"კომპოზიტორებს შორის შუღლი და ჩხუბი არასდროს ყოფილა. იმ თაობის ხალხი ერთი რამით გამოირჩეოდა - თუ რაღაც გაგიჭირდებოდა, მაშინვე ყველა გვერდით დაგიდგებოდა. საოცარი ადამიანები იყვნენ"
ამ პიროვნებამ ყველა კუთხე-კუნჭული იცის კომპოზიტორთა კავშირის შენობაში. სიყვარულით საუბრობს კედლებზე ჩამოკიდებულ ფოტოებზე გამოსახულ ადამიანებზე, ის ხომ თითქმის ყველა მათგანს იცნობდა. შენობაში არსებული ორი ლამაზი საკონცერტო დარბაზიც დამათვალიერებინა: ერთი - სარკეებიანია, სადაც საუცხოო აკუსტიკაა; მეორე - მცირე ზომის, ადრე კინოდარბაზი ყოფილა და არც ისეთი კარგი ჟღერადობა აქვს, თუმცა ცუდი არ ეთქმისო, - ასე მიხსნის. რა თქმა უნდა, ორივე დარბაზში როიალი დგას.
ვახტანგ თაყაიშვილი პროფესიით მუსიკოსი არ არის, მაგრამ მთელი ცხოვრება კომპოზიტორების გვერდით გაატარა. ჯერ კონსერვატორიაში მუშაობდა, შემდეგ კომპოზიტორთა კავშირში გადმოვიდა და დღემდე თავისი საქმის ერთგულია.
- გურული ბრძანდებით და ამ მხარესთან რამე გაკავშირებთ?
- სამწუხაროდ, გურიაში სოფელი არ გვაქვს, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, დედისერთა ვარ. სამი წლისა ვიყავი, როცა მამაჩემი ფრონტზე დაიღუპა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში ვმსახურობდი, იქ ვისწავლე მანქანის ტარება და ავიღე მართვის მოწმობა. მერე ვსწავლობდი მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში, ყოფილ კამოს ქუჩაზე. კონსერვატორიას მძღოლი სჭირდებოდა, ათადგილიანი „რაფი“ მიიღეს და ასე მოვხვდი მათთან. დღისით კონსერვატორიაში ვიყავი, საღამოს - ლექციებს ვესწრებოდი.
- რეკომენდაცია გაგიწიათ ვინმემ?
- ტექნიკუმში ჩემთან ერთად სწავლობდა მუსიკისმცოდნის და ფოლკორისტის - გრიგოლ ჩხიკვაძის (კონსერვატორიაში კათედრის გამგე იყო) დისშვილი. იმ ბიჭთან ვმეგობრობდი, რამაზსაც ვიცნობდი (გრიგოლის ვაჟი - მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე), ახლოს ვიყავი მაგ ოჯახთან. რამაზი ჩემზე და თავის მამიდაშვილზე საკმაოდ უფროსი იყო და ხშირი კონტაქტი არ მქონია მასთან. უბრალოდ, მეგობრის ოჯახში ვხვდებოდით ერთმანეთს. კონსერვატორიაში გრიგოლმა მიმიყვანა, მაშინ რექტორი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება - ოთარ თაქთაქიშვილი, სალმის გარეშე არ ჩაგივლიდა გვერდით. მთელ დღეს კონსერვატორიაში ვატარებდი და ოთარი რამდენჯერაც შემხვდებოდა, ან გამარჯობას მეტყოდა, ან თავს მაინც დამიკრავდა.
მაშინ პირველად შემოვიდა ეს მანქანები და საქართველოს სამი ცალი მისცეს, „რაფები“ ასე გაანაწილეს: ერთი კონსერვატორიას, ერთი კულტურის სამინისტროს და ერთიც - სამხატვრო აკადემიას. ზოგჯერ სამივე „რაფი“ ერთად ვიკრიბებოდით და ჩამოსული სტუმრები დაგვყავდა მთელ საქართველოში. ვიყენებდით ექსპედიციებისთვის, სხვადასხვა ღონისძიებაზე წასასვლელად, რეგიონებში მიმყავდა ხშირად ჯანსუღ კახიძის ანსამბლი „შვიდკაცა“, ისინი კონცერტებს ატარებდნენ. ამ ანსამბლის მსგავსი შერწყმული და ლამაზი ხმები, ჩემი აზრით, აღარც განმეორებულა. ვერ დავითვლი, რამდენჯერ მომისმენია მათი სიმღერები. დღესაც მახსოვს „ჟუჟუნა წვიმა“, „სიმღერა მეგობრობაზე“, „გაზაფხული“, „სახუმარო“...
- კომპოზიტორთა კავშირში როდის გადმოხვედით?
- სულხან ცინცაძე გახდა კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და მან წამომიყვანა, მისი მძღოლი გავხდი. ეს თავისთავად მოხდა, არც დავფიქრებულვარ, სულხანი კარგად მიცნობდა, შინაური კაცი ვიყავი. მას შემდეგ აქ ვარ. თუ რამე ღონისძიება ან შეხვედრა დროში უნდა გაწელილიყო, მათავისუფლებდა: ვახტანგ, დაგირეკავო და მერე მივაკითხავდი ხოლმე. როგორი ადამიანი იყო? - არაჩვეულებრივი... ძალიან ცოტას ჭამდა, მგონი, გასუქებას ერიდებოდა. სუფრასთანაც პატარა ულუფით კმაყოფილდებოდა. სმითაც, მხოლოდ ერთ ჭიქას მოწრუპავდა და მორჩა, მაგრამ სადღეგრძელოები - იცოცხლე, ისეთი იცოდა. კომპოზიტორები, როცა ერთად იკრიბებოდნენ, დიდ სუფრასთან ან რაიმე თავშეყრის დროს, თამადა უნდა ყოფილიყო აუცილებლად რეზო ლაღიძე. არც თაქთაქიშვილი იყო მსმელი. შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა მოქეიფეთა ერთი ჯგუფი და ოთარსაც და სულხანსაც ყოველდღე ეპატიჟებოდნენ.
მთავარი, რაც მათ ახასიათებდათ და, საერთოდ, იმ თაობის ხალხიც გამოირჩეოდა, იყო ერთი რამ - თუ რაღაც გაგიჭირდებოდა, მაშინვე ყველა გვერდით დაგიდგებოდა. საოცარი ადამიანები იყვნენ.
- კიდევ რა გახსენდებათ კომპოზიტორებთან ურთიერთობიდან?
- გუგული თორაძეს მანქანა ჰყავდა და უყვარდა ტარება, ზოგჯერ რაღაცას შემეკითხებოდა და კონსულტაციას ვაძლევდი. სულხან ნასიძე იყო შესანიშნავი პიროვნება. გულღია მოსაუბრეები იყვნენ სულხან ცინცაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, ნოდარ გაბუნია. ისინი ოხუნჯობდნენ, ანეკდოტებს ჰყვებოდნენ, მათთან ერთად შეიძლებოდა შენც თამამად გესაუბრა ათას რამეზე. გია ყანჩელი ცოტა სხვანაირი პიროვნება გახლდათ, ჩუმი კაცი იყო. კარგად მახსოვს მერი დავითაშვილი, სალმიანი ქალბატონი, ისეთი სითბოთი მომიკითხავდა ხოლმე, რომ... კონსერვატორიასთან ახლოს, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღე ვხედავდი, ლექციებზე რომ მოდიოდა. არა ერთხელ ვყოფილვარ მომსწრე, ეს შემოქმედები როგორი აღფრთოვანებით საუბრობდნენ ამა თუ იმ კომპიზიტორის ახალ ნაწარმოებზე და ერთმანეთს ულოცავდნენ წარმატებას. კონსერვატორიის ფოიესა და დერეფნებში არაფერი იმალებოდა.
კომპოზიტორებს შორის შუღლი და ჩხუბი არასდროს ყოფილა.
- განსაკუთრებულად ახლოს ვისთან იყავით?
- სულხან ცინცაძესთან და ოთარ თაქთაქიშვილთან. ოთარს იმდენი დრო არ ჰქონდა, რომ საქმის გარდა კიდევ სხვა რამეზე გესაუბრა მასთან. აი, სულხანთან კი ყველანაირ თემაზე ისაუბრებდი, გულგაშლილ კაცს თავადაც სიამოვნებდა ურთიერთობა, კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ. სხვათა შორის, ქალები სულ გარს ეხვეოდნენ, ბევრს მოსწონდა. როცა გარდაიცვალა, 66 წლის იყო. ძალიან განვიცადე, მარტო მე კი არა, მთელმა საქართველომ. სულხან ცინცაძე ყველას უყვარდა.

- დღეს რა ფუნქციას ასრულებთ აქ?
- კომენდანტის მოვალეობა მაკისრია, სამეურნეო ნაწილი მეკუთვნის. აქ როცა გადმოვედი, ორგანიზაციას ბევრი შტატი ჰქონდა... ახლა სამნი დავრჩით - თავმჯდომარე, რეფერენტი და მე. ჩვენ სახელმწიფო არ გვაფინანსებს, სახსრები თავად უნდა მოვიძიოთ, გვიჭირს... დარბაზების გაქირავებით მიზერული თანხა შემოდის. ამხელა შენობას მოვლა ხომ უნდა? დღეს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გოგა შავერზაშვილია. მამამისსაც ვიცნობდი - შურას (ალექსანდრე), ისიც კომპოზიტორი იყო. გოგა მამამისივით ჩუმი და წყნარი კაცია. აკეთებს თავის საქმეს და მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებ.
- ალბათ, ყოველდღე არ გიწევთ სამსახურში სიარული.
- შენობა მაბარია და იშვიათია ისეთი დღე, როცა არ მოვდივარ. ყველაფერი უნდა შევამოწმო, ყველაფერს დავხედო, შეიძლება დარბაზში ნათურა გადაიწვა ან სცენას სჭირდება რაღაც და ა.შ. იყო დრო, როცა ყოველდღე მოდიოდნენ კომპოზიტორები, მუსიკოსები, ანსამბლები, ჩაწერები მიდიოდა...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)