"იმ პარტმუშაკთან გურამ ბზვანელი მივიდა და სთხოვა: ერთი კუპე კვარტეტს დაგვითმეო. მან კი უპასუხა: "მთელი კუპე? კი, მაგრამ, რამდენი ხართ მაგ კვარტეტშიო?!"
"ოსტროვსკიმ ნაღვლიანად აღნიშნა: ამხელა კაცმა არც კი ვიცი, სადაა ჩემი მშობლების საფლავი და ამ პატარა ბიჭმა ასეთი სადღეგრძელო თქვა. წარმომიდგენია, როგორი პატივისცემით ეპყრობით მშობლებს საქართველოშიო"...
„დააჩქარე“, „ბორჯომის ხეობა“, „დამელოდე“, „შენი თვალების დაღლილი ეშხი“, „ნანა“... ამ სიმღერებს ასრულებდა გეპეის ჯაზ-კვარტეტი, რომლის წევრები იყვნენ: გურამ ბზვანელი, შოთა ხარაბაძე, თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე.
რადგან კვარტეტის სულისჩამდგმელი ბზვანელი გახლდათ, „ბზვანსკი კვარტეტი“ შეარქვეს, შემდეგ დორიან კიტიამ „ოთხი ვალეტი“ უწოდა. ბზვანელი კვარტეტის მომღერალიც იყო და კომპოზიტორიც. შესანიშნავ ვოკალურ მონაცემებთან ერთად, კვარტეტის კონცერტებში შოუს ელემენტებიც ერია, რაც იმ დროისათვის ახალი სიტყვა იყო ესტრადაზე. ისინი საზღვარგარეთაც მიიწვიეს, მაგრამ კომუნისტური ნომენკლატურის მიზეზით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
უდიდესი წარმატების მქონე და საოცრად პოპულარული ჯაზ-კვარტეტი „მოსფილმმა“ მიიწვია და გადაიღო მუსიკალურ ფილმში „გოგონა გიტარით“, რომელიც ეკრანებზე 1958 წელს გამოვიდა. კვარტეტმა ცოტახანს იარსება (1954-1959 წლები), თუმცა ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლეგენდად დარჩენილიყვნენ. მათი სიმღერები დღესაც ჟღერს და ბევრს უყვარს.

გთავაზობთ გურამ ბაკურაძის მოგონებებს, სადაც აღწერილი აქვს საინტერესო შემოქმედებითი ეპიზოდები, დაწყებული ჯაზ-კვარტეტის შექმნის დღიდან.
გურამ ბაკურაძე:
„ყველაფერი 1952 წლის ზაფხულში, გაგრაში დაიწყო. პირველი კურსის სტუდენტები - ბზვანელი, ხარაბაძე და ცინცაძე ერთად ისვენებდნენ. გაირკვა, რომ სამივე შესანიშნავად მღეროდა. გურამს ძალიან მოეწონა ხმათა ტემბრების შერწყმა, მაგრამ ვერ კმაყოფილდებოდა სამხმოვანი ჟღერადობით. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ოქტომბერში, გურამმა შემომთავაზა მეც მემღერა მათთან ერთად. მას კარგად ვიცნობდი, ერთად ვსწავლობდით საშუალო სკოლაში. ასე შეიქმნა კვარტეტი გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით.
პირველი, რაც ოთხხმიანი ჟღერადობით გვამღერა გურამმა, მისი ერთ-ერთი შესანიშნავი სიმღერა - „ქარი აშარი“ გახლდათ. უნდა ითქვას, რომ ამ სიმღერამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მსმენელთა შორის. ისეთი თავშეკავებული და მაღალგემოვნებიანი პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ დორიან კიტია, სოსო ტუღში, ავთანდილ გელოვანი და სხვები, აღტაცებას ვერ მალავდნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ დორიანმა გურამს უთხრა, რომ მუშთაიდის ბაღში ღია ესტრადაზე, ახალგაზრდებისთვის კონცერტი ტარდებოდა და კვარტეტსაც უნდა ემღერა. შემდგომში გაირკვა, რომ ორკესტრის ხელმძღვანელობას აინტერესებდა, როგორ მიიღებდა საზოგადოება ახალი კვარტეტის სიმღერებს. მართალია, გურამმა სიმღერა როიალზე დაგვამუშავებინა, მაგრამ კონცერტზე გიტარების აკომპანიმენტის თანხლებით მოგვიწია შესრულება. გიტარაზე მე და თამაზ ცინცაძე ვუკრავდით. წარმატებამ ყოველგარ მოლოდინს გადააჭარბა. მაგონდება, როგორი კმაყოფილი სახეებით შეგვხვდენენ მეორე დღეს სარეპეტიციო დარბაზში. არ მახსოვს, ვინ გააორკესტრა ეს სიმღერა, მაგრამ დიდებულად რომ ჟღერდა, ყველამ ერთხმად აღიარა.

დღეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა. იმ დროს ყველა სიმღერას სპეციალური კომისია იბარებდა და ამოწმებდა - რა თქმა უნდა, იდეოლოგიური კუთხით. კომისიამ ერთხმად განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ტექსტი ქარზე და თანაც „აშარზე“, ამასთან მათთვის სრულიად უცნობი ჟღერადობით! სამწუხაროდ, მაინც გაიტანეს თავისი - სიმღერის ტექსტი გადაკეთდა „ძია სემზე“, ასეთნაირად წარმოგვიდგენდნენ მაშინ კაპიტალისტურ აშშ-ს. ეს ერთ-ერთი შესანიშნავი სიმღერა, ჩვენდა გულდასაწყვეტად ისე დაიკარგა, რომ დღეს მისი ჩანაწერიც კი არ არსებობს.
მახსენდება 1955 წლის იანვარი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული საესტრადო ორკესტრი კონცერტების ჩასატარებლად მატარებლით მოსკოვში მიემგზავრებოდა. ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელისა (იოსებ ტუღუში) და მენეჯერის (დორიან კიტიას) გარდა, მეთვალყურედ და საერთო პასუხისმგებლად დაინიშნა ერთ-ერთი პარტიული მუშაკი. მის ძირითად ფუნქციებზე ვერაფერს გეტყვით, ერთი კი მახსოვს. ბაქანზე ორკესტრის წევრებისათვის მატარებლის ბილეთებს ანაწილებდა. მასთან გურამ ბზვანელი მივიდა და სთხოვა:
ერთი კუპე კვარტეტს დაგვითმეო. პასუხი ასეთი იყო: „მთელი კუპე? კი მაგრამ, რამდენი ხართ მაგ კვარტეტში?!“

საესტრადო ორკესტრი მეორედ გაემგზავრა მოსკოვში1956 წელს. ხელოვნების მუშაკთა სახლის საკონცერტო დარბაზი მთლიანად გადავსებული იყო. იქ მოხვედრა თითქმის შეუძლებელი გახლდათ. იან ფრენკელი კულისებიდან გვისმენდა. კიბეებზე ისხდნენ: ალექსანდრე ცფასმანი, ლეონიდ უტიოსოვი, იური საულსკი და სხვა ცნობილი მუსიკოსები. შენობის შესასვლელთან კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, წესრიგის დაცვას მილიციის ცხენოსანი რაზმი ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ხალხის მოზღვავება იმდენად დიდი იყო, რომ ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტა. ვინაიდან აღნიშნული საკონცერტო დარბაზი მოსკოვის ცენტრში მდებარეობდა, ამიტომ მილიციის პოლკოვნიკი კულისებში შემოვიდა და კონცერტის დაუყოვნებლივ დამთავრება მოითხოვა. დორიან კიტიამ თხოვნით მიმართა, პირველი განყოფილების დასრულების საშუალება მაინც მოგვეცითო, რაზეც თანხმობა მიიღო. დორიან კიტიამ და სოსო ტუღუშმა პირველი და მეორე განყოფილება ერთმანეთს გადააბეს! ასე რომ, შესვენება არც გამოუცხადებიათ... ამ ხერხმა გაამართლა და კონცერტი სრულფასოვნად ჩატარდა.

აქვე მინდა გავიხსენო ჩემი ერთი უცნაური საქციელი. ამ პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის კულისებში შემთხვევით ვიპოვე ცარცის ნატეხი და ყოველ მქუხარე ოვაციას (რაც ნომრის გამეორების მოთხოვნას ნიშნავდა), კულისების კედლის პატარა კუთხეში ამ ცარცით აღვნიშნავდი. კონცერტის ბოლოს გაირკვა, რომ 16-ჯერ ჩამომიხაზავს. მოკლედ კონცერტს არაჩვეულებრივი წარმატება ხვდა წილად.
რამდენიმე კონცერტის შემდეგ, ერთ საღამოს, მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დაგვპატიჟეს. ჩვენი მასპინძლები იყვნენ იმ დროის მოსკოვის საესტრადო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები: ლიუდვიკოვსკი, საულსკი, ვარლამოვი, ოსტროვსკი, ლაცი ოლახი, არნო ბაბაჯანიანი და იან ფრენკელი. რესტორანში შესვლისას, ადგილობრივი ორკესტრის წევრებმა სცენა დატოვეს. იმჟამად 20-21 წლის ბიჭები ვიყავით და უცებ ვერ ჩავწვით ამგვარი პატივისცემის მიზეზს. ბოლოს გავიგეთ, რომ მასპინძლებს სურდათ, ჩვენი სიმღერა ცოცხალი შესრულებით, აკომპანიმენტის გარეშე და იმ ჟღერადობით მოესმინათ, რომლითაც ისინი აგრერიგად მოიხიბლნენ კონცერტის დროს...

ცოტაოდენი წახემსების შემდეგ გვთხოვეს გვემღერა. თავდაპირველად შევასრულეთ ბზვანელის სიმღერა, ამას მოჰყვა მრავალჟამიერი, შემდეგ კვლავ გურამის სიმღერა, მერე იმერული მგზავრული, ისევ გურამის სიმღერა... და ასე ვუნაცვლებდით ერთმანეთს ჯაზურ მელოდიებსა და ხალხურ სიმღერებს. სუფრის წევრები სულგანაბული გვისმენდნენ... მასპინძლებმა თამადად გურამ ბზვანელი აირჩიეს. ორი ჭიქის შემდეგ გურამმა მშობლების სადღეგრძელო შესვა. ამის გაგონებაზე კომპოზიტორ ოსტროვსკის ცრემლი მოერია. ძალაუნებურად, ყველამ მას შევხედეთ. ოსტროვსკიმ ნაღვლიანად აღნიშნა: მე, ამხელა კაცმა, არც კი ვიცი, სადაა ჩემი მშობლების საფლავი და ამ პატარა ბიჭმა კი ასეთი სადღეგრძელო თქვა. წარმომიდგენია, როგორი პატივისცემით ეპყრობით მშობლებს საქართველოში"...
სამწუხაროდ, ჯაზ-კვარტეტის ყველა წევრი გარდაცვლილია. გურამ ბაკურაძე ყველაზე ბოლოს, ორი წლის წინ წავიდა იმქვეყნად. 17 ივნისს მას 90 წელი შეუსრულდებოდა...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)