დეფლაცია უარესი მოვლენაა, ვიდრე ინფლაცია - კიდევ ერთი "თავსატეხი" ხელისუფლებისათვის - კვირის პალიტრა

დეფლაცია უარესი მოვლენაა, ვიდრე ინფლაცია - კიდევ ერთი "თავსატეხი" ხელისუფლებისათვის

2012 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე კვლავ ჩასცდა ნულს და -0,9% შეადგინა, ივნისში კი ბოლო თვეების განმავლობაში მეხუთედ აღირიცხა წლიური უარყოფითი ინფლაცია (დეფლაცია). მაგრამ წლეულს ივლისში, შარშანდელ ივლისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ უკვე 0,6% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ დეფლაციისას მცირდება პროდუქციისა და მომსახურების ფასი. არის თუ არა სასიკეთო მოვლენა ჩვენი ეკონომიკისთვის დეფლაცია და კვლავაც გაგრძელდება თუ არა მომავალში? - ამ კითხვებით ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს მივმართეთ:

- 2010 წლიდან ფასების მკვეთრ ზრდას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია დეფლაცია, რომელიც ბოლო თვეებში აღინიშნა, თუმცა ამ მოვლენამ მაინცდამაინც არ უნდა გაგვახაროს. იმიტომ რომ დეფლაცია განსაზღვრული თვალსაზრისით უარესი მოვლენაა, ვიდრე ინფლაცია. ფასების შემცირება სეზონური ფაქტორითაც აიხსნება, მაგრამ გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი, ძნელი სათქმელია. უნდა გავითვალისწინოთ კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურებაც, რომელიც პროდუქტზე ფასების ზრდას განაპირობებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ამჟამად ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, არჩევნები კი ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რასაც თავისთავად მოჰყვება მიმოქცევაში ფულის ზედმეტი მასის გამოჩენა და შესაბამისად, ინფლაცია. რაც უნდა განგაში ავტეხოთ, როგორც უნდა შევაშინოთ საზოგადოება არჩევნებში მონაწილე მდიდარი კაცის "რუსული ფულით", სრულფასოვანი არჩევნების დროს რაღაც თანხა უნდა დაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ვითარება შეიქმნება, როგორიც ბოლო წლებში ბევრჯერ გვქონია: ხელისუფლება ხარჯავდა 15-ჯერ, 30-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და იმარჯვებდა კიდეც. უნდა შევეგუოთ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი ფული დაიხარჯება, მით უმეტეს, რომ მმართველ ძალას აქვს დიდი სურვილი და პრეტენზია ხელისუფლებაში დარჩენისა.

- ბატონო ვაჟა, ბრძანებთ, რომ დეფლაცია სულაც არ არის სახარბიელო მოვლენა ჩვენი ეკონომიკისთვის, რატომ?

- თავისთავად ინფლაცია არ არის რაღაც წარმოუდგენელი ბოროტება, უბრალოდ, უნდა არსებობდეს ბერკეტები, რათა ის რეგულაციას ექვემდებარებოდეს, ზომიერი იყოს და ორნიშნა ციფრს არ ასცდეს. მისაღებია, რომ ინფლაცია იყოს დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თორემ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ჩვენგან განსხვავებით წარმოებაც მოქმედებს და ხალხიც დასაქმებულია, სულ სხვა ვითარებაა. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაციის ნორმა 3%-ა.

რაც შეეხება დეფლაციის უარყოფით მხარეებს, - დეფლაცია თავისთავად მიანიშნებს ეკონომიკის ვარდნაზე, წარმოების მოცულობის შემცირებაზე, უმუშევრობის ზრდაზე და სხვ. მახსოვს, ერთხელ შევარდნაძემ საყვედური თქვა: ქვეყანაში ინფლაცია იყო და მაკრიტიკებდით, დეფლაციაა და ახლაც მაკრიტიკებთ, თქვენი ვერაფერი გამიგიაო. საერთოდ კი, დეფლაცია უფრო დიდი თავსატეხია ხელისუფლებისთვის. შემიძლია ნახევრად ხუმრობით გითხრათ: 5%-იან დეფლაციას 5%-იანი ინფლაცია ჯობს. რატომ? - უფრო მყარი ვალუტა ხელს უწყობს იმპორტის ზრდას, სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოება მცირდება, რადგან ქვეყანაში ფულის მიმოქცევა მცირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, მათ შორის - ინფლაციის დონეც, ზომიერების ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. ასეა თუ ისე, დეფლაცია ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა, ამიტომ ამ "მიღწევით" თავის მოწონება ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი ნამდვილად არ არის.

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, დეფლაციაა ქვეყანაში თუ ინფლაცია, საშუალო ოჯახს მაინც უჭირს თავის გატანა. რით აიხსნება ეს?

- იმიტომ უჭირს, რომ ქვეყანაში უამრავი უმუშევარია, დასაქმებული ადამიანების ხელფასი კი ძალიან დაბალია. საქართველოს არჩენენ საშოვარზე გადახვეწილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ოჯახებს თვეში 100-200 დოლარს ურიცხავენ, მაგრამ იმის გამო, რომ ლარის კურსი მცურავი არ არის და დირექტიულია, ჩვენ მათ აქვე ვძარცვავთ.Mსამწუხაროდ, ხელისუფლება ალალბედზე ადგენს ეროვნული ვალუტის კურსს. სახელმწიფო ხელოვნურად გამყარებული ვალუტით არსებობს, საბოლოოდ კი ეს აზარალებს იმ ოჯახებს, რომლებიც უცხოეთიდან გადმოგზავნილი 100 დოლარის ან 100 ევროს სანაცვლოდ გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე უნდა მიიღონ.

- უმუშევრობა ახსენეთ, რა შეიძლება ითქვას დასაქმების სამინისტროსა და მის ფუნქციებზე?

- ჩვენ ისეთი გასაოცარი იმპროვიზაციის უნარი გამოვიჩინეთ, რომ დასაქმების სამინისტროც შევქმენით. საკითხავია, ქვეყანაში, სადაც არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეს რაღა საჭირო იყო? ერთი ორიგინალური წინადადება მაქვს: გავაერთიანოთ ეს სამინისტროები, სახელი შევუცვალოთ და ლეიბორისტთა სამინისტრო შევქმნათ, "ლეიბ" ხომ ქართულად შრომას ნიშნავს, შრომა და დასაქმება რამ გაყო ერთმანეთისაგან? მინისტრი, ბატონი ტრაპაიძე თავგამოდებით ამტკიცებდა, დასაქმების სამინისტრო სხვა ქვეყნებშიც აქვთო, მაგრამ მთლად ასეც არ არის: ზოგიერთ ქვეყანაში აქვთ დასაქმების დეპარტამენტი, ზოგან - სააგენტო, ჩვენ კი ამ საკითხშიც ორიგინალობა გამოვიჩინეთ და "შორს" წავედით. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ახალგამომცხვარ სამინისტროს შექმნისთანავე მილიონი ლარი ჩაურიცხეს 6 თვის ხარჯებისთვის. ყოველივე ამას თამამად შეიძლება ვუწოდოთ აბსურდი და ნონსენსი.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)