ამერიკელებო, "პეტრიოტის" ანტირაკეტების მოფრთხილება უკრაინელებისგან ისწავლეთ - ანუ რატომ გახდა დასაცინი ტრამპის მიერ შეპირებული ათი ანტირაკეტა?
ამ ღამითაც უკრაინის დედაქალაქი - კიევი დაუნდობლად დაიბომბა, ისევე, როგორც გასულ ღამეს ქალაქი ლუცკი...
ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ესწრაფვიან საკუთარი „რეკორდების“ მოხსნას და ერთ ღამეში უკრაინის ქალაქებზე ათასი ერთეული კამიკაძე-დრონით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით შეტევის ორგანიზებას.
ათასი საჰაერო სამიზნის გამოვლენა, ჩაჭერა და შემდეგ განადგურება ურთულესია, ასეთი რამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს თუ ხდებოდა, როდესაც მოკავშირეების „მფრინავი ციხესიმაგრეები“ ჰიტლერის გერმანიის „ხალიჩისებურ დაბომბვებს“ ახორციელებდნენ...
რუსეთი უკრაინაზე ყოველღამისეული საჰაერო შეტევებისას ყველაზე მეტად „შაჰიდ/გერანის" ტიპის კამიკაძე-დრონებს იყენებს, რომელთა მოგერიება უკრაინელ მეზენიტეებს უფრო გამოსდით, რადგან მათი დაზიანება/ჩამოგდება შეიძლება, როგორც საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და ქვემეხებით, ისე - გამანადგურებელი თვითმფრინავების საბორტე შეიარაღებით.
იგივე მეტ-ნაკლებად ვრცელდება 700-800 კმ/სთ-ის სიჩქარით, დაბალ სიმაღლეზე მფრენ რუსულ ფრთოსან რაკეტებზეც, მაგრამ რუსულ აერობალისტიკურ „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“ „ბრაუნინგის“ ტყვიამფრქვევიდან გასროლილი ჯერებით კი არა, არამედ - „ბუკისა“ თუ „ირისის“ საზენიტო რაკეტებითაც ვერაფერს დააკლებ.
ამისთვის მხოლოდ „პეტრიოტი“ გამოდგება, თანაც მისი არა საზენიტო, არამედ - PAC-3 MSE-ის ტიპის ანტირაკეტები, რომელთა კატასტროფულ სიმცირეს განიცდის არათუ მარტო უკრაინა, არამედ - თავად აშშ-იც კი.
ეს კარგად გამოჩნდა ისრაელი-ირანის 12-დღიანი საჰაერო ომის პერიოდშიც, როდესაც ამერიკელმა მეზენიტეებმა 4,2 მლნ-დოლარიანი ათობით რაკეტა „ხელგაშლილად“ მიახარჯეს...
ირანის ბირთვულ ობიექტებზე შვიდი ამერიკული „მოჩვენებიდან“ ჩამოგდებული 14 მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის საპასუხოდ თეირანმა "პრესტიჟის სარაკეტო შურისძიება" განახორციელა და კატარში მდებარე ალ-უდედის საჰაერო ბაზისკენ, სადაც ამერიკული ავიაცია ბაზირებს, ასევე, 14 ერთეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ლამის ნახევარი მსოფლიო... ასე რომ, მოულოდნელობის ეფექტი არ ყოფილა, ამერიკელებმა მოასწრეს ამ აეროდრომზე ბაზირებული ავიაციის გაყვანა და მოიგერიეს ირანული ბალისტიკური რაკეტები „პეტრიოტის“ ანტირაკეტებით, რისთვისაც 24-დან 56 ერთეულამდე ძვირად ღირებული PAC-3 MSE გამოიყენეს.
თავად ამერიკელი მეზენიტეები აცხადებენ, რომ ერთი ბალიტიკური რაკეტის მოგერიების ასპროცენტიანი გარანტიისთვის ისინი 2-დან 4-მდე ანტირაკეტას უშვებენ, შესაბამისად, ამ, ისედაც დეფიციტური ანტირაკეტების ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება.
ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევისგან კუვეიტში ამერიკული საჰაერო ბაზის დასაცავად, რომელიც უკვე თითქმის დაცლილი იყო, პენტაგონს შეეძლო, თავი დიდად არ შეეწუხებინა, რადგან ზარალი დიდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს პრესტიჟის საქმე გახლდათ, პირადად პრეზიდენტ ტრამპისთვის - რადაც უნდა დამჯდარიყო, არც ერთ ირანულ რაკეტას არ უნდა მიეღწია ამერიკულ სამხედრო ბაზამდე...
ამის ფონზე, დასავლეთის სამხედრო ექსპერტები ამერიკელ მეზენიტეებს ურჩევენ, ისწავლონ უკრაინელი კოლეგებისგან, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან „პეტრიოტის“ თითოეულ ანტირაკეტას, მათ არავითარ შემთხვევაში არ ხარჯავენ რუსული „გერანის“ კამიკაძე-დრონებისა თუ „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად და მხოლოდ „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ აერობალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად თუ იმეტებენ, თანაც - ძალზე ეკონომიურად, ერთ სამიზნეზე მაქსიმალურ, ორ ანტირაკეტას უშვებენ, ძირითადად კი მხოლოდ ერთის სტარტით შემოიფარგლებიან.
და ყველაფერ ამის ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი პომპეზურად აცხადებს, რომ მისივე თავდაცვის მინისტრის მიერ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დროებით შეჩერების შემდეგ, ის დაფიქრდება და შეიძლება „პეტრიოტის“... 10 (ათი) ანტირაკეტა გაუგზავნოს კიევს...
ათი ანტირაკეტით, იდეალურ შემთხვევაში, ათი რუსული „ისკანდერის“ მოგერიება თუ შეიძლება, რეალურად კი ხუთის ან უფრო ნაკლების, რაც მხოლოდ ერთ ღამეს თუ დაიცავს კიევს რუსი აგრესორების მორიგი სარაკეტო თავდასხმიდან.
თუმცა აქ საქმე მარტო ტრამპის „სიძუნწეში“ როდია, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი წელიწადში მხოლოდ 650 ერთეულამდე PAC-3 MSE-ის ტიპის ანტირაკეტას თუ აწარმოებს, რაც ძალზე ცოტაა.
მართალია, პენტაგონი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ამ ტიპის ანტირაკეტების შესყიდვა, მაგრამ ამას წლები დასჭირდება, ეს ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც გამოიკვეთა, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი დროში იწელებოდა და ის „გამოფიტვის ომის“ ნიშან-თვისებებს იძენდა...