პოსტსაომარი სინდრომი - ვინ და რატომ გადააქცია საშიშროება საფრთხობელად - კვირის პალიტრა

პოსტსაომარი სინდრომი - ვინ და რატომ გადააქცია საშიშროება საფრთხობელად

უკვე ოთხი წელიწადია, აგვისტო ქართველი (და არა მარტო) საზოგადოებისთვის ომთან ასოცირდება. ომის საშინელება ხომ მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტით არ სრულდება, ადამიანის ცნობიერებაში ის წლების განმავლობაში ილექება და რჩება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აჩრდილი საზოგადოებაზე დღემდე დამთრგუნველად მოქმედებს. ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები ადამიანები ყოველ აგვისტოს შიშით ელიან. გამონაკლისი არც წლეულს მომხდარა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ნებისმიერ გადაადგილებას დაფეთებული ადევნებენ თვალყურს... ომის კოშმარის კვალზე ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე გვესაუბრება.

- ბატონო ნოდარ, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ომის შემდგომი სინდრომი; როგორ მოქმედებს ადამიანზე; რამდენ ხანს გრძელდება და რა კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაში?

- ომის სინდრომი ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ვინც იბრძოდნენ, ან ომის შედეგად დევნილობაში აღმოჩნდნენ. ვინც საკუთარი თვალით ნახა ომის საშინელება, ახალგორის, გორის, ფოთის, სენაკის მცხოვრებლები, უფრო მძაფრად აღიქვამენ წარსულს, ვიდრე ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობა. არ მგონია, სახელმწიფოს მათ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ეზრუნა, ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები... რაც შეეხება დამახასიათებელ თვისებებს, - ეს სირცხვილის, ბრაზის, სინანულისა და ბრალეულობის განცდაა, ისინი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ. ერთ ნაწილს რევანშის სურვილი და მტრული განწყობა უჩნდება, რომელიც შემდეგ მათ ხასიათზე, უცხოებთან დამოკიდებულებაზე მკვეთრად აისახება. ასეთი ადამიანები ხშირად პასიური და აპათიური ხდებიან. რამდენ ხანს გასტანს ეს განწყობა, ძნელი სათქმელია, რადგან ის ზოგად კონტექსტსა და ვითარებაზეა დამოკიდებული.

ეს მისაჩუმათებელი საქმე არ არის. ცივილიზებულ სახელმწიფოში დევნილებსა და სამხედროთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მათზე - ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა, კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. როგორც მახსოვს, ფსიქოსოციალური დახმარების მიზნით, პირველ ხანებში ჩვენთან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობდა. შემდეგ კი, დაფინანსების არარსებობის გამო, მათი რაოდენობა თანდათან შემცირდა. არადა, სამუშაო ძალიან დიდია - როგორც დევნილთა ახალ დასახლებებში, ასევე ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში.

- ხელისუფლების დიდმოხელეები, აგრეთვე სახელისუფლებო ტელევიზიები რუსეთ-საქართველოს ომს, პირდაპირ თუ ირიბად, ხშირად გვახსენებენ. რას ემსახურება ეს შეხსენება - საზოგადოების რეალობაში დაბრუნებას, რომ საფრთხე კვლავაც არსებობს?

- არა, საზოგადოების დათრგუნვას, რომ საფრთხე არსებობს და თანაც ძალიან რეალური. ხელისუფლების მითითებით, იმავეს აკეთებენ ტელევიზიებიც. თავიანთი სიუჟეტების საშუალებით ომის საშიშროებას წინა პლანზე წევენ, რათა საზოგადოება შეშინებული და დათრგუნვილი იყოს. დათრგუნვილი საზოგადოება კი ადვილად სამართავია. ამიტომაც კეთდება ათეულობით შეკვეთილი დოკუმენტური ფილმი, სადაც მოწინააღმდეგის აგრესია სულის შემძვრელად არის გადმოცემული. მოდი, ნუ შევჩერდებით მათ ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებზე, რაც ისტორიულობის ამბიციის მქონე ფილმისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია. ეს პოლიტიკაში გადაგვიყვანს, ჩვენ კი საზოგადოებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ... ისე კი, ისტორიული სინამდვილის შეცვლა ყველა ეპოქაში ხდებოდა. სხვა საკითხია, რა მოგვიტანა სიმართლისთვის გვერდის ავლამ... რაც შეეხება შედეგს, შეშინებულ საზოგადოებას ხელისუფლება უფრო ადვილად მართავს და ნაკლებ პრობლემებს აწყდება - ამით ძალაუფლებას ინარჩუნებს. ხომ გაგიგიათ, ოღონდ მშვიდობა იყოს და ყველაფერს ავიტანთო. სწორედ ამაზეა გათვლილი ხელისუფლების ძალისხმევა, რაც შეიძლება ხშირად შეახსენონ ქართველ საზოგადოებას რუსეთის აგრესია.

ლალი პაპასკირი

(სპეციალურად საიტისთვის)