მაღალჩინოსნის სახელი უკავშირდება "რუსთავი 2"-ის და ნიკა გვარამიას საქმეს - რა არის ცნობილი ალექსი ახვლედიანის ოჯახზე, საქმიანობასა და ქონებრივ მდგომარეობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავა ალექსი ახვლედიანი, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი. სწორედ მისი დედის საცხოვრებელ სახლში, საგარეჯოში, დაიჭრა მძიმედ თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
მომხდარის დეტალები შსს-ს ცნობით
შსს-ს ინფორმაციით, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით იქნა შეყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ექიმების განმარტებით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს, თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას, თუკი იარაღის დაუდევრად შენახვამ გამოიწვია სხვისი სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ვინ არის ალექსი ახვლედიანი?
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წლის 22 მაისს დაინიშნა. მანამდე ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. მას დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. იგი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ახვლედიანი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ალექსი ახვლედიანის ქონებრივი მდგომარეობა
ჩინოვნიკის ქონებრივ მდგომარეობაზე ორი წლის წინ გამოცემა „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 2023 წლის 24 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა, ალექსი ახვლედიანი მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ფლობს საზღვარგარეთ:
უკრაინა: ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე, 2022 წელს 320 000 დოლარად შეიძინა 2780 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ფლობდა 860 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. კიევში, დიმიტრევსკის ქუჩაზე, ფლობდა 184 კვ.მ ბინას. ასევე, 9300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს უკრაინაში, ზუსტი მისამართის გარეშე.ჩეხეთი: პრაღაში 2012 წელს შეიძინა 3000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 485 000 ევროდ, ხოლო 2013 წელს 139 კვ.მ სახლი 860 000 ევროდ.საქართველოში არსებული ქონება: 2023 წლის დეკლარაციაში საქართველოში რეგისტრირებული ქონება ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი საგარეჯოში ფლობს 1810 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს ერეკლე მეორის ქუჩაზე და ორსართულიან შენობას (965.731 კვ.მ) დამხმარე ნაგებობებით, რომლის დიდი ნაწილი იჯარითაა გაცემული, მათ შორის „საქართველოს ბანკზე“. მას ასევე ეკუთვნის 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი სათავეს ქუჩაზე (საგარეჯო) და 425 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობით (426.81 კვ.მ) დაბა სურამში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოიჯარეებად ფიქსირდებიან „სილქნეტი“ და „საქართველოს ფოსტა“. 2016 წლის მონაცემებით, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, 72.80 კვ.მ ბინასაც ფლობს.
ბიზნეს საქმიანობა და შემოსავლები
ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კიევში, ფლობს ორ კომპანიას – შპს IAVIRI და სამშენებლო კომპანია „ლანა“, საიდანაც გასულ წელს 11 მილიონ 500 000 კრონა მიიღო. ჩეხეთში, პრაღაში, ფლობს შპს wine company (შემოსავალი 118 600 ევრო) და შპს AKHMUSI (შემოსავლის გარეშე). სლოვენიაში, ლუბლიანაში, დაფუძნებული აქვს შპს NAVTILUS DOO (2017 წელს დაფუძნებული), საიდანაც გასულ წელს 178 000 ევრო მიიღო.