"აფხაზეთი ჩემი მოუშუშებელი ტკივილია" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი ჩემი მოუშუშებელი ტკივილია"

"კაცობის, ადამიანობის, მამაშვილობის ხატება იყო მამაჩემი. სულ მეუბნებოდა, ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ყველაფერი დანარჩენიო. ეს სიტყვები არასდროს დამვიწყებია, ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე", - ამბობს­ ექიმი ჯონი ჯანაშია. რისი ეშინია ყველაზე მეტად, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1962 წლის 10 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- კოსმონავტი. იმ წლებში ბავშვების ნაწილს მენაყინეობა უნდოდა, ნაწილს კოსმონავტობა. კოსმონავტები იყვნენ ყველაზე­ პოპულარული ადამიანები ტელევიზიაში, პრესაში, ყველგან მათი სახელები და გვარები გაისმოდა. მისაბაძ, გმირ ადამიანებად­ ითვლებოდნენ... მერე სხვადასხვა გატაცება მქონდა, მათ შორის არქიტექტურა. საბოლოოდ კი მედიცინა ავირჩიე, მოგეხსენებათ, ექიმების ოჯახში გავიზარდე, როგორც ჩანს, ოჯახის ბიბლიოთეკამ, იმ ადამიანებთან ურთიერთობამ, რომლებიც ჩემი მშობლების "მადლნაპკურები", ანუ მათი გადარჩენილი და მორჩენილი იყვნენ, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ნაღდი თბილისელიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- იგივე გზას გავივლიდი, მაგრამ უფრო ყურადღებით ვიქნებოდი იმ საგნების მიმართ, რომელსაც ხანდახან "ვახალტურებდი".

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ვარ ქართველი, ქრისტიანი, ჩემი მშობლების შვილი, ბებია-ბაბუების შვილი­შვილი, მყავს ძალიან კარგი შვილები, შვილიშვილი, მეუღლე, სამეგობრო წრე. ეს ღვთის წყალობაა. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ირგვლივ მყოფები ბედნიერად ამყოფო, ამით თავადაც ბედნიერი იქნები. მხოლოდ ახლობლებს არ ვგულისხმობ, უცნობების გაბედნიერებაზეც უნდა იზრუნო. სამყაროსგან ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით დაგიბრუნდება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჩემი მაკეტები, ის საღამოები, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გაკეთდა, ფილმები, რომლებშიც მითამაშია. სავიზიტო ბარათია ჩემი ტრადიციული ოჯახი.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ირაკლი აფაქიძის სერიალში "ჟამი ყვავილობისა", რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. გამორჩეულად მახსოვს რუსუდან ჭყონიას ფანტასტიკური "ვენეცია", რეზო გიგინეიშვილის "ლირიკა", ლევან პირველი დადიანის როლი სატელევიზიო მხატვრულ სერიალში "გააგრძელე­ საქართველოს ისტორია". შარშან გამოვიდა ბექა სიხარულიძის "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე". ბედნიერი წელი მაქვს, მალე ისევ ფილმში ვითამაშებ...

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- მოლბერტის ხელში აღება, პოლიტიკაში ჩართვა, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. მინდოდა, კარგი ფეხბურთი მეთამაშა, ფორტეპიანოზე დაკვრა შემძლებოდა, მაგრამ არ გამომივიდა. თხილამურებზე დადგომა, რომელიც ტრავმის და სიჩქარის შიშის გამო ვერ გავბედე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- მეგობრებთან ერთად ვიქეიფო, დრო ვატარო, ჩემს შვილიშვილს მივეფერო, ცხენზე დავჯდე და გავაჭენო, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- პასუხისმგებლობის გრძნობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ფიცხი ვარ, ხშირად აჩქარება, უაზრო­ გაბრაზება ვიცი, თუმცა, როდესაც ვაცნობიერებ, რომ არასწორად მოვიქეცი,­ ბოდიშს ვიხდი. იმ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები, ვისაც ბოდიშის მოხდა ღირსების შელახვა ჰგონია. ბოდიშს მაშინაც ვიხდი, როცა დამნაშავე ვარ და მაშინაც, როდესაც ეს დიპლომატიას, ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელებას სჭირდება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. ფულის საშინელი მფლანგველი ვარ, ვინმეს რომ ვასიამოვნო, შემიძლია ამისთვის დიდი თანხა გადავიხადო. როგორც მეგობრები ამბობენ, ფულის გადახდას, დაპატიჟებას ვერავინ დამასწრებს. კი არ ვნანობ, მაგრამ მომჭირნეობის ამბავში "შავად" ვარ.

- პატიება შემიძლია თუ...

- ის ადამიანი იგრძნობს, რომ დამნაშავეა და იგივე ქმედებას მეორედ არ ჩაიდენს.­ მქონია შემთხვევები, შეცდომა რამდენჯერმე მიპატიებია და მერე დამიკარგავს, მათ შორის მეგობრებიც.

- ვიბნევი...

- როცა დიდ და ლამაზ რამესთან მაქვს­ შეხება, როცა დიდი სიხარულის გამკლავება მიწევს, ვიბნევი, როცა დიდ უსინდისობასთან მაქვს საქმე. როცა ჩემი ოჯახის წევრს ექმნება პრობლემა, თუმცა შემდეგ მობილიზებას მალევე ვახერხებ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- უსინდისობას, უზრდელობას, თავხედობას, უპასუხისმგებლობას... როცა ადამიანის იმედი გაქვს და დაგაღალატებს, ამაზე ცუდი არაფერია, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლს ადვილად არ ვკარგავ, ვცდილობ, ათამდე მაინც დავთვალო და მერე ვიმოქმედო. ახალგაზრდობაში უფრო ფიცხი ვიყავი და სულ ვჩხუბობდი...

- ვჯიუტდები, როცა...

- ვიცი, რომ მართალი ვარ, მაგრამ თუ მეორე ადამიანი დამიმტკიცებს, რომ მართალი ის არის, "ვირიდან" იმ წუთშივე ჩამოვდივარ.

- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევაა...

- კარგი მეგობრები, ოჯახი, ადამიანების სიყვარული, მათ შორის უცნობების, რომლებიც ხშირად მიღიმიან და მადლობას მეუბნებიან პატარა სიკეთის გამო, რომელიც თავად აღარც მახსოვს.

- სიყვარული ეს...

- მსოფლიო მეცნიერების და ფილოსოფოსებისთვის ამოუხსნელი ფენომენია და მე მთხოვთ ავხსნა? ვერ ახსნი, სიყვარული უნდა იგრძნო. სიყვარულია, როცა მეფე მონას ეყმობა, როცა ბრძენი "ხელად რებდეს", როცა მურტალო ეუბნება ინგას, ერთი რამის მეშინოდა, ქვეყნიდან უსიყვარულოდ არ წავსულიყავი და აწი თუ გინდა, მომკალი, მესროლეო. სიყვარულია, როცა გვერდით გყავს ადამიანი და გენატრება. სიყვარულს მტრობით დანგრეულის აშენების ძალა აქვს...

მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ... აი, ეს "იმიტომ რომ" როცა გაჩნდება, იქ უკვე სიყვარული აღარ არის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ბაღში ვიყავი, ვწითლდებოდი, ვიმორცხვებდი და ვიმალებოდი.

- მაკვირვებს...

- უფლის მიერ საოცრად გათვლილი კანონზომიერებები, რა კანონებსაც ემორჩილება სამყარო. ადამიანები ხომ ბევრ რამეს ვერ ვიგებთ...

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- კარგმა მუსიკამ, ადამიანურმა სითბომ და თანაგრძნობამ.

- ვრისკავ...

- როცა რაღაც ახალს ვაკეთებ. რისკი იყო ექიმების საღამოები, რომელიც მე გავაკეთე, ჩემი სცენაზე გამოსვლა, კინოში­ გადაღება, მაკეტებზე მუშაობა... რისკი იყო, როდესაც აფხაზეთის ომში წავედი და იმის ნაცვლად, რომ გამარჯვებული დავბრუნებულიყავი, დიდი ტკივილით სავსე დავბრუნდი. ნახევრად აფხაზეთში ვარ გაზრდილი. არდადეგების ერთ თვეს სოხუმში ვატარებდი, იქ ცხოვრობდნენ ჩემი ნათესავები, აფხაზეთი ჩემი უდიდესი, მოუშუშებელი ტკივილია. ამ თემაზე ლაპარაკი ყოველთვის მიმძიმს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- გულის სიღრმეში მსიამოვნებს, თუმცა ყველაზე ძლიერი უხერხულობის შეგრძნებაა, ვიმორცხვებ.

- მეშინია...

- ჩემი ქვეყნის გამო, რამე ცუდი არ მოხდეს. ჩემი ახლობლების გამო, მინდა, ყველანი კარგად და უკლებლივ მყავდნენ. მეშინია სიმაღლის, სიჩქარის, რაღა დაგიმალოთ და, ღამურებიც არ მიყვარს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- წვრილმანების გამო. გურმანი ვარ, ახლა წონაში დაკლებას ვცდილობ, ადრე უფრო ბევრს ვსვამდი. ოჯახის წევრები ხანდახან ფიცხი ხასიათის გამოც მსაყვედურობენ.

- ვიტყუები, როცა...

- გურამ ფანჯიკიძის პერსონაჟის ნათქვამს გავიმეორებ, დღეში ადამიანი 300-მდე ტყუილს ამბობს, აქედან 3 დიდი ტყუილია, 10 ისე რა ტყუილია და დანარჩენი კეთილშობილური ტყუილებიაო. კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში", ერთი სცენაა, თარაში და არზაყანი ჯოკიას უსმენენ, რომელიც ვიღაცებს აქებს და ადიდებს. თარაში ეუბნება, შენ როგორი მჭევრმეტყველი ყოფილხარო. - რას ამბობ,­ რომ არ არის კაცი ის უნდა დაუძახო, თორემ ვინ რასაც წარმოადგენს, ის რომ უთხრა, ამ ქვეყნიდან უნდა მოუსვაო.

ტყუილი ზოგჯერ საჭიროა. სამედიცინო ტყუილიც არსებობს. ახლანდელი კანონების თანახმად, პაციენტს ყველაფერი პირდაპირ უნდა უთხრა, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

- თავისუფლება...

- არ ნიშნავს კანონის და მორალის ჩარჩოებიდან გასვლას, არ ნიშნავს, "რასაც მინდა, იმას გავაკეთებ". თავისუფლება ისეთი­ საქმის კეთებაცაა, რომელიც მხოლოდ მე კი არა, სხვასაც რომ ესიამოვნება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ზუსტად ვიცი, ბევრი ფული არასდროს მექნება. დახარჯვა არ გამიჭირდება (იცინის), კარგ საქმეებს მოვახმარდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- სხვადასხვაგვარი ხერხით ვპოულობ გამოსავალს. შეიძლება ახლობლებთან დიალოგი იყოს, შეიძლება მცირე ხნით განმარტოების, მუსიკის მოსმენის სურვილი გამიჩნდეს და ა.შ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ჩემთვის კაცობის, ადამიანობის, მამაშვილობის ხატება იყო მამაჩემი. სულ მეუბნებოდა, ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ყველაფერი დანარჩენიო. ეს სიტყვები არასდროს დამვიწყებია, ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე. დიდი სურვილი მაქვს ისეთი კაცი ვიყო, როგორიც მამაჩემი იყო, მაგრამ არ გამომდის.

- დაბოლოს გეტყვით...

- ნუ განმსჯით!

თამუნა კვინიკაძე