"ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე...მაბრალებენ კორუფციასა და ბარიგობას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი...მაპატიეთ ძმებო" - რა წერია თორნიკე რიჟვაძის გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელსაც "ქრონიკა" ავრცელებს
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსი. .
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც "იმედი" ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.