„რუსეთის სურვილია შეცვალოს ხელისუფლებები როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში“ - კვირის პალიტრა

„რუსეთის სურვილია შეცვალოს ხელისუფლებები როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში“

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა დღითი დღე იძაბება. ამის კვალდაკვალ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შანსი ერთი-ორად გაიზარდა. ფაშინიანი ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას აზერბაიჯანსა და თურქეთ­თან. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ორმხრივი ინტერესი გაიზარდა და სავარაუდოდ ისტორიული შეთანხმება შედგება.

ბაქოსთვის შეთვლილი მუქარების მიუხედავად, ანალიტიკოსები ამ ეტაპზე კრემლისგან მკვეთრ ნაბიჯებს არ მოელიან, რადგან უკრაინასთან ომში ჩაფლული რუსეთი ორ ფრონტზე ვერ იომებს. "არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ რუსეთი ჯარს შეუსევს ბაქოს, მაგრამ მაღალია შანსი­ საბოტაჟების, რევოლუციებისა და გადატრიალებების. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მიერ სომხეთში სამხედრო გადატრიალება მართლაც იგეგმებოდა და მომავალშიც­ იყოს ცდები", - გვეუბნება ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე.

- ახლა ჩვენ კავკასიის უახლეს ისტორიაში უნიკალურ მოვლენას ვადევნებთ­ თვალს და მნიშვნელოვანია, რომ ეს სომ­ხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო 35-40 წელიწადში მიმდინარე კრიზისის დასრულებას კი არ მოასწავებს, 1910-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებასაც დაასრულებს. მათ შორის დაძაბულობა და კონფლიქტი 1918 წელს დაიწყო და 1920 წელს მიაღწია კულმინაციას. მაშინ ეს კონფლიქტი არ დასრულებულა, საბჭოთა რუსეთმა­ ორივე სახელმწიფო რუკიდან გააქრო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიძინა კონფლიქტმა. მეორე, რაც უნდა აღვნიშნოთ, მათ შორის ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება ნიშნავს, რომ რეგიონი იქნება უფრო მშვიდი... მესამე - გაჩნდება ალტერნატიული ენერგოდერეფანი. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო აღარ იქნება ერთადერთი გზაგამტარი,­ ვინაიდან აზერბაიჯანი დაინტერესებულია თურქეთთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ნახიჩევანის გზით, რომელიც ჯერ ზანგეზურზე გაივლის (სომხეთის სიუნიკის პროვინცია). გამოდის, აზერბაიჯანს ექნება მოტივაცია ეს გზა აამუშაოს.

- რთული რელიეფიდან გამომდინარე, ამ დერეფანს დიდი მნიშვნელობა ექნება? თანაც, ახალი დერეფნის ამოქმედება წლების ამბავია...

- ძალიან რთული რელიეფის გამო ამ პროექტის მალე განხორციელება და ეგრევე ამუშავება მართლაც რთული იქნება, თუმცა, თუკი აზერბაიჯანს­ პოლიტიკური ნება აღმოაჩნდა, შესაძლოა აამუშაოს და ეკონომიკურად გამოაცოცხლოს ნახიჩევანის რეგიონი (მით უფრო, რომ ალიევი თავად ამ რეგიონიდანაა). თურქეთი­ დაინტერესებული იქნება, რომ არა მხოლოდ აზერბაიჯანთან ჰქონდეს­ პირდაპირი კავშირი, სომხეთიც მიიბას ეკონომიკურად. საქართველოდან სრული გადმორთვა ნაკლებად სავარაუდოა, თუკი ამას არ დაერთო სერიოზული პოლიტიკური ნება ქვეყნის გარეთ - ლაპარაკია აზერბაიჯანზე, თურქეთსა­ და ევროპაზე. თუკი საქართველო აღმო­ჩნდა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, მაშინ­ პოლიტიკური ნება უნდა იყოს იმგვარი,­ რომ ძირითადი ტვირთები საქარ­თველოზე არ გადიოდეს. ამ შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტი რესურსიც ჩაიდოს ზანგეზურის­ დერეფნის ამუშავებაზე. თურქებისთვის აქამდე სერიოზული გამოწვევა იყო ქურთების საკითხი - ქურთული სამხედრო დაჯგუფებები აღმოსავლეთ ანატოლიაში მოქმედებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი მოქმედება უშუალოდ არ იყო აქტიური სომხეთის საზღვრის და ნახიჩევანის სიახლოვეს, მაინც მისგან შორს არ იყო. ახლა უკვე ქურთებთან მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს, ქურთისტანის მუშათა პარტიამ განიარაღება დააანონსა და შესაბამისად, აღმოსავლეთი ანატოლია დამშვიდდება. უფრო რეალური გახდება ამ მიმართულებით პოლიტიკური ნების გამოვლენა და ხელშეწყობა...

საინტერესოა ისიც, რომ სომხეთს სერიოზული დიასპორა ჰყავს საერთაშორისო საზოგადოებაში და თუ სომხეთის ეკონომიკურ გამოცოცხლებასა და სერიოზულ ინვესტიციებზე მართლა მიდგა საქმე, სომხეთი­ დაინტერესებული იქნება, რომ ახალი, უშუალოდ მასზე გამავალი ეკონომიკური პროექტები განხორციელდეს.

თუ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში დასაყრდენად საქართველოს მოიაზრებდა, ახლა ფოკუსი იცვლება სომხეთის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით საქართველოს სატრანსპორტო გამტარუნარია­ნობა უპირატესია აზერბაიჯანსა და სომხეთზე, მაგრამ იმდენად სერიოზული­ თანხები აქვს აზერბაიჯანს და იმდენად დიდი თანხების გამოყოფა შეუძლია თურქეთს, რომ თუკი მათ ჩადეს რესურსები და პოლიტიკურ ნებას დაეყრდნენ, შეუძლებელი არაფერია. თუმცა ამის სისრულეში მოყვანას წლები დასჭირდება. ახალმა დერეფანმა საქართველო სრულიად რომც არ ჩაანაცვლოს და მასზე გამავალი ტვირთები გაანახევროს, ეს მაინც სერიოზული ზარალი იქნება, ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია, რომ გარდა ობიექტური ფაქტორებისა, პოლიტიკური ფაქტორებით შევუწყოთ ხელი, რათა საქართველო კვლავ იყოს მთავარი მიმზიდველი მხარე...

- მაშინ, როცა რუსეთი სუსტდება სომხეთსა­ და აზერბაიჯანში, ის სიტუაციის არევას შეეცდება, მაგალითად, შეეცდება, არ დაუშვას მათ შორის მოლაპარაკება.

- რუსეთის სურვილია შეცვალოს ხელისუფლებები როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში. სომხეთის ხელისუფლებასა­ და საგამოძიებო სტრუქტურებს ორ განსხვ­ა­ვებულ მცდელობაზე აქვთ საუბარი. ერთი გამჟღავნდა 2024 წლის დასაწყისში, მეორე - 2025 წლის ივნისში. პასუხისგებაში­ მიცემული არიან ბიზნესმენები, სამღვდელო პირები, პოლიტიკოსები, რომელთაც რუსეთთან სერიოზული კავშირები ჰქონდათ.

ალიევს კრემლიდან რამდენჯერმე მუქარა შემოუთვალეს, ცდილობენ დიასპორის გამოყენებასაც. დიასპორა შეიძლება ორგვარად გამოიყენო: 1. აზერბაიჯანელები გამოდევნონ და აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში მათ პასუხი მოსთხოვონ და 2. პირიქით, ეს დიასპორა­ გამოიყენონ - ჩაიყვანონ და აზერბაიჯანში აარევინონ სიტუაცია. თუკი აზერბაიჯანის შემთხვევაში ხალხი ხელისუფლების ფოკუსს მეტ-ნაკლებად მიჰყვება, სომხეთში ასე არ არის. იქ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი უკეთესი მოკავშირეა, დიასპორის ნაწილს დიდად არ უყვარს ფაშინიანი, ამასთანავე, ყარაბაღის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ახლა სომხეთში ცხოვრობს, რუსული განწყობის იყო. თუკი რამდენიმე თვეს, შემდგომ არჩევნებს­ გაუძლო და გადაურჩა ფაშინიანი, სავარაუდოდ, რუსეთის გავლენა შემცირდება, თუმცა გიუმრის ბაზა ის ხიჭვია, რომელიც­ სომხეთის სუვერენიტეტს დიდ საფრთხეს უქმნის. ეს ბაზა 2044 წლამდეა კონტრაქტით გაფორმებული, თუმცა, თუკი სომხეთმა რუსეთი კონტრაქტის დარღვევაში­ დაადანაშაულა, რა პროცესები წავა, არავინ იცის.

რუსეთს ისეთი სამხედრო პრობლემები­ აქვს უკრაინაში, რომ სომხეთსა და აზერბა­იჯანს შეიძლება ამაზე კარგი შანსი აღარც ჰქონდეთ, რუსეთის ორბიტას რომ ჩამოშორდნენ. თუმცა რუსეთი გავლენის შენარჩუნებას შეეცდება თავისი ხელისუფლებების მოყვანით.

- რა სარგებელს ნახულობენ ბაქო და ერევანი რუსეთთან დაპირისპირებით, ამასთან, ამბობდით, რომ ბაქო რეგიონში თავის სასარგებლო წესრიგს ამყარებს თურქეთის მხარდაჭერით. ვინ ხდება რეგიონში ლიდერი?

- კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერი იყო საქართველო, მაგრამ რუსეთთან ასოცირების ფონზე, ის ლიდერობას ნელ-ნელა თმობს. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო სამხედრო თვალსაზრისით არ არის წამყვანი­ ძალა, ხოლო ხარჯებით სამეულში­ მესამე ადგილზეა. საქართველო კარგავს პოლიტიკურ მიზიდულობას, სამხედრო გავლენებს, მით უფრო, აზერბაიჯანის პოზიციები ახლა ძალიან მყარია სამხედრო და ეკონომიკური გავლენების თვალსაზრისით. აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გაენეიტრალებინა ირანი, როგორც სომხეთის მთავარი მოკავშირე და მისი მეტოქე,­ ისრაელის და აშშ-ის ხელით მოხდა. ახლა ირანი ისე დასუსტდა, რომ მას აზერბაიჯანთან კუნთების თამაშის დრო ნამდვილად არა აქვს. გამოდის, აზერბაიჯანს კარტ-ბლანში აქვს ბევრ რამეში. თურქეთი­ ცდილობს აზერბაიჯანი დაარწმუნოს, რომ სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება შედგეს და მათ შორის ხანგრძლივი­ მშვიდობა დამყარდეს, რითაც თავადაც ისარგებლებს. სომხეთისთვის ეს გრძელვადიანი ეკონომიკური შესაძლებლობაა, მაგრამ ამ პოლიტიკურ რეალობაში, დარწმუნებული არ არიან, რამდენად უნდათ რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორება. ლაპარაკია არა ხელისუფლებაზე, არამედ მოსახლეობის ნაწილზე.

- ამ პროცესებში წამყვანი თურქეთია, რომელიც ცდილობს რეგიონიდან რუსეთი გააძევოს. რუსეთი ბაქოს ომით აშინებს... რუსეთს მათზე ზეწოლის რა ინსტრუმენტები აქვს?

- ამ რეალობაში მსგავსი რამ გამორიცხულია. რუსეთი სსრკ არ არის, სსრკ-ც კი არ დაუშვებდა, რომ ორ ტერიტორიასა­ და ორ ფრონტზე ერთად ეწარმოებინა ომი. თუმცა პოლიტიკური ნება დიდი აქვს თურქეთსაც და მასთან ომი რუსეთისთვის კატასტროფას ნიშნავს. დღეს თურქეთი მონოეთნიკური და ძალიან მყარი სახელმწიფოა, ქურთებზე არა მაქვს ლაპარაკი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ინტეგრირებულია თურქ საზოგადოებაში. თურქების ეროვნების გრაფას თუ შევხედავთ, ფაქტობრივად, ის არ არსებობს, თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია. ეს ხალხი თურქეთის სახელმწიფოს ერთგულია. რუსეთ-თურქეთის ომი რომც მოხდეს, რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ვიცით, რა დღეშია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და როგორ უნდა შეებრძოლოს თურქეთს? ურჩევნია ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს დაეტაკოს, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრია და ძალიან ძლიერი არმია ჰყავს. რუსეთი ახლა კავკასიაში ომის დამწყები არაა, მას ომი აქვს უკრაინასთან. ამიტომ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ რუსეთი ჯარს შეუსევს ბაქოს, სამაგიეროდ, საბოტაჟების, რევოლუციებისა და გადატრიალებების მაღალი შანსია.

- ჩვენ როგორ უნდა ვსარგებლობდეთ ამ უნიკალური მომენტით და თავს ვაღწევდეთ რუსეთს?

- იმის მოლოდინი, რომ რუსეთს თუ არ გავაღიზიანებთ, რაღაცას დაგვითმობ­სო, აბსურდია. ის მაინც ამბობს, აფხაზეთი დამოუკიდებელია და შეეგუეთო. ამიტომაც მეთოდი, რუსეთს თავს მოვაწონებო,­ არ მუშაობს. ასე მოიქცა მოლდოვაც, ეგონა,­ რუსეთს ბოლომდე თუ გაუწვებოდა, დნესტრისპირეთს დაუბრუნებდა, მაგრამ არ დაუბრუნა. უკრაინას წლების განმავლობაში­ ნატოზე ნეიტრალიტეტი­ ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ როგორც კი უკრაინაში რევოლუციური ცვლილება მოხდა, რუსეთი აგრესიული გახდა. ყირიმის ანექსია რომ დაიწყო, იარაღით დონეცკში შევარდა და უკრაინამ მხოლოდ ამის მერე გააუქმა ნეიტრალიტეტი. იანუკოვიჩის დროს მოხდა უკრაინის არმიის სრული დემილიტარიზაცია. რუსეთი ამას იანუკოვიჩის­ ხელით აკეთებდა, რუსულენოვანი­ მოსახლ­ეობის რუსიფიკაცია­ იყო მისი ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება­ და მიზანი.

ჩვენი ერთადერთი გამოსავალია რუსეთისგან შორს ყოფნა. ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობაში ჩვენ მოწინავეები ვიყავით. უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს კურსს და ევროპისკენ დავიწყოთ სვლა.