"ჰო, 33 წლის ვარ, 3 შვილის დედა, მაქვს სამსახური... ისევ ვაბარებ" - რას წერს აბიტურიენტი, რომლის პოსტმაც სოციალური ქსელი მოიცვა
"33 წლის ასაკში მომინდა, დავრეგისტრირდი, გავედი, დავწერე ეს დალოცვილი მე-4 ვარიანტი, გამოვედი და მთელი შეძახილებითა და გამხნევების ზარ-ზეიმით დამხვდა სკოლის ეზოში მდგომი, სრულიად უცხო საზოგადოება. ამ საზოგადოებათაგან გამოირჩეოდა 3 ახალგაზრდა, ერთად იდგნენ და ბჭობდნენ… აქედან ერთ-ერთი ეუბნება დანარჩენ 2 მეგობარს (ჩემზე) : ამან 10 წლის წინ ვერ ჩააბარაო (ირონიული სიცილიც მომიკაპიწა) და ამ დროს თვალი თვალში გავუყარე, ზუსტად მის წინ აღმოვჩნდი… შვილო, 10 წლის წინაც ჩავაბარე და ახლა ისევ მომინდა და კიდევაც ჩავაბარებ თქო…
თქვენ უნდა გენახათ, იმ ხალხის ბრბოში ვერც დაიმალა, ვერც გაქრა, არც მიწა გაუსკდა ფეხქვეშ, მაგრამ ადგილზე ისე “გაიყინა", ვიფიქრე ახლა ძირს დავარდება ნაფშვენებად მეთქი. აშკარად ჩემზე თქვა და მერე პასუხი ვეღარ გამცა.
პ.ს. ჰო, 33 წლის ვარ, 3 შვილის დედა, მაქვს სამსახური და თუ ამოიცანი საკუთარი თავი, შვილო, დიახ, ისევ ვაბარებ , დეიდა გენაცვალოს. ოღონდ, არ
დაგავიწყდეს, 10 წელზე მეტი გავიდა, როცა ვაბარებდი და მაშინაც შევძელი, სტუდენტი ვყოფილიყავი.
პატივისცემით, 33 წლის დეიდა თამრო." - დაწერა აბიტურიენტების ჯგუფში თამრიკო კახიძემ. მის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თამრიკოს სხვა არაერთმა დედამ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
33 წლის თამრიკო კახიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით აბარებს. 3 შვილის დედაა, 13 წელია, მანიკიურის სპეციალისტია და საკუთარი სალონიც აქვს. ის მოტივაციის, სამომავლო გეგმებისა და საკუთარი არჩევანის შესახებ ვრცლად გვესაუბრება:
- წლების წინ, როდესაც სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქოლოგიის მიმართულება ავირჩიე. თუმცა, ცხოვრებისეული მიზეზებიდან გამომდინარე, აკადემიური ავიღე და მაშინ უნივერსიტეტის დასრულება ვერ მოვახერხე. შვილები გავაჩინე, სხვადასხვა საქმით დავკავდი. მას შემდეგ, იმდენი წელი გავიდა, გაგრძელებაც ვეღარ მოვახერხე. ამიტომ, გადავწყვიტე, ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კვლავ გავიდე და უნივერსიტეტში, ისევ ფსიქოლოგიის მიმართულებით ვისწავლო. ახლა ჩემი შვილები წამოიზარდნენ და მინდა, ისევ ვცადო.
- თქვენი შვილები, მეუღლე, ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- ჩემი მეუღლე მხარს მაქსიმალურად მიჭერს. რომ გითხრათ, მთელი წელი ვიჯექი და ვემზადებოდი-თქო, ასე არ არის. სამსახური მაქვს, შვილები მყავს. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში რაღაცებს გადავხედე. ჩემი უფროსი შვილი მე-3 კლასშია. მასაც ძალიან უხაროდა, როდესაც წიგნით მხედავდა. მეუბნებოდა, ერთად ვიმეცადინოთო. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 კლასელია და ჯერ ბოლომდე ვერ აანალიზებს, რას ვაკეთებ, მაინც ჩართულია ამ პროცესში. ყველაზე პატარა 3 წლისაა.

- მინდა, საზოგადოების დამოკიდებულებაზეც გკითხოთ - პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ, საუბრობდით, რომ გამოცდიდან გამოსულს სხვა, თქვენზე ნაკლები ასაკის აბიტურიენტებს გაუკვირდათ, რომ აბარებდით...
- ვფიქრობ, ვისთვისაც სწავლა მნიშვნელოვანია, ის, თუნდაც ხუმრობით, არასდროს იტყვის, რომ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას კონკრეტული ასაკი აქვს. ჩემთვის სწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენწლიანი პაუზა მქონდა, ამ საკითხზე ყოველთვის ვფიქრობდი. ყოველთვის მახარებდა ამბავი, როდესაც ვიგებდი, რომ ადამიანმა დიდ ასაკში სწავლა, ახალი პროფესიის არჩევა ან ცოდნის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან 2 საათსა და 30 წუთში გამოვედი. მეუღლე მელოდებოდა. რომ გამოვდიოდი, იმ ბავშვებს შევეჩეხე, რომლებმაც ხუმრობით თქვეს, რომ ჩემთვის გამოცდების ჩაბარება უკვე დაგვიანებული იყო. მეც, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვუპასუხე, რომ გვიან არასდროსაა. წაიკითხეთ ვრცლად