რატომ ვერ შეიქმნა ქართული "მოსადი" - ქართველების აგენტი რუსეთის საელჩოში, რომელმაც თბილისს აცნობა, რომ ომი იწყებოდა - კვირის პალიტრა

რატომ ვერ შეიქმნა ქართული "მოსადი"? - ქართველების აგენტი რუსეთის საელჩოში, რომელმაც თბილისს აცნობა, რომ ომი იწყებოდა

1918-1921 წლებში საგარეო დაზვერვის რაიმე ოფიციალური სტრუქტურის არ არსებობის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი კი არ იყო, არამედ - უფრო სპონტანურ და შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პირად კონტაქტებს ენიჭებოდა.

მაგალითად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შტაბის წევრის, ცნობილი სოციალ-დემოკრატის - დავით საღირაშვილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე მას ინფორმაციას “მეგობრულად” აწვდიდა ძველი ნაცნობი, ცნობილი “ბოლშევიკის”, ლევ კამენევის (როზენფელდის) მეუღლე და ლევ ტროცკის (ბრონშტეინის) და - ოლღა კამენევა (ბრონშტეინი). საინტერესოა, რომ ლევ როზენფელდმა 1901 წელს ტიფლისის გიმნაზია დაამთავრა და აქვე დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა.

davit-sagirashvili-1751955333.jpg

დავით საღირაშვილი

რამდენად სანდო იქნებოდა ეს ინფორმაცია?

ნოე ჟორდანია მემუარებში ერთ საინტერესო ფაქტს ეხება, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თბილისში, რუსეთის საელჩოში, აგენტი ჰყოლია, თანაც არა უბრალო ჩინოვნიკი, არამედ - მშიფრავი, რომლის ხელშიც უნდა გაევლო ყველა საიდუმლო დოკუმენტს. ამ აგენტის ვინაობა უცნობია, დღეისთვის მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ 1921 წლის თებერვალში, “ბოლშევიკების” შეტევის დაწყებამდე, მან საქართველოს ხელისუფლებას აცნობა: “მოსკოვიდან რუსეთის საელჩომ საიდუმლო დეპეშა მიიღო – ხვალ დილიდან გადავდივართ შეტევაზე, ფოლიოს ხიდიდანო”. თუმცა საქართველოს მთავრობამ ვერც ეს ინფორმაცია გამოიყენა სათანადოდ.

გარდა ამისა, ჟორდანია წერს (სტილი უცვლელია - ბ.ა.) : “მე მაძლევდა ინფორმაციას ლებედინსკი (საუბარია ამიერკავკასიის ფრონტის ყოფილ სარდალ ევგენი ლებედინსკის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა - ბ.ა.) ერთხელ მან მითხრა, - მოდის სამი ათასი კაცისგან შემდგარი კავალერია, ჟლობას მეთაურობით, ეს ვაცნობე კვინიტაძეს, სასაცილოდ არ ეყო, ალბათ, ვინმე ჟლობას ბიძაშვილია, ვიღაც გატყუებსო. ასევე, რუსეთის ფრონტების მდგომარეობაზე ჩემი ცნობები იყო მისთვის ყალბი და სხვ.” (ციტატის დასასრული).

მართლაც, რომ სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს: სახელმწიფოს პირველი პირი თავად ასრულებდა დაზვერვის რეზიდენტის ფუნქციებს – აგენტები ჰყავდა კავშირზე და მიღებულ სამხედრო-პოლიტიკურ ინფორმაციას პირადად გადასცემდა სამხედრო ხელმძღვანელობას. იქ კი ჟორდანიას სასაცილოდ იგდებდნენ! ჯერ ერთი, ამგვარი საუბარი ქვეყნის პირველ პირსა და მთავარსარდალს შორის სცილდება ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს, მეორეც - ამ ინფორმაციას სათანადო გადამოწმება და გამოყენება ხომ სჭირდებოდა?

საინტერესოა, რომ გენერალი კვინიტაძე საკმაოდ კარგად იცნობდა გენერალ ევგენი ლებედინსკის: ტიფლისის კადეტთა კორპუსში (სასწავლებელი) ერთად სწავლობდნენ, შემდეგ კი ამიერკავკასიის ფრონტის გენერალურ შტაბშიც ერთად მსახურობდნენ, თუმცა 1918 წლის მაისში მათი დაპირისპირება ლამის დუელამდე მისულა. ამიტომ ძნელია იმის მტკიცება, ლებედინსკის ინფორმაციას საქართველოს მთავარსარდალი პიროვნული დაპირისპირების გამო არ ენდო თუ სხვა, უფრო სანდო ინფორმატორები ჰყავდა.

evgeni-lebedinski-1751955352.jpg

ევგენი ლებედინსკი

ლებედინსკი შუამავლის როლსაც კი ასრულებდა ჟორდანიასა და რუს “ბოლშევიკებს” შორის. ჟორდანიას სიტყვებით, 1920 წლის დეკემბრის სუსხიან ღამეს, სწორედ ლებედინსკის სახლში შეხვდა ის წითელი არმიის ერთ-ერთ მეთაურს - ტოლსტოვს. “ბოლშევიკებმა”, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენეს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირს: გაათავისუფლეთ ყველა ტყვე-კომუნისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს დავიწყებთო. ჟორდანიამ თავი იმართლა - ყველა კომუნისტს რუსეთში გამოგიგზავნით თუ -ოფიციალურად მოითხოვთო?! თუმცა რუსეთი თავდასხმის საბაბს ეძებდა და ეს შეხვედრაც უშედეგოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

noe-zhordania-1751955422.jpg

ნოე ჟორდანია

იმ წლებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები (ნოე ჟორდანია, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი და სხვ.) მემუარებში ცალკე არსებული საქართველოს სპეცსამსახურების, კერძოდ კი - საგარეო დაზვერვის რაიმე სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. სახელმწიფო უწყებებს (გარდა სამხედრო სამინისტროსი) სპეციალური სადაზვერვო დანაყოფები არ ჰქონდათ. შსს-ს „განსაკუთრებულ რაზმს“ უფრო სხვა ფუნქციები ჰქონდა და საგარეო დაზვერვას ვერანაირად ჩაანაცვლებდა. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში, უცხოეთიდან ინფორმაციის მიღების წყაროების არსებობა, უფრო მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის პიროვნული ფაქტორისა და პირადი კონტაქტების წყალობითაც ხდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის საიმედობა დიდ ეჭვს იწვევს.

evgeni-gegechkori-1751955367.jpg

ევგენი გეგეჭკორი

ფაქტია, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ვერ შექმნა თუნდაც მცირე დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც საგარეო დაზვერვის ფუნქციებს შეასრულებდა.

ყველა შედარება, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა პრობლემის უკეთ დანახვა გარკვევაში გვეხმარება. ისრაელის და საქართველოს ისტორია, ებრაელი და ქართველი ხალხის ბედი, ძალზე წააგავს ერთმანეთს. არამეგობრული ძალებით გარშემორტყმული ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა და აწარმოებს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

ეს კი ძლიერი არმიისა და სპეცსამსახურების, მარჯვედ აწყობილი სამხედრო მრეწველობისა და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების მოძებნა/დაფასების გარეშე შეუძლებელია.

1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამას კი მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა თავდასხმით უპასუხეს. ისრაელმა მაშინ კი გაიმარჯვა, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად სასწრაფო ღონისძიებები იყო გასატარებელი.

1949 წლის 13 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენ-გურიონმა სრულიად საიდუმლო ბრძანებას მოაწერა ხელი. მშრალი ბიუროკრატიული ფორმულირებების ნაცვლად ბენ-გურიონის ხელმოწერილი დოკუმენტი ცოცხალი ენითაა შედგენილი და თანაპარტიელებისადმი გაგზავნილ კერძო წერილს უფრო ჰგავს, ვიდრე - ოფიციალურ დოკუმენტს. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ ისტორიული ბრძანებიდან:

ben-gurioni-1751955380.jpg

ბენ-გურიონი

“ ჩემი (ბენ-გურიონის) ინსტრუქციის თანახმად, დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების კონცენტრაციის და კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა დაწესებულება (მოსადი). მე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველს, სპეცოპერაციების საკითხებში, რეუვენ შილოაჰს, დავავალე მოსადის ორგანიზება და მის დირექტორად მუშაობა. რეუვენ შილოაჰი იმუშავებს ჩემი ხელმძღვანელობით, იმოქმედებს ჩემი ინსტრუქციებით და მე მომახსენებს გაწეული მუშაობის შესახებ. თუმცა ორგანიზაციულად მისი დაწესებულება დარჩება საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში”.

mosadis-pirveli-direktori-1751955402.jpg

მოსადის პირველი დირექტორი: რეუვენ შილოაჰი

ის ფაქტი, რომ დღეს ისრაელი არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა სპეცსამსახურებმა, უპირველესად კი - საგარეო დაზვერვამ (მოსადმა). ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირში არსებულის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა (“მოსადი”), კონტრდაზვერვა (“შინ-ბეთი”) და სამხედრო დაზვერვა (“ამან-“ი) ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცნენ. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები სამი ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან. ისინი არიან: მცირერიცხოვანნი; ფანატიკური პატრიოტები და განსაკუთრებით დაუნდობლები.

ჩვენი ქვეყნის საერთო-სახელმწიფოებრივი სისუსტის მთავარი მიზეზი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაუცველობა იყო და არის. რატომ ხდებოდა და ხდება ეს?

მრავალ ობიექტურ ფაქტორთან ერთად, უფრო მეტი სუბიექტური ხელის შემშლელი ფაქტორი იყო: ზოგი - ჩვენი მენტალიტეტის (ერთდროულად ხომ სიზარმაცე და ამბიციები გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი), ზოგი კი - ჩვენი ავისმოსურნის (ბევრნი კი არიან ყვავ-ყორნებივით შემოსეული) დამსახურებით. ჩვენი ქვეყნის „სიჯანსაღის“ ერთ-ერთი წინაპირობა ძლიერი სპეცსამსახურები უნდა იყოს, რაც ძლიერი სახელმწიფოს შექმნა/აშენებისთვის აუცილებელია. თუმცა 1918 წლიდან დღემდე, საქართველოს დამოუკიდებლობის ორ პერიოდში, ეს ვერ მოხერხდა, რაც, პირველ რიგში, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. „მართვადი ქაოსი“ გარეძალების კარგად გათვლილი და ორგანიზებული პროცესი იყო და არის. ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო მეტი ქაოსია პოლიტიკურ სპექტრში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის უფრო იოლია სახელმწიფო ინსტიტუტებში შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა. ამგვარ პირობებში კი ქვეყანაში მუდამ ურთიერთდაპირისპირება და არასტაბილურობა გვექნება.

(მეორე ნაწილის დასასრული)