ქართველის მოიერიშეს შეუძლია რუსულ „შაჰიდებზე“ საუკეთესო მონადირე გახდეს, მაგრამ პენტაგონი... - კვირის პალიტრა

ქართველის მოიერიშეს შეუძლია რუსულ „შაჰიდებზე“ საუკეთესო მონადირე გახდეს, მაგრამ პენტაგონი...

პენტაგონსა და ამერიკელ სენატორებს შორის დავა იმაზე, რომ სულ ჩამოწერონ თუ არა ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) მიერ შექმნილი A-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, მეათე წელია გრძელდება.

ამერიკელი გენერლები შეიარაღებაში დარჩენილი 162-ივე მოიერიშეს ჩამოწერას, ვერც წელს მიაღწიეს, მხოლოდ სამ ათეულამდე თვითმფრინავს თუ მოხნიან საბრძოლო მზადყოფნიდან, რადგან სენატორები დაჟინებით ითხოვენ ამ მოიერიშეების შენარჩუნებას...

უცნაური სიტუაცია იქნება-ამერიკელი კანონმდებლები უფრო ხვდებიან, რომ ქართველის მოიერიშემ შეიძლება მეორე სიცოცხლე შეიძინოს და ძალზე გამოადგეს აშშ-ის ინტერესებს, ვიდრე ამერიკელი გენერლები...

საქმე ისაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა-ფრონტის ხაზის მიმდებარედ მოწინააღმდეგე მხარეებს გააჩნიათ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც დაუსჯელად დაბომბვის შანსებს არ უტოვებენ არც დამრტყმელ შვეულმფრენებს (მაგალითად რუსულ „მფრინავ“ ნიანგებს“ და „ალიგატორებს“) და არც მოიერიშე Су-25-ებსაც, რის გამოც ამ შვეულმფრენებისა და მოიერიშეების ეკიპაჟები იძულებული არიან შორი მანძილიდან, კაბრირების ვირაჟის დროს გაუშვან უმართავი საავიაციო რაკეტები, რასაც კონკრეტული სამიზნეების დაზიანების ალბათობა თითქმის ნოლამდე დაჰყავს.

2-kar-1752433835.jpg
A-10 Thunderbolt II-იდან ლაზერით მართვადი APKWS II ტიპის რაკეტის გაშვება...

აქედან გამომდინარე, პენტაგონის გენერლებიც თვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ რუსული Су-25-ების (ყველა მათგანი თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში იყო დამზადებული) მსგავსად არც ქართველის A-10 Thunderbolt II-ებს ექნებათ წარმატება ისეთ ფართომასშტაბიან ომში, როგორიც მეოთხე წელია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს.

თუმცა, სწორედ ამავე ომმა შეიძლება ქართველის მოიერიშეს მეორე სიცოცხლე შესძინოს და აი, რატომ...

უკრაინის ყველაზე დიდ პრობლემას არა რუსული აერობალისტიკური „ისკანდერები“ თუ ფრთოსანი „კალიბრები“ წარმოადგენენ, არამედ მოტოციკლეტისძრავიანი „შაჰიდ/გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონები, რადგან თუკი ყოველღამე უკრაინულ ქალაქებს მხოლოდ 5-10 „ისკანდერი“ უტევს, ამავე დროს უკრაინის ცაში ერთდროულად შეტევაზე 500-ზე მეტი კამიკაძე-დრონი გადადის (მალე ეტყობა ათასამდე აიყვანეს ამ ციფრს რუსი ოკუპანტები), რომელთა მოსაგერიებლად უკრაინის მეზენიტეებს რაკეტები არ ეყოფათ, ხოლო საზენიტო ტყვიამფრქვევებით კი ვეღარ სწვდებიან სამ კმ სიმაღლეზე მფრენ რუსულ კამიკაძე-დრონებს.

3-kar-1752433835.jpg
ქართველის მოიერიშეზე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საავიაციო ავტომატური ქვემეხი GAU-8/A აყენია 1 350 ერთეული 30 მმ-იანი კალიბრის ჭურვების მარაგით...

ერთ-ერთი გამოსავალია გამანადგურებელი თვითმფრინავების საბორტე შეიარაღებით, „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტებით ამ ნელა მფრინავი რუსული დრონების ჩამოგდება, მაგრან ამ ძვირადღირებული რაკეტების რაოდენობაც ძალზე შეზღუდულია.

ამის გამო უკრაინელი მფრინავები იძულებულნი ხდებიან ახლოს, რამდენიმე ათეულ მეტრზე მიფრინდნენ და საბორტე ქვემეხის ცეცხლით სცადონ დრონების ჩამოგდება.

ქვემეხის ჭურვების მიზანში მოხვედრისას ხშირად ხდება რუსული „შაჰიდ/გერანის“ 50-90 კგ მასის საბრძოლო ქობინის დეტონაცია, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა კი რუსულ დრონს ახლოს მიმდევარი უკრაინული გამანადგურებელი შეიძლება დააზიანოს-სწორედ ასე დაკარგა უკრაინამ ერთი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი და ოთხი ჩამოვარდნილი F-16-დანაც, ერთმა-ორმაც ამავე მიზეზით განიცადა კატასტროფა.

უკრაინული მხარე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სთხოვს-თუკი მაინც აპირებთ A-10 Thunderbolt II-ების შეიარაღებიდან მოხსნას, იქნებ ჩვენ გადმოგვცეთ, რადგან ეს მოიერიშეები კარგად არიან შეჯავშნული, გააჩნიათ ძალზე სწრაფმსროლელი 30 მმ-იან შვიდლულიანი საბორტე ქვემეხი, რაც მათ გაუდვილებს რუსულ კამიკაძე-დრონებზე წარმატებით ნადირობას, ხოლო თვითმფრინავის კარგი შეჯავშნა მის პილოტს დაიცავს ახლოს აფეთქებული დრონის ნამსხვრევებისგანო...

4-kar-1752433834.png
APKWS II ტიპის რაკეტების გასაშვებ ბლოკში შვიდი ადგილია,ქართველის მოიერიშეზე კი თეორიულად 11 ასეთი ბლოკის ჩამოკიდება შეიძლება ანუ საჰაერო პატრულირების განხორციელება 77 შედარებით იაფი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტით-ასეთი არსენალი არცერთ გამანადგურებელ თვითმფრინავსაც კი არ აქვს...

ამაში ლოგიკა ნამდვილადაა, რადგან ერაყისა და ავღანეთის ცაში ქართველის მოიერიშეებს ძალზე სერიოზული დაზიანებები მიუღიათ საზენიტო ტყვიამფრქვევებისა და გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან, მაგრამ აეროდრომებზე მაინც დაბრუნებულან...

თუმცა, აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს A-10 Thunderbolt II-ის მთავარი პრობლემა, თუკი მას მართლაც გაამწესებენ დრონებზე სანადიროდ-ქართველის მოიერიშეს არ გააჩნია საბორტე რადიოლოკატორი და შესაბამისად მის მფრინავს ღამით ძალზე გაუჭირდება ბნელ ცაში მცირეგაბარიატიანი დრონების აღმოჩენა.

მაგრამ, აქედან გამოსავალი არსებობს, პილონზე ჩამოსაკიდი რადიოლოკატორის სახით, თუმცა ეს სერიოზულ დაფინასებას მოითხოვს.

არის კიდევ ერთი საინტერესო გზა, რომელიც ყველაფერს კარდინალურად ცვლის- APKWS II ტიპის ლაზერით მართვადი მოდერნიზებული რაკეტები, რომლებიც 70 მმ კალიბრის „ჰიდრას“ ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების ბაზაზე შეიქმნა და ბევრად იაფი ღირს-ანუ ქართველის მოიერიშეს გარდა მძლავრი საბორტე ავტომატური ქვემეხისა (რომლის მარაგში 1 350 ცალი 30 მმ-იანი ჭურვია), შეეძლება რამდენი ათეული ასეთი მართვადი რაკეტის გაშვებაც ლაზერის სხივით მონიშნულ რუსულ დრონებზე...