"შიშის გამო ცოტა გავაფრინე ... 35 წლის ასაკში ორსულობა უკვე ხანდაზმულ მშობიარედ ითვლება" - რას ამბობს ორსულობის პერიოდზე ნუკი კოშკელიშვილი? - კვირის პალიტრა

"შიშის გამო ცოტა გავაფრინე ... 35 წლის ასაკში ორსულობა უკვე ხანდაზმულ მშობიარედ ითვლება" - რას ამბობს ორსულობის პერიოდზე ნუკი კოშკელიშვილი?

ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება. როგორც მან გვითხრა, ამ ამბავს მთელი ოთხი თვე მალავდა. თუმცა, ამას მიზეზი ჰქონდა, რაზეც მან ინტერვიუში ისაუბრა.

ნუკი კოშკელიშვილი: პირველი შვილი 28 წლის ასაკში გავაჩინე, ახლა 35 წლის ვარ და ოლივერი 7 წლის ხდება. სხვათა შორის, სანამ გავთხოვდებოდი, წარმომედგინა, რომ ორი შვილი მეყოლებოდა, რადგან ვფიქრობდი – ერთი შვილი კარგია, მაგრამ ცოდოა, დედმამიშვილი უნდა-მეთქი. სამი შვილი კი გმირობაა და მე გმირი დედა ვერ ვიქნებოდი. სამწუხაროდ, მეორე შვილზე რომ დავრჩი ორსულად, ორთვე-ნახევარში მომეშალა მუცელი. თან, მანამდე, ოვისთან დაკავშირებით იყო პრობლემა – საერთოდ არ ლაპარაკობდა. მე ქართულად ვესაუბრებოდი, ბენი ინგლისურად და ბავშვის თავში ისეთი საშინელი აჯაფსანდალი მოხდა, საერთოდ დადუმდა. სანამ გაირკვა, რა ხდებოდა, ხან რა ვიფიქრეთ, ხან – რა. აუტიზმზეც კი ვეჭვობდით და საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვის ტვინი ვერ აღიქვამდა ორ ენას, რომელზეც მშობლები ველაპარაკებოდით. წარმოიდგინეთ, დედისთვის როგორია, 4 წლის შვილს რომ ესაუბრები და ის შუშის თვალებით გიყურებს და კითხვაზე არ გპასუხობს. მოკლედ, როგორც კი ერთ ენაზე დავუწყეთ საუბარი, უცბად ალაპარაკდა გამართული წინადადებებით. ეს პერიოდი იმდენად სტრესულად გავიარე, ვამბობდი, მეორე შვილს საერთოდ არ გავაჩენ-მეთქი. მეორე ორსულობა რომ წარუმატებელი იყო და მომეშალა, ძალიან კარგი ექიმები მყავდა და მითხრეს: რადგან ასე მოხდა, ალბათ ასე იყო საჭირო, ესე იგი, ბავშვს რაღაც აკლდა და პრობლემა იყოო. მათმა საუბარმა ჩემს ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედა და ვფიქრობდი: რა ყოჩაღი ვარ, როგორ არ განვიცადე ეს ამბავი მტკივნეულად-მეთქი. აი, ახლა ერთი წლის მერე რომ დავორსულდი, ის წინა ამბავი ერთიანად დამეწია. შიში მქონდა, რომ მუცელი უნდა მომშლოდა. სულ მეშინოდა, ვაიმე, გული რატომ არ მერევა, ვაიმე, სუნებს მძაფრად რატომ ვერ აღვიქვამ და ასე შემდეგ. ცოტა გავაფრინე და მაქსიმუმამდე მივედი, მაგალითად, შაქარს არ ვიღებ, მხოლოდ ხილით – ბუნებრივი სახით. თან, არ ვამბობდი, რომ ორსულად ვიყავი, იმიტომ კი არა თვალი მეცემა-მეთქი, ამის არ მჯერა. უფრო იმიტომ ვმალავდი, რომ წინა ორსულობა რომ ვიზეიმე წინასწარ და მერე მომეშალა, არ მინდოდა, იგივე განმეცადა. ახლა, უკვე მუცელი მაქვს და თან, ჩემები მეუბნებიან: საცაა იმშობიარებ და მერე ხომ არ უნდა თქვაო (იცინის). აღარ გამოდიოდა დამალვა.

რამდენი ხანი მალავდი ორსულობას?

– ოთხი თვე დავმალე ეს ამბავი და ახლა იმხელა მუცელი მაქვს, ფიზიკურად ვეღარ დავმალავ. ძირითადი საშიშროებებიც გადავლახეთ და სულ მალე, საქართველოშიც მოვდივარ.

– როგორც სოციალურ ქსელში დადებული სქესის გაგების ცერემონიალით შევიტყვეთ, ბიჭს ელოდებით.

– დიახ, ბიჭს ველოდებით და სანამ სოციალურ ქსელში სქესის გაგების ცერემონიალს დავდებდით, მანამდე ვიცოდით, მეც ბენიმაც და ოვიმაც, რომ ბიჭი იქნებოდა. რადგან ვარ 35 წლის, უფრო მეტი ანალიზი მეკუთვნის, ვიდრე პირველ შვილზე მჭირდებოდა. 35 წლის ასაკში ორსულობა უკვე ხანდაზმულ მშობიარედ ითვლება. ამის გამოა საჭირო უფრო მეტი ანალიზის გაკეთება, სადაც სქესი ჩანს. ამიტომ, ჩვენ წინასწარ გავიგეთ სქესი და შინაურებმაც იცოდნენ. სქესის გაგების ცერემონიალი კი უფრო მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის გავაკეთეთ. სხვათა შორის, ბენისაც და ოვისაც, ორივეს ბიჭი უნდოდათ და არ დამავიწყდება მათი სიხარული, როცა ექიმის მოცემული კონვერტი გავხსენით და ეს გავიგეთ. მე, რაღაცნაირად, გოგოს ველოდებოდი, მინდოდა კიკინებიანი და პრანჭია. აღარ შემიძლია ამდენი ფეხბურთი და ჭიდაობა (იცინის). ორი კაცი მყავს სახლში, სახლს ყირაზე აყენებენ და მინდოდა, ჩემიანიც მყოლოდა, გოგოს სახით, რომელიც წყნარად დაჯდებოდა და დახატავდა, არ იცელქებდა. მაგრამ, იმდენად უნდოდა ჩემს ქმარ-შვილს მათ ბანაკში კიდევ ერთი ბიჭი, გაუმართლათ. თან, მილიონი გოგოს სახელი მქონდა მოფიქრებული სანამ ბავშვის სქესს გავიგებდი და დავრჩი ბიჭის ამარა. ახლა ჩემს მკითხველს და საზოგადოებას მივმართავ გულწრფელი თხოვნით: მომწერეთ, ბიჭების სახელები, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ისეთი სახელი უნდა იყოს ამერიკაშიც იყოს მისაღები და საქართველოშიც. თქვენს ვარაუდებს აუცილებლად გავითვალისწინებ. სხვათა შორის, ბავშვისთვის ბევრი რამის შეძენა არ დამჭირდება, იმდენი მაქვს დარჩენილი, რომელიც ოვის არც უხმარია, ახალშობილი რომ იყო. ასე რომ, არაფრის შეძენას არ ვაპირებ, ყველაფერი მაქვს და იმას გამოვიყენებ. თან, ბიჭების გამოპრანჭვა ერთი დიდი სისულელეა, რადგან გამოპრანჭავ და ორ წუთში გაგლეჯილი აქვს. რა ქენი? წავიქეცი. რა ქენი? გადავხტი... სულ ამ ამბებში ვართ. ამიტომ, ხელი მაქვს ჩაქნეული. წაიკითხეთ ვრცლად