ტრამპის "შიფრი" ანუ რას გულისსმობს "დიდი დონალდი" 17 „პეტრიოტში“- ბატარეას, გამშვებ დანადგარს თუ მხოლოდ რაკეტებს?! - კვირის პალიტრა

ტრამპის "შიფრი" ანუ რას გულისხმობს "დიდი დონალდი" 17 „პეტრიოტში“ - ბატარეას, გამშვებ დანადგარს თუ მხოლოდ რაკეტებს?!

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის გამოსვლები და ინტერვიუები შემდეგ რომ „გაშიფვრას“ მოითხოვს, არახალია და ასე მოხდა გუშინაც, როდესაც ტრამპმა განაცხადა,რომ ამერიკა უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდასაცავად 17 „პეტრიოტს“ გაუგზავნისო...

რატომ მაინცდამინც 17-ს? არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ 17 რას? - საზენიტო-სარაკეტო სისტემის „პეტრიოტის“ 17 ბატარეას, 17 გამშვებ დანადგარს თუ უბრალოდ... 17 რაკეტას?

ამის დაკონკრეტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც თავად პენტაგონმაც კი ვერ შეძლო და ამერიკელი ჟურნალისტების ეს კითხვა თეთრი სახლისკენ გადაამისამართა.

„პეტრიოტის“ ერთი საზენიტო ბატარეა მოიცავს მართვის პუნქტს, რადიოლოკატორს და რვამდე გამშვებ დანადგარს, თითოეულ მათგანზე კი თავსდება ან ოთხი PAC-2-ის ტიპის საზენიტო რაკეტა ან კიდევ 16 ერთეული PAC-3 MSE-ს ტიპის ანტირაკეტა.

2-petrioti-1752565022.jpg
„პეტრიოტის“ ბატარეის სქემატური სტრუქტურა

ერთი ასეთი სრულფასოვანი ბატარეის საერთო ფასი ერთ მილიარდ დოლარს აღემატება. PAC-3 MSE-ს ტიპის ანტირაკეტა კი 4,2 მლნ დოლარამდე ღირს.

თუკი ტრამპმა 17 რიცხვში მართლაც სრულფასოვანი ბატარეები იგულისხმა, მაშინ გამოდის, რომ უკრაინა, საერთო ჯამში, მიიღებს მაქსიმალურ რაოდენობას -136 გამშვებ დანადგარს 544 საზენიტო რაკეტა PAC-2-ით ან 2 176 ერთეული PAC-3 MSE-ს ტიპის ანტირაკეტით, რაც უკვე სცილდება თვით ფანტასტიკის სფეროსაც კი...

უფრო ლოგიკურია, რომ „პეტრიოტის“ გადასაცემ ბატარეებში მხოლოდ ოთხი გამშვები დანადგარი იგულისხმებოდეს, როგორც ეს აქამდეც ხდებოდა, როდესაც უკრაინას დასავლეთმა „პეტრიოტის“ 6-8 ბატარეა გაუგზავნა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამშვები დანადგარების რიცხვი 68-ს უტოლდება, რაც უკრაინელ მეზენიტეებს საშუალებას მისცემდა (ანტირაკეტების საჭირო მარაგის შემთხვევაში) რუსული „ისკანდერებისგან“ და „კინჟალებისგან“ დაეცვათ არა მარტო დედაქალაქი კიევი, არამედ - სხვა ქალაქებიც და მეტი სტრატეგიული ობიექტებიც.

მაგრამ რა იქნება, თუკი 17 „პეტრიოტში“ პრეზიდენტი ტრამპი გულისხმობდა არა ბატარეას, არამედ - რაკეტების გამშვებ დანადგარებს?

„პეტრიოტის“ 17 გამშვები დანადგარი 68 საზენიტო ან 289 ანტირაკეტით, რა თქმა უნდა, დიდ შეღავათს მისცემს უკრაინას, თუმცა ეს უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილზე რუსული აერობალისტიკური რაკეტებისგან სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

და ბოლო ვარიანტიც - იქნებ ტრამპი 17 „პეტრიოტში“ მხოლოდ 17 რაკეტას გულისხმობდა?

„პეტრიოტების“ რაკეტების ეს მარაგი რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ ერთი ღამის შემოტევის მოგერიებას თუ ეყოფა...

ასე რომ, ყველაფერი დეტალებშია და თუკი ლოგიკურად გავაანალიზებთ, „პეტრიოტის“ 17 ბატარეის მიწოდება უკრაინისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნატოს წევრი ქვეყნები საკუთარ „პეტრიოტებს“ დათმობენ და გაუგზავნიან უკრაინელებს, ტექნიკურადაც უბრალოდ წარმოუდგენელია, მოხერხდეს მოკლე პერიოდში.

უფრო სარწმუნოა, რომ ლაპარაკია „პეტრიოტის “ 17 გამშვებ დანადგარზე, მაგრამ თუკი ტრამპმა 17 რიცხვში „პეტრიოტის“ მხოლოდ 17 რაკეტა იგულისმა, ეს დაცინვა გამოვა...