„არ მევასება ფაშისტები“
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და 9 პირს, მათ შორის 7 არასრულწლოვანს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანს ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რის გამოც ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. ბრალი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" შესაბამისად, 14-დან 16 წლამდე ბრალდებულისთვის სასჯელი შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო 16-დან 18 წლამდე - ერთი მეოთხედით.
მოძალადეების მსხვერპლი 15 წლის ბიჭია. სოციალურ ქსელში ბიჭის მეგობარი წერდა მომხდარის დეტალებზე: "2 კვირის წინ გოგონამ, რომელსაც 15 წლის ბიჭი 3 თვის განმავლობაში იცნობდა, სთხოვა შეხვედრა და შეიტყუა ნანგრევებში, სადაც დახვდა ლევან აბესაძის დაჯგუფება და იძალადეს "არ მევასება ფაშისტების" თქმის გამო. დანით დასერეს, დააჩოქეს, გააშიშვლეს, მიუხედავად იმისა, რომ სთხოვდა არ გაეშიშვლებინათ. 15 წლის ბავშვს ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი. იხტუნავეს ნაცემი ბავშვის თავზე და იარაღით აშინებდნენ. თითებზე ჩამოაცვეს პრეზერვატივი და გადაუღეს ვიდეო, პოლიციას თუ მიმართავდა, გაუვრცელებდნენ. წარმოდგენაც არ მინდა, როგორ შეშინდა 15 წლის ბავშვი...", - დაწერა სოციალურ ქსელში თამარ თორთლაძემ.
ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას მობილურ ტელეფონებთან ერთად ნახეს ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, დასაკეცი დანები, კასტეტები, პნევმატური იარაღი.
როგორც დაზარალებული მოზარდის ადვოკატი მაკა ბერაძე ამბობს, ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი, გრძელდება მკურნალობაც, რადგან მოზარდს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს. ადვოკატი ადასტურებს, რომ მოზარდი თანატოლმა გოგონამ მოტყუებით მიიყვანა მეტროსადგურ "სამას არაგველთან" ახლოს მიტოვებულ შენობაში, სადაც არასრულწლოვანთა ჯგუფი სასტიკად გაუსწორდა.
"ეს იყო სოციალურ ქსელში წამოწყებული საუბრის გამო. ბავშვმა დაწერა თავისი აზრი და ამის შემდეგ მოტყუებით მიიყვანეს იმ საშინელ ადგილას. ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო კლინიკაში, მაგრამ შემდეგ ექიმთან შეთანხმებით სახლში გრძელდება მკურნალობა. მძიმეა მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც ბავშვი დაზიანებებით მივიდა სახლში, თავად ოჯახმა დარეკა 112-ში და დაიწყო საქმის გამოძიება", - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი მაკა ბერაძე და მომხდარის დეტალებს გვიამბობს: "ეს დაჯგუფება ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელია. ისინი ბავშვს პირადად არ იცნობენ. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაეკონტაქტნენ ერთმანეთს. დაკავებულებს შორის არის არასრულწლოვანი გოგონა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე. მან მიიყვანა მოტყუებით მოზარდი იმ საშინელ ადგილას. ბავშვს დანით აქვს დასერილი სხეული, სასტიკად სცემეს. ძირითადად, ტრავმა მიყენებული აქვს თავისა და სახის არეში. ძალადობით და მუქარით მოითხოვდნენ დაჯგუფების ლიდერისთვის პატიება ეთხოვა. დაკავებულია ამ დაჯგუფების ლიდერი, 30 წლის პირი. 9 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია. მას შემდეგ, რაც ასე საშინლად აწამეს მოზარდი, დაბანეს, გაწმინდეს სისხლისგან და უთხრეს, რომ არ განეცხადებინა პოლიციაში, თან უღებდნენ ვიდეოს, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით თავად გაავრცელეს. ბრალდებულებიდან რამდენიმე ნასამართლევია. 13-15 წლის ბავშვები ამ სისასტიკეს რომ სჩადიან, ამაზე უნდა ვიყვიროთ. არა მგონია, ისინი თავად მოქმედებდნენ, ისინი დავალებებს ასრულებენ, მაგრამ უკვე არიან ჩამოყალიბებული დამნაშავეები და საშიში საზოგადოებისთვის", - ამბობს მაკა ბერაძე.
როგორც ცნობილია, ჯგუფის ლიდერად 30 წლის ლევან აბესაძე დასახელდა. ბრალდებულებს შორისაა კიდევ ერთი სრულწლოვანი - 18 წლის ახალგაზრდა. დანარჩენი შვიდი 14-დან 17 წლამდე მოზარდები არიან. პროკურატურამ 15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალი 30 წლის ლევან აბესაძეს წაუყენა. სწორედ პროკურატურა უწოდებს ამ ორგანიზაციას ფაშისტურ დაჯგუფებას. როგორც ირკვევა, ლევან აბესაძე ადრე ნასამართლევია. რამდენიმე წლის წინ სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში. მაშინ მის წინააღმდეგ საქმე სამართალდამცავებმა სწორედ მას შემდეგ აღძრეს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელზეც უცხოელებზე თავდასხმა იყო გადაღებული და ჰქონდა წარწერა "ფაშისტური დაჯგუფება "ბერგმანი" არაქართველ ადამიანებს თავს ესხმის". მაშინ მან ნიგერიელ მოქალაქეებს მეტრო "რუსთაველთან" მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსამართლემ ლევან აბესაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლევან აბესაძე, ადვოკატი: "მას ბრალად წარდგენილი აქვს, თითქოს ორგანიზება გაუწია ამ ქმედებას, რაც არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. არც ბრალს აღიარებს. ამ კონკრეტულ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არა აქვს, საქმის მასალებითაც ვერ დასტურდება ბრალი. პროკურატურა ასე რომ მოიხსენიებს, რით ადასტურებს ამას? ეს ინფორმაცია ვრცელდება მიზანმიმართულად, რათა ლევანი საქმის განხილვამდე გამოაცხადონ დამნაშავედ და შეულახონ ავტორიტეტი. ის წარმატებული კომპანიის წარმატებული აიტი მენეჯერია".
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით დაკავებულების ადვოკატებსაც, მაგრამ ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.