ტრამპის „დიდი სიურპრიზის“ მოლოდინში გარინდებული მსოფლიო... - კვირის პალიტრა

ტრამპის „დიდი სიურპრიზის“ მოლოდინში გარინდებული მსოფლიო...

ორშაბათს, 14 ივლისს, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, წესით, მსოფლიოს ახალი "დიდი სიურპრიზი" მოელის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისგან. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა, რომ 14 ივლისს ის სერიოზულ განცხადებას გააკეთებს, რაც რადიკალურად შეცვლის რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიანი ომის სურათს.

ნიშნავს ეს, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის მფლობელი კრემლის ბინადარს პირველად უწოდებს აგრესორს და კატეგორიულად მოსთხოვს ომის შეწყვეტას უკრაინასთან? - ძალიან ძნელად სათქმელია თუნდაც იმიტომ, რომ თავად ტრამპია არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსი, ის ძალზე ხშირად იცვლის გადაწყვეტილებებს, მათ შორის 180 გრადუსით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სწორედ გასულ კვირას ტრამპმა პირველად გამოხატა საჯაროდ უკმაყოფილება, რომ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას მას განუცხადეს, რუსეთი ბოლომდე გააგრძელებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" დასახული ამოცანების ბოლომდე შესასრულებლადო, ანუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობსო.

შეიძლება ტრამპი აქამდე ილუზიების ტყვეობაში იყო და თავსაც ვერ უტყდებოდა, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომს ვერც ერთი სატელეფონო ზარით და ვერც ერთ დღეში ვერ შეაჩერებდა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიქადა ამომრჩევლებში პოლიტიკური იმიჯის ასამაღლებლად, თორემ ვინც რუსეთ-უკრაინის ომს თავიდანვე აანალიზებდა, ისევე როგორც რუსეთის საგარეო აგრესიულ ქმედებებს ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში (რაც პუტინი მოვიდა რუსეთის სათავეში), დარწმუნებულია, რომ 72 წლის პუტინი დროის ცაიტნოტშია და სურს მსოფლიო ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის ახალი იმპერიის შემქმნელი, მეფის რუსეთისა თუ არა, სტალინის საბჭოთა კავშირის საზღვრებში მაინც. ამიტომაც უკრაინის სრული დაპყრობა კრემლის სტრატეგიული მიზანია და ამას პუტინი არ გადაუხვევს, რაც არ უნდა ელაპარაკოს ტელეფონით ტრამპმა. მაგრამ, თუკი ტრამპი 14 ივლისისთვის შეპირებული "დიდი სიურპიზის" ეგიდით დაეთანხმება ამერიკელი სენატორების მომზადებულ ახალ უმკაცრესი ეკონომიკური სანქციის პროექტს, რომელიც შეეხება არა მარტო რუსეთს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულეობენ (მათზე 500%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებით, როდესაც ამ ქვეყნების საქონელი აშშ-ში ექსპორტზე გაიგზავნება) და ამასთან არ ეხმარებიან უკრაინას, მაშინ რუსეთის "ომის ბიუჯეტს" უდიდესი დარტყმა მიადგება, რაც ბევრად კატასტროფული იქნება უკრაინაში შეჭრილი პუტინის საოკუპაციაო არმიისთვის, ვიდრე უკრაინის არმიისთვის გაგზავნილი ამერიკული სამხედრო დახმარება.

რაც შეეხება უკრაინისთვის განკუთვნილ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, აქაც უცნაური ამბები ხდება. იმ სკანდალის შემდეგ, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ფაქტობრივად თავისი გადაწყვეტილებით მესამედ შეუჩერა (ყოველ შემთხვევაში, თეთრ სახლში კატეგორიულად უარყოფენ, რომ პენტაგონს ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული ჰქონდა) უკრაინას ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის დროს გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიწოდება, კიევისთვის ბევრად სასიკეთო სიტუაცია დგება - ტრამპი იღებს გადაწყვეტილებას პირველად გამოყოს დაახლოებით 300 მლნ-დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

საქმე ის არის, რომ დღემდე უკრაინა იღებდა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში გამოყოფილ სამხედრო დახმარებას და ჯერ კიდევ 3,86 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაა დარჩენილი უკრაინაში გასაგზავნად.

რაც შეეხება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ ტრამპს, მას ინაუგურაციიდან დღემდე გასულ ნახევარ წელში ერთხელაც არ უსარგებლია პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილებით, რომელიც მას ნებას რთავს პენტაგონის არსენალიდან შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო გადაცემას კონკრეტული უცხო ქვეყნისთვის.

2-san-1752432945.jpg
ამერიკული "პეტრიოტის" PAC-3 MSE-ის ტიპის ანტირაკეტა ერთადერთია უკრაინელი მეზენიტეების არსენალში, რომლითაც მათ კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქებისკენ ყოველღამ მფრენი რუსული აერობალისტიკური "ისკანდერებისა" და "კინჟალების" მოგერიება შეუძლიათ, მაგრამ ამ ანტირაკეტების რაოდენობის მარაგი კატასტროფულად ეწურებათ უკრაინელ სამხედროებს...

ეს შეიძლება განპირობებული იყო იმითაც, რომ ტრამპს მართლაც სჯეროდა პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატებით წარმართვის და რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების. შესაბამისად, კრემლთან ამ მოლაპარაკების პარალელურად უკრაინისთვის რაკეტებისა და ჭურვების ახალი პარტიების მიწოდებას (რომლებიც უკვე არა ბაიდენის, არამედ მისი ადმინისტრაციის მიერ იქნებოდა გამოყოფილი) არ აპირებდა, რათა პუტინისთვის პროტესტის გამოთქმის საფუძველი არ მიეცა.

მეორე კარგი ამბავი უკრაინის დამცველებისთვის კი ის არის, რომ უკრაინის არმიისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეუწყვეტლად მიღების მექანიზმი იხვეწება - აშშ შეიარაღებას მიჰყიდის ნატოს, ხოლო ალიანსი შემდეგ გადაანაწილებს მას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ზელენსკის შეთავაზება ტრამპისთვის - უკრაინა ამერიკული შეიარაღების ჩუქებას არ ითხოვს, მისი შესყიდვა სურს, თუნდაც მსოფლიო ბაზრის ფასებშიო.

მეოთხე წელია ასეთ ფართომასშტაბიან ომში მყოფ უკრაინას, რა თქმა უნდა, არა აქვს იმის ფინანსები, რომ ოთხ მილიონ დოლარად შეფასებული "პეტრიოტის" ანტირაკეტები მასობრივად შეიძინოს, თუმცა აქვს დიდი იმედი, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ნაწილი ამ შესყიდვებს დააფინანსებს. თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც თანახმა არიან ამაზე, მით უმეტეს, ნაკლებად იხარჯება მათი ქვეყნების ბიუჯეტები და თავიანთ ამომრჩეველს იმითი აწყნარებენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა ხდება იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაუყადაღეს და ამ აქტივების საერთო ღირებულება 300 მლრდ დოლარს აღემატება.

ანუ ისე გამოვა, რომ პუტინის რუსეთი თავისი ბიუჯეტით უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიასაც აფინანსებს და მის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინის არმიასაც?!

დაველოდოთ 14 ივლისს, რა განსაკუთრებულ განცხადებას გააკეთებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, რის შემდეგაც, იმედია, გამოჩნდება ტრამპის დანაქადი, "თაფლაკვერისა და მათრახის" ტაქტიკიდან დაიწყებს თუ არა თეთრი სახლი "მათრახის" ამოქმედებას, მას შემდეგ, რაც ექვსთვიანმა "თაფლაკვერმა" კრემლი მაინც ვერ "მოალბო" ომის შესაწყვეტად.

თუ მართლაც ასე მოხდა, გამოვა, რომ ტრამპი სერიოზულად იცვლის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეთა მიმართ და თუკი აქამდე ზელენსკის მკაცრად ტუქსავდა (გაიხსენეთ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გათამაშებული სცენა, რაც ისტორიაში შევა), ხოლო პუტინს დაუყვავებდა, ამის შემდეგ ასე აღარ იქნება, თუმცა ბოლომდე ვინ გაუგებს არაპროგნოზირებად ტრამპს.

და სანამ თავად თეთრ სახლში ბოლომდე ვერ გარკვეულან, თუ რა ახალი სტრატეგია აირჩიონ რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებაში, რუსეთი ყოველღამ აგრძელებს უკრაინული ქალაქების განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბვას.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ესწრაფვიან საკუთარი "რეკორდების" მოხსნას და ერთ ღამეში უკრაინის ქალაქებზე ათასი ერთეული კამიკაძე-დრონით თუ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევას.

რუსეთი უკრაინაზე ყოველღამ საჰაერო შეტევებში ყველაზე ხშირად "შაჰიდ/გერანის" ტიპის კამიკაძე-დრონებს იყენებს, რომელთა მოგერიება უკრაინელ მეზენიტეებს უფრო გამოსდით, რადგან მათი დაზიანება-ჩამოგდება შეიძლება როგორც საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და ქვემეხებით, ისე გამანადგურებელი თვითმფრინავების საბორტე შეიარაღებით.

იგივე მეტ-ნაკლებად ვრცელდება 700-800 კმ/სთ-ის სიჩქარით დაბალ სიმაღლეზე მფრენ რუსულ ფრთოსან რაკეტებზეც, მაგრამ რუსულ აერობალისტიკურ "ისკანდერებსა" და "კინჟალებს" "ბრაუნინგის" ტყვიამფრქვევით გასროლილი ჯერებით კი არა, "ბუკისა" თუ "ირისის" საზენიტო რაკეტებითაც ვერაფერს დააკლებ.

ამისთვის მხოლოდ "პეტრიოტი" გამოდგება, თანაც მისი არა საზენიტო, არამედ PAჩ-3 MშE-ის ტიპის ანტირაკეტები, რომელთა კატასტროფულ სიმცირეს განიცდის არათუ მარტო უკრაინა, არამედ თავად აშშ-ც.

ეს კარგად გამოჩნდა ისრაელი-ირანის 12-დღიანი საჰაერო ომის პერიოდშიც, როდესაც ამერიკელმა მეზენიტეებმა 4,2 მლნ-დოლარიანი ათობით რაკეტა "ხელგაშლილად" გახარჯეს.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე შვიდი ამერიკული "მოჩვენებიდან" ჩამოგდებული 14 მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის საპასუხოდ თეირანმა "პრესტიჟის სარაკეტო შურისძიებით" უპასუხა - კატარში მდებარე ალ-უდედის საჰაერო ბაზისკენ, სადაც ამერიკული ავიაცია ბაზირებს, 14 ერთეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ლამის ნახევარი მსოფლიო. ასე რომ, მოულოდნელობის ეფექტი არ ყოფილა და ამერიკელებმა მოასწრეს აეროდრომზე ბაზირებული ავიაციის გაყვანა და მოიგერიეს ირანული ბალისტიკური რაკეტები "პეტრიოტის" ანტირაკეტებით, რისთვისაც 24-დან 56 ერთეულამდე ძვირად ღირებული PAჩ-3 MშE გამოიყენეს.

თუმცა ბოლო თანამგზავრული ფოტოების თანახმად, კატარში მდებარე ალ-უდედის ამერიკულ საჰაერო ბაზამდე ერთ ირანულ ბალისტიკურ რაკეტას მაინც მიუღწევია და აუფეთქებია რადიოლოკაციური სადგურის გუმბათი და დაუზიანებია გვერდით მდებარე ანგარი.

თავად ამერიკელი მეზენიტეები აცხადებენ, რომ ერთი ბალისტიკური რაკეტის მოგერიების ასპროცენტიანი გარანტიისთვის ისინი 2-დან 4-მდე ანტირაკეტას უშვებენ. შესაბამისად, ამ ისედაც დეფიციტური ანტირაკეტების ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება.

ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევისგან ქუვეითში ამერიკული საჰაერო ბაზის დასაცავად, რომელიც უკვე თითქმის დაცლილი იყო, პენტაგონს შეეძლო თავი დიდად არ შეეწუხებინა, რადგან ზარალი დიდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს პრესტიჟის საქმე გახლდათ პირადად პრეზიდენტ ტრამპისთვის - რადაც უნდა დასჯდომოდა, არც ერთ ირანულ რაკეტას არ უნდა მიეღწია ამერიკულ სამხედრო ბაზამდე.

დასავლეთის სამხედრო ექსპერტები ამერიკელ მეზენიტეებს ურჩევენ ისწავლონ უკრაინელი კოლეგებისგან, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან "პეტრიოტის" თითოეულ ანტირაკეტას, მათ არავითარ შემთხვევაში არ ხარჯავენ რუსული "გერანის" კამიკაძე-დრონებისა თუ "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად და მხოლოდ "ისკანდერისა" და "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად თუ იმეტებენ - ერთ სამიზნეზე მაქსიმუმ ორ ანტირაკეტას უშვებენ, ძირითადად კი მხოლოდ ერთის სტარტით სჯერდებიან.

და ყოველივე ამის ფონზე პრეზიდენტი ტრამპი პომპეზურად აცხადებს, რომ მისივე თავდაცვის მინისტრის მიერ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დროებით შეჩერების შემდეგ, ის დაფიქრდება და შეიძლება "პეტრიოტის"... 10 ანტირაკეტა გაუგზავნოს კიევს.

10 ანტირაკეტით, იდეალურ შემთხვევაში, ათი რუსული "ისკანდერის" მოგერიება თუ შეიძლება, რეალურად კი ხუთის ან უფრო ნაკლების, რაც მხოლოდ ერთ ღამეს თუ დაიცავს კიევს რუსი აგრესორების მორიგი სარაკეტო თავდასხმისგან.

თუმცა საქმე მხოლოდ ტრამპის "სიძუნწეში" როდია, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი წელიწადში მხოლოდ 650 ერთეულამდე PAჩ-3 MშE-ის ტიპის ანტირაკეტას თუ აწარმოებს, რაც ძალზე ცოტაა.

მართალია, პენტაგონი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ამ ტიპის ანტირაკეტების შესყიდვა, მაგრამ ამას წლები დასჭირდება. ეს ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც გამოიკვეთა, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი გახანგრძლივდებოდა და ის "გამოფიტვის ომის" ნიშან-თვისებებს შეიძენდა.