"თეატრში რატომ არ ვარ, ეს თეატრის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ... თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი დასის წევრობისგან" - ანა ტყებუჩავას "სახალხო ინტერვიუ"
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ანა ტყებუჩავა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- ანა, მსახიობი რატომ გახდით? რა მოგეწონათ ამ პროფესიაში?
- საერთოდ პროფესიის არჩევა რთული რამაა. გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ადამიანს სამომავლოდ რაღაც უნდა და რაღაცაში არის ნიჭიერი, მშობელმა ნიჭზე მეტად ყურადღება მის უნარებს უნდა მიაქციოს. რამდენად აქვს ის თვისებები, რაც ამ პროფესიას სჭირდება. ძალიან პრაქტიკული თვისებებს ვგულისხმობ - შრომისუნარიანობას, ემპათიას, მოსმენის უნარს, რეპეტიციის ნებისყოფას. რაც წლები გადის, ეს ყველაფერი სულ უფრო მნიშვნელოვანია.
შეიძლება კარგად ცეკვავდე, კარგი აღნაგობა გქონდეს, მაგრამ არ გქონდეს იმის ნებისყოფა, მთელი დღე ძელთან იდგე, იმეცადინო და მოცეკვავე გახდე... ხასიათსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
პროფესიას რომ ვირჩევდი, მაშინ უამრავი სხვა რაღაც იყო, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც იმისკენ მიბიძგა, რაც მართლა მინდოდა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ვმჯდარიყავი ოფისში, როგორ უნდა მეკეთებინა ერთი და იგივე საქმე. რაღაც გართობა-პროფესია უფრო მინდოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მსახიობობა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი პროფესიის თამაში მომიწევდა. ბევრ წარმოსახვით რაღაცაში ვაჩვენებდი ჩემს თავს, რადგან ბევრნაირი ვიყავი. სხვადასხვა ფერი იყო ჩემი და მინდოდა გამომეხატა. სახლში უამრავი საინტერესო სპექტაკლი მაქვს ჩატარებული. ეს მომწონდა და ამიტომაც ავირჩიე მსახიობობა. იმედი მაქვს, არ შევცდი.
- რა როლს არ ითამაშებდით არასდროს?
- მსახიობი ვარ და ჩემი მოვალეობაა, როლი ვითამაშო. არ ვითამაშებდი თუ არ იქნებოდა საინტერესო და ახალს არაფერს მომცემდა. თუმცა შეიძლება, პროფესიის თვალსაზრისთ, ახალი არ მოგცეს, მაგრამ ეს იყო ადამიანებთან ერთად კარგ ხალხთან, საინტერესო გარემოში ასეთივე თავგადასავალი, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად საყვარელი საქმის კეთება. ეს დიდი თერაპიაა. თუ ეს მნიშვნელოვანი რაღაცები არ არის და ახალიც არაფერია, მაშინ არ ღირს და ძნელია ამის კეთება.
- ამდენი წელი სერიალი მცირედი პაუზების გარდა ეკრანიდან არ ჩამოსულა. ახლა როდესაც ის ეთერში უკვე აღარ გადის, რა გრძნობაა?
- სასიამოვნოა შორიდან ამის ყურება, სასიამოვნოა იმის ყურება თავიდან თუ როგორი რეაქციები აქვთ ადამიანებს. სწორედ ახლა მაქვს იმის შესაძლებლობა, სერიალსაც და მაყურებელსაც ერთდროულად ვადევნო თვალი. კი, სასიამოვნო და სასაცილოცაა ეს ყველაფერი...
ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელოვანია ეს პაუზა. ჩვენი პროფესია არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ ცოტა ხანი დაისვენო, დაღვინდე, შენში რაღაცები დაგროვდეს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, ესეც, რა თქმა უნდა, თავისებური მსხვერპლია. თამაში, კამერა, სცენაც - ორივე ძალიან მენატრება, მაგრამ ასეთი პაუზები ჩვენს პროფესიაში ზუსტად ისევე აუცილებელია, როგორც საინტერესო პროექტებზე მუშაობა.
- ამ ეტაპზე თეატრში რატომ არ ხართ და რა არის თქვენთვის თეატრის სცენა?
- თეატრში რატომ არ ვარ, ეს ალბათ თეატრის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი დასის წევრობისგან, იმიტომ, რომ ეს მოთხოვნილება არ მაქვს. მინდა ვიმუშაო, კარგ, საინტერესო პროექტებზე და საინტერესო რეჟისორებთან. ასე უბრალოდ რაღაცის წევრი ვიყო, ვფიქრობ, ეს უკვე გავიარე. შეიძლება, ვცდები და შეიძლება არსებობდეს სადმე თეატრი, რომლის დასის წევრობა ჩემთვის საინტერესო იქნება. მოკლედ, ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი სურვილი. სცენაზე ყოფნა ჩემთვის, ამხელა ენერგიის გაცვლა ადამიანების ჯგუფებს შორის, ენერგეტიკული აქტია და აქტებს შორის ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი. საერთოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას.