როგორ მოხვდა ჰოლივუდის ლეგენდად წოდებული კომპოზიტორის შესახებ ფილმში საქართველო
73 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა დამწყებმა კომპოზიტორმა ფილიპ სპრინგერმა საახალწლო ჰიტი "სანტა ბეიბი" დაწერა. სიმღერამ დროს და სხვადასხვა გემოვნების მსმენელს გაუძლო და დღესაც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. მუსიკა მომღერალ ერთა კიტისთვის დაიწერა, თუმცა წლების განმავლობაში "სანტა ბეიბი" შეასრულეს მადონამ, რობი უილიამსმა, კეილი მინოუგმა, ალიშა კისიმ და სხვებმა. ლეგენდარული ამერიკელი კომპოზიტორი დღეს 99 წლისაა. ის ქმნიდა მუსიკას როგორც კინოფილმებისთვის, ასევე ფრენკ სინატრას, ელვის პრესლის, ვივიენ ლის და სხვა არტისტებისთვის.
23 ივნისს ჰოლივუდში ფილიპ სპრინგერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, ფილმი სახელწოდებით „More Than Santa Baby" ახლა იწყებს საფესტივალო ცხოვრებას და ქართველი საზოგადოებისთვის გამორჩეულია იმით, რომ მცირე ნაწილი საქართველოსაც ეთმობა. ფესტივალზე ფილმმა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში მაყურებლის პრიზი მოიპოვა. როგორ მოხვდა ჰოლივუდის ლეგენდად წოდებული კომპოზიტორის შესახებ ფილმში საქართველო, ამის შესახებ თავად ფილმის რეჟისორი თამარ სპრინგერი (ფილიპ სპრინგერის შვილი) გიამბობთ.

„მეტი, ვიდრე მუსიკა“
- ერთ დღეს ვათვალიერებდი მამაჩემის, ფილიპ სპრინგერის ნივთებს, ჩანაწერებს, ფოტოებსა და დოკუმენტურ მასალას, რადგან მინდოდა შემექმნა მისი კარიერისა და მუსიკალური კომპოზიციების მდიდარი არქივი. როდესაც არქივს ვალაგებდი, მოულოდნელად გავიფიქრე, ეს არის დოკუმენტური ფილმი-მეთქი, და მაშინ მივხვდი, რომ დადგა ფილმის გადაღების დრო, რომელიც ჩემს მამაზე, "Santa Baby"-ს კომპოზიტორ ფილიპ სპრინგერზე, მის ცხოვრებაზე, კარიერასა და მუსიკაზე მოგვითხრობს. ძალიან მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა მამაჩემის უზარმაზარი მუსიკალური მემკვიდრეობა და მისი საოცარი გზა მუსიკის ინდუსტრიაში - 1940-იანი წლების Tin Pan Alley-ით (მუსიკოსთა გაერთიანება ნიუ-იორკში, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ში მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს) დაწყებული, 1970-იანი წლების ჰოლივუდამდე და მას შემდეგ, რაც მან კარიერის ყველაზე წარმატებულ პერიოდს მიაღწია. მამაჩემის მუსიკა მართლაც იმსახურებს აღიარებას. ჩემი ბავშვობისა და ცხოვრების განმავლობაში მუდამ ვხედავდი ადამიანს, რომელიც იბრძოდა, რომ მის ლამაზ მუსიკას დამსახურებული დაფასება მოეპოვებინა. მამას ყოველთვის სურდა მისი შემოქმედების აღიარება მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი საშობაო ჰიტით არ დამთავრებულიყო. წლების განმავლობაში ვგრძნობდი მის გულდაწყვეტას, ამიტომ ვიფიქრე, დრო იყო, მისი მუსიკა სამყაროს გაეცნო. ფილიპის ისტორია გასართობი მოგზაურობაა მე-20 საუკუნის მუსიკის სამყაროში. ფილმში მოთხრობილია თითქმის ერთი საუკუნის მუსიკალური ისტორია, რომელიც მამაჩემის 80-წლიან კარიერას ეძღვნება. "არასდროს არის გვიან" - ეს დოკუმენტური ფილმის მთავარი მესიჯია.
"საქართველომ ჩემი ცხოვრება გაანათა"
- საქართველო საოცარი გზით აღმოვაჩინე. 2020 წლის ნოემბერში სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაჩემი ბეთჰოვენის "მთვარის სონატას" ასრულებს - ის დაბადების დღეზე მომიძღვნა და მილიონობით ნახვა ჰქონდა. საქართველოდან ჟურნალისტი ნინო წიფურია დამიკავშირდა და მამაჩემთან ინტერვიუ მთხოვა. ინტერვიუს ინიციატორი ნინოს დედა იყო, რომელსაც ჩემსავით 14 ნოემბერს აქვს დაბადების დღე და შემთხვევით ფეისბუკზე უნახავს ფილიპ სპრინგერის შესრულებული "მთვარის სონატა". ალბათ, ეს ბედნიერი დამთხვევა იყო. ნინომ, რა თქმა უნდა, ინტერვიუ აიღო ფილიპისგან, მაგრამ ეს მხოლოდ ინტერვიუ არ იყო, ეს გახდა დასაწყისი ჩვენი ულამაზესი მეგობრობისა... ნინო შემოქმედებითი და გულთბილი ადამიანია. ძალიან გამიმართლა, რომ ვიცნობ. სწორედ მისი მეშვეობით გავიცანი საქართველო და ამ ქვეყანამ ჩემი ცხოვრება გაამრავალფეროვნა და გაანათა. ამიტომაც ჩავსვი ნინო წიფურია და საქართველო ფილმის სიუჟეტში! ნინომ თქვა ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, საქართველოში შობა „შანტა Bაბყ“-ს გარეშე წარმოუდგენელიაო. ნათელი იყო, ის უნდა ყოფილიყო ფილმში! საქართველო ნინო წიფურიასთან ერთად ფილმის მესამე ნაწილში ჩნდება და გპირდებით, ის მოლოდინს გადააჭარბებს ყველა ქართველისთვის.
როგორ შეიქმნა „Santa Baby“
"1953 წლის ზაფხული იდგა. მე და ჩემი პარტნიორი ჯოანა ჯევითსი (ტექსტის ავტორი - ავტ.) საშობაო სიმღერის დასაწერად მიგვიწვიეს. 26 წლის ბროდვეის ვარსკვლავისთვის, ერთა ქითისთვის უნდა შეგვექმნა მუსიკა. ნიუ-იორკში, ბრილის სახელგანთქმულ შენობაში შევხვდით ერთმანეთს, რათა ახალ პროექტზე გვემსჯელა. ჯოან ჯევითსი შეხვედრაზე მოვიდა უკვე მოფიქრებული სახელწოდებით - "სანტა ბეიბი" და ყველა ერთხმად დავეთანხმეთ, რადგან ერთას ემოციურ და სექსუალურ ვოკალს ეს სახელი ძალიან უხდებოდა. მე და ჯოანამ იმ დღესვე დავიწყეთ მუშაობა. მომდევნო შეხვედრაზე პროდიუსერებს კომპოზიციის რამდენიმე აკორდი მოვასმენინე, თუმცა არც მიოცნებია, რომ მელოდია მოეწონებოდათ, სანამ არ გავიგონე: "ფილ, ძალიან მაგარია!" სამ კვირაში მე და ჯოანამ მუშაობა დავასრულეთ და ერთამ სიმღერა ჩაწერა. რამდენიმე თვის შემდეგ კოლეგებმა დამირეკეს და მახარეს: "ფილ, იცი, რომ შენი სიმღერა ჰიტად იქცა?" გაოცებისა და სიხარულისგან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი...ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ ვისურვებდი, უფრო ახალგაზრდა ვიყო, რომ საქართველოში ჩამოსვლა და თქვენთვის დაკვრა შემეძლოს, მაგრამ ახლა ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს ოცნებებშია შესაძლებელი. ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის, როცა მესმის, რომ ქართველ ხალხს ვუყვარვარ და ჩემს მუსიკას უსმენს - საქართველო ხომ ასე შორსაა ჩემგან!" - ამბობს "Santa Baby“-ს მუსიკის ავტორი ფილიპ სპრინგერი.