თხილის მოსავალი წლეულს მკვეთრად დაბალია - კვირის პალიტრა

თხილის მოსავალი წლეულს მკვეთრად დაბალია

წლევანდელ უამინდობასა და სტიქიურ უბედურებებს უკვალოდ არ ჩაუვლია, თუმცა ყველაზე დიდი კვალი მაინც გლეხზე დატოვა, რომელიც წლიდან წლამდე მოსავლით ცდილობს თავის გატანას... შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს გალის რაიონის, სამეგრელოსა და გურიის სოფლებში თხილისა და სიმინდის მკვეთრად დაბალი მოსავალია. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა გამოსავალი იპოვა, – "წლეულს თანხების მაქსიმალურად დაზოგვა და მხოლოდ იმ პროდუქტის შეძენა მოგვიწევს, რაც ყოველდღიური არსებობისთვის აუცილებელია", - ამბობენ ისინი.

არადა, ბოლო დროს საქართველოდან თხილის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2012 წლის დასაწყისში, პირველ ოთხ თვეში საექსპორტო ათეულში  თხილმა მეშვიდიდან მეორე ადგილზე აინაცვლა, რადგან ქვეყნიდან 45 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყო გასული ექსპორტით. პლანტაციების 85% სამეგრელოშია. ცუდი მოსავალი გლეხობას არაერთ იმედს უცრუებს.

გულნარა ჩიქოვანი, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი:

- ანაკლიაში მაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც თხილი მქონდა დარგული. ამ მცენარეს პირველ ორ წელიწადს დაბალი მოსავლიანობა აქვს, მაგრამ წლევანდელთან შედარებაც კი არ შეიძლება, - იმის მესამედსაც არ ველოდები, რაც შარშან იყო. გოგონა სტუდენტი მყავს და ბიჭი დღე-დღეზე შვილს ელოდება, ვფიქრობდი, თხილის მოსავლით ამ ყველაფრის მოგვარებას შევძლებდი. რძალმა აუცილებლად უნდა იმშობიაროს, სხვა გზა არ არსებობს, გოგონას კი მოუწევს მომავალ წლამდე მოცდა... ჯერ იყო და გადაუღებელი წვიმები დაიწყო, შემდეგ გვალვები დაიჭირა, მერე კი რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი, ცხელი ქარი ამოვარდა და ჯერ კიდევ რძიანი თხილი ჩამოყარა. გული მიკვდებოდა რომ ვუყურებდი ჩემს ნაშრომსა და ნაწვალებს.

ნოდარ სიჭინავა, სოფელ ლესიჭინეს მკვიდრი:

- ივნისში მოვარდნილმა ძლიერმა წვიმამ სიმინდის მოსავალი თითქმის გაანადგურა. გასაყიდად კი არა, მომავალ შემოდგომამდე თუ გვეყო, მადლობელი ვიქნები. ასეთ დროს სიმინდს ცეცხლის ფასი აქვს, წლეულსაც იმავეს ველოდებით. არადა, ისეთი ძვირი ჯდება ამ დალოცვილის მოყვანა, დახვნა, აზოტი, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ შრომასა და ენერგიაზე... მაგრამ რას ვიზამთ, ბუნების ძალას წინ ვერავინ დაუდგება. სიმინდს წელამდე შეუდგა წყალი და ტაროს გაკეთებამდე, ერთიანად გააყვითლა. ერთი ფუთი სიმინდი უკვე 15 ლარი ღირს, მაგრამ ახალი მოსავლის მოსვლამდე, შეიძლება 25-მდეც გაიზარდოს. არა უშავს, ძროხები გვყავს, ქათმები და სხვა წვრილფეხობა და იმედია, როგორღაც გავიტანთ თავს. უბრალოდ, მთელი წლის ნაშრომი წყალში რომ ცვივა, ეს არის გულსატკენი.

რევაზ კუცია, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი:

- შარშან ამ დროს უკვე 4 ლარამდე მერყეობდა თხილის ფასი, წლეულს თამაშობს, - კვირის დასაწყისში 2, 90 თეთრი იყო, ახლა 2,50-ია. შარშან ნახევარი ტონა შემოსავალი ავიღე, წლეულს 100 კილო თუ მოგროვდა, ძალიან გავიხარებ... პომიდორი და კარტოფილი მქონდა დარგული, ისიც ძლიერმა წვიმამ დაალპო. ცუდი წელი გველოდება, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გავუძლოთ როგორღაც.

ვენერა მესხია, ჩოხატაურის რაიონის მკვიდრი:

- არ ვიცი, რა გვეშველება, მოსავალი საერთოდ არ არის. რამდენიმე წელიწადია მატლებმა, ე.წ. თეთრმა პეპელამ შეჭამა ყველაფერი.

- ამბობენ, წლეულს შედარებით ნაკლებიაო...

- კი, გაახარებს ამ ოპოზიციას ღმერთი, ისე დაფაცურდა ეს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება, შენი მოწონებული. შარშან მთელი ზაფხული ვიხვეწებოდით, გვიშველეთ რაცხა-თქო და შორიდან დაგვენახვა რაცხა აბოლებული მანქანა. დახოცეს თუ დააძინეს მატლები, არ ვიცი, მარა მეორე დღე ისევ პირში გვიძვრებოდნენ. წლეულს დღე ერთია და სამჯერ გამეივლიან, - აბა, როგორ გრძნობთ თავსო. მაგრამ წლების განმავლობაში პეპლის მიერ მიყენებულმა ზარალმა შედეგი გამოიღო, ამას უამინდობაც დაემატა და თხილმა ნაყოფი არ მოგვცა. ბოსტანიც ამ სიცხეების გამოა განადგურებული. სოფლებში მეტი რა არის. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ამინდი არ ამართლებს და ხალხს ტყუილა უწევს შრომა. რაცხა კომპენსაციას ველოდებით, ფქვილი, ზეთი, შაქარი და კიდო რაღაცეები უნდა დაგირიგოთო, ვინც ნამეტანი დავზარალდით, ფულად დახმარებასაც გვპირდებიან.

გალის რაიონში თხილის სეზონის მოახლოებასთან ერთად ხალხის პრობლემებიც გაიზარდა. ბევრი თხილი, ბევრი პრობლემააო, - ამბობენ გალელები, რადგან უხვმოსავლიანობას მოძალადე სეპარატისტების სიუხვეც მოსდევს, რომლებიც ცდილობენ, გალელებისგან თხილი სასურველ თანხად ჩაიბარონ და მათ ენგურის ე.წ. საზღვრის გადმოლახვის უფლება არ მისცენ.

ოთარ ზარანდია, გალის რაიონის მკვიდრი:

- ზუგდიდი დაივიწყეთო, გვეუბნებიან და კაპიკებში უნდათ თხილის ჩაბარება. ისედაც მესამედი შემოსავალი გვაქვს წლეულს და ისიც რომ მაგათ მივცეთ, ნიორიდან ქერქი არ დაგვრჩება და გამოდის, რომ მათთვის გვიმუშავია... ერთადერთი, სიმინდის იმედი მაქვს. მაგრამ ოქტომბრამდე კიდევ რა მოხდება, არავინ იცის.

ჩუმად ვაგროვებ თხილს და ჩუმად ვინახავ, რომ აფხაზები არ დამადგნენ თავს და ჩემივე ხელით არ დამატვირთვინონ მანქანა, როგორც წინა წლებში მოხდა. ზუგდიდის ბაზარში 2 ლარამდე ღირს თხილი, ამათ კი 1,50-ად უნდა ჩავაბაროთ. არ ვიცი, ოდესმე ეშველება ჩვენს სატკივარს?!.

ლალი პაპასკირი

(სპეციალურად საიტისთვის)