5 სცენარი ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოს შესახებ?! - კვირის პალიტრა

5 სცენარი ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოს შესახებ?!

მიმდინარე კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაიმართება, რომელზეც შესაძლოა საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები შეთანხმდეს. მანამდე კი გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში", - კომუნიკეს ხელს აწერენ: ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა... ამას კი წინ უსწრებდა 9 ივლისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიიღება. "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - ეს ის მთავარი თემებია, რაც დოკუმენტში გვხვდება. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის: SWIFT-იდან გათიშვა; "სექტორული სანქციები, რომლებიც მიმართულია "ქართული ოცნების" რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ". ერთ-ერთმა შესწორებამ კი გაამკაცრა ფორმულირება, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას და ამისკენ მოუწოდა ევროკომისიას. სწორედ ამ მწვავე კრიტიკის თაობაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელთან, ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- ბოლო ხანს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ხდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე თუ შემდგომ, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის ძირითად ბირთვს, ცხადად დაანახა, რომ საქართველო შორდება საკუთარ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც გულისხმობდა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებას. აქედან გამომდინარე, ისინი კარგა ხანია მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" შეცვალოს აღებული კურსი და დააბრუნოს საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემხვედრი ნაბიჯების ან რაიმე ტიპის პოზიტიური სიგნალების გაგზავნის ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა ანტიდასავლური პროპაგანდა და უზარმაზარი რესურსი ჩადო ევროკავშირის ინსტიტუტების, კონკრეტული სახელმწიფოების თუ მათი ელჩების შავ პიარში. მიუხედავად გაშავების ამ მასშტაბური ცდებისა, აშკარაა, რომ მათი სტრატეგია ეფექტიანი არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც ირჩევს ჩვენი სახელმწიფოს მიზნად ევროინტეგრაციას. ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები, რაც, როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სრულიად მიუღებელია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირმა სცადა გამოეყენებინა სასანქციო ინსტრუმენტი, თუმცა სანქციების დასაწესებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. "ქართულ ოცნებას" ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი და ბლოკავდნენ სასანქციო გადაწყვეტილებებს, თუმცა გეოპოლიტიკური ვითარება პერიოდულად იცვლება - უნგრეთსაც და სლოვაკეთსაც უწევთ ანგარიში გაუწიონ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, განსაკუთრებით "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების - საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ბოლო ხანს ვაკვირდებით ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს ამ ორი ქვეყნის მიმართ, რომ აღარ შეუშალონ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ხელი. მაგალითად, დანიამ, რომელიც ახლახან გახდა თავმჯდომარე ქვეყანა, პირდაპირ ილაპარაკა უნგრეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევაზე. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირს გაცილებით გაუადვილდება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს, უკრაინის თუ კიდევ სხვა თემაზე...

"ქართული ოცნების" ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკა სრულიად ამოვარდნილია ევროკავშირში დღეს არსებული კონტექსტიდან, მათი მოკავშირე ქვეყნების პოზიციები კი ევროკავშირში მკვეთრად შერყეულია და ცოტა ხანში კიდევ მეტად შეიზღუდება. ამ ყველაფერს ემატება ის გარემოება, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმის ნაცვლად, კიდევ უფრო გაემყარებინა ურთიერთობები იმ ევროპულ ძალებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერები არიან, და რომლებსაც სურთ ევროკავშირის გარდაქმნა არა მხოლოდ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ერთობად, არამედ უნდათ სამხედრო კომპონენტიც შემოიტანონ, ურთიერთობები დაამყარა და გააღრმავა ყველაზე ანტიდასავლურ, ანტიევროპულ ძალებთან, როგორიც არის, მაგალითად, "სუვერენულ ერთა ევროპის" გაერთიანება, რომლის წევრიც არის "ალტერნატივა გერმანიისთვის", აშკარად პუტინისტური, პრორუსული პარტია, რომლის წარმომადგენლებიც ჩასულები იყვნენ ოკუპირებულ სოხუმში და საოკუპაციო რეჟიმთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ მათ სურდათ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში შეეტანათ შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.

მოკლედ, ეს არის მთელი ის კონტექსტი, რომელიც გაითვალისწინა ევროპარლამენტმა და რატომაც მიიღო ასეთი მკაცრი რეზოლუცია.

ამას დაემატა 11 ივლისს გამოქვეყნებული ევროკავშირის ბირთვი სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება, ხელმომწერებს შორის არის ასევე გაერთიანებული სამეფოც და ორივე დოკუმენტში "ქართული ოცნების" დღემდე არნახული კრიტიკაა. ეს დოკუმენტები ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და პასუხია ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებზე როგორც დასავლეთის, ისე ქართველი საზოგადოებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

- გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლოა კონკრეტული შეთანხმება იყოს მიღწეული. რა საპასუხო ნაბიჯებს ელით ევროკავშირისგან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და რამდენად შეეხება ეს მთელ ქვეყანას?

- ევროკავშირს თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს - მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათი მიზანი არ არის დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენს ხალხს კარგად აქვს გააზრებული, თუ რაოდენ სახიფათოა რუსეთთან პირისპირ დარჩენა. ევროკავშირი კარგად იაზრებს იმ რეალობას, თუ რამხელა პროპაგანდისტული წნეხია საქართველოს მოსახლეობაზე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაიკარგა ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ პროპაგანდაში. ყველა ის ნაბიჯი, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ დროის განმავლობაში, მიზნად ისახავდა გამაფრთხილებელი სიგნალების გაგზავნას როგორც "ქართული ოცნების", ისე მისი ელექტორატის მისამართით. თუმცა "ოცნებამ" არ შეისმინა ის გაფრთხილებები, რაც ისმოდა ბრიუსელიდან, ლონდონიდან, ვაშინგტონიდან... ახლა ევროკავშირს უწევს გაიაზროს ურთიერთობა საქართველოში არსებულ რეჟიმთან.

მიმაჩნია, რომ საპასუხო ნაბიჯებს აქვს განვითარების რამდენიმე სცენარი:

1. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გადახედვა, რაც იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა საქართველოს ეკონომიკურ სექტორზე;

2. ვიზალიბერალიზაციის ანუ უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შედარებით მარტივად გადასაწყვეტია, რადგან ამ გადაწყვეტილებას სჭირდება უბრალო უმრავლესობა;

3. საქართველოს ფინანსური სისტემის ან კონკრეტული ბანკების გათიშვა შჭIFთ-იდან, რაც დამანგრეველი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ეს უკვე ჩაიწერა ევროკავშირის რეზოლუციაში, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება;

4. ასოცირების ხელშეკრულების მთელი მუხლების გადახედვა, რაც ასევე დიდი პრობლემა იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეკონომიკისთვის...

თუმცა არსებობს კიდევ მე-5 სცენარი, რაც, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე იქნება მიღებული - ეს არის კონკრეტული პირების დასანქცირება იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობა იქნება დაძლეული. როგორც ჩანს, ეს ძალიან მალე მოხდება. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ევროკავშირი გადავა სხვა სასანქციო მექანიზმების განხილვაზე. ბარემ აქვე ვიტყვი, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რომც დაბლოკონ ის სასანქციო პაკეტი, რომელსაც განიხილავს ევროკომისია, უკვე აშკარა ხდება, რომ ევროკავშირის ბირთვი სახელმწიფოები გამოიყენებენ ინდივიდუალურ სანქციებს ეროვნულ დონეზე. ამ სანქციებს შეუერთდება გაერთიანებული სამეფოც... ეს არის, რაც გველოდება უახლოეს პერიოდში, თუ საქართველოში არსებული რეჟიმი არ გადახედავს საკუთარ როგორც რიტორიკას, ისე საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს. მე არ ვამბობ, რომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი მიმდინარე კვირაში ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, თუმცა, ალბათ, რაღაც კონტურები გამოიკვეთება.

- მოდი, გადავხედოთ რეგიონში შექმნილ ვითარებას - ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით, ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც რუსეთთან დაპირისპირებას არ ერიდებიან... მოგეხსენებათ, როგორ გამწვავდა ოფიციალურ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების დაღუპვის გამო, ხოლო ფაშინიანი ლამის საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთიდან მართული გადატრიალება აღკვეთა, რომლის ავანგარდშიც სასულიერო პირები იყვნენ. გარდა ამისა, 10 ივლისს აბუ-დაბიში პირისპირ, რუსეთის შუამავლობის გარეშე გამართეს შეხვედრა ალიევმა და ფაშინიანმა. ორივე ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ მხარეები ორმხრივ რეჟიმში ფიქრობენ მოლაპარაკებების გაგრძელებას... ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ლამის ისე იქცევიან, რომ ომი უნდათ... ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო უცნაურად ჩანს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა.

- ბოლო მოვლენებმა ძალიან ნათლად გვაჩვენა, რომ კავკასიაში ისტორიული ტექტონიკური ცვლილებებია. აზერბაიჯანმა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა საკუთარი ძლიერი მხარეები - მან მოახერხა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ახლა კი ძალიან სწორად იყენებს დაგროვილ დიპლომატიურ კაპიტალს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაეხსნას რუსეთს და შეამციროს რუსული გავლენები აზერბაიჯანში. ჩვენ ვნახეთ ბაქოში "რუსული სახლის" დახურვის გადაწყვეტილება, ასევე "სპუტნიკის" დე ფაქტო აკრძალვა, მისი თანამშრომლების დაკავება და ჯაშუშებად გამოცხადება და ა.შ.

იგივე პროცესი მიდის სომხეთში. სომხები გულაცრუებული არიან რუსეთზე, რადგან მან არ დაიცვა ეს ქვეყანა აზერბაიჯანთან ომისას, უფრო მეტიც, როგორც ერევანში, ისე ბაქოში აშკარა ხდება რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა კავკასიაში, რომლის ამოსავალიც იყო "დაშალე და იბატონე". ამის მიზანი იყო კავკასიურ ერებში კონფლიქტების გაღვივება, რათა შემდგომ რუსეთი ყოფილიყო ფსევდომშვიდობისმყოფელი.

ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი... მოკლედ, ბაქოსა და ერევანში რუსული გავლენები მცირდება და ჩვენდა სამწუხაროდ, კრემლის ერთადერთ საყრდენად კავკასიაში რჩება თბილისი. ეს არის სრულიად არანორმალური მდგომარეობა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვის -

რაც უფრო მეტად დაშორდებიან ბაქო და ერევანი მოსკოვს, მით უფრო მეტი იქნება რუსეთის მცდელობა გაზარდოს მთელ კავკასიაზე და განსაკუთრებით საქართველოზე წნეხი.

ამ კონტექსტში "ქართულმა ოცნებამ" აირჩია გზა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი მეზობლების გზას და იწვევს მათ გაოცებას.

- გასულ კვირას საკმაოდ უცნაური და ტრაგიკული მოვლენების მომსწრენი გავხდით. ჯერ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს იარაღის უკანონო ტარების გამო, რომელიც მალევე გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს. ამას წინ უძღოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული მეღვინე-ბიზნესმენ ჩხეიძის ვაჟის იარაღის გამო დაკავება, შემდეგ კი ქვეყანა შეძრა აჭარის ექსხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ამბავმა. "მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც... ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს", - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც თითქოს რიჟვაძის ტანსაცმელში ნახეს. მისი ავთენტურობა არ არის დადგენილი, თუმცა მისმა შინაარსმა უამრავი ეჭვი გააჩინა...

- მთელ ამ პროცესში თორნიკე რიჟვაძეა ტრაგიკული ფიგურა. ის პოლიტიკურ თამაშს შეეწირა. ამ მოვლენის აღსაწერად გამოიყენება რუსული ტერმინი "პერედელი" (როდესაც რესურსები, ძალაუფლება ან გავლენა თავიდან ნაწილდება მონაწილეებს შორის - რედ.) და რაც დამახასიათებელია რუსული ტიპის ავტორიტარული და ოლიგარქიული მმართველობისთვის, როდესაც რომელიღაც დაჯგუფება, რომელიც იმ ეტაპისთვის ფლობს ძალაუფლებაზე მეტ ბერკეტს, ცდილობს ძველის გაწმენდას და საკუთარი ინტერესჯგუფების დაკმაყოფილებას საკმაოდ შემცირებული რესურსებით. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" აქვს სერიოზული პრობლემა ლიკვიდური ფინანსური რესურსების და დაიწყო "პერედელი". ძალიან სამწუხაროა, რაც დაემართა რიჟვაძეს, ვუსურვებ მას სწრაფად გამოჯანმრთელებას.

აქვე ვიტყვი - ნებისმიერი ადამიანის ბედი უნდა განსაზღვროს დამოუკიდებელმა და თავისუფალმა სასამართლომ. ეს არის ნორმალური, დასავლური გზა, ხოლო რაც მოხდა, არის ამის საპირწონე რუსული უბედურება - სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირება უფრო მეტი რესურსის მოსაპოვებლად. ჯერ რეჟიმი სრულ კარტ-ბლანშს აძლევს რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს, მათ უჩნდებათ დაუსჯელობის განცდა, რაც მირაჟია, და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ავტორიტარს უჩნდება სხვა ამოცანები, ხელშეუხებელი აღარავინ რჩება და რეჟიმი მის მიერვე წახალისებულ დანაშაულებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ იყენებს.

რაც შეეხება რამიშვილს, ავტორიტარულ რეჟიმს აქვს თავისი განვითარების ლოგიკა, როდესაც რეჟიმს აკლდება ფული, ის ყოველთვის იწყებს ბიზნესმენების რეკეტს. ამას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, ეს შეიძლება იყოს მუქარა, მცირე ხნით დაკავება, ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ა.შ. ავტორიტარულ რეჟიმში თავისუფალი ბიზნესის არსებობა წარმოუდგენელია. გასაგებია, რაც ხდება... იგივე პროცესები იყო რუსეთში და არის დღესაც. სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა მოახდინა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოქროს მომპოვებელი კომპანიის ნაციონალიზაცია, რადგან რუსულ რეჟიმს დააკლდა ფინანსები და ასე მარტივად იშოვა. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში.