რა ხდება ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა - კვირის პალიტრა

რა ხდება ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ახვლედიანის სახლთან საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯაბა ბიტარიშვილმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე არ პასუხობს მედიას, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა გასროლა და ნამდვილად ახვლედიანის იარაღით მოხდა თუ არა გასროლა, ასევე ამოღებულია თუ არა რაიმე მტკიცებულება, სამართალდამცველი განმარტავს, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. კი, მუშაობენ [ექსპერტ კრიმინალისტები]. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ჯაბა ბიტარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"