ძალიან ცუდი ამბავი პუტინისთვის და გახარებული ზელენსკი - ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ ოკუპანტს შეიწირავს
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის „შვიდი პარასკევი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ, დღეს ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ამას აცხადებს - „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“…
ასეთი რა შეიცვალა ივნისის ბოლოდან, როდესაც პენტაგონმა უკვე ევროპაში, პოლონეთში ჩატანილი და უკრაინაში გადასაგზავნი ასობით ამერიკული რაკეტა „დააპაუზა“, იმ მოტივით, რომ თავად აშშ-ის არმიის საწყობებში შეიარაღების მარაგის ნაკლებობა იგრძნობა და ჯერ ეს მარაგი უნდა დაითვალოსო...
ამ პერიოდში შედგა ტრამპის მეოთხე სატელეფონო საუბარი პუტინთან, რითაც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის მეორედ მფლობელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა კრემლის უხუცესი ბინადრით - პუტინს არ სურს ამ საშინელი ომის შეწყვეტა! ტრამპი ბოლოსდაბოლოს თავის თავს საქვეყნოდ გამოუტყდა იმაში, რაც მილიონობით ობივატელისთვის ისედაც კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ტრაბახობდა - ერთი სატელეფონო ზარი მჭირდება, რუსეთ-უკრაინის ომი ერთ დღეში რომ შევაჩეროოო...
ტრამპის გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის ჯერ კიდევ ბაიდენის დროს გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების და, პირველ რიგში, „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტების მიწოდება, უკრაინული ქალაქების რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ შეტევების მოსაგერიებლად, მას შემდეგ უფრო გამოიკვეთა, როდესაც პუტინთან „ცუდი“ სატელეფონო საუბრიდან (რომლის დროსაც მას პუტინმა ღიად განუცხადა, რომ რუსეთი ბოლომდე წავა უკრაინასთან ომში, დასახული ამოცანების შესასრულებლად) მეორე დღესვე, უკვე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთა თუნ გაისაუბრა ტელეფონით...
ამ საუბრით ზელენსკიც აღფრთოვანებული დარჩა - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კიევის „ცის დაცვის“ შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან თავდაცვის ერთობლივი წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
ანუ გამოდის, რომ უკრაინა ტრამპის ამერიკას ბოლომდე არ მიუტოვებია და გააგრძელებს მისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ რაღა საჭირო იყო ის რამდენიმედღიანი დემარში, როდესაც პენტაგონმა უკრაინის საზღვართან მიტანილი ამერიკული რაკეტები „დააპაუზა“?
დასავლეთის მასმედია წერს, რომ სატელეფონო საუბარში ტრამპმა ზელენსკის თითქოს განუცხადა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, არ გაუცია ბრძანება პოლონეთში ჩატანილი ამერიკული შეიარაღების უკრაინაში გადატანის აკრძალვაზე!
მაშინ გამოდის, რომ ეს პენტაგონის შეფის - პიტ ჰეგსეტის პირადი ინიციატივა ყოფილა, რომელმაც უკვე მესამედ შეაფერხა უკრაინისთვის, ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გამოყოფილი ამერიკული შეიარაღების მიწოდება...
ეს კი დადებითად ნამდვილად არ მეტყველებს აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებაზე, თუკი თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტთან - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეუთანხმებლად შეუძლია ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, განხორციელება და თანაც მესამედ...
თუმცა პენტაგონის შეფის გაგებაც შეიძლება - არც ისრაელი და არც აშშ არ აფიშირებენ, მაგრამ ისრაელ-ირანის ბოლო, 12-დღიანი „საჰაერო დუელის“ დროს ირანის მიერ გაშვებული 500-მდე ბალისტიკური რაკეტისა და ათასზე მეტი კამიკაძე-დრონის მოსაგერიებლად დაიხარჯა ძალიან დიდი რაოდენობის, როგორც საზენიტო რაკეტები, ისე - ძალიან ძვირად ღირებული ანტირაკეტებიც, მხოლოდ მათ, რომლებსაც შეეძლოთ ისრაელის ქალაქებზე პიკირებული ირანული ბალისტიკური რაკეტების მეტ-ნაკლებად მოგერიება.
შესაბამისად, პენტაგონის არსენალში საზენიტო რაკეტების მარაგის რაოდენობა ნამდვილად შემცირდებოდა (იმის გათვალისწინებითაც, რომ ახლა აშშ ისრაელს უგზავნის საზენიტო რაკეტების ახალ პარტიებს, ირანთან შესაძლო ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემთხვევისთვის) და აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, პარალელურ რეჟიმში მოამარაგოს „პეტრიოტის“ ანტირაკეტებით, როგორც ისრაელი - ირანისგან დასაცავად, ისე - უკრაინა, მუდმივი რუსული თავდასხმების მოსაგარიებლად...
და როდესაც საქმე არჩევამდე მიდის, ვისი ლობი იმარჯვებს თეთრ სახლში? - რა თქმა უნდა, ისრაელის...