პუტინს "სიკვდილის ბუზი" დააჯდა?! - რა ვერ გათვალა კრემლის ბინადარმა და როგორ გაება საკუთარ ხაფანგში - კვირის პალიტრა

პუტინს "სიკვდილის ბუზი" დააჯდა?! - რა ვერ გათვალა კრემლის ბინადარმა და როგორ გაება საკუთარ ხაფანგში

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება დონალდ ტრამპის 14 ივლისის განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს და აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ვლადიმერ პუტინი მასშტაბურად მოტყუვდა: მან სწორად ვერ გათვალა დონალდ ტრამპის მოქმედება“ (ავტორი - სემუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ დაკარგა მოთმინება ვლადიმერ პუტინის მიმართ. მან პირობა შეასრულა: თქვა, რომ კრემლის წინააღმდეგ „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებდა და კიდეც გააკეთა - დაადასტურა, რომ მკვეთრად გაზრდის იარაღის ექსპორტს ევროპაში უკრაინისათვის გადასაცემად („პეტრიოტებს“ და სხვადასხვა დანიშნულების მქონე რაკეტებს) და რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იანი საბაჟო ტარიფებით დაემუქრა. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მხოლოდ „სულის მოთქმის“ მცირე შესაძლებლობა დაუტოვა: დაპირების რეალიზებას იგი მხოლოდ 50 დღის ვადის გასვლის შემდეგ მოახდენს, ანუ კრემლი უნდა დაფიქრდეს: ან ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, ან მძიმე სანქციები და უკრაინის მომარაგება თანამედროვე მძლავრი იარაღით.

დონალდ ტრამპის ამ ანტირუსულმა განცხადებამ უნდა დაასრულოს მითქმა-მოთქმა და ჭორები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი თითქოსდა მზად არის უკრაინა რუსეთს ჩააბაროს. ასეთმა ხმებმა თავის აპოგეას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიაღწია, თუმცა კიევმა მოგვიანებით ნდობა აღიდგინა, როცა ჯიდაში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის წინადადებას დაეთანხმა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის თაობაზე, კრემლმა კი ისეთი მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა თეთრ სახლის წინადადებას, რომ ფაქტიურად უარი განაცხადა.

რასაკვირველია, დონალდ ტრამპი თავდაპირველად, აშკარად იმას ვარაუდობდა, რომ კონსტრუქციული დიალოგის წყალობით, შეძლებდა რუსეთის თანხმობის მიღწევას: იგი რეგულარულად ესაუბრებოდა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით, მისი დესპანი სტივ უიტკოფი რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს და აღუთქვა, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუკანონებდა (დროებით მაინც).

მაგრამ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის ეს შემრიგებლური ჟესტები სისუსტის გამოვლინებად აღიქვა და ომის გაგრძელება გადაწყვიტა. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების ბოლოდროინდელი რეკორდული დაბომბვები დრონებითა და რაკეტებით იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოროტად სარგებლობს დონალდ ტრამპის თავშეკავებულობით და დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში.

რუსეთის ლიდერს თავისმა გაბღენძილობამ და ყოყოჩობამ არ გაუმართლა: მან 2022 წლის თებერვალში განხორციელებულ თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგაც სწორად ვერ შეაფასა უკრაინის პოტენციალი, დასავლეთის სოლიდარობა და მოტყუვდა. ამჟამად, ცხადია, უკრაინა უფრო მეტს ელოდებოდა დონალდ ტრამპისაგან, თუმცა იმ გადაწყვეტილებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო, რუსეთის ეკონომიკისათვის და სამხედრო მანქანისათვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მხოლოდ რამდენიმე ტიპის ახლო რადიუსის მქონე რაკეტებით ამარაგებდა, ისიც არარეგულარულად. უკრაინა ხშირად იძულებული იყო თავისი ძალებით მოეგერიებინა რუსეთის არმიის შეტევები, ამიტომ ყურადღებას უთმობდა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას და რუსეთის სიღრმეში არსებული სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაბომბვას, ანუ ისეთი ოპერაციების დაგეგმვა-რეალიზებას, როგორიც ამ თვენახევრის წინათ ტრიუმფალურად განახორციელა (კოდური სახელმწოდებით „ობობას ქსელი“).

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ახალი დახმარება მთლიანობაში ომის მსვლელობას ვერ შეცვლის, მათ მაინც შეუძლიათ გააფართოვონ უკრაინის შესაძლებლობები რუსეთის ინფრასტრუქტურისადმი დარტყმების მისაყენებლად. კიევმა უკვე იმდენად გააუმჯობესა თავისი პოტენციალი, რომ დრონებით, დასავლეთის დაუხმარებლად, თავისუფლად ბომბავს მტრის სიღრმეში მდებარე სამრეწველო ობიექტებს. მაგალითად, ამას წინათ ტიუმენის ოლქშიუკრაინის დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანეს მილსადენი, რომელიც ჩელიაბინსკის, ორენბურგისა და ეკატერინბურგის სამხედრო ქარხნებს ბუნებრივი გაზით ამარაგებს.

თუ აშშ უკრაინას ისეთ რაკეტებს მიაწვდის, როგორებიც JASSM-ER-ები არიან და რომელთა მოქმედების რადიუსი თითქმის 1000 კილომეტრს აღწევს, მაშინ დონალდ ტრამპის ტრაბახი - მოსკოვს დავბომბავთო - გამართლდება. თეთრი სახლი სიგნალს უგზავნის კრემლს - აღარ ეშინია ვლადიმერ პუტინის ბლეფისა, რომ მან შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მოკლედ, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ მოტყუვდა.

რაც შეეხება დამატებითი საბაჟო ტარიფების შემოღებას რუსეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიმართ, ამ საკითხში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. მაგალითად, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ-დაბში) ყოფნისას, მაისის თვეში, მათ ინვესტიციების გაფართოება აღუთქვა, მაგრამ რადგანაც საემიროები რუსეთის ბიზნეს-ელიტის საკვანძო ფინანსურ ცენტრადაც ითვლება, დონალდ ტრამპს თავისი დაპირების შესრულება გაუჭირდება. თუ დონალდ ტრამპი გაზრდილ ტარიფებს დაუწესებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს - ჩინეთს და ინდოეთს, მისი ნაბიჯი ისედაც გართულებულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ტრამპის სანქციებით ნაკლებად დაზარალდება და უფრო მეტად ზიანს მიიღებს თვითონ ამერიკა - ჩაიშლება ინდოეთთან მისი სავაჭრო მოლაპარაკება.

და მაინც, ნებისმიერი ანტირუსული გაზრდილი ტარიფი ხელს შეუწყობს რუსეთში ინფლაციის ზრდას და დაბრკოლებებს შეუქმნის იმპორტს. ამას წინათ, სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ტემპი მიმდინარე წელს შენელდება და, როგორც ჩანს, რეცესია გარდაუვალია.

როგორც იქნა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ვლადიმერ პუტინის შეჩერება მხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი. რეალობის ამგვარი „აღქმა“, ალბათ, ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ მძიმე ცხოვრებას შეუმსუბუქებს უკრაინელებს, რომლებიც დაბომბვებს ყოველდღიურად განიცდიან.

წყარო