ოპოზიციის თვითდაზიანების პროცესი ანუ რა მოხდება 2025 წლის 4 ოქტომბერს?! - კვირის პალიტრა

ოპოზიციის თვითდაზიანების პროცესი ანუ რა მოხდება 2025 წლის 4 ოქტომბერს?!

გასულ კვირას კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო ესკალაციამ "ლელოსა" და ოპოზიციის ნაწილს შორის. "ლელოს" ადანაშაულებენ ღალატში და ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობაში. მიზეზი ის არის, რომ მამუკა ხაზარაძის პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. "ლელოს" ლანძღვა-გინებაში განსაკუთრებით "ნაცმოძრაობა" და მასთან დაახლოებული აქტივისტები დახელოვნდნენ (ზოგიერთ ბოიკოტისტს ზომიერი პოზიცია აქვს, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს). საინტერესოა, რომ გახარიას ნაკლებად ერჩიან - ეტყობა, ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილისთვის "ლელოს" გადაწყვეტილება უფრო მტკივნეულია, და იმას, რომ გახარია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ისედაც შეგუებული იყვნენ.

არაერთხელ განგვიხილავს მხარეების არგუმენტები და მოდი, კიდევ ერთხელ ვნახოთ, ვის რა გეგმა აქვს, რა შეიძლება მოხდეს და ვისი გზა არის წარმატებული.

ბოლომდე არ არის ნათელი, რა გეგმით აპირებენ მოქმედებას ბოიკოტისტები. პოლიტიკოსების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუბრობენ არჩევნების ჩაშლაზე. არჩევნების ჩაშლა შეიძლება ორი მეთოდით:

1. დაარწმუნო ამომრჩეველი, არ მივიდეს 2025 წლის 4 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან. 2. პიკეტირებითა თუ სხვა რადიკალური ქმედებებით მოახდინო საარჩევნო უბნების ბლოკირება. პირველი ვერსია ძნელად განსახორციელებელია. კერძოდ, ოპოზიციასა და მის აქტივისტებს მოსწონთ თუ არა, "ოცნებას" ჰყავს თავისი ამომრჩეველი და არცთუ ისე ცოტა. ამას დაუმატეთ ადმინისტრაციული რესურსი. ამას დაუმატეთ "ლელოსა" და გახარიას პარტიის ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მივა საარჩევნო უბანზე. მეორე ვერსია ფანტასტიკურია და სახიფათოც - ეს დამთავრდება მორიგი დაკავებებითა და ცემა-ტყეპით. არა აქვს ოპოზიციას იმხელა რესურსი, რომ საქართველოს მასშტაბით კი არა, თბილისშიც იმდენი ხალხით მოახდინოს საარჩევნო უბნების ბლოკირება, რომ პოლიციამ მოქმედება ვერ გაბედოს.

რჩება ბოიკოტის ერთადერთი გზა - მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა და იმის აღრიცხვა, თუ რამდენი ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე (როგორც ჩანს, ასე ტრანსფორმირდა პაატა ბურჭულაძის უცნაური იდეა ტელეფონებით პარალელური არჩევნების ჩატარების თაობაზე). თუმცა, თუ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდა (ანუ "ლელომ" და გახარიელებმა არ გადაიფიქრეს არჩევნებში მონაწილეობა), 2025 წლის 4 ოქტომბერს საკრებულოებში (მერობის არჩევნებზე ქვემოთ ვისაუბრებთ) მანდატებს მოიპოვებენ "ქართული ოცნება", "ლელო"„"გახარია საქართველოსთვის" და შესაძლოა ამ კომპანიაში ვიხილოთ იაგო ხვიჩიას "გირჩიც". ანუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება, ოპოზიცია მიიღებს მასში მონაწილეობას და საკრებულოებიც დაკომპლექტდება. თუ "ლელომ" 4 ოქტომბრის შემდეგაც თქვა, არიქა, გააყალბეს და საკრებულოებში არ შევალთო,­ ეს უკვე დიდი პოლიტიკური არასერიოზულობა იქნება და მამუკა ხაზარაძის პარტია დაადგება მარგინალიზაციის გზას (გახარიასგან ასეთი ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია).

შესაბამისად, ბოიკოტისტებისთვის დაისმის­ კითხვა - რა ხდება 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ ერთ კვირაში, ერთ თვეში, ხუთ თვეში?! ამ კითხვაზე პასუხს ვერ გეტყვიან. არადა, არის დიდი ალბათობა, რომ არც არაფერი მოხდეს, პროტესტი უფრო მინავლდეს და ბოიკოტისტმა პარტიებმა საკუთარ წვენში ხარშვა დაიწყონ, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე მძიმე შეცდომა არ დაუშვა ხელისუფლებამ...

ანუ არაფერი ხდება და ისევ რჩებიან საერთაშორისო ზეწოლის იმედად. ყველაზე მძაფრად ეს შეიძლება გამოიხატოს, თუ საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას შეუწყვეტენ. თუმცა თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ეს ამ ეტაპზე არარეალურია, რადგან ევროპის დედაქალაქებში კარგად ხვდებიან, რომ ქართველ საზოგადოებაში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია ექნება. დიახ, ბევრი გაბრაზდება "ოცნებაზე" და ბევრიც ევროკავშირზე, რადგან იქნება უსამართლობის დიდი განცდა. კერძოდ,­ უვიზო რეჟიმი, რომელიც დასავლეთისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯის სიმბოლოა, მთელი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომლისთვისაც ბრძოლა დაიწყო 34 წლის წინ და სისხლის ზღვები გაჩნდა. ზეწოლის მეორე ვერსიაა ძალიან მკაცრი ფინანსური სანქციების ამოქმედება, თუმცა წავა თუ არა ამაზე დასავლეთი, საკითხავია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში,­ თუ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობები არ დალაგდა, შესაძლოა ამერიკული პასუხი მძიმე იყოს. თუმცა მთავარი სხვა რამეა და ეს კარგად უნდა გაიგონ ბოიკოტისტებმაც და ანტიბოიკოტისტებმაც. ევროპული სტრუქტურებისა და ვაშინგტონის განცხადებებში საქართველოს შესახებ ფიგურირებს არჩევნებიც, აქციებიც, დაკავებებიც და ა.შ. თუმცა მთავარი პრეტენზია საქართველოს ხელისუფლებასთან თბილისის გეოპოლიტიკური პოზიციაა. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მიმდინარე დავის შედეგებზეა დამოკიდებული სანქციებიც და სხვა დამსჯელი ღონისძიებებიც, მიუხედავად იმისა, ვინ მონაწილეობს არჩევნებში და ვინ ბოიკოტს უცხადებს.

leloo-c717a-1752422225.jpg

რა მოხდებოდა, "ლელოს" რომ ბოიკოტი გამოეცხადებინა. მოვლენები იმავე სცენარით განვითარდებოდა - გახარია ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას, "გირჩიც" და სხვა წვლილი პარტიებიც და საარჩევნო პროცესი მაინც შემდგარად გამოცხადდებოდა.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეებს­ - თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური­ აზრით, ოცნებებისა და მოლოდინების თეორიას კონკრეტული ქმედებები­ სჯობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაზე­ გაღიზიანებული ამომრჩევლის რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის გაკვეთილების გამოყენება შეიძლება 2025 წლის 4 ოქტომბერს. საარჩევნო პროცესი ანუ ბრძოლა იგივე ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს გაუჩენს იმედს, რომ რაღაც კონკრეტული ხდება და ქართული პოლიტიკური პროცესი დასავლელი ძიების ქმედებებზე არ არის დამოკიდებული.

თუმცა რა მოხდება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ამის პროგნოზირება შეიძლებ­ა და ეს არც ბოიკოტისტებს მოეწონებათ და არც ანტიბოიკოტისტებს. ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს საარჩევნო ყუთს მიღმა დატოვებს და ეს ხმები იმ ოპოზიციას დააკლდება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. სამაგიეროდ, ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობით აბსურდად აქცევს­ ბოიკოტისტების იმედს - ანუ ოპოზიციაში იქნება ორმხრივი თვითდაზიანების­ პროცესი, რაც საბოლოოდ მმართველი გუნდის წისქვილზე დაასხამს წყალს. ასეთ ვითარებაში ურთულესია, რომ თუნდაც თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციური­ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინო. და რა შედეგითაც დამთავრდება ეს, კიდევ ერთი მწარე ალიყური იქნება ბოიკოტისტებისთვის. არადა, ოპოზიცია თბილისსა და დიდ ქალაქებში საერთო კანდიდატურე­ბზე რომ შეთანხმებულიყო, ერთობლივად გაეთვალისწინებინა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაკვეთილები (ოღონდ რეალური და არა გამოგონილი), მოეხდინათ ფინანსური­ თუ ადამიანური რესურსების მობილიზება­ და გადაენაწილებინათ როლები - დიახ, შეძლებდნენ თბილისისთვისაც და სხვა ქალაქებისთვისაც ბრძოლას. გასაგებია, რომ პარტიებს მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი­ არა აქვთ, მაგრამ აქ ირთვება­ სხვა ფაქტორი - გადამწყვეტ მომენტებში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი კონკრეტულ პარტიას ხმას აძლევს არა იმიტომ, რომ მოსწონს, არამედ ხმას აძლევს მმართველი გუნდის წინააღმდეგ. აი, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზების ფაქტორი. მით უმეტეს, თუ მაგალითად თბილისში მერობის ერთიანი კანდიდატი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი. თუმცა მას სულ სხვა გეგმები აქვს...

screenshot-2025-07-01-185438-1752422224.png

სალომე ზურაბიშვილის გეგმა

გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს რეალისტური გეგმა, რომელიც ასე გამოიყურება:

"არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული, ასე არ უნდა დამთავრდეს ეს ჭიდილი, [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მივიღებთ თუ არ მივიღებთ. უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველანი გავიგებთ, ეს არ არის ჩვენი თემა, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ამ დღემდე. პოლიტიკურმა მხარემ უნდა გააძლიეროს პროტესტი. ამისთვის გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ძალიან შინაარსიანად უნდა იყოს გატარებული. გეგმის პირველი ნაწილი არის სწორედ აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრება. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა აუცილებელია. ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, და რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე, რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა. არავის არ უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და ნაკლები ჩართულობა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს, „ესენი თუ არა, აბა ვინ? - ეს არის მუდმივი კითხვა, როცა რეჟიმის ცვლილება მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, ვინ იქნება ხვალ, როცა დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით. დავანახოთ, რომ ესენი იქნებიან პროფესიონალები, ალბათ, ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები.

მესამე, რაც გვჭირდება, არის პროგრამა და "ქართული ქარტია", რომელსაც სჭირდება განახლება იმიტომ, რომ მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილი არ შეცვლილა. დღევანდელი დღის შემხედვარე ცოტა უნდა შევცვალოთ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა".

ეს მართლაც რეალისტური გეგმაა თუ სურვილების ჩამონათვალი, თავად განსაჯეთ - ანუ თქვენმა მონა-მორჩილმა თუ სწორად გაიგო, სალომე ზურაბიშვილის გეგმა ასეთია: ყველას გაერთიანება ისევ წინააღმდეგობის პლატფორმაზე, ხელისუფლება აუცილებლად „ჩამოიშლება, ამისთვის მზად უნდა იყოს უფრო მეტად პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გარდამავალი მთავრობა, რომელიც იხელმძღვანელებს "ქართული ქარტიით".

როგორ უნდა აღდგეს წინააღმდეგობის­ პლატფორმა, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი თავს ესხმის თავად სალომე ზურაბიშვილს და მას უნიათოს ეძახის, იქით "ლელოსა" და გახარიას ღალატში ადანაშაულებენ?! მეორეც - აღსანიშნავია, რომ აქციებზე სიტყვით გამოსვლისას თუ პრესკონფერენციებზე სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს: 1. ხელისუფლება აუცილებლად ჩამოიშლება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება. 3. აუცილებლად ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. რას ეყრდნობა ეს ანალიზი, უცნობია, რადგან არც ხელისუფლებას ეტყობა რამე ჩამოშლის და არც ის, რომ უკან დახევას და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს. თუ რაიმე განსაკუთრებულ კულუარულ ინფორმაციას ფლობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავის მხარდამჭერებს უნდა მიანიშნოს მაინც.

გიორგი კვიტაშვილი