პედაგოგი მეუღლე, შვილები და გავლენიანი მამა - რა არის ცნობილი თორნიკე რიჟვაძის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ქონებრივ მდგომარეობაზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა
ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე გადმოიყვანეს. შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან სახეზე აღენიშნებოდა ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამჟამად, შოკის ხარისხი შემცირებულია და ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება პროტოკოლის შესაბამისად.
შემთხვევის დეტალები
დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. უწყების ცნობით, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, დაზიანებული ჰქონდა ფილტვი, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსი ახვლედიანი.
პოლიტიკური კარიერა და გადადგომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა. მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს და აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო გადაწყვეტილება "სიახლის დროით" ახსნა.
კარიერა:
2013 -2017 წლებში რიჟვაძე "აჭარისწყალი ჯორჯიას" მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.
2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2011-2012 წლებში მუშაობდა „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯიას“ აჭარის რეგიონალურ მენეჯერად, 2010-2011 წლებში კი იყო ბიზნეს კონსულტანტი, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
თორნიკე რიჟვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ის სამართლის ბაკალავრია. მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახდა ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით. ამასთან, სწავლობდა უცხოეთში. კერძოდ: 2012-2013 წლებში სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში, სადაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; 2012 წელს იყო ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი ლიჰაის უნივესტიტეტში და დღემდე არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - PHD ენერგეტიკის სამართალი.
ქონებრივი მდგომარეობა
რა ქონებით დატოვა რიჟვაძემ თანამდებობა ამის შესახებ ქვევით მოგიყვებით.
· უძრავი ქონება:
ბინა თბილისში, შეძენილი 2017 წელს 61,000 აშშ დოლარად.კომერციული ფართი ბათუმში, შეძენილი 2014 წელს 65,000 აშშ დოლარად.მისი მეუღლის სახელზეა 2 მიწის ნაკვეთი ხულოში და ბინა ბათუმში, რომელიც მას მემკვიდრეობით და ჩუქებით გადაეცა.· მოძრავი ქონება: მეუღლეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, შეძენილი 8,500 აშშ დოლარად.
· ფინანსური მდგომარეობა: დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 44,172 ლარი.
· ბიზნესი: თორნიკე რიჟვაძე არის შპს „აჭარა ბერრის ლიმითედ“-ის 25%-იანი წილის მფლობელი, თუმცა კომპანია ამჟამად არ ფუნქციონირებს.
· შემოსავლები (2023 წელი):
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელფასი: 55,035 ლარი.