრამ ახლა ისეთი იქნება, როგორც არასდროს. იგივე ბედი ელოდება ჩრდილოეთ ატლანტიკას.

გოლფსტრიმის დინების შესუსტების შედეგები ევროპაშიც სწრაფად გამოჩნდება: 2026 წლის ზაფხულში დასავლეთ ევროპას სასტიკი გვალვა ელოდება. სამაგიეროდ, შემოდგომაზე სეზონისათვის უჩვეულო და მოულოდნელი ტროპიკული შტორმები და ყველაზე ცივი ზამთარი იქნება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნიუ-იორკს, მუმბაის (ბომბეის) და ლაგოსს თავს ისეთი წყალდიდობები და გრიგალები დაატყდებათ, რომელიც დიდ ნგრევას და მსხვერპლს გამოიწვევს. მოკლედ, გაისად ბევრი რამ განადგურდება.

ასეთი საშინელი წინასწარმეტყველება, რასაკვირველია, კრიტიკას გამოიწვევს. მე ადრეც მიწოდებდნენ შარლატანს, თაღლითს, მატყუარას და - უფრო უარესს. მე ეს არ მადარდებს. სულაც არ მინდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვიყო. მე თვითონაც არ მსიამოვნებს, რასაც ვამბობ, მაგრამ დაიმახსოვრეთ: ჩემი აზრით, 2025 წელი არის უკანასკნელი წელიწადი, რომლის დროსაც მსოფლიო ჯერ კიდევ ისეთია, როგორიც ამჟამად ვიცით და ვხედავთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო