79 კომპანიისთვის ანაზღაურებული 6 მილიონი ლარი და დაზღვევის მნიშვნელობა ბიზნესისთვის - ინტერვიუ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორთან
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთში სტიქიისგან დაზარალებულ ბიზნესებს 6 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა. ჯამში „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა კომპანიამ მიიღო.
დასავლეთში - აჭარისა და გურიის რეგიონებში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა-დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსპერტებმა ოპერატიულად შეაფასეს დანაკარგები და კომპანიებმა დროულად მიიღეს ფინანსური ანაზღაურება, რამაც მათ ბიზნეს საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობა მისცა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორის დიმიტრი ძირტკბილაშვილის განცხადებით ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქონების დაზღვევის მნიშვნელობას ნებისმიერი ზომისა და მასშტაბის ბიზნესისთვის.
უფრო დეტალურად სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებასა და ქონების დაზღვევის მნიშვნელობაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი საუბრობს:
· საინტერესოა, რა ტიპის ბიზნესს მიაყენა ზიანი დიდთოვლობამ და რა ნაბიჯები გადადგით მათთვის დანაკლისის ოპერატიულად ანაზღაურებისთვის?
2025 წლის თებერვლის ბოლოს მომხდარმა სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არასდროს არავინაა. სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს. დაზარალდნენ ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ვაჭრობდნენ იმპორტირებული პროდუქციით ან ადგილზე ჰქონდათ წარმოება, დასაწყობებული ჰქონდათ მარაგები და სხვა. საკმაოდ მრავალფეროვანია მათი საქმიანობის სფერო, ყველა მათგანს თავისი სპეციფიკა ჰქონდა და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებოდა.
მომხდარმა სრულად გააჩერა მათი საქმიანობა. ჩვენ 79 ობიექტისგან მივიღეთ შეტყობინება და თითოეულ მათგანთან ოპერატიულად დავიწყეთ კომუნიკაცია. როგორც კი სტიქიის ზონებთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, ჩვენმა ექსპერტებმა ადგილზე ოპერატიულად დათვალეს მიყენებული ზიანი და დაიწყეს ანაზღაურების პროცედურებზე ზრუნვა.
მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბური იყო, რომ დაზარალებულებს სრულად მოუწიათ წარმოებისა თუ მიწოდების პროცესების გაჩერება. ერთია შენობის მცირე დაზიანება სტიქიის გამო და მეორე მისი თითქმის სრულად განადგურება. ჩვენს ექსპერტებს ადგილზე დახვდათ მთლიანად ჩაწოლილი სახურავები, იმდენად ავარიული შენობები, რომ შიგნით ადამიანის გაჩერება საფრთხისშემცველი იყო. ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, კომპანიებს ხელი შევუწყეთ დაზღვეული მარაგების გადარჩენაში. ისე არ მომხდარა, რომ მათ მხოლოდ ფინანსური დახმარება აღმოვუჩინეთ, ფაქტობრივად ყველა ეტაპზე ჩართულები ვიყავით პროცესებში.
როგორც სტიქიისგან დაზარალებულებმა შემდგომ საუბრებში გვითხრეს, მარაგების ასე სწრაფად და ზუსტად დათვლა ინსტიტუციონალური ჩარევის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ. შედეგად, კომპანიებმა ზარალის ანაზღაურების გარდა მარაგების მართვის კუთხითაც მიიღეს მხარდაჭერა, რეალურად ნახეს სარგებელი დაზღვევისგან და დაცულად იგრძნეს თავი.
რომ შევაჯამოთ, ჩვენი მხარდაჭერით ბიზნესებს შესაძლებლობა მიეცათ, სრულად აღედგინათ ოპერირება.
· საინტერესოა, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა, როცა სადაზღვევო კომპანიამ სტიქიისგან მიყენებული ასეთი მასშტაბური ზარალი აუნაზღაურა კომპანიებს?
სტიქიის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, მაგალითად, დევდორაკის ხეობაში რომ მეწყერი ჩამოწვა და ჰიდროელექტროსადგური დააზიანა, თუმცა ამ რაოდენობით კომპანიებისთვის რომ მიეყენებინა ასეთი მასშტაბის ზიანი, ასეთი არ ყოფილა. ვფიქრობ, თანხობრივადაც უპრეცედენტოა ეს შემთხვევა.
· არის თუ არა დაზღვევა ფინანსური რისკებისგან ბიზნესის დაცვის მყარი გარანტია?
უძრავი ქონების დაზღვევა უალტერნატივოა ბიზნესის გამართულად და უსაფრთხოდ წარმოების პროცესში.
მოულოდნელი ფინანსური დანაკარგები ბიზნესისთვის ყოველთვის მტკივნეულია, იქნება ეს ხანძარი, მესამე პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანი თუ ნებისმიერი სხვა რამ. ამ კუთხით ბიზნესის მდგრადობა ძალიან მყიფეა, რადგან ის გარემო ფაქტორებს ძალიან სენსიტიურად აღიქვამს და შეიძლება, ერთმა შემთხვევამ დიდი ზარალი მოუტანს მას. აქედან გამომდინარე, დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ამ დროს ბიზნესი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის და ვფიქრობ, რომ ეს არის მინიმალური ზომა, რაც შეიძლება მან თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენოს.
· რაც შეეხება თვითონ პროდუქტს, ქონების დაზღვევას ბიზნესისთვის, რას სთავაზობს ის მომხმარებლებს და საინტერესოა, როგორ ითვლება მისი ფასი სხვადასხვა ტიპის ბიზნესისა და ქონების შემთხვევაში?
ბიზნესის დაზღვევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
1. ხანძართან დაკავშირებული რისკები - მეხის დაცემა, მოკლე ჩართვა, აფეთქება და სხვა;
2. სტიქიური მოვლენები - ქარისგან, დიდთოვლობისგან, სეტყვისგან, დატბორვისგან, წყალდიდობისგან მიყენებული ზიანი;
3. მესამე პირების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებები;
4. ზიანი, რომელიც უკავშირდება შემთხვევებს (თუმცა არა ბუნებრივ მოვლენებს), მაგალითად, წყალსადენის დაზიანება და დატბორვა და სხვა.
ეს არის რისკების ძირითადი 4 ჯგუფი, რომლისგანაც ვაზღვევთ ბიზნესს. ასევე გათვალისწინებული გვაქვს უფრო სპეციფიკური რისკების კატეგორიაც. მაგალითად, მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა, რაც შეიძლება სასტუმროს, საწარმოს ან სხვა ტიპის ბიზნესის შემთხვევაში მოხდეს. ჩვენ ვაზღვევთ აღნიშნულ შემთხვევებს და ბიზნესს მიყენებულ ზიანს ვუნაზღაურებთ. ასევე ჩვენს სერვისში შედის სამშენებლო სამუშაოების დროს არსებული რისკების დაზღვევაც, რომელიც ნაგებობის მშენებლობის პროცესში მიყენებული ზიანის დაფარვას გულისხმობს და პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების წინაშე.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული რისკების დაზღვევა თავს უყრის ყველა იმ საჭიროებას, რაც შეიძლება სხვადასხვა ბიზნესს ჰქონდეს შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენ სხვადასხვა სექტორში ვოპერირებთ და დაზღვევის გამოყენება თითქმის ყველა რგოლშია შესაძლებელი მეტი ან ნაკლები დოზით, გააჩნია რისკების სპეციფიკას.
რაც შეეხება ტარიფებს, ვფიქრობ, ისინი არაპროპორციულია იმ რისკებთან მიმართებაში, რაც კომპანიას უდგას და საკმაოდ დაბალია განვითარებულ სადაზღვევო ბაზრებთან შედარებით, იქნება ეს ევროპისა და აზიის ქვეყნები თუ აშშ. ჯამური სადაზღვევო ტარიფები 0,3-0,4%-ია. პატარა ბიზნესისთვის კი უკვე ფიქსირებული თანხა გვაქვს და შეიძლება, ყოველთვიურად 30-40 ლარის ოდენობით იყოს. შეგვიძლია, მათ მოვუძებნოთ ისეთი დაცვითი მექანიზმები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოდ აგრძნობინებთ თავს და თუ შეფერხების რისკები დადგება, მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ და არ დადგებიან გაკოტრების საფრთხის ქვეშ.
· საინტერესოა, ხდება თუ არა ბიზნესისთვის დაზღვევა სულ უფრო საინტერესო პროდუქტი და როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა მასზე მოთხოვნა?
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ მეტ-ნაკლებად განვითარებად საბაზრო ეკონომიკაში ვიმყოფებით, ვფიქრობ აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა ქონების დაზღვევაზე. დღეს ბიზნესის უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმებში დაზღვევა არ ზის, თუმცა ყოველწლიურად განვითარებული წერტილოვანი თუ მასშტაბური მოვლენები, იქნება ეს დიდთოვლობა, დატბორვა თუ ხანძრები გვიჩვენებს, რომ ამ სერვისით სარგებლობა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
დაახლოებით 5%-ია იმ ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, ვინც დაზღვევით სარგებლობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ნელ-ნელა უკვე საქართველოშიც მაღლდება ცნობიერება, რომ მცირედი შენატანებით შესაძლებელია, ჩვენი ქონება დაზღვეული იყოს უდიდესი რისკებისგან.
· რა გეგმები გაქვთ როგორც ქონების დაზღვევის პროდუქტების დახვეწასთან და განვითარებასთან, ისე სხვა ახალი პროდუქტების დანერგვასთან დაკავშირებით?
ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ ინფორმაციის გასავრცელებლად და ცნობიერების ასამაღლებლად. გვსურს, ის მაგალითები, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ამ პროდუქტით სარგებლობა, უფრო ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ და დავარწმუნოთ გადაწყვეტილებების მიმღები პირები, რომ რისკების დაზღვევას უსაფრთხოების თვალსაზრისით ალტერნატივა არ აქვს.
R