"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC? - კვირის პალიტრა

"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად [რაც გამოსდის კიდეც]“ (ავტორი - ალან ლითლი). მასალაში გაანალიზებულია აშშ-ის მეთაურის ქცევები გადაწყვეტილებების მიღების დროს - რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებს იგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. „დონალდ ტრამპს ქცევის გარკვეული შაბლონი აქვს. ყველაზე პროგნოზული აშშ-ის პრეზიდენტში მისი მოქმედების უპროგნოზობაა“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

გასულ თვეში დონალდ ტრამპს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ირანის წინააღმდეგ შეტევას ისრაელთან ერთად. „ალბათ, ამას გავაკეთებ... ან შეიძლება არ გავაკეთო. არავინ არ იცის, მე რა მაქვს განზრახული“, - ასეთი პასუხის გასცა პრეზიდენტმა. მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ირანს ორკვირიანი დრო მისცა მოლაპარაკების განახლებისათვის, მაგრამ ორი დღის შემდეგ დაარტყა.

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს ქცევის გარკვეული შაბლონი აქვს. ყველაზე პროგნოზირებადი აშშ-ის პრეზიდენტში მისი მოქმედების არაპროგნოზირებადობაა. იგი ხშირად იცვლის თვალსაზრისს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და არათანმიმდევრულია.

„ტრამპმა შექმნა გადაწყვეტილების მიღების უკიდურესად ცენტრალიზებული სისტემა და შესაძლოა ყველაზე ცენტრალიზებული 1960-იანი წლების შემდეგ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში, რიჩარ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდიდან“, - ამბობს პიტერ ტრუბოვიცი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლონდონის ეკონომიკური სკოლიდან, - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები ძალიანაა დამოკიდებული მის ხასიათზე, ტემპერამენტზე, პრიორიტეტებზე და იმაზე, თუ რას ანიჭებს უპირატესობას“.

დონალდ ტრამპი თავის მონაცემებს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს: მან საკუთარი არაპროგნოზირებადობა საკვანძო სტრატეგიულ და პოლიტიკურ აქტივად გადააქცია. მან არაპროგნოზირებდობა დოქტრინის რანგში აიყვანა. ახლა ის პიროვნული ნიშანი, რითაც იგი თეთრ სახლში მივიდა, აშშ-ის საგარეო და თავდაცვით პოლიტიკას განსაზღვრავს, რაც ბუნებრივია, მსოფლიო წესრიგზეც გავლენას ახდენს და მას ცვლის.

პოლიტოლოგები ამგვარ მოქმედებას „სიგიჟის თეორიას“ (Madman Theory) უწოდებენ, როცა სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც მოწინააღმდეგისაგან დათმობისა და კომპრომისის მიღწევა სურს, ცდილობს შთააგონოს და დაარწმუნოს იგი, რომ თავისი ტემპერამენტის გამო მას შეუძლია ყველაფერზე წავიდეს. „სიგიჟის თეორია“ სწორი გამოყენების დროს შეიძლება იძულების ფორმა გახდეს. შესაბამისად, დონალდ ტრამპი თვლის, რომ მის ქცევას ნაყოფი მოაქვს: იგი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე და რაც უნდა, მათ იმას აკეთებინებს.

მაგრამ რამდენად შეიძლება ასეთმა მიდგომამ მტრების წინააღმდეგ იმუშაოს? ხომ არ მოხდება ისე, რომ დონალდ ტრამპის „უპირატესობა“ მისივე სუსტ ადგილად იქცეს - იმის ნაცვლად, რომ ამ ეშმაკური ტრიუკით მოწინააღმდეგე დააბნიოს, პრეზიდენტი ახდენს თავისი ყველასათვის ცნობილი ხასიათი დემონსტრირებას და მისი ქცევა უკვე პროგნოზირებული ხდება - რადგანაც მეტოქეს ეცოდინება, რომ იგი მაინც შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, მას საერთოდ არაფერს არ დაუჯერებს.

დონალდ ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ვლადიმერ პუტინის მიმართ კეთილგანწყობის გამომჟღავნებით და თავის მოკავშირეებზე თავდასხმებით დაიწყო. მან შეურაცხყოფა მიაყენა კანადას და განაცხადა, რომ აშშ-ის ჩრდილოელი მეზობელი 51-ე შტატი უნდა გახდეს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ძალა გამოიყენოს გრენლანდიის - აშშ-ის მოკავშირე დანიის ავტონომიური ტერიტორიის - ანექსიის მიზნით. იგი ასევე დაიმუქრა, რომ პანამის არხზე აშშ-ის კონტროლს აღადგენს.

ტრადიციული გაგებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ძალით, ნატოს ყოველი წევრი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპით, ვალდებულია სხვა დანარჩენი წევრებიც დაიცვას, მაგრამ დონალდ ტრამპმა ეს პრინციპი ეჭვის ქვეშ დააყენა.

„ვფიქრობ, რომ მე-5 პუნქტი უკვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრმა ბენ უოლესმა, როცა დონალდ ტრამპის პოზიციას კომენტარი გაუკეთა.

„თუ ტრამპი ასე გააგრძელებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, შეიძლება ითქვას, მალე გარდაიცვლება“, - ამგვარად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ტრამპის ნათქვამის მიმართ ყოფილმა გენპროკურორმა დომინიკ გრივმა.

ინფორმაციის გაჟონვით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ვიც-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსიც, ევროპელი მოკავშირეების მიმართ, საკმაო დამცინავ და ზიზღინარევ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

„ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, სერიოზულ ეჭვებს ბადებს - არის თუ არა აშშ საერთაშორისო ვალდებულებების საიმედოდ შემსრულებელი ქვეყანა?“, - ამბობს პროფესორი პიტერ ტრუბოვიცი, - „როგორი ხელშეკრულებებიც არ უნდა ჰქონდეთ [ევროპის] ქვეყნებს აშშ-სთან დადებული უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და სხვა სფეროებში, ახლა ეს დოკუმენტები შეიძლება ნებისმიერ მომენტში იქნენ გადახედილნი და შეცვლილნი, ან სულაც გაუქმებულები. ჩემი აზრით, ტრამპის გარემოცვის უმრავლესობა თვლის, რომ არაპროგნოზირებულობა კარგია - იმიტომ, რომ ის შესაძლებლობას აძლევს დონალდ ტრამპს ამერიკის გავლენა მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გამოიყენოს. ეს არის ერთ-ერთი ის დასკვნა, რომელიც მან გააკეთა უძრავი ქონების ბიზნესში მოლაპარაკების გამოცდილების დაგროვებით“.

დონალდ ტრამპის მიდგომას ნაყოფი მოაქვს: ოთხი თვის წინათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა გაზრდის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,5%-დან 2,5%-მდე.

გასულ თვეში ნატოს ჰააგის სამიტზე ეს ციფრი უკვე 5%-მდე გაიზარდა, რაც კოლოსალური მაჩვენებელია - მისი რეალიზება ახლა ნატოს ყველა წევრს მოუწევს.

„არაპროგნოზირებულობის პროგნიზირებადობა“

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტებიდან პირველს არ წარმოადგენს, რომელიც „არაპროგნოზირებულობის დოქტრინას“ მიმართავს. 1968 წელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონი ვიეტნამის ომის შეჩერებას ცდილობდა, მან დაინახა, რომ კომუნისტური ჩრდულოეთ ვიეტნამი ჯიუტობს. ერთ-ერთ მომენტში რიჩარდ ნიქსონმა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერს უთხრა: „თქვენ უნდა გააგებინოთ ჩრდილოვიეტნამელ მომლაპარაკებლებს, რომ მე, რიჩარდ ნიქსონს სიგიჟე მახასიათებს და მათ არ იციან, მე რას გავაკეთებ... ამიტომ მათთვის უმჯობესია შეთანხმებაზე წამოვიდნენ, თორემ თუ მართლა ჭკუიდან გადავალ, მერე უკვე გვიანი იქნება“, - ჰყვება მაიკლ დეში, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ნოტრ-დამის უნივერსიტეტიდან, - სწორედ ეს არის „სიგიჟის თეორია“.

ჯული ნორმანი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პოლიტოლოგიის პროფესორი, ეთანხმება იმ აზრს, რომ დღეს „არაპროგნოზირებულობის დოქტრინა“ ნამდვილად არსებობს. „ძალიან ძნელია მიხვდე, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი ყოველდღიურად, - ამბობს იგი, - მისი მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო“.

დონალდ ტრამპმა შეძლო ეფექტურად გამოეყენებინა თავისი როგორც არასტაბილური ადამიანის რეპუტაცია, ტრანსატლანტიკური თავდაცვითი თანამშრომლობის ტრადიციული ხასიათის შესაცვლელად. ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, ნატოს გენმდივნის ჩათვლით, ტრამპის კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა (ან შეენარჩუნებინა), მის მიმართ პირფერობა და ლაქუცი დაიწყო. ამ მხრივ ივნისში ჰააგაში გამართული ნატოს სამიტი საჩვენებელი და სამაგალითო გახდა - პირმოთნეობა ზენიტში იქნა აყვანილი: ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ქება-დიდება უძღვნა აშშ-ის პრეზიდენტს და სამიტის ყველა წარმატება მას მიაწერა: „მამიკო, თქვენ უდიდესი მიზანი განახორციელეთ - მიაღწიეთ იმას, რაც აშშ-ის ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო - ალიანსის წევრი-ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის გადიდებას“. საინტერესოა, რომ მარკ რიუტემ ეს კერძო პირად წერილში მიწერა დონალდ ტრამპს, მან კი საჯაროდ გამოუქვეყნა. ენტონი სკარამუჩიმ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტბის პირველი ვადის დროს კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობა ეკავა, მარკ რიუტეს გასაგონად განაცხადა: „მისტერ რიუტე, ტრამპმა თქვენ უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენათ და ვერ ხვდებით? პრეზიდენტი ახლა თავის თვითმფრინავში ზის და თქვენზე იცინის“.

ასეთ ფაქტებში გამოიხატება დონალდ ტრამპის „არაპროგნოზირებულობის დოქტრინის“ სუსტი ადგილი: ზოგიერთ პოლიტიკოსს შეიძლება ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ აშშ-ის პრეზიდენნტი პირფერობისა და პირმოთნეობის მოყვარულია... ან იგი უპირატესობას ანიჭებს მოკლევადიან წარმატებებს, გრძელვადიან და რთულ პროცესებს კი თავს არიდებს.

თუ მართლაც ასეა, მაშინ მოწინააღმდეგეს წინასწარ კარგად ეცოდინება, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა რაიმე ტრიუკი გამოიყენოს. ცხადია, რომ რომ მეტოქე დიდი სიფრთხილით მოეკიდება და ეჭვის თვალით შეხედავს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს.

ვინ ვერ აღიქვამს ტრამპის მოულოდნელ მუქარებს და ხიბლს

იბადება კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რომ „არაპროგნოზირებულობის დოქტრინა“ ან „სიგიჟის თეორია“ რომელიმე იმ პოლიტიკოსის მიმართ იმუშავებს, რომლებიც დონალდ ტრამპის სურვილს არ ეთანხმებიან და ჯიუტობას ამჟღანებენ?

ერთი მხრივ, ამის მაგალითია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - მოკავშირე, რომელიც რამდენიმე თვის წინათ დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა თეთრ სახლში საჯაროდ დატუქსეს - მოგვიანებით იგი იძულებული გახდა და დათანხმდა ხელი მოეწერა აშშ-სათვის მომგებიან შეთანხმებაზე სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების შესახებ.

მეორე მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, აბსოლუტურად ვერ აღიქვამს ვერც დონალდ ტრამპის ხიბლს და ვერც მის მუქარებს. ამას წინათ მათ შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის მოქმედებით, რომელიც ომს არ წყვეტს.

და ირანი? დონალდ ტრამპმა ხომ აღუთქვა ამომრჩევლებს (ისევე როგორ რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში შეწყვეტა), რომ დაასრულებდა აშშ-ის ჩათრევა-მონაწილეობას ყველანაირ ომში და რომ იგი მსოფლიოს „მშვიდობის მტრედი“ გახდებოდა... მაგრამ მან პირიქით გააკეთა: ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმა მისი მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს, ალბათ, ყველაზე მოულოდნელ და წინასწარ გამოუცნობ მოქმედებად იქნება შერაცხული (სხვა საკითხია, დარტყმა რამდენად ეფექტური გამოდგა).

უილიამ ხეიგის - დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის - მტკიცებით, დონალდ ტრამპის ასეთი უპროგნოზო მოქმედება საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს: ირანი უფრო მეტი რწმენითა და ჯიუტობით გააგრძელებს მუშაობას ბირთვული იარაღის დაუფლების მიზნით.

პროფესორი მაიკლ დეში ნოტრდამის უნივერსიტეტიდან ამ თვალსაზრისს ეთანხმება. „ვფიქრობ, ირანი კიდევ უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას და არ გამიკვირდება, თუ მალულად გააკეთებს ყველაფერს - დაასრულებს ბირთვული იარაღის შექმნის სრულ ციკლს და მის გამოცდასაც ჩაატარებს. ასევე მე ვთვლი, რომ სხვა დიქტატორები, რომლებსაც აშშ-ის სახით ისეთი მტერი გამოუჩნდათ, რომელსაც მათი რეჟიმის შეცვლა სურს, კარგად გაითავისეს სადამ ჰუსეინისა და მუამარ კადაფის გაკვეთილები. ამიტომაც ირანელები აქტიურად შეეცდებიან აშშ-ის შეკავების საშუალების - ბირთვული იარაღის შექმნას. მათთვის ერაყელი სადამ ჰუსეინის მსგავსი ლიდერები ნეგატიურია, ჩრდილოკორეელი კიმ ჩენ ინის მსგავსი კი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს დონალდ ტრამპს, პოზიტიური“, - ამბობს მაიკლ დეში.

„დონალდ ტრამპის „არაპროგნოზირებადობის დოქტრინის“ ერთ-ერთი სავარაუდო შედეგი იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის განმტკიცება, - თვლის მოხსენ მილანი, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, - „1980 წელს, როცა სადამ ჰუსეინი ირანს თავს დაესხა, მისი მიზანი იყო ისლამური რესპუბლიკის კრახი, მაგრამ მოხდა სრულიად საპირიპირო მოვლენა - ერაყის ექს-ლიდერი და მისი რეჟიმი საიქიოშია, ირანის რეჟიმი კი ცოცხლობს და მტკიცდება. ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმა აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ჩანაფიქრი იყო - თუ ჩვენ ირანის აიათოლებს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს დავხოცავთ, რეჟიმი დაუყონებლივ ჩამოიშლებაო, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა“.

მოლაპარაკებისადმი ნდობის დაკარგვა?

წინ თუ გავიხედავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არაპროგნოზირებადობამ, შესაძლოა, ხშირ შემთხვევებში მტრებზე არ იმოქმედოს, მაგრამ გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა იმ მიღწევების შენარჩუნება, რომლებიც დონალდ ტრამპის არასტაბილურმა ხასიათისადმი შიშმა ბოლო დროს მოიტანა? ეს ხომ იმპულსური პროცესია და, შესაბამისად, არის იმის ეჭვი, რომ საგარეო არენაზე ბევრმა იფიქროს - აშშ არასანდო პარტნიორად გადაიქცაო..

„ბევრ ქვეყანას არ მოუნდება აშშ-სთან აქტიური ურთიერთობა, მასთან ვაჭრობა და მოლაპარაკება, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულები, რომ აშშ მათ მხარს დაუჭერს“, - ამბობს პოლიტოლოგიის პროფესორი ჯული ნორმანი ჯული ნორმანი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან, - ამიტომაც MAG-ელების იდეა „ამერიკის ძველი დიდების დაბრუნების“ თაობაზე, ალბათ, მათივე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, მაგალითად, განაცხადა, რომ ევროპა ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში აუცილებლად უნდა გახდეს აშშ-საგან დამოუკიდებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელის (ევროკავშირის) ნდობა ვაშინგტონისადმი მცირდება.

„ევროპის ქვეყნებს მოუწევთ ბევრი რამ აშშ-ის გარეშე გააკეთონ. მოუწევთ განავითარონ თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის წარმოება, გააუმჯობესონ შეიარაღების დონე და თვითონვე დაამზადონ ის, რაც დღეს მხოლოდ ამერიკას აქვს“, - ამბობს პროფესორი მაიკლ დეში, - ევროპის ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ პოლონეთისაგან და გამოთვალონ, როგორი რიცხოვნობის არმიები უნდა ჰყავდეთ“.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წლები დაჭირდება. ამიტომ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ: მართლაც მაგრად არიან ევროპელები შეშინებულნი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი მოქმედებით, რომ დათანხმდნენ ევროპის უსაფრთხოების მასშტაბურ ცვლილებაზე, პირველად ცივი ომის დასრულების დროიდან?

„ცხადია, ამ ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა, - თვლის პროფესორი პიტერ ტრუბოვიცი, - მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც დონალდ ტრამპის მოქმედებამ გამოავლინა - აშშ-ის პოლიტიკა და პრიორიტეტები შეიცვალა. MAG-ელები ჩინეთს უფრო მეტ საფრთხედ თვლიან, ვიდრე რუსეთს, რომელიც ბევრად არის ჩამორჩენილი, ჩინეთი კი ამერიკას ფეხდაფეხ მიჰყვება. ევროპელები კი, როგორც ჩანს, პრიორიტეტს რუსულ საფრთხეს ანიჭებენ“.

პროფესორ მოხსენ მილანის (სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი) აზრით, დონალდ ტრამპი ცდილობს აშშ-ის პოზიციები განამტკიცოს მსოფლიო გლობალურ წესრიგში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამერიკას არ სურს მეტოქედ კომუნისტური ჩინეთი ჰყავდეს. ვაშინგტონი ხედავს, რომ სწორედ ჩინეთი ცდილობს მის გადასწრებას ყველგან და ყველაფერში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროპის ამოცანები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში სულ უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს.

შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ პირფერობისა და რეალური პოლიტიკური დათმობებით მათ დონალდ ტრამპის თავიანთ მხარეზე შენარჩუნება მოახერხეს. ბოლოსდაბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰააგის სამიტზე დაადასტურა თავისი ერთგულება ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მიმართ, რასაც ადრე ეჭვის ქვეშ აყენებდა.

მაგრამ მისი მოქმედების არაპროგნოზირებადობა ნიშნავს, რომ პრეზიდენტის დასტური არ უნდა იქნას აღქმული როგორც გარანტია. მართლაც, ევროპა უკვე ძველებურად გულთბილად და სათნოდ ვეღარ ენდობა ამერიკას, თუ როგორ ერთგულად შეასრულებს ვაშინგტონი 1949 წელს აღებულ ისტორიულ ვალდებულებას ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

მაგრამ იმ დროსაც კი, როცა „არაპროგნოზირებადობის დოქტრინა“ განპირობებულია დონალდ ტრამპის მერყევი ხასიათით, ის მაინც მუშაობს - არაპროგნოზირებული ნაბიჯები იმის გარკვეულ გარანტიასაც ნიშნავს, რომ რიგ მომენტებში აშშ-ის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მოულოდნელად შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთებს ასე ჰგონიათ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ