"ზოგმა უშნოდ იცის ხუმრობა: მეტროს ბაქანზე ნაპირში დგომა, ჩახტომის იმიტაცია, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს“ - როგორია მემანქანის ცხოვრება მეტროში და მის მიღმა
"ბავშვობაში რაღაცას რომ ოცნებობ, ალბათ დაფიქრება გმართებს... პატარაობიდანვე მატარებელი, გვირაბი მაინტერესებდა და ოცნება ამიხდა", - გვეუბნება გელა ხოსიაური, მეტროს მატარებლის მემანქანე. ძალიან უყვარს თავის საქმე, რასაც ემსახურება და მისთვის საამაყოა ეს პროფესია, - მგზავრების მომსახურება და მათი უსაფრთოდ გადაყვანა.
როგორ გახდა გელა ხოსიაური მეტროს მატარებლის მემანქანე, როგორია ცხოვრება და მუშაობა მიწისქვეშა სივრცეში, ამაზე თავად გვესაუბრება.
- ისე, ჩვენთან ოჯახში მეტრო არ იყო უცხო ხილი - მამაჩემიც მეტროში მუშაობს, ოღონდ, ესკალატორებში, პაპაჩემიც, დედაჩემის მამაც - ესკალატორებში. მეც უკვე მეთოთხმეტე წელი დაიწყო, რაც მეტროს თანამშრომელი ვარ. თავიდან სანტექნიკურ სამსახურში დავიწყე მუშაობა. შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა მეტროს მემანქანის კურსები, სადაც სწავლა შემეძლო და მისი დამთავრების შემდეგ მატარებლის მემანქანე გავხდებოდი. ამ ყველაფერმა დამაინტერესა.
მეტრო, საჭიროებიდან გამომდინარე, როდესაც შესაბამისი კადრები სჭირდება, კონკურსს აცხადებს ხოლმე. მოკლედ, რეგისტრაცია გავიარე, მისაღები გამოცდა ჩავაბარე და 6 თვე ვსწავლობდი როგორც თეორიას და ისე პრაქტიკას. მატარებლის შესახებ ყველაფერი შევისწავლე...
საერთოდ ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული - ინფორმატიკა და მართვის სისტემები და ასევე ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ფაქტობრივად მეტროში ისე აღმოვჩნდი, პროფესიით მუშაობა ვერც მოვასწარი. მუშაობის პარალელურად თან ვსწავლობდი... მერე მატარებლის მემანქანის კურსებიც რომ გავიარე, მივხვდი, რომ იმ გზაზე დავდექი, რაც მინდოდა. მოკლედ, გავხდი მატარებლის მემანქანე.
- ოცნება რეალობად იქცა და როგორია ეს რეალობა?
- ყველა პროფესიის ადამიანისთვის ასეა - თუ შენი საქმე არ გიყვარს, რაც არ უნდა პროფესია გქონდეს და მუშაობდე, მაინც იტანჯები. სულ რომ მსუბუქი სამსახურიც იყოს, უსიყვარულოდ საქმის კეთება რთულია, წვალობ. მე მიყვარს ჩემი სამსახური და მასთან მჭიდრო ბმა მაქვს. ბავშვობის ოცნებაში რაც მქონდა წარმოდგენილი, ის რეალობაში მეტად გამძაფრებულია, რადგან თავის სირთულეები ახლავს, მაგრამ ამ ყველაფერს ერთგვარი ხიბლიც აქვს.
- და ხიბლი რა არის?
- ის, რომ ამხელა მატარებელს მართავ, ამდენი მგზავრი, გადაგყავს, ყოველდღე ამდენ ადამიანთან, უცხო სახესთან გაქვს კონტაქტი. მეტრო ხომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძარღვია და ამ ძარღვის ნაწილი რომ ხარ, თავს საჭირო ადამიანად გრძნობ. აკეთებ იმ საქმეს, რომელიც შენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის.
- როგორც ვიცი, თქვენი ყოველდღიური მარშრუტი მეტრო ვარკეთილი-ახმეტელის ხაზია. ერთ გზაზე რა მანძილს გადიხართ?
- კი, ასეა და ეს ხაზი 19 კილომეტრი და 600 მეტრია. კონტროლერი ჰქვია მეტროს მატარებლის სამართავს და როდესაც კონტროლერით მატარებელს მართავ, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ, ხარ დაძაბული. სულ იმაზე ფიქრობ, ბაქანზე არავინ იდგეს ძალიან ნაპირზე და ფრთხილობ. ზოგმა უშნოდ იცის ხუმრობა, ეს ბაქანზე ნაპირში დგომა იქნება, თუ ჩახტომის იმიტაცია, ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მემანქანეებს ამ დროს არ გვეცინება და არც გვეხუმრება...
თუ ისე მოხდა და მატარებლის მგზავრი ვარ, სხვებივით მეც ვმგზავრობ, ვთქვათ, თუ მატარებელს რაიმე დაზიანება შეექმნება, ან გვირაბში გაჩერდება, გვევალება და ვალდებულები ვართ, გადავიდეთ მემანქანესთან და დავეხმაროთ.
ერთი ცვლის მაქსიმალური დრო, დღის განმავლობაში 8 საათია. სრული თვის განმავლობაში კი დაახლოებით -176 საათი. ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ მუშაობა თითქმის ყოველ დღე გვიწევს - ხან დილით ვიწყებ, ხან - შუადღეს და ხან - საღამოს.