მიხეილ ყაველაშვილის უნიკალური ბერკეტი - რისი გაკეთება შეუძლია მას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მეტნაკლებად ჩაცხრეს?!
გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს ოპოზიციის ლიდერები, თუ ისინი პირობას დადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციის ლიდერებმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შეწყალებაზე უარი განაცხადეს.
გასაგებია, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მანევრი იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში არის სტაბილურად მძიმე კრიზისი, რომელიც როდის „იბუთქებს“ არავინ იცის.
ვფიქრობთ, სწორედ მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია საქართველოში არსებული დუღილის ტემპერატურის მეტნაკლებად დაწევაში პოზიტიური როლის შესრულება. მას ამისთვის უნიკალური ბერკეტი აქვს - შეწყალების უფლება.
სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წელი მიუსაჯა, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი, ათეულობით ახალგაზრდა ელოდება განაჩენს, იქით ბათუმში მზია ამაღლობელს ასამართლებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებების ლოგიკას თუ გავყვებით, დიდი ალბათობით, სხვა დაკავებულებსაც რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
იურიდიული დეტალების განხილვაში არ შევალთ, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ზემოხსენებული სასჯელები არაპროპორციულია. კერძოდ, განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ ალბათ, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები კი არა, სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, რა ვითარება იყო და არის ქვეყანაში, რა გარემოებებში დააკავეს ახალგაზრდები, არიან თუ არა ისინი წარსულში ნასამართლევები, საზოგადოებისთვის საშიშები და ა.შ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მთელმა ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რომ რაიმე დიდი უბედურება არ მოხდა. ახალგაზრდები სწორედ იმ პერიოდში არიან დაკავებულები (თუმცა სამწუხაროდ, დღემდე არ დაუკავებიათ ის ნიღბიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში დათარეშობდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ). მათ წარსულში კანონდარღვევა არ აქვთ და ვფიქრობთ, არც საზოგადოებისთვის საშიშები არიან.
თუ მიხეილ ყაველაშვილი ამ ახალგაზრდებს შეიწყალებს (უკვე სასჯელმისჯილებს და იმათაც, მომავალში თუ მიუსჯიან), ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შედარებით დაცხრომაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. რა თქმა უნდა, მან ოპოზიციის ლიდერებიც უნდა შეიწყალოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
გარდა ამისა, ის საზოგადოების დიდი ნაწილის გულსაც მოიგებს, რომელიც ამ ღირსეულ საქციელს აუცილებლად დაუფასებს.
გარდა ამისა, კარგ საქმეს გაუკეთებს ხელისუფლებას - ოპონენტები და დასავლელი პოლიტიკოსები ვეღარ იტყვიან, რომ „ოცნებას“ პოლიტპატიმრები ჰყავს.
თუმცა პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი - სამშობლო კი ერთი გვაქვს ყველას, მიუხედავად იმისა, ბარიკადების რომელ მხარეს ვართ.
გიორგი კვიტაშვილი