„რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები“
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა იყო. რამდენად შეცვლილია საზოგადოების აზრი, IშშA თავმჯდომარეს, ექსპერტ-ანალიტიკოს იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრეთ.
- ბოლოს მსგავსი კვლევა მიმდინარე წლის იანვარსა და მაისში ჩატარდა. რა გვაჩვენა ბოლო კვლევამ?
- კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაჩვენა. ზოგიერთი საკითხისადმი დამოკიდებულება, წინა კვლევებთან შედარებით, გამძაფრებულია. გამოკითხვა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქვეყნის განვითარების კურსი, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ეს ეხებოდა აქციების დროს დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებას. გამოკითხვამ ასევე მოიცვა, თუ როგორ აფასებენ რესპონდენტები საკუთარი ოჯახების ეკონომიკურ ცვლილებას უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში და ა.შ., და პრაქტიკულად ყველა ამ თემაზე ოპოზიციური განწყობები ჭარბობს. ინტენსივობა იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ არის კვლევის სამიზნე ჯგუფი. რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები.
ასევე გამოიკვეთა საზოგადოების ემპათია ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ პირთა მიმართ - უპირველესად იგულისხმება აქციების დროს დაკავებული ხალხი. ჩვენ ცალკე დავთვალეთ ხელისუფლების ამომრჩევლების მონაცემები და საინტერესო შედეგი მივიღეთ - თვით "ქართული ოცნების" ამომრჩევლების 40% მხარს უჭერს აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. მაღალია ემპათია მზია ამაღლობელის მიმართაც, ხელისუფლების ამომრჩეველთა ჯგუფში ყოველი მეოთხე ამბობს, რომ ის უსამართლოდაა დაპატიმრებული. იგივე ითქმის პარტიების ლიდერების დაკავებაზეც, ემპათია სუსტია მათ მიმართ, თუმცა მაინც არსებობს. ხელისუფლებამ ვერ დააჯერა მოსახლეობა, რომ აქციების დროს დაპატიმრებული პირები კრიმინალები არიან, რომ ამ პირთა გადაცდომები იმ მასშტაბისაა, იმსახურებენ წლობით ციხეში ყოფნას. მოსახლეობის ამ განწყობას ამაგრებს ის ფაქტიც, რომ არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც იძალადეს მოქალაქეებზე, არ დასჯილა.
კიდევ ერთი მიგნება ის არის, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ბევრი მიმართულებით ან აღარ, ან ცუდად მუშაობს. ამის რამდენიმე ინდიკატორია. ხელისუფლების პროპაგანდა მუდმივად აპელირებს, რომ საერთაშორისო მტრული ძალები დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის სახით საქართველოს ართმევენ სუვერენიტეტს და ცდილობენ ქვეყანა მრავალ უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ ამ კონსპირაციული სქემების საზოგადოებას არ სჯერა. საქართველოს მოსახლეობის 55% ამბობს, რომ არ არის დამაჯერებელი ამ საერთაშორისო ძალების არსებობა და გავლენა.
ამასთან, მოსახლეობა ვერ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდაა, ევროპაში საუკეთესოც კი. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, თუნდაც რეალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში, არ ასახულა რიგითი ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ადასტურებენ, რომ უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელია ან უფრო გაუარესდა. მოწინავე ადგილზეა მაღალი ფასები.
- "ქართული ოცნების" ამომრჩევლის 40%, რომელიც ითხოვს აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, სხვა ასპექტებში კვლავ ხელისუფლების მხარდამჭერია?
- ჩვენ ესეც გავზომეთ. ის 40%, ვინც ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციას ეწინააღმდეგება, ოპოზიციონერთა ბანაკში იოლად არ გადავა - ასე არ არის. მარტო ამ ერთი საკითხით ხელისუფლების ცვლილების საკითხს არ იღებენ, მაგრამ "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში არის 10-12%, მაქსიმუმ 15%, ვინც ბევრი თვალსაზრისით არ იზიარებს "ქართული ოცნების" პოზიციას და შეიძლება ითქვას, მოწყვლადია პარტიის მყარ ამომრჩევლად დარჩენის თვალსაზრისით.
- ეს ამომრჩეველი რა საკითხებში არ ეთანხმება "ქართული ოცნების" პოლიტიკას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, თანაუგრძნობენ აქციაზე დაპატიმრებულებს, წუხან და არ მოსწონთ, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია და "ქართულ ოცნებას" მტრული დამოკიდებულება აქვს დასავლური სტრუქტურების მიმართ. საგარეო კურსი ხელისუფლების ამომრჩეველთა ნაწილს, შესაძლოა მცირეს, მაგრამ არ მოსწონს. უკმაყოფილებაა იმ ასპექტშიც, რომ ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები - მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაცია.
თქვენ სრულიად ლოგიკურად შეიძლება დაგებადოთ კითხვა, თუ ასე ფიქრობს "ოცნების" ამომრჩეველთა 10-15%, მაშინ რატომ რჩება ხელისუფლების მხარდამჭერად? "ქართული ოცნების" ამომრჩეველს მყარად სჯერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა აარიდა რუსეთთან ომს და შეინარჩუნა მშვიდობა. ისინიც კი, ვინც ოპოზიციურად განწყობილია, ხელისუფლების ამ დამსახურებას აღიარებს. ეს საკითხი, როგორც ჩანს, ძალიან სენსიტიურია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ამან ხელისუფლების "ფასი" გაზარდა. ვიდრე ეს ომი რუსეთის საზიანოდ არ დამთავრდება, მანამდე ეს განწყობა მოსახლეობაში იქნება. ძალიან რთულია დააჯერო მოქალაქეები, რომ "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია და რუსეთთან კონფლიქტის აცილების გზა საიმედო პარტნიორების ყოლაა. მესიჯი, რომ "ქართული ოცნება" მშვიდობის გარანტია, ისევ მუშაობს. ამ საკითხზე მკვეთრი ოპოზიციური განწყობები არ არის.
- მაისში ჩატარებული კვლევის დროს თუ იყო აქციაზე დაპატიმრებულების შესახებ კითხვა დასმული და მაშინ რა შედეგი იყო "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში?
- დიახ, მაისის გამოკითხვაშიც იყო ეს კითხვა და ჩანდა ემპათია, თუმცა ამ კვლევაში უფრო გაზრდილია. მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ სასამართლოს არა აქვს დამაჯერებელი სამხილები. არ მინდა გამომრჩეს - ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, არის ქვეყანაში კრიმინალის ზრდა. როდესაც არის კორუფცია და გაზრდილია დანაშაულის სტატისტიკა, ამ ახალგაზრდების ინფანტილური საქციელისთვის კრიმინალური იარლიყის მიკერება დაუჯერებელია.
- კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 35%-ს შეადგენს, თბილისში კი დაახლოებით 24%-ს...
- კი, თბილისი გამოკვეთილად ოპოზიციურია. ხელისუფლების მაჩვენებელი თბილისშიც და რეგიონებშიც იმავე ნიშნულზე დარჩა, რაც მაისის კვლევაში იყო. იცით, ეს რას ნიშნავს? - ოქტომბრის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირებულია. თუ არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ, მე არ ვგულისხმობ ოფიციალურ შედეგს, რადგან მეც ფიქრობს, რომ შედეგები მანიპულირებული იყო. არჩევნების დღეს ჩატარდა ორი ეგზიტპოლი, რომელმაც დაახლოებით ერთნაირი შედეგი აჩვენა: "ქართულ ოცნებას" დაახლოებით 42% ჰქონდა. სწორედ ამ ნიშნულს უნდა შევადაროთ მათი რეიტინგი, ამ შემთხვევაში კი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებას აქვს 7-8%-იანი კლება, რაც უმნიშვნელო არ არის. კლება შენარჩუნდა და ჩანს ბოლო კვლევებში.
"ქართული ოცნების" ამომრჩევლების 68%-იც კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ეს მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდია და 72%-ს შეადგენს. ფაქტია, ამ თვალსაზრისით ერთმანეთს ეთანხმება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი. თუმცა არის სხვაობა, კრიზისის წყაროდ ვინ რას აღიქვამს. "ქართული ოცნების" ამომრჩეველს კრიზისის წყაროდ მიაჩნია ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციურ ამომრჩეველს კი ამ პასუხისმგებელ აქტორად - "ქართული ოცნება". განცდა, რომ კრიზისია, საერთოა.
- როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, გახარიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო "ლელოს" მკაფიო უარი არ ჰქონდა ნათქვამი. როგორ აისახა პარტიების რეიტინგებზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება?
- უნდა ითქვას, რომ უარყოფითად. თუ მაისის კვლევას შევადარებთ, მცირედით შემცირებულია მათი მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი. "ლელოს" რეიტინგი 4%-ით შემცირდა, რაც უმნიშვნელო არ არის, გახარიასი - 2%-ით.
- რა უნდა გააკეთოს ამ ორმა პარტიამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არჩევნებზე მიიყვანოს, მაშინ როცა კვლევამ აჩვენა, რომ გახარიასა და "ლელოს" ამომრჩევლების მხოლოდ ნახევარი აპირებს მისვლას?
- მათ აქვთ ურთულესი ამოცანა, უნდა დააჯერონ ამომრჩევლები, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, მით უფრო, რომ ჩვენ მივიღეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უარყოფითად განიხილება და "ლელოს" ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ევროკავშირი ითხოვდა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას. ამ რეზოლუციამ ეს არგუმენტი გააქარწყლა. ამიტომ მათთვის ახლა უფრო რთული იქნება დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მონაწილეობა ღირს. საქმეც და სირთულეც ის არის, რომ მათ არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება მოუწევთ, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაც, რადგან თუნდაც მათი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი რომ მივიდეს, არ იქნება საკმარისი.
თვითმმართველობის არჩევნებში მოგებაზე ფიქრი ოპოზიციას შეეძლო მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ყველა ოპოზიციური ძალა დათანხმდებოდა მონაწილეობას, აამაღლებდა საკუთარი ამომრჩევლის მოტივაციას მონაწილეობისთვის და შეთანხმდებოდა მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე. მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა მოგების სერიოზული შანსი არსებობდა თბილისში და შესაძლოა ზოგიერთ ურბანულ ქალაქშიც. თბილისში 66X24-ზეა თანაფარდობა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს საკმაოდ დიდი ნაპრალია და ბრძოლა მოგებისთვის შეიძლებოდა, მაგრამ არა იმ პირობებში, რაც ახლაა. ახლა ეს საუკეთესო ვარიანტია "ქართული ოცნებისთვის". ოპოზიცია რომ საზოგადობისთვის მოსაწონი იყოს, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ახლა ეს არის 30%, ანუ ის ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს.
- კვლევით გაირკვა, რომ მოსახლეობის 57,1 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ქვეყნის საგარეო კურსთან?
- "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ევროპისა და ევროკავშირის განსხვავებული ხატი შეუქმნა და რაღაცნაირად ამ ხატზე "ჩამოისვენეს" ხელისუფლების ამომრჩევლებმა. მათ დააჯერეს, რომ ევროკავშირი მარტო ლიბერალური ევროპა კი არ არის, იქ ძლიერდება კონსერვატორული ნაკადი, რომ ორბანიც და ფიცოც ევროპაა და ჩვენ ასეთი ევროკავშირი გვინდა. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძალიან ძლიერია ყველა ჯგუფში, შედარებით დაბალია "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში - 68%-ს შეადგენს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ხელისუფლება არ ამბობს, რომ ევროკავშირისკენ აღარ მივდივართ, თუმცა ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამბობენ, რომ სხვანაირი ევროპა უნდათ - ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული.
ISSA -მ კვლევა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირი ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა. სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა. შერჩევის ცდომილება: 2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. შერჩევის მეთოდი იყო კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.
სოფო კაჭარავა