"ზოგჯერ გული მწყდება, საკუთარს არ ვაფასებთ ხოლმე და უცხოელი თუ იტყვის, რომ მაგარია, მერე ვიჯერებთ“ - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ გული მწყდება, საკუთარს არ ვაფასებთ ხოლმე და უცხოელი თუ იტყვის, რომ მაგარია, მერე ვიჯერებთ“

"ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უდიდესი შთაბეჭდილება არაერთ პიროვნებას მოუხდენია. დღეს თქვენ გიამბობთ ადამიანებზე, რომლებზეც მე ვიზრუნე და მათზეც, ვინც ჩემზე იზრუნა", - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

დაუვიწყარი რესპონდენტები

- რეპორტაჟი არაერთ საინტერესო ადამიანზე მომიმზადებია, განსაკუთრებით მაშIინ, როდესაც პროექტზე "იმედის გმირები" ვმუშაობდი. თითოეული მართლა გმირი და მისაბაძი იყო. გამორჩეულად მახსოვს ნავიანი მასწავლებელი მარიამ ხუცურაული, რომელიც დუშეთის რაიონში, სოფელ ნირძიხში ცხოვრობდა. ჟინვალის დიდი წყალსაცავი ერთმანეთისგან ორ სოფელს ნირძიხს და გუდრუხს ჰყოფს. მარიამ მასწავლებელს 17 წლის განმავლობაში ამ ორ სოფელს შორის, დინების საწინააღმდეგოდ, 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე, ბავშვები სკოლაში ნავით დაჰყავდა... ბავშვები სკოლამდე რომ მისულიყვნენ, დაახლოებით 10-კილომეტრიანი გზა ტყეზე უნდა გაევლოთ, ტრანსპორტი არ დადიოდა. პირველკლასელი ბავშვი რომელზე უნდა გასულიყო სახლიდან, სკოლაში 9 საათზე რომ გამოცხადებულიყო? ამ პედაგოგმა გამოსავალი იპოვა, თანასოფლელ ბავშვებს დილით 9-ის ნახევარზე ელოდებოდა საკუთარი სახლის უკან, სადაც პატარა სადგომი ჰქონდა მოწყობილი. მოგროვდებოდნენ მეზობლის ბავშვები და ნავით გადაჰყავდა, გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს ელოდებოდნენ და უკანაც იგივე გზით და ნავით ბრუნდებოდნენ... მეზობელმა მიამბო, ერთხელ ისეთი ძლი­ერი ქარი ამოვარდა, შორიდან ვუყურებდით, ტალღები ნავს აქეთ-იქეთ ახეთქებდა, ვუყურებდით ნაპირიდან და ვერაფრით ვეხმარებოდით, იმდენი მოახერხა, რომ ბავშვები უსაფრთხოდ გადაიყვანა, ჩვენ ნაპირზე ვიდექით და დიდი ხანი ტაშს ვუკრავდითო. ეს ხდებოდა ზამთარშიც, წვიმაშიც თოვლშიც... ზამთარში ყინულებს ნიჩბით ტეხდა და ისე მიცურავდა.

სიუჟეტის მომზადებისას მასთან ერთი კვირა ვმუშაობდი, მეკითხებოდა, რატომ მიღებ, განა ისეთს რას ვაკეთებ, პედაგოგი ვარ და ეს მევალებაო. რასაც აკეთებდა, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო და ვერც ხვდებოდა, ამაში განსაკუთრებული რა იყო.

სადაც სკოლა არ არის, ასეთ სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია. რეგიონებში გადაღებებზე ხშირად დავდივარ, სტეფანწმინდაში, სვანეთში, განსაკუთრებით რაჭაში არის სოფლები, სადაც 4-5 ოჯახი ცხოვრობს, იქ სკოლა რომ არ იყოს, ალბათ ისინიც სადღაც გადასახლდებოდნენ. სოფელში ბავშვი თუ არ იზრდება, კვდება და ნასახლარად იქცევა. მარიამ ხუცურაული თავისი ქმედებით 2 სოფელს აცოცხლებდა. წლების შემდეგ მარიამ მასწავლებლის მოსწავლე გადავიღე, რომელმაც მასავით ნავით დაიწყო სკოლაში სიარული, თავადაც პედაგოგი გახდა.

7-8 წელია მარიამ მასწავლებელი პედაგოგად აღარ მუშაობს. თავის დროზე მეუბნებოდა, წარმოდგენაც კი არ შემიძლია, როცა სკოლაში ნავით წასვლას ვერ შევძლებო. ამ დიალოგისას განსაკუთრებით სევდიანი იყო. სკოლასთან დამშვიდობება მართლაც ძალიან გაუჭირდა. 2 თუ 3 წლის დანებებული ჰქონდა თავი პედაგოგიური საქმიანობისთვის, ევროკავშირის პროექტში ვმონაწილეობდი და ორგანიზატორებს მარიამის ამბავი ვუამბე, აღფრთოვანდნენ და ნავით გადასვლის სცენის თავიდან გადაღება დამჭირდა. ვგრძნობდი, მარიამ მასწავლებელს რამდენად უჭირდა სკოლაში ნავით წასვლა, უკან დაბრუნება, 10 წუთით გაკვეთილიც ჩავატარებინე. უდიდესი მონატრება ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად აღარ შეეძლო. დარწმუნებული ვარ, მას სკოლა თავისსავე სოფელში რომ ჰქონოდა, დღესაც სიამოვნებით იმუშავებდა. როგორც ვიცი, ამ ამბის გაშუქების შემდეგ, სკოლას მანქანა აჩუქეს, რომლითაც ბავშვები დღესაც დაჰყავთ...

როგორ შეიძლება ვისაუბრო განსაკუთრებულ ადამიანებზე და ექიმი ირაკლი ხვედეგურიძე არ გავიხსენო. ადამიანი, რომელიც გომეწრის ხეობის სოფელ ბოჭორნაში წლებია ცხოვრობს და იქ მცხოვრებთა დიდი იმედია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია კილომეტრები ცხენით ურთულეს რელიეფზე, 2-მეტრიან თოვლშიც კი იაროს და პაციენტი გადაარჩინოს. მისი ამბავი სკოლის სახელმძღვანელოშია შესული და იქვე მითითებულია, ბავშვებმა ნახონ მასზე მომზადებული ფილმი "იმედის გმირებში".

ეს არის ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ბოჭორნას ნასახლარი არ დაერქვა და ამის გამო ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია. რომ არა ირაკლი ექიმი, ეს სტატუსი სულ სხვა ქვეყნის სხვა სოფელს ექნებოდა. "გარდიანმა" მას უდიდესი სტატია მიუძღვნა. ზოგჯერ გული მწყდება, საკუთარს არ ვაფასებთ ხოლმე და უცხოელი თუ იტყვის, რომ მაგარია, მერე ვიჯერებთ.

irakli-xvedagurize-1752441167.jpg

"ნანულის ამაგი..."

- არასდროს ვივიწყებ ადამიანებს, ვისაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში ერთი აგური მაინც დაუდია. 1995 წლის 25 აპრილი იყო, როდესაც ჟურნალისტად მუშაობა დავიწყე. 30 წლის წინ, ტელევიზიაში პრაქტიკაზე რომ მივედი და გამოსაცდელი პერიოდი დამთავრდა, მამუკა არეშიძის სიტყვები არასდროს დამავიწყდება - დაგიტოვებთ, რადგან შენი ყველა ნაწერი წინა დღისას სჯობდაო. რეალურად მან ხომ მთელი ჩემი ცხოვრება გადაწყვიტა.

"ქვიშის საათი" ზაზა ალექსიძეს და ნინო აბესაძეს მიჰყავდათ, იქ პატარა სიუჟეტებს ვამზადებდი, შემდეგ "მოამბეში" გადამიყვანეს. ეს იყო ქვეყანაში ერთადერთი­ საინფორმაციო საშუალება. მაშინდელი ჟურნალისტიკა დღევანდელისგან განსხვავებული იყო. ახალბედა რომ ხარ, გჭირდება ადამიანი, ვინც ტექსტს გაასწორებს, დაგაკვალიანებს. დღეს რომ პროდიუსერები ჰქვიათ, მაშინ გამომშვებ-რედაქტორები ერქვათ. ჟურნალისტებს გადაღებებზე ნანული ბურჭულაძე გვიშვებდა, ის ტრაგი­კული ადამიანი გახლდათ, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. 30 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ქალბატონი ნანული დღემდე მომყვება. დარეკვა რომ დამიგვიანდეს, მეუბნება, გარდაცვლილი გგონივარ და მაგიტომ მირეკავ, შეამოწმო­ ცოცხალი ვარ თუ არაო? მან ბევრი რამ მასწავლა. ახლა 85 წლის არის, მაგრამ ჩემს ყველა ეთერს უყურებს, მერე მირეკავს, ხან მაქებს, ხან შენიშვნებს მაძლევს: დღეს ნამეტანი იცინე, ამ რესპონდენტთან შეკითხვა სწორად დასვი. 30 წლის მერეც მიმეორებს, ხომ გახსოვს, ერთი კითხვა რომ ერთი კითხვაა, ხომ გახსოვს, ყოველი მომდევნო შეკითხვა წინა პასუხიდან გამომდინარეა. ხომ გახსოვს, სანამ აზრს არ დაამთავრებს, რესპონდენტს ბოლომდე უნდა უსმინო... ასე გრძელდება 30 წელია და მე ვეუბნები, ერთხელ ხომ მასწავლე, ვიცი, ამდენჯერ გამეორება აღარ მინდა... შეიძლება ითქვას, ის ისევ ამ პროფესიაშია. 20 წლის წინ მითხრა, მე შენი ნაწერი მომწონს და გავალებ, ჩემი ნეკროლოგი შენ დაწერეო.­ გადაღების დროს, ან იმ პერიოდში თუ მირეკავს, როცა ძალიან დაკავებული ვარ, ვეუბნები, ნანული, ნეკროლოგის დასაწერად არ მცალია, ეგ ამბავი უნდა გადადო-მეთქი.

დედაჩემს ჩემზე ხომ უდიდესი ამაგი აქვს, გამზარდა, განათლება მომცა, დამეხმარა, არანაკლებია ნანულის ამაგი. მხოლოდ მე კი არ მკითხულობს, ინტერესდება, როგორ არის ჩემი მეუღლე, დადის თუ არა სამსახურში, არის თუ არა შეყვარებული ჩემი შვილი?.. გურულია ქალბატონი­ ნანული და ხომ გაგიგიათ, მეგრელი და გურული ერთმანეთს ყველაზე კარგად უგებენ. ეს ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, აუცილებლად დავურეკავ ქალბატონ ნანულის, აუცილებლად გაეცნობა და ვიცი, გაუხარდება.

1-1-1752441168.jpg

"ჯვრის გასანათებლად..."

როგორ შეიძლება დამავიწყდეს ნათელა­ ბენდელიანი, სვანი ქალბატონი, რომელიც ლენტეხში ცხოვრობს, ის იქ სრულიად მარტოა იმისთვის, რომ დაღამებისას ტყეში აღმართული ჯვარი გაანათოს. იმ ჯვრამდე მისაყვანი კაბელი რომ ეყიდა, ხარი გაყიდა. იქ ამისთვის ცხოვრობს, საკუთარ თავს ეს მისია დააკისრა და შეიძლება ეს არ გახსოვდეს?

კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს მეხსიერებაში ძალიან შთამბეჭდავი ამბებით. ნურავინ გამინაწყენდება, ვინც დღეს ვერ ვახსენე, ერთ ინტერვიუში ყველაზე საუბარი შეუძლებელია.

თამუნა კვინიკაძე