რატომ აპირებენ "თელასის" ყიდვას "ქრისტიან-დემოკრატები" - კვირის პალიტრა

რატომ აპირებენ "თელასის" ყიდვას "ქრისტიან-დემოკრატები"

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა მიიწევს კულმინაციისკენ. "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვალდაკვალ, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატები უკვე დაასახელა "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ", ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მათი საარჩევნო პროგრამის ახალი ნიუანსებიც, მაგალითად, ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის დაახლოებით ოთხჯერ გაზრდას გეგმავენ; აგრეთვე ისიც, რომ ტარიფების შესამცირებლად ისინი "თელასისა" და "ენერგოპროს" აქციების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას აპირებენ. გვესაუბრება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის რაიონში ბატონი ლევან ვეფხვაძე:

- ჩვენი საარჩევნო შეთავაზება ამომრჩევლისადმი გულისხმობს ისეთი ქვეყნის აშენებას, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ სრულფასოვანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების საშუალება, მათ მშობლებს კი ექნებათ ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო. ასევე პენსიონერებს ექნებათ პირობები ღირსეული სიბერისთვის. ეს, რაც შეეხება მთელ ქვეყანას, თბილისის მისამართით დამატებითი შეთავაზება გვაქვს, რაც გულისხმობს სამართლიან ტარიფებს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აქ იგულისხმება როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირისა და სხვადასხვა კომუნალური გადასახადების ხელმისაწვდომობა. უპირველესად, როცა ვამბობთ სამართლიან ტარიფებს, ვგულისხმობთ, რომ ერთია, რა ჯდება ესა თუ ის კომუნალური მომსახურება და მეორეა - სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რის გადახდის შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყოს, უპირველესად, ძალიან დიდი ინვესტორი ენერგობაზარზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, მაგალითად, "თელასის" აქციების გამოსყიდვას. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიას ენერგეტიკის მინისტრი მართავს, შეიძლება შემოვიყვანოთ კერძო ორგანიზაცია, რომელიც მენეჯმენტს წარმართავს, მაგრამ ეს ხალხისა და სახელმწიფოს საკუთრება იქნება, ანუ ენერგეტიკის სექტორი დაუბრუნდება ხალხს.

- ამ ცოტა ხნის წინ ტარიფების შესამცირებლად მიზნით "თელასის" შესყიდვის შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილიც, ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მას მოპარეთ ეს იდეა.

- არ ვიცი, ეს სისულელე ვინ თქვა, ჩვენ ტარიფების შემცირებაზე ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვლაპარაკობდით, თანაც მე არც გამიგია ბიძინა ივანიშვილისგან მსგავსი რამ. ის თუ პერსონალურად იყიდის "თელასს", იქნება ისეთივე ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელიც ამ საქმიანობიდან ფულის ამოღებაზე იზრუნებს. ჩვენ სწორედ ამ კომპონენტის ამოგდებაზე ვაკეთებთ აქცენტს, როცა სახელმწიფოსთვის ვგეგმავთ ამ კომპანიის დაბრუნებას. ჭკუის სწავლა ამ სფეროში არავისგან გვჭირდება, ბევრი ის ადამიანი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდითაა, ქირქილებდა და იცინოდა, როცა ჩვენ ტარიფებზე ვლაპარაკობდით. მათ ვურჩევ, ცოტა დასერიოზულდნენ, თუ ვინმე დღეს ტარიფების შემცირებაზე ლაპარაკობს, მადლობა მას ჩვენი პოზიციის გაზიარებისთვის.

- საკმაოდ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა თქვენმა ინიციატივამ საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდის თაობაზე. ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ რელიგიური თემით სპეკულირებთ. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა: "გაკვირვებას იწვევს, რატომ აძლევს თავს უფლებას პოლიტიკური პარტია, საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის ოდენობა წინასაარჩევნო პროგრამაში ახსენოს?" რას იტყვით ამაზე?

- როგორც ჩანს, ბატონ ლაშას აქვს თავისი პოლიტიკური პრეფერენციები. თუ ჩვენ მის პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჩავჯექით, ეს ჩვენი კი არა, მისი პრობლემაა. მას განსაზღვრული პოლიტიკური სიმპათია აქვს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ამიტომ ლაპარაკობს. პრობლემას მე სხვა რამეში ვხედავ. დღეს მეც, ლაშა ჟვანიაცა და სხვა პოლიტიკური პარტიებიც, ერთად უნდა ვითხოვდეთ ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდას. მიგვაჩნია, რომ სოციალური პროექტების განხორციელებისას უპირველესი პარტნიორი სწორედ საპატრიარქო უნდა იყოს. ვგულისხმობ იმ ტიპის სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა თუ მოხუცთა თავშესაფრების მოწყობას თუ დახმარებას და სხვ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ფული სასულიერო პირების ჯიბეში უნდა წავიდეს, ამით სოციალური პროექტები უნდა განხორციელდეს.

- როგორც მახსოვს, თქვენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კრიტიკა დაიმსახურეთ იმის გამო, რომ საარჩევნო სიაში არ გყავდათ ეთნიკური უმცირესობის ერთი წარმომადგენელიც კი, რა ხდება ახლა?

- ამჯერად აუცილებლად იქნებიან ჩვენს სიაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. იმჟამად ეს თემა თითიდან გამოწოვილი იყო. ეს შეგნებულად არ მომხდარა, გახსოვთ ალბათ, ახალი დაფუძნებული იყო ჩვენი პარტია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები პარტიაში არც კი გვყავდნენ, მას მერე გავფართოვდით.

- როგორ შეაფასებთ თქვენს ოპონენტებს ისნის მაჟორიტარულ ოლქში, იქ "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს გიორგი ვაშაძე იყრის, "ქართული ოცნებიდან" კი ნუკრი ქანთარია, რომელმაც განაცხადა, რომ მას, ფაქტობრივად, კონკურენტები არ ჰყავს და უკვე გამარჯვებულია...

- არ მგონია, ძლიერი კონკურენტები მყავდნენ, გიორგი ვაშაძეზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ კარგი მენეჯერია, მაგრამ გახსოვთ ალბათ, სულ ცოტა ხნის წინ საარჩვენო სიების დაზუსტებისას ათასობით მკვდარი სული და ამა თუ იმ მისამართზე მიწერილი ადამიანები აღმოაჩინეს, რაც ნამდვილად არ მიუთითებს სამოქალაქო რეესტრის კარგ მუშაობაზე, რომელსაც ვაშაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ქანთარიას, ის უკვე ასტრალშია გასული. როგორც ჩანს, მარსის ერთ-ერთი თანამგზავრია და გამარჯვების ღმერთთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას. ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან არასერიოზულია.

ნათია დოლიძე

(სპეციალურად საიტისთვის)