„ევროპარლამენტის რეზოლუციაში დიდ ლოგიკას ვერ ვხედავ“ - კვირის პალიტრა

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში დიდ ლოგიკას ვერ ვხედავ“

არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გამო ოპოზიციაში დაპირისპირებაა. სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა და ბოიკოტის გზაც დაიწუნა, არჩევნებისაც და თქვა, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმა, რომელიც რეალურად მის შარშანდელ "ქარტიას" გულისხმობს. რას ნიშნავს ახლა შარშანდელ ქარტიაზე საუბარი და საერთოდ, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ გზას, ან ოპოზიციას რა შანსები აქვს დარჩენილი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

- ამ განცხადების იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია, რომ უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია მოხდეს, ვეთანხმები და, რა თქმა უნდა, სწორია. მეტსაც გეტყვით, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ფოკუსი გაასწოროს, ერთმანეთში კინკლაობას, შეურაცხყოფას თავი დაანებონ და მთავარ პრობლემაზე იზრუნონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, როდესაც ის ცდილობს, მოხსნას ეს დისკუსია და ამბობს, რომ ორივე ამ გზას ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, ესეც გასაგებია და, კი ბატონო, შესაძლოა მე რაღაც სხვა მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ცხადია, კეთილი სურვილებით არის განპირობებული.

სხვა საკითხია, რომ მის ამ განაცხადში ბუნდოვანება რჩება. გასაგებია, რომ არც ერთი და არც მეორე, მაგრამ მაშინ რა უნდა ვქნათ? უნდა მივყვეთ პროცესს და პროცესის ლოგიკამ უნდა გვაჩვენოს, რა ნაბიჯები გადავდგათ შემდგომში, მანამდე კი მაქსიმალურად გავაძლიეროთ ერთმანეთში კომუნიკაცია და კოორდინაცია. არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო. სხვა საკითხია, რომ ეს კოორდინაციაც შეუძლებელია, უბრალოდ, კეთილ სურვილებად რჩება და მეტი არაფერი. ასე რომ, კი, მისი განცხადების სულისკვეთებას შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ რა ლოგიკური გაგრძელება ექნება, უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება, რადგან სიცხადე აკლია მის გზავნილს.

- შარშანდელი ქარტიის გაცოცხლების თემა დღეს რამდენად რელევანტურია?

- ბუნებრივია, კითხვები არის, იმიტომ, რომ დრო იკარგება. კეთდება განაცხადები, არაფერი სრულდება, მერე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ, არის რეანიმირების ცდა და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებ შანსს ტოვებს.

- არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა თითქოს ისევ კამათის საგანია. არადა, დრო ძალიან ცოტაა. ამ პროცესში ზურაბიშვილის ეს განცხადება რა როლს ითამაშებს?

- რა თქმა უნდა, ეს საკითხი ისევ აქტუალურია, მთავარია, რადიკალიზმი და ურთიერთშეურაცხყოფა მოიხსნას, თორემ ეს დისკუსია საზოგადოებაში საჭიროც არის. უბრალოდ, ამან უნდა შეიძინოს შინაარსობრივი და არა შეურაცხყოფის, ურთიერთბრალდებებისა და სტიგმატიზების სახე. ეს ორი გზა სადღაც შეიძლება გადაიკვეთოს და რაღაც სინერგიაც შექმნას. ვიღაცა ბოიკოტში იქნება, ვიღაცა არჩევნებზე წავა, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, არჩევნებზე წამსვლელი პარტიებიც ქუჩაში მიდიან. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების დათმობა, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, კატასტროფის ტოლფასია და განსაკუთრებით თბილისში - ეს კარგად გვესმის. ისიც გასაგებია, რომ თბილისში ნორმალური არჩევნების პირობებში "ოცნებას" შანსიც არა აქვს და ეს კვლევებიდან­ კარგად ჩანს. თუნდაც ისევე რომ გააყალბოს, როგორც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, თბილისში მაინც აგებს არჩევნებს. მაშინ კიდევ მეტი რაღაც უნდა მოიფიქროს ან პირდაპირ, უხეშად უნდა დაწეროს ოქმები, მოგების სხვა შანსი არა აქვს. შესაბამისად, ის პარტიებიც, რომლებიც წავლენ არჩევნებზე, არჩევნების გაყალბების შემდეგ გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ პროტესტს. როდესაც ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებასო, აბსურდია. ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აყალბებს, ვერც ერთ შემთხვევაში ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს. ასე რომ, ოპონენტების ეს არგუმენტი, რომ ლეგიტიმურობის რისკია, ძალიან უსაფუძვლოა.

- ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანა­წერმა ბოიკოტისტების პოზიციები არ გააძლიერა?­ რეალურად არ არის საფრთხე, რომ "ოცნება" ოპოზიციის მონაწილეობას სათავისოდ გამოიყენებს?

- კი, ევროპარლამენტს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ამაში დიდ ლოგიკას ვერ ვხედავ. მათგან განსხვავებით, ჩვენ უკეთესად ვიცნობთ ადგილობრივ სპეციფიკას. ევროპარლამენტის რეზოლუცია დოგმა ხომ არ არის? ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი და მე, მაგალითად, ამ კონკრეტულ შეფასებაში არ ვეთანხმები რეზოლუციის ჩანაწერს, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ სარეკომენდაციო ჩანაწერია. საბოლოოდ, თუ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, თანაც უხეშად, ეს უკვე ქმნის კონსტიტუციურ საფუძველს იმისა, რომ ხალხმა აქტიური პროტესტი დაიწყოს. და თუ ის ძალები, ვინც ბოიკოტში იქნება, და ისინი, ვინც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ხელისუფლება კიდევ ერთხელ იძალადებს, ხალხს მოჰპარავს არჩევნებს, ხალხი უფლებამოსილია, წინააღმდეგობა გაუწიოს ანუ დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში, აიძულოს, რომ რეალური შედეგები გამოიტანოს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დაუმორჩილებლობასა და სახალხო წინააღმდეგობაზე, ამისთვის ყველაზე ლეგიტიმური თარიღი არჩევნების დღეა. თუ ბოიკოტისტები ამბობენ, რომ შეუძლიათ საყოველთაო დაუმორჩილებლობის ორგანიზება, ყველამ ერთად გავაკეთოთ ეს არჩევნების დღეს იმის საფუძველზე, რომ მორიგ ჯერზე არჩევნებს­ გააყალბებს. შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა გზა შეიძლება შეერთდეს. მთავარია, მანამდე ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ დაწვან.

- ოპოზიცია გადასულია ერთმანეთის ლანძღვაზე და ერთად როგორღა უნდა დადგნენ?

- ბოიკოტისტები არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს ლანძღავენ და უკადრებელი სიტყვებით მოიხსენიებენ. აღმაშფოთებელია, როდესაც პოლიტპატიმრებს ლანძღავენ. ხაზარაძე და ჯაფარიძე მათივე თანამოაზრეებთან ერთად ერთსა და იმავე საქმეზე სხედან ციხეში და მათ ლანძღავენ და "ქოცებს" ეძახიან. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ "ქოცს" რანაირად ეძახი, როცა ამ ხალხს ციხეში უშვებენ? ეს ალოგიკურობა, ემოციებს აყოლა, აგრესია და ა.შ., სამწუხაროდ, დამახასიათებელია ჩვენი გარკვეული პოლიტიკური ფრთისთვის. როდესაც ამბობენ, "ქოცობა" უკურნებელიაო, მე შემიძლია ვთქვა, რომ "ნაცობაც" ასეა. მეტსაც გეტყვით, თუ ჩავთვლით, რომ ეს არის ერთგვარი ვირუსი, "ნაცობა" გამოდის ნატურალური ვირუსი, "ქოცობა" კიდევ ლაბორატორიაში გამოყვანილი ამ ნატურალური ვირუსის მუტაციური ფორმაა. სინამდვილეში ორივე ერთი და იმავე ვირუსის ნაირსახეობაა, იმიტომ, რომ ასეთი აგრესია, განსხვავებული აზრის მიუღებლობა გვხვდება ორივესგან.

ჩვენ სინამდვილეში დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ბიძინა ივანიშვილთან პირადი მტრობა ხომ არა გვაქვს?! ესენი რისთვის იბრძვიან, რომ თვითონ მოვი­დნენ ხელისუფლებაში და იმავე მეთოდებით მართონ?! სხვათა შორის, ამაში მეც მოვყევი­ და დაუნდობელი ბრძოლა გამომიცხადეს. რაც გვესმის, აშკარად ცილისწამებაა, მაგრამ კადრულობენ ამას.

ამათ ჯერჯერობით ძალადობის ინსტრუმენტები არა აქვთ, მაგრამ მათი აგრესიიდან გამომდინარე, იგივე ინსტრუმენტები რომ ჩაუვარდეთ ხელში, ვინ იცის, რას იზამენ!

- არის შესაძლებელი, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, მით უმეტეს, ამ ლანძღვის ფონზე? თანაც საზოგადოების რადიკალური ნაწილი ამას დასთანხმდება? აქ ხომ მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა?

- საერთოდ, ბოიკოტის თემა საზოგადოებაში უფრო მოთხოვნადია, იმიტომ, რომ საზოგადოებას პოლიტიკური ანალიზი და პრაგმატიზმი ხომ არ მოეთხოვება, ის ხომ მორალური პიედესტალიდან უყურებს ყველაფერს და სიღრმეში არ მიდის. ამიტომ ბოიკოტს აქვს ბევრად მყარი მორალური საფუძველი, იმიტომ, რომ ფიქრობენ, ასეთ უსამართლო გარემოში რანაირად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მორალს ეყრდნობა, მაგრამ რაციოც საჭიროა, რადგან შედეგზე უნდა იყო ორიენტირებული. ჩემი აზრით, ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ლიდერები გრძნობენ, რომ საპროტესტო ელექტორატის განწყობა უფრო მორალურ ასპექტზე ფიქრობს და არა რაციოზე, და ისინიც, როგორც პოპულისტები, ბუქავენ და ბუქავენ ამ სიტუაციას, მაგრამ ამით რას იგებენ? თვითდაზიანებას იღებენ მხოლოდ და ხელისუფლებას აძლევენ კოზირებს. პოპულიზმი ისეთი სენია, რომ ალოგიკურადაც შეიძლება იმოქმედოს. პოპულისტი იმის პოპულისტია, რომ მზად არის მიზანი შეწიროს მოკლევადიან განწყობებს...

- "ოცნება" არის ისეთი, როგორიც თუნდაც შარშან ამ დროს იყო? რა შეიცვალა ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება, არის თუ არა "ოცნების" პრობლემა?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პრობლემები ყოველდღიურად ეზრდება. თუმცა აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, კონკრეტული გეგმა და მეთოდურად მიჰყვება, თანმიმდევრული არიან თავიანთ პოლიტიკაში. კარგად აწყობილი სისტემა აქვთ მოქმედების გეგმის თვალსაზრისით, პირდაპირ მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციებითა­ და "შპარგაკლებით", თუ მმართველობითი­ სისტემა როგორი უნდა იყოს, როგორ გაკონტროლდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტი, რა კანონები, რა ცვლილებებია საჭირო და ა.შ. მაგრამ აქვთ პრობლემებიც, რადგან დასავლეთისგან იზოლაციის პირზე არიან. სისტემის კვების პრობლემები გაუჩნდათ და როდესაც ურჩხულს, სისტემის სახით, კვების პრობლემები უჩნდება, ის საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს. ახლა ჩვენ ამას ვუყურებთ "ქართულ ოცნებაში" - სხვადასხვა ჯგუფმა ერთმანეთის ჭამა დაიწყო­ და ტრაგედიამდე მისული ფაქტებიც კი გვაქვს. თუნდაც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სუს-ის უფროსის მუქარანარევი რიტორიკა მის წინამორბედზე, შიდა გარჩევები... ამასთან, კულისებში ხომ კიდევ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. საქმეებს კი არ აღძრავენ, ადამიანებს კულისებში პრეტენზიებს უყენებენ. რიჟვაძის წერილი, თუ ჩავთვლით, რომ მისი დაწერილია, უკვე არის ხელისუფლების საბრალდებო დასკვნა. აქედან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლება ცივილიზებული წესით კი არ უყენებს პრეტენზიებს, ქურდულ გარჩევებს უწყობს თავის, ასე ვთქვათ, გუშინდელ პარტნიორებს. დღეს მათი შიდასტაბილურობა ბევრად დიდი რისკის ქვეშ დგას, ვიდრე გუშინ იდგა. თუმცა მათ აქვთ მთავარი კოზირი, რომ ალტერნატიული ძალები ძალიან სუსტია და რაც მთავარია, ერთმანეთს წაკიდებული. ნაცვლად იმისა, ოპოზიციური ძალები ხელისუფლების ამ რყევებს ხელს უწყობდნენ და კიდევ უფრო ასუსტებდნენ, ერთმანეთს ურახუნებენ და ამით ხელისუფლების სტაბილურობას ხელს უწყობენ.

რუსა მაჩაიძე