„მე დედამიწაზე ჯოჯოხეთი ვნახე..." - ქართველი სნაიპერის გიორგი მურადაშვილის ემოციური ინტერვიუ
"ქართველი სნაიპერი, სახელად გიორგი, ქართველი სნაიპერი - ღვთისგან გამოგზავნილი მეომარი", - ასეთი ლამაზი ფრაზით იწყება სიმღერა, რომელიც უკრაინელებმა "ქართული ლეგიონის" მებრძოლს გიორგი მურადაშვილს მიუძღვნეს. გიორგის ბრძოლის მოტივი უკრაინელი ხალხის სოლიდარობა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაა. "ქართული ლეგიონის" მებრძოლი "კვირის პალიტრას" უზიარებს ომის რეალობას, საკუთარ გამოცდილებას, ტკივილს და იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ფრონტის წინა ხაზზე მიიყვანა. მისი მონათხრობი არა მხოლოდ ბრძოლის ეპიზოდებია, არამედ ქართველი მებრძოლის შინაგანი სამყაროს, ადამიანური ტრაგედიისა და თავდადების ამსახველი ისტორიაც.
- უკრაინაში 2022 წლის 28 თებერვალს ჩამოვედი - ომის დაწყებიდან ოთხ დღეში. ზუსტად სამი წელი და სამი თვეა, რაც ომში ვარ. რაც შეეხება მოტივაციას, 2008 წელს საქართველოში ომი რომ დაიწყო, მე სადღაც ჯანდაბაში დავიმალე და ამის გამო ძალიან მრცხვენოდა. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, თუ კიდევ ომი დაიწყება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. 2011 წელს შევედი სპეციალურ ძალებში და ოთხი წელი ვიმსახურე, რათა გამოცდილება შემეძინა და მზად ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნისთვის საბრძოლველად.
შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოს მთავარი მტერი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში შეიჭრა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რუსეთის წინააღმდეგ სად ვიბრძოლებდი, საქართველოდან თუ უკრაინიდან... გარდა ამისა, აფხაზეთის ომის დროს ბევრი უკრაინელი დაგვეხმარა და ეს ჩემთვის სოლიდარობის საკითხიცაა. ჩვენი მებრძოლების იდეაც ასეთია - ეს ომი უკვე ჩვენი ქვეყნის ომიც არის.
- როგორც ჩანს, დღევანდელ ცხოვრებას 2008 წელს დაწყებულ ეპიზოდად აღიქვამთ. რატომ დაიმალეთ მაშინ?
- სპორტსმენი ვიყავი, გორის "დილაში" ვთამაშობდი. ხუთ დღეში ვერაფერს მოვასწრებდი - ვერც მომზადებას, ვერც მობილიზებას. გარდა ამისა, 29 აპრილს ქორწილი მქონდა, ხოლო აგვისტოში ომი დაიწყო. უკვე ორი შვილი მყავს - გოგო და ბიჭი, რაც კიდევ მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი ქვეყნის მთავარი მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლო.
- როგორი იყო ოჯახის რეაქცია, როდესაც ომში წასვლის სურვილი გაუმხილეთ?
- თქმა არ გამჭირვებია. უკრაინაში წასვლა 2014 წელსაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჩემებმა მაშინაც იცოდნენ, რომ ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. გადავლახეთ ეს პერიოდი - ღმერთს მადლობა და, აგერ ისევ ვაგრძელებ ბრძოლას საერთო მტრის წინააღმდეგ.
უკრაინაში თებერვალში ჩავედი, მაგრამ ფრონტის ხაზზე აქტიური მონაწილეობა მარტის ბოლოდან დავიწყე. პირველი ორი თვე მართლაც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა სირთულე გადავლახე და აგერ უკვე მესამე წელია ვიბრძვი. ბევრ ცხელ წერტილში ვყოფილვარ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ მეორე ხაზზე ვყოფილიყავი.
არასოდეს დამავიწყდება ის, რაც 2023 წლის 4 აპრილს მოხდა ბახმუტში. იმ დღეს ბევრი უკრაინელი დაგვეღუპა. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი ჯგუფის ორი ქართველის - დავით ქუჩუკიანისა და ვახტანგ ბარაბაძის დაღუპვა. 18 კაციდან 2 დავკარგეთ, 8 დავიჭერით, მხოლოდ ერთი გადარჩა უვნებლად.
- როდესაც პირველად დაგჭრეს, რა იგრძენით?
- ფრონტზე გასვლის პირველივე დღეს, 2022 წლის 6 ნოემბერს, გიორგობას დავიჭერი და კონტუზია მივიღე. ბიჭებმა ჰოსპიტალში წამიყვანეს, მაგრამ ოთხ დღეში დავბრუნდი. არ მიყვარს საავადმყოფოს პალატები, ნემსები, გადასხმები... მერე მეორედაც დავიჭერი, მესამედაც და მეხუთედაც... ისე მივეჩვიე, ბოლოს თვითონ ვიკეთებდი ოპერაციებს - ყუმბარის ნამსხვრევები ჩემი ხელით ამომიღია სხეულიდან. ერთხელ თავშიც მქონდა გაჭედილი - ხელი რომ ჩამოვისვი თავზე, თითებს შორის რაღაც მომხვდა. მივხვდი, ნამსხვრევი იყო და ამოვიძვრე... ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი ჩემ გვერდით არის. ეს განცდა განსაკუთრებით გამიმძაფრდა ბახმუტისა და დონეცკის შემდეგ. ისეთი ადგილებიდან გამოვედი, საიდანაც გამოღწევა წარმოუდგენელი იყო. ყოველთვის ვამბობ, ამ სამმა წელმა დედამიწაზე ჯოჯოხეთი მაჩვენა-მეთქი.
- შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ ბახმუტის ოპერაციის შესახებ?
- 3 აპრილის ღამეს კონსტანტინოვკაში ბაზაში განვთავსდით, დილის 5 საათზე კი ქართველების 12-კაციანი ჯგუფი ბახმუტის მიმართულებით გადაგვისროლეს. დავალება იყო "ვაგნერის" დაჯგუფების შეჩერება. ქალაქ ბახმუტთთან ერთი უბანია, ხრომოვო. ჯერ კიდევ ბნელოდა, როდესაც იმ უბანში შევედით. 12-14-კაციანი 4 ჯგუფი შემოვიდა სხვადასხვა მიმართულებიდან. ასე იცოდნენ, რამდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ და ერთბაშად გადმოდიოდნენ შეტევაზე. მანამდე ავიაციის საშუალებით ათავისუფლებდნენ ტერიტორიას. დაგვბომბავდნენ და რომ ჩავიმალებოდით, მერე იწყებდნენ წმენდაზე შემოსვლას. ზუსტად ეს სიტუაცია იყო მაშინაც - ტერიტორია დაბომბეს და "ვაგნერმა" შემოსვლა დაიწყო. ჩვენთან ძალიან ახლო მანძილზე, 150-200 მეტრიდან გვესროდნენ და უფრო გვიახლოვდებოდნენ. ყველაფერს გვესროდნენ, მათ შორის დრონებიდანაც. დავით ქუჩუკიანს ნამსხვრევი ყელში მოხვდა... ორი საათი იცოცხლა... გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. კიდევ ერთი ხელისშემშლელი ის იყო, რომ ტრანშეაში, სადაც ჩვენ ვიყავით, წელამდე ტალახი და ყინვა ერთმანეთში აიზილა. ყველაზე დიდი საშინელება ყინვანარევ ტალახში ჩახოცილი ხალხი იყო, 70 უკრაინელი დავითვალეთ... მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩვენი ჯგუფის უკან, 100-150 მეტრში ვიყავი და სათითაოდ გასროლილი ტყვიებით ვაჩერებდი მტერს. დროდადრო ჩერდებოდნენ და მერე ისევ წინ მოდიოდნენ. 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს...
- როგორ მოახერხეთ იქიდან გამოღწევა?
- ნელ-ნელა, ცეცხლის დაფარვის ქვეშ გამოვედით. სამასიოდე მეტრი უკუსვლით ვიარეთ, თავშესაფარი ვნახეთ და სული მოვითქვით. მერე მოვიდა ევაკუაციის მანქანა და გამოგვიყვანეს. თუმცა მეორე დღეს, დილის ხუთ საათზე, ისევ შევედით იმავე პოზიციაზე ჩვენი ორი ქართველის გამოსაყვანად. ვისაც ფეხის გადადგმა და იარაღის ხელში ჭერა შეგვეძლო, ყველა დავბრუნდით. ევაკუაციის ოპერაცია 13 საათს გაგრძელდა. დავით ქუჩუკიანი გამოვიყვანეთ, ვახო ბარაბაძის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, ვერც მეორე დღეს... 40 დღე დავდიოდით ოპერაციაზე. დაფიცებული გვქონდა, რომ ბახმუტი არ უნდა დაგვეტოვებინა, სანამ ვახოს არ გამოვიყვანდით. ხან ოთხნი, ხან ხუთნი, ხანაც ორი შევდიოდით და ზუსტად მეორმოცე დღეს გამოვიყვანეთ.
- თქვენ რა მომენტში დაგჭრეს?
- მტერმა დააფიქსირა ჩემი ადგილმდებარეობა. ყველაფრიდან მესროდნენ - ტანკიდან, "გრადს", ნაღმსატყორცნს... ერთი ჭურვი ჩემგან 4-5 მეტრში ჩამოვარდა, ნამსხვრევები მომხვდა ფეხებში, ბეჭებში... კონტუზიაც მივიღე. საიქიოსკენ მივდიოდი უკვე, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე და ვნახე, რომ ჭაობში ვიყავი ჩაფლული. ძალა მოვიკრიბე და ამოვძვერი.
ამ ომში იმდენი მაგარი მებრძოლი ვნახე, მათ გვერდით ბრძოლა ჩემთვის დიდი პატივია. თანაც, უნდა ნახოთ, როგორია თავად უკრაინელების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, გვეუბნებიან, სადაც ქართველები არიან, იქ მოხვედრა გვიხარია, ბრძოლაში იმედი გვაქვს, ვიცით, რომ არ მიგვატოვებთო. კი, ჩვენ მხარში ვუდგავართ უკრაინელებს, მაგრამ მთავარი მოტივი მაინც საქართველოა. 2008 წლის აგვისტო რომ არა, უკრაინაში არ წავიდოდი, არ გავწირავდი თავს და ორმოცდაათჯერ არ ჩავხედავდი სიკვდილს თვალებში.
- ომმა შეგცვალათ?
- უფრო თავდაჯერებული გავხდი, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გამომადგება.
ის გამოცდილება, რაც ქართველებმა უკრაინაში მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალი თაობების აღზრდისთვის. ყოველი ქვეყანა, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა ამზადებდეს ისეთ თაობებს, ვინც მზად იქნება საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენს გამოცდილებას უკრაინელები იყენებდნენ - არაერთი ტრენინგი გვაქვს ჩატარებული ახალწვეულებისთვის. რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომაც ეს ყველაფერი?
- ომმა შეჩვევა იცის?
- კი, იცის, მაგალითად, ხუთი დღე ფრონტის ხაზზე რომ ვიყავი და სამი დღე დასვენება მქონდა, ერთი დღის დასვენებას მართლა კარგად ვირგებდი, მაგრამ მეორე დღეს უკვე ვეღარ ვისვენებდი, ეკლებზე ვიჯექი, ისევ ფრონტზე მინდოდა წასვლა. ქართველები გენეტიკურად ვართ მებრძოლები. მთავარია პოლიტიკური ნება, თორემ საქართველოს ისეთივე არმია შეიძლება ჰყავდეს, როგორიც ისრაელს.
- ახლა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ისევ წახვიდოდით ომში?
- აუცილებლად. ყოველთვის მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მართალიაჯოჯოხეთი ვნახე, მაგრამ მე ამ ჯოჯოხეთმა გამაძლიერა. მადლობა ღმერთს, მომეცა საქართველოს სახელით ბრძოლის საშუალება და მადლობა ჩემს მეორე ოჯახს - ჩემს "ქართულ ლეგიონს" და მეთაურებს, მამუკა მამულაშვილსა და ლევან ფიფიას. მათ პირადი მაგალითებით მაჩვენეს, როგორი უნდა იყოს მებრძოლი.
- გიორგი, გულწრფელად გვითხარით, გამარჯვების იმედი გაქვთ?
- წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, და იმისიც მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვების საწინდარი იქნება.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ დემეტრე დარჩიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა "ქართული ლეგიონის" ბაზაში მოწყობილი ტერორისტული აქტის დროს.
- დემეტრე დარჩია ჩვენთვის შვილივით იყო. ასაკითაც ყველაზე პატარა იყო და საბრძოლო გამოცდილებაც არ ჰქონდა. ძალიან ვუფრთხილდებოდით. როცა პირველად ჩამოვიდა უკრაინაში, მე დავხვდი. აღდგომისთვის საქართველოში რომ წამოვიდა, მე გამოვაცილე, როცა დაბრუნდა, ისევ მე დავხვდი. ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვინც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში.
- როგორც ვიცი, უკრაინაში წამოსვლამდე მონასტერში ცხოვრობდა. ხომ არ იცით, რამ მიაღებინა ომში წამოსვლის გადაწყვეტილება?
- ჩვენც დავუსვით ეს კითხვა, მონასტერში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ ომში წასვლა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. იმანაც ის თქვა, რასაც ყველანი ვამბობთ - "საქართველოს ახლა ასე სჭირდება". ძალიან მიზანდასახული ადამიანი იყო. ყოველთვის ცდილობდა ბიჭებისთვის რამე შეემსუბუქებინა. ვინ იფიქრებდა, რომ დივერსიას ემსხვერპლებოდა, თან კიევში, ბაზაზე...
- როგორც ვიცი, "ქართული ლეგიონის" ბაზაზე ეს ერთადერთი ტერაქტი არ ყოფილა.
- არა, რა თქმა უნდა, "ქართული ლეგიონი" და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსებს ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. ამიტომაც არიან რუსული სპეცსამსახურები დაგეშილები ჩვენზე. ერთი წლის განმავლობაში შვიდჯერ სცადეს მამუკა მამულაშვილის მოკვლა, ერთ კვირაში კი ორი დივერსიული აქტი მოაწყვეს "ქართული ლეგიონის" ბაზაზე. საბედნიეროდ, რუსების ყველა ცდა მარცხით დამთავრდა, უფალი ჩვენკენ არის.
ხათუნა ბახტურიძე