ტრამპის ულტიმატუმი კრემლს ანუ რა მოხდება 50 დღის შემდეგ - "დიდი დონალდი" მიხვდა, რომ პუტინმა ის ოთხჯერ მოატყუა - კვირის პალიტრა

ტრამპის ულტიმატუმი კრემლს ანუ რა მოხდება 50 დღის შემდეგ? - "დიდი დონალდი" მიხვდა, რომ პუტინმა ის ოთხჯერ მოატყუა

ტრამპს პუტინისთვის „თაფლაკვერი“ გაუთავდა, 50 დღეში კი კრემლს „მათრახის“ მოღერებით დაემუქრა...

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულა დანაპირები და გამოხატა თავისი ახალი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში - თუკი 50 დღის განმავლობაში არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ აშშ რუსეთის ფედერაციის საექსპორტო პროდუქციას დაუწესებენ მეორად,100%-იან საბაჟო გადასახადს!

ის, რომ რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვისთვის სხვა ქვეყნებს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ ამერიკასთან ვაჭრობისას, მართლაც შეიძლება ბევრი ქვეყნის მთავრობა დააფიქროს, ღირს თუ არა სანქციადადებული რუსეთიდან ნავთობისა და აირის შეძენა, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს რუსული ენერგომატარებლების ექსპორტის მოცულობები და რუსული ხაზინის შევსება ნავთობ-დოლარებით, რაც თეორიულად პუტინს დიდ პრობლემას შეუქმნის, უკრაინაში დამპყრობელი ომის გასაგრძელებლად...

მაგრამ ეს, ყველაფერი, ჯერ აბსტრაქტულია, რადგან რუსეთზე ისედაც მრავალი საერთშორისო ეკონომიკური სანქციაა დაწესებული, მაგრამ ომის მეოთხე წელსაც უკრაინის ქალაქებს ეცემათ ის რუსული რაკეტები და კამიკაძე-დრონები, რომელთა „შიგნეულობაში“ მრავლადაა იმავე აშშ-სა თუ ევროპაში დამზადებული ელექტროდეტალები და რამდენად იმუშავებს მეორადი სანქციები ომის შესაჩერებლად, თუკი მათ ტრამპი რუსეთს 50 დღის შემდეგ დაუწესებს ან... არც დაუწესებს?

აქ მთავარი სხვაა - ტრამპმა აჯობა თავის თავს და განაცხადა, რომ პუტინმა ის არანაკლებ ოთხჯერ უბრალოდ - გააცურა, როდესაც მასთან მორიგი სატელეფონო საუბრისას, ტრამპი მთელ მსოფლიოს ახარებდა, რომ „პუტინთან მშვენიერი საუბარი შედგა“ და ტელეფონის ყურმილის დადებისთანავე რუსული რაკეტები ისევ მასობრივად უტევდნენ უკრაინის ქალაქებს...

ტრამპისა და პუტინის ბოლო სატელეფონო საუბრისას, სავარაუდოდ, პუტინმა მას განუცხადა,რომ რუსეთის არმიას მხოლოდ 60 დღე-ღამე დასჭირდება, გავიდეს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ადმინისტრაციული საზღვრების ბოლომდე და ეს დაპყრობილი მიწები რუსეთის ფედერაციას პრაქტიკულადაც მიუერთოს!

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინი 60 ათას ტონიან ყოფილ „თბილისს“ ჯართში ჩააბარებს?

ამერიკელებო, "პეტრიოტის" ანტირაკეტების მოფრთხილება უკრაინელებისგან ისწავლეთ - ანუ რატომ გახდა დასაცინი ტრამპის მიერ შეპირებული ათი ანტირაკეტა?

"მოსკოვს დავბომბავ მე თქვენი..." - ძალიან გაბრაზებული დონალდი ანუ რა "გამოთხარა" პუტინმა?!

ძალიან ცუდი ამბავი პუტინისთვის და გახარებული ზელენსკი - ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ ოკუპანტს შეიწირავს

ამის შემდეგ ტრამპი საბოლოოდ ხვდება, რომ რუსეთ-უკრაინის „ომის ერთი სატელეფონო ზარით ერთ დღეში დამთავრების“ მისეულმა წატრაბახებამ სრული კრახი განიცადა და „თაფლაკვერისა და მათრახის“ დანაქადნი უნდა გააგრძელოს - „თაფლაკვერი“ პუტინისთვის გათავდა, ახლა „მათრახის “დრო დგება...

რაში შეიძლება გამოიხატოს ტრამპისეული „მათრახი“ პუტინის რუსეთისთვის?

ფაქტობრივად გამართლდა ამავე ბლოგის 11 ივლისის სტატიაში: „დიდი მსოფლიო სკანდალი მწიფდება?! - ტრამპი პუტინზე გაბრაზდა, ზელენსკი კი ამერიკულ იარაღს მიიღებს“ ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ „ტრამპი სერიოზულად იცვლის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეთა მიმართ და თუკი აქამდე ზელენსკის მკაცრად ტუქსავდა (გაიხსენეთ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გათამაშებული სცენა, რაც ისტორიაში შევა), ხოლო პუტინს დაუყვავებდა, ამის შემდეგ ასე აღარ იქნება, თუმცა ბოლომდე ვინ გაუგებს არაპროგნოზირებად ტრამპს?!

მეორე კარგი ამბავი უკრაინის დამცველებისთვის კი ის არის, რომ უკრაინის არმიისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეუწყვეტლად მიღების მექანიზმი იხვეწება - აშშ შეიარაღებას მიჰყიდის ნატოს, ხოლო ალიანსი შემდეგ თავად გადაანაწილებს მას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის...

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ზელენკის შეთავაზება ტრამპისადმი - უკრაინა ამერიკული შეიარაღების ჩუქებას არ ითხოვს, მისი შესყიდვა სურს, თუნდაც - მსოფლიო ბაზრის ფასებშიო...

მეოთხე წელია, ასეთ ფართომასშტაბიან ომში მყოფ უკრაინას, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის ფინანსები, რომ ოთხ მილიონ დოლარად შეფასებული „პეტრიოტის“ ანტირაკეტები მასობრივად შეიძინოს, თუმცა აქვს დიდი იმედი, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ნაწილი ამ შესყიდვებს დააფინანსებს. თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც თანახმა არიან ამაზე, მით უმეტეს, რომ ნაკლებად იხარჯება მათი ქვეყნების ბიუჯეტები და თავიანთ ამომრჩეველს იმითი აწყნარებენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა ხდება იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაუყადაღეს და ამ აქტივების საერთო ღირებულება 300 მლრდ დოლარს აღემატება...

ანუ ისე გამოვა, რომ პუტინის რუსეთი თავისი ბიუჯეტით უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიასაც აფინანსებს და მის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინის არმიასაც?!“

თუ რა სახის და რაოდენობის ამერიკულ შეიარაღებას შეიძენს ნატო აშშ-დან და როდის გადასცემს მას უკრაინას, ეს ცალკე სტატიების თემაა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ ტრამპის ამერიკა აპირებს, გააგრძელოს აგრესორი რუსეთისგან თავისდამცველი უკრაინის სამხედრო დახმარება, თუგინდ დიდი ფულადი ანაზღაურების ხარჯზე...