"იმდენად სავალალოა სიტუაციაა, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია," - რომელი პროფესიები ქრება ჩვენს ქვეყანაში?! - კვირის პალიტრა

"იმდენად სავალალოა სიტუაციაა, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია," - რომელი პროფესიები ქრება ჩვენს ქვეყანაში?!

„წელს 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს, არადა 5 ათასი არის მაქსიმალური რაოდენობა სტუდენტების, რაც საჭიროა,“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მანვე იმ პროფესიებზეც ისაუბრა, რომლის სიჭარბე და ნაკლებობაც არის დღესდღეობით ქვეყანაში.

„მაგალითისთვის რომ გითხრათ, კომუნისტების დროს ახალგაზრდების რაოდენობა ორჯერ და კიდევ უფრო მეტიც იყო. მაშინ სტუდენტი ხდებოდა საშუალოდ 8000 აბიტურიენტი. ასე რომ, 5000 არის მაქსიმუმი, რაც დღეს ნორმალურ საზოგადოებას შეიძლება სჭირდებოდეს. საქმე იმაშია, რომ არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს ჩვენ იმ რაოდენობით. ამდენ სტუდენტს ვინ უნდა ასწავლოს?!“ - აღნიშნა მან.

აკადემიკოსმა ის სპეციალობებიც ჩამოთვალა, რომელზეც დღეს ბევრი აბარებს, თუმცა ამის საჭიროება არ არის. ამის პარალელურად კი, როგორც ვახანია აღნიშნავს, არის სპეციალობები, რომლებიც თანდათან ქრება, რადგან მოთხოვნა აღარ არის.

„ფაკულტეტი, რომელზეც საშინელება ხდება და რომელზეც ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი აბარებს, არის იურიდიული. წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი სამუშაო ადგილი უნდა გამოჩნდეს ყოველწლიურად, რომ რამდენიმე ათასი კურსდამთავრებულის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?!

სამაგიეროდ, მკვეთრი ნაკლებობაა იმ სპეციალობებში, რომლებიც მართლა საჭიროა, მათ შორის ისეთ ტრადიციულ დარგებში, როგორიცაა ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ისტორიაც კი. ეს სპეციალობები ქრება. მალე დადგება დრო, როცა არ გვეყოლება დიპლომიანი მასწავლებლები, რადგან ამ მიმართულებით სწავლა პოპულარული აღარ არის. ჩვენ ძალიან გვჭირდება აგრონომები, ვეტერინარები, ინჟინრები და ა.შ. უბრალოდ აქ მართლა სწავლაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომი აიღო. დიდი განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის.

სამწუხარო ფაქტი მოხდა ორი წლის წინ: საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთ-ერთი კომპანიის მხრიდან, რომლებიც ინჟინერს და ბიოლოგს ეძებდნენ. ვერცერთმა ქართველმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში, რადგან იქ მართლა საქმის გამკეთებელი სჭირდებოდათ და ორივეგან მიიღეს უცხოელი, რადგან სათანადო განათლებით ვერ აღმოჩნდა ქართველი. ეს სამწუხარო მაგალითი არის დღევანდელობის მკაფიო გამოხატულება - იმდენად სავალალოა სიტუაცია განათლებაში, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია,“ - განაცხადა ზურაბ ვახანიამ.

აკადემიკოსი აღნიშნავს, რომ ქართველები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ უცოდინრობაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

განაგრძე კითხვა