ზღაპარაძის ზღაპრული ბაღი ველისციხეში - კვირის პალიტრა

ზღაპარაძის ზღაპრული ბაღი ველისციხეში

ნინო ზღაპარაძე კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. მართალია, პიანისტი და ვოკალისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. ცხოვრების დიდი ნაწილი საეკლესიო მსახურებაში გაატარა. არის მედავითნე, რეგენტი და მგალობელი. ამჟამად მებაღეობა-მემცენარეობითაა დაკავებული. მის ეზოში სხვა იშვიათ მცენარეებთან ერთად 790 ჯიშის ვარდი ხარობს, რომელთაც დიდი მონდომებით უვლის, ახარებს და ამრავლებს.

ნინო ზღაპარაძე:

- როდესაც მესამე შვილი შეგვეძინა, მეუღლემ გარკვეული თანხა მომცა, უნდოდა რაიმე სამკაული შემეძინა. არადა, ჩემი სამკაულები საერთოდ ბავშვობიდანვე მცენარეები იყო. 12 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგი იყო, დამაკალმებინა ანუ მასწავლა, როგორ გამემრავლებინა ვარდი. მას შემდეგ, როდესაც მინდოდა ეზოში მრავალფეროვნება შემეტანა, ყოველთვის თვითონ ვაკალმებდი დედმამისეულ სახლში. როდესაც გავთხოვდი, ეზოში მხოლოდ სამი ვარდი დამხვდა. მინდოდა აქაურობაც მრავალფეროვანი ყოფილიყო და როდესაც მეუღლემ, დავით თათარაშვილმა სამკაულის შესაძენად ფული მომცა, ავდექი და ვარდები შევიძინე. სულ 16 ჯიში მომივიდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს იყო საკოლექციო ვარდები, რომლებიც საქართველოში უკვე შემოდიოდა.

85a64f70-ce8b-4c4e-9896-9eefb4a6c3d4-1751958361.jpg

- ალბათ თანდათან სწავლობდით ვარდის მოვლის წესებსაც...

- ვარდების შესახებ ყველაფერს ვსწავლობდი, თუ რა სჭირდებოდა. უფრო ღრმად შევისწავლე მოვლა, გაშენება, გამრავლება. ვცდილობდი განმევითარებინა ეს საქმე, მათ შორის ბიზნესიც. ამ საქმეს სერიოზულად რომ მოვეკიდე, მეუღლემ თანხა შემომაშველა და 6 წლის წინ ვარდის 77 ჯიში ერთად შევიძინეთ. მას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო 790 ჯიში მაქვს.

- ესე იგი, გვარად ზღაპარაძემ ეზოში ნამდვილი ზღაპარი მოაწყვეთ...

- ეზოს ფართობი 80/100-ია - ჰექტარს 20 მეასედი აკლია. აქ წლების განმავლობაში თხილის ბაღი იყო, რაც ჩვენი ბიზნესი და შემოსავალი გახლდათ. მერე მეუღლემ თხილი ამოიღო და ვარდები დავრგეთ. კიდევ არის ადგილი, სადაც შეიძლება ვარდების დარგვა და აქაურობის მეტად გალამაზება. ვფიქრობ, 1000 ჯიშამდე ავალ.

71141700-461d-4b3a-a4f5-ff264565c98c-1751958360.jpg

- ამდენი ჯიშის დამახსოვრებას როგორ ახერხებთ?

- ვარდებს იმხელა სიხარული მოაქვთ, შეუძლებელია, ასე აყვავებული გქონდეს, როგორც ჩემთან არის, და თითოეულის დამახსოვრება ვერ შეძლო. თუმცა აბსოლუტურად ყველა ვარდი მაქვს დანომრილი, სად რა ჯიშია ჩარგული, რა მცენარეა. ზამთარში, როდესაც ვარდობა აღარ არის, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, შესაბამისად, თავიდან გადავავლებ ხოლმე თვალს, რვეულით დავივლი, რომ ყველა ჯიშის სახელი გავიხსენო. 790-ივე ჯერ არ ვიცი, რადგან 150 ახალია და მათი სახელები დასამახსოვრებელია. დანარჩენის სახელი იშვიათად რომ დამავიწყდეს.

2759dfac-1aee-46b8-92f9-a96d60547a55-1751958361.jpg

საკოლექციო ჯიშები იმიტომ შევიძინე, რომ მრავალჯერადად ყვავის. ბაღში სულ ყვავის რაღაც. სწორი მოვლით ვარდს შეუძლია ზამთრამდეც იყვავილოს. საკოლექციო ჯიშებს შესვენების პერიოდები მოკლე აქვს - ზოგს 10 დღეც არა აქვს, ზოგს 2 კვირა, ზოგს მხოლოდ კვირა. შეიძლება ერთი კონკრეტული ჯიში რვაჯერ აყვავდეს - ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაქვს ევროპული ჯიშები, ამერიკული, აზიურიც.

- თქვენს ეზოში ვარდების გარდა სხვა მცენარეებიც ხარობს...

- საერთოდ ვცდილობ ზამთრის ბაღიც იყოს და ყოველთვის ღირებულ მცენარეს ვყიდულობ. წლეულს პირველი ეტაპი გავიარეთ - დამთვალიერებლები მყავდა, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივ დამთვალიერებლებზე არ ვფიქრობ. მინდა შემოვიდნენ ევროპიდან, ამერიკიდანაც. ეზოს ტურისტული დატვირთვა მინდა შევძინო.

5c9eca56-a090-4ff2-8f59-83f51d92bfcb-1751958360.jpg

- რა სჭირდება ვარდს იმისთვის, რომ პატრონი გაახაროს და მუდმივად ყვაოდეს?

- ნიადაგი აუცილებლად უნდა იყოს აერიზებული, უნდა იმარგლებოდეს, ითოხნებოდეს, მულჩი ჰქონდეს, რათა ვარდის ფესვმა ისუნთქოს. ამ მცენარემ რომ გასიამოვნოს, იქითაც უნდა ასიამოვნო, არაფერი დააკლო, კვება, ვიტამინები, ამინომჟავები, არა მხოლოდ ბიოპროდუქციას, ქიმიურ მინერალებსაც ვიყენებ და ქიმიურ დანამატებსაც ვაძლევთ. გარდა ამისა, მეტად პრეტენზიული მცენარეა და წამლობა სჭირდება, ოღონდ მიზანმიმართული, ასევე სწორი კვება.

54176cbf-4841-4f70-9778-4f27d0b18bf6-1751958360.jpg

- როდის სხლავთ?

- გასხვლას ოქტომბრიდან ვიწყებ. მუშაობა ოქტომბრიდან იწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ვარდებს ვაკალმებთ და ვყიდით. მცირე ბიზნესი გვაქვს, ოღონდ ისე ვსხლავ, რომ ბაღსაც არ დავუკარგო სილამაზე. ვცდილობ განსაკუთრებული ჯიშები გასასხლავად გვიან მოვიტოვო, მაგრამ მუშაობას მასობრივად მაინც ოქტომბრიდან ვიწყებ. მოკლედ, მნიშვნელოვანია გასხვლაც, საკვების შეტანაც, ნიადაგის დამუშავებაც, თუკი რამ დაავადებული ფოთოლია, მისი გამოტანა, ბაღის გასუფთავება. გასხლულს შესაბამისი წამლით ვამუშავებ, რათა ზამთარში მცენარეს ძალა ჰქონდეს და გაზაფხულისთვის დაავადებული არ იყოს. ეს ყველაფერი მანამდე ტარდება, სანამ ტემპერატურა 8°C-მდე დაეცემა. როცა ტემპერატურა 8°ჩ-ზე ქვემოთ ეცემა, ჩემი ვარდები ისვენებენ. თებერვლიდან ხელმეორედ ვამუშავებ მავნებლებზე, თუ რამე მწერი არსებობს, რათა აღარ მივცე გამოჩეკის საშუალება. ერთხელ თებერვალში, პირველ შეწამვლაზე, მერე კი მარტიდან რეგულარულად ვწამლობ. შემდეგ მცენარე თვითონ გეუბნება, რა დროს რა უნდა გააკეთო. პრევენციის მიზნით არაფერს ვწამლავ - ერთადერთი მხოლოდ პირველი წამლობაა იმისთვის, რომ სანამ ფოთოლი გამოვა, ვიცოდე, იმ კვერცხებსაც, თუ სადმეა, ბოლო მოვუღე და აღარ გამრავლდებიან. მაშინ ნიადაგიც მუშავდება, რომ თუ რამე მავნებელია, მოშორდეს.

- ეს ხომ უზარმაზარი შრომაა, თან სამი შვილი გყავთ. როგორ აუდიხართ ამდენ საქმეს?

- უფლის ნებით, სამი შვილი, მათ შორის, აუტისტიც მყავს, მერე ოჯახსაც თავისი უნდა, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებით. როდესაც ბაღში აქტიური მუშაობა მჭირდება, მაშინ საოჯახო საქმეებში დედა მეხმარება. ბაღში სხვა დამხმარე არა გვყავს - მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ავუდივართ. ბაღის მოვლა და მცენარეებთან ურთიერთობა ადამიანს განწყობას უმაღლებს, სტრესს უხსნის. ბუნება ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ვაპირებდი ბიოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ მაინც დედის პროფესიამ გადამძლია და პიანისტი გამოვედი. ჩემს გენში ყველა მღერის, უკრავს, მუსიკოსია...

5b8b420b-f358-4b4b-a067-35035496e2b6-1751958360.jpg

- ახლა ბაღში რა ეტაპია?

- ბაღი მეორე ყვავილობისთვის ემზადება. საერთოდ, ერთი პრობლემა ისაა, რომ გურჯაანის რაიონს ძალიან ცუდად აქვს წყალმომარაგება და წვიმა გვეხმარება ხოლმე...

საერთოდ, ყოველდღიური შრომით დიდი გამოცდილება გროვდება. სანამ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი, "იუთუბით" ბევრ რამეს ვსწავლობდი, ინფორმაციას ვიღებდი, მაგრამ პრაქტიკაში ბევრად უკეთესი აღმოჩნდა ცოდნის დაგროვება. ყველა სამუშაო ნორმირებულად უნდა ჩატარდეს, ზედოზირება არ შეიძლება.

- დამწყებ მებაღეებს რას ეტყვით?

- თუ მცენარეები არ უყვართ, არავითარ შემთხვევაში ბაღს ხელი არ მოჰკიდონ. თუ მათთვის ეს შრომა ტანჯვად იქცევა, არ დაიწყონ. ბაღის მოვლა ჩემთვის ტანჯვა არ არის. ამ სილამაზეს რომ გადავხედავ, რაც ამა თუ იმ დროს შევქმენი, ამაზე სასიამოვნო არაფერია. კი, ბაღს დიდი შრომა სჭირდება. აუცილებელია ყოველდღიური მეთვალყურეობა, რომ რამე არ გამოგეპაროს. გაშენებამდე ამ საქმის შესწავლა დასჭირდებათ. რათა მერე შედეგით ისიამოვნონ. როცა აქ სტუმრები, დამთვალიერებლები მოდიან, მათი გაოცებული და აღფრთოვანებული სახეების ხილვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.