ქართველი ემიგრანტის საოცარი თავგადასავალი ამერიკაში - კვირის პალიტრა

ქართველი ემიგრანტის საოცარი თავგადასავალი ამერიკაში

ნიკო თოფურია - "ჯორჯიან ამბასადორი"

"ამერიკიდან წლეულს კიდევ ერთხელ ჩამოვიდა მეორე ტალღის ემიგრანტი, 94 წლის ნიკო თოფურია. ამჯერად მას ახლდა ქალიშვილი ნინო, მეუღლესთან ერთად. ბოლოს ბატონი ნიკო 2010 წლის ზაფხულში ვნახე. მაშინ ქალიშვილისა და უმცროსი შვილიშვილის - დენის თანხლებით იყო ჩამოსული. საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაში" პროგრამა "კვირიაკეში" სიუჟეტიც მოვამზადეთ და მოვისმინეთ მისი საოცარი თავგადასავალი", - ამბობს ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი, რომელიც ამჯერად ნიკო თოფურიას შესახებ გვესაუბრა.…

- სად დაიბადა და აღიზარდა ნიკო თოფურია?

- ნიკო თოფურია დაიბადა 1919 წელს მარტვილის რაიონის სოფელ - ნატბერაში. მისი წინაპრები აბაშიდან გადმოსახლებულან და მარტვილის მონასტრიდან სამ კილომეტრზე დასახლებულან. დონია ფაილოძისა და დომენტი თოფურიას მეოთხე შვილს, ნიკოს, დიდი ბაბუის სახელი დაარქვეს. დომენტი ნიკო თოფურიასა და სალომე სოსელიას რვა შვილიდან (ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი) უფროსი და დიდი ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი იყო. ცხოვრობდნენ 1914 წელს აშენებულ დიდ მეგრულ ოდაში. ვრცელ ეზოში მოჰყავდათ ბამბა, უვლიდნენ ცხვარს, აბრეშუმის ჭიას, ქსოვდნენ უხეშ ქსოვილს "ფართალსა" და "ღართს". თოფურიების ჭის ყინულივით ცივი წყლით კი მეზობლებიც სარგებლობდნენ. 55 წლის შემდეგ ემიგრაციაში, ნიკო თოფურიამ სახიერად და დიდი სიყვარულით აღწერა მშობლიური სოფელი, დედულეთი და თავისი, შეიძლება არცთუ ბედნიერი, მაგრამ მშვენიერი ბავშვობა. დიდი სითბოთია დახატული ის ადამიანები, რომელთა სახება თან სდევდა ცხოვრების უმძიმეს წუთებში და ნახევარი საუკუნის შემდეგაც სულში ნათლად ჰქონდა ჩაბეჭდილი. შვიდი-რვა წლის იყო, ხვნის დროს ბიცოლამისის დიდი ხნის დაკარგული ნიშნობის ოქროს ბეჭედი რომ იპოვა. უთხრეს, რომ იღბლიანი იყო და ეს იღბლიანობა მას მთელი ცხოვრება გაჰყვა.

- განათლება სად მიიღო?

- თბილისის 32-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. 1941 წლის ნოემბერში მეორე კურსის სტუდენტი ნიკო ომში გაიწვიეს. 1942 წლის სექტემბერში ყუბანის სტანიცა "გარიაჩიე კლუჩის" მიდამოებში ფეხში დაიჭრა. გერმანელებმა შეიპყრეს და კრასნოდართან ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. 1943 წელს, სტალინგრადის კატასტროფის შემდეგ, გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს და ტყვეებიც გაიყოლეს. ნიკო ქართველი და აზერბაიჯანელი ტყვეებისგან ჩამოყალიბებულ შრომით ბატალიონში ჩაწერეს. ყირიმსა და ქერჩში სანგრებს თხრიდა. მეორედ დაიჭრა ფეხში, მუხლს ზემოთ. ოდესაში გადააფრინეს და ერთი დღით გაასწრო ტრაგედიას: მისი ბატალიონის წევრები საბჭოელებმა შეიპყრეს და გაანადგურეს. ოდესიდან ვარშავაში ჩაიყვანეს, მოხალისეთა ეროვნულ ბატალიონში ჩაწერეს და სამხრეთ საფრანგეთში, კასტრში გადაიყვანეს. ნიკო კიდევ ერთხელ გადარჩა: ვარშავა აჯანყდა და იქ ბევრი ქართველი დაიღუპა.

1944 წლის გაზაფხულზე მეორე ფრონტი გაიხსნა, საფრანგეთი გათავისუფლდა. მოკავშირეებმა, იალტის კონფერენციის შეთანხმებისამებრ, ტყვეები საბჭოთა მხარეს გადასცეს. საბჭოელები მათ ადგილზე ხვრეტდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ნიკომ იქიდანაც გაასწრო - ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეციის მახლობლად მდებარე ქალაქ პორდენონეს ლაზარეთში სანიტრად გადავიდა. ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე ლაზარეთიდან გაიქცა და თანამშრომლის, იტალიელი ელენა პიავეს ოჯახმა შეიფარა. მერე პარტიზანებს მიეკედლა და გადარჩა. როცა ლაზარეთი ინგლისელებმა დაიკავეს, ნიკომ მათთან დაიწყო მუშაობა. პოლიციაში პასპორტი გაუკეთეს. თავშესაფარიც მიიღო. მაგრამ ინგლისელთა წასვლის შემდეგ ნიკო უმუშევარი დარჩა. პიავეს ოჯახმა სკოლაში მოაწყო. ხელფასი არა, მაგრამ კვება და ღამის გასათევი უფასო ჰქონდა.

ერთ დღეს პოლიციიდან უწყება მიიღო – არჩევნების წინ უცხოელთა დროებითი იზოლაციის აუცილებლობის მოთხოვნით. სინამდვილეში უდინოს ციხეში ჩასვეს, საიდანაც სამხრეთ იტალიაში კუნძულ ლიპარის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნეს. 1948 წელს დე გოლის ხელისუფლებიდან წასვლისა და სოციალისტთა მოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ყოფილი ტყვეებისა და გერმანიის მხარეს მებრძოლი ემიგრანტების გადაცემა მოითხოვა. მათაც, კოლაბორაციონიზმისა და ფაშისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ბევრი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ვინც საბჭოთა კავშირში დაბრუნება მოისურვა, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს. იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირის ბანაკებში ხვდებოდნენ. ემიგრანტები დაირაზმნენ. 1950 წელს გიორგი აფხაზის თავმჯდომარეობით დაარსდა "ქართული პოლიტიკური კომიტეტი იტალიაში". ტყვეთა ბანაკებში იყო "ლიპარელთა ჯგუფი", რომელშიც ოცდათორმეტი ეროვნების ოთხმოცამდე ტყვეს შორის თერთმეტი ქართველი იყო, მათ შორის ნიკოც. დამარცხებულ იტალიას ხელი ჰქონდა მოწერილი დამნაშავე და მოღალატე ყოფილი საბჭოელების გადაცემაზე. საბჭოელებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ტყვეები კრიმინალები იყვნენ. ქართველთა ერთკვირიან შიმშილობას დაემთხვა გაერთიანებული ერების ასამბლეაზე ელეონორა რუზველტის მიერ წარდგენილი "ადამიანთა უფლებების დეკლარაციის" მიღება, "ცივი ომის" დასაწყისი და ნატო-ს დაარსება. მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კორძაიამ, შუამდგომლობა აღძრა და ტყვეთა გასათავისუფლებად მემორანდუმით მიმართა იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, ვატიკანს, წითელ ჯვარს. 1951 წელს ტყვები ფორმალურად გაასამართლეს, გაათავისუფლეს და ნეაპოლთან, სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც სურვილისამებრ შეეძლოთ წასვლა.

- შემდეგ როგორ გაგრძელდა ნიკო თოფურიას ცხოვრება?

- ინგლისურენოვან ქვეყნებში გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში ლტოლვილებს დახმარებას უწევდა "ტოლსტოის ფონდი", რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი ხელმძღვანელობდა. როგორც ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე და იურისტი, ის ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა. ამერიკაში ევროპიდან ჩასული ასამდე ქართველი ლტოლვილი, სამუშაოს შოვნამდე, ძველ ემიგრანტთა სახლებში შეასახლეს. 1951 წლის აგვისტოში ამერიკაში ჩასულ ნიკო თოფურიას ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლეო დუმბაძე და ელზა ცომაია დახვდნენ. ის ერთი წლით ადრე ჩასულ ექიმ დავით ჩხატარაშვილთან დააბინავეს. მუშაობა ნიუ-იორკის გარეუბან კოლეჯ-პოინტში, რუსეთის არმიის ყოფილი კაპიტნის, თევდორე გაბელიას ქაღალდის ჭიქების დიდ ქარხანაში დაიწყო. ხელფასი მცირე იყო, მაგრამ ამდენი ტანჯვის შემდეგ ჭერი და გარანტირებული სამსახური დიდი შვება გახლდათ. სათვისტომოს მიერ მოწყობილ წმინდა ნინოს მეჯლისზე ნახა და დახმარება სთხოვა ნიუ-იორკის ვიცე-მერს, ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავს. ნიკომ გზების რეკონსტრუქციის ინჟინრის დამხმარის თანამდებობა მიიღო. თანდათან ყველაფერში გაერკვა, რამდენიმე გამოცდაც ჩააბარა და მუდმივ შტატში ჩაირიცხა. ნიკოს უყვარდა თავისი საქმე, ყველაფერს სიამოვნებით აკეთებდა, თანამშრომლებმა კი მეტსახელად "ჯორჯიან ამბასადორი" დაარქვეს, რადგან სულ საქართველოს ქებაში იყო.

1956 წელს ნიუ-იორკში გაიცნო ცნობილი ემიგრანტის, ერეთეოზ რამიშვილის ქალიშვილი ელისაბედი. დაქორწინდნენ და 1957 წლის 27 იანვარს ქალიშვილი ნინო შეეძინათ. როცა ნინო წამოიზარდა, ელისაბედმაც მუშაობა დაიწყო. ფული შეაგროვეს და ძველი ორსართულიანი სახლი იყიდეს, წესრიგში მოიყვანეს. მათი სარდაფი ქართველი ემიგრანტების შეკრების ადგილად იქცა. სახლის მოვლა-შენახვა ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მეორე სართული გააქირავეს. იქ მეუღლესა და ორ შვილთან ერთად სერგო გაბუნია ცხოვრობდა. პირველ სართულზე ერთი ოთახი ტყვეობის დროინდელ მეგობარს, ცნობილ ეროვნულ-დემოკრატ დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილს დაუთმეს. 1957 წელს ემიგრანტ ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ, მიტო მარტო უშვებდა ამერიკის კონტინენტზე პირველ სტამბურად ნაბეჭდ გაზეთ "ქართულ აზრს" (1955-74). მიტო ქარხანაში მუშაობდა, საღამოობით კი დაღლილი ლინოტიპს მიუჯდებოდა და მასალებს აწყობდა. ნიკო გაზეთის ექსპედიტორი იყო და, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მეგობარს. გაზეთის გარშემო ეროვნულ-დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგარი ქართველები იყვნენ შემოკრებილი. მართალია, ნიკო პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად არ ჩართულა, მაგრამ 1959 წლიდან ქართველ ემიგრანტთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინიციატივით გამართულ "დამონებულ ერთა კვირეულებში" და მე-5 ავენიუზე მოწყობილ დემონსტრაციებში. 1967 წელს ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივნად აირჩიეს. ოქმების წერის გარდა, ნიკო უამრავ წვრილმან საქმეს უგვარებდა თანამემამულეებს. იგი ერთგულად ემსახურებოდა ოჯახსა და თავის სამ უმთავრეს საქმეს – ნიუ-იორკის გზების მოწესრიგებას, ქართულ გაზეთს და სათვისტომოს.

ნინოს იმდენად გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა, რომ შამპუნის რეკლამაში გადაიღეს. რეკლამა ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გადიოდა. რეკლამის ფულით ორ წელიწადში ნინოს 12 ათასი დოლარი შეუგროვდა და როცა გათხოვდა, ეს თანხა სახლის შესაძენად გამოიყენა. ნინოს სამი ვაჟი შეეძინა: ნიკო, ბილი და დენი.

ერეთეოზ რამიშვილმა 1960-იან წლებში დისთვის გამოგზავნილ წერილში ნიკოს ოჯახის სურათიც ჩადო. ასე გაიგეს თოფურიებმა, რომ ნიკო ცოცხალი ყოფილა. არადა, 1943 წელს ვიღაცას მოუწერია ოჯახისთვის, ნიკო ჩემი ხელით დავმარხეო, რამაც ისე იმოქმედა ავადმყოფ დედამისზე, რომ ჭამა აიკრძალა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.

55 წლის შემდეგ, 1996 წელს, ნიკო ქალიშვილთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს და ემიგრაციის მუზეუმი მოინახულა. მახსოვს, ვთხოვეთ თავისი თავგადასავალი დაეწერა და წიგნად გამოეცა. ბატონმა ნიკომ დანაპირები შეასრულა. წიგნში – "სადაურსა სად წაიყვან", ვრცლად არის გადმოცემული ავტორის თავგადასავალი, აღწერილია ამერიკაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრება. 1999 წელს კი წიგნი მეორედ გამოიცა სათაურით – "დაბრუნება 55 წლის შემდეგ".

მანანა გაბრიჭიძე

(სპეციალურად საიტისთვის)