"დედაჩემმა რამდენჯერმე უთხრა ვაკოს, რთულია ნინის მოვლა და აჯობებს კარგად დაფიქრდეო... მან თქვა, რომ ნინის გარეშე ბევრად რთული იქნებოდა" - ახალი ცხოვრება ტრავმის შემდეგ
ეტლით მოსარგებლე გოგონას ხელის თხოვნის ამაღელვებელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მომხიბვლელი ნინი დარბაიძე გვიამბობს, თუ როგორ იპოვა ძალა ცხოვრება თავიდან დაეწყო და როგორია მისი ულამაზესი ლავსთორი...
- ნინი, იღბლიანი ხართ იმ მხრივ, რომ გამორჩეულ ოჯახში აღიზარდეთ...
- იღბლიანი ბევრი რამის გამო ვარ, თუნდაც იმ მხრივ, რომ დღეს ცოცხალი ვარ, აქ ვარ და ძალიან კარგად ვარ, რაც წლების წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. ეს კი ოჯახის და ახლობლების დამსახურებაა, რომ ისევ შევძელი გაღიმება და იმ სირთულეების გადალახვა, რაც მოჰყვა ჩემი აივნიდან გადმოვარდნას... ბავშვობა ყველაზე ტკბილი მოგონებაა, რომელიც მთელი ცხოვრება მიგვყვება. უთბილეს ოჯახში გავიზარდე, მშობლებისგან ყოველთვის უსაზღვრო სიყვარული მოდიოდა. ერთადერთი შვილი ვარ და ამიტომ დღემდე ულიმიტო ზრუნვას, სიყვარულს, ენერგიას ვიღებ მათგან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ოჯახურ სითბოს და სიყვარულს. ვფიქრობ, ეს სირთულეების გადალახვაში ძალიან მეხმარება, რადგან თავს მარტო არასდროს ვგრძნობ. ვიცი, თუ რაიმე გამიჭირდება ერთი ზარიც საკმარისი იქნება, დედაც და მამაც წამებში იქ გაჩნდება და გადამარჩენს. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს, ალბათ ისინი უფრო მარტივად მიხვდებიან, რომ მართლა ასეა. ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობაც ძალიან ლაღი და უდარდელი მქონდა.
- როდის მოხდა შემთხვევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა?
- 17 წლის ვიყავი, როცა მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდი. რომ დავეცი ვერ ვმოძრაობდი. მშობლებმა, კივილის ხმაზე ზემოდან გადმოიხედეს და ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ის შეიძლება მე ვყოფილიყავი, რადგან რამდენიმე წუთის წინ, მე მათ წინ ოთახში დავდიოდი. ხალხი ჩემს გარშემო წამებში შემოიკრიბა, ვტიროდი და მხოლოდ ერთადერთ ფრაზას ვიმეორებდი "მაა ამაყენე.. დეე მიშველე".. გამვლელი ექიმი იყო და ის გადამეფარა, ყვიროდა ოჯახის წევრები არ მოუშვათ, არ შეიძლება ხელში აყვანაო. ალბათ მაშინვე მიხვდა, რომ კისერი მქონდა დაზიანებული, რადგან ვეღარ ვმოძრაობდი. იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა, ჩემთვისაც და ოჯახის წევრებისთვისაც. ზურგის ტვინის ძლიერი დაზიანება მქონდა, კისრის ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს ვამოძრავებდი. ორი კვირა რეანიმაციის კართან ათენებდნენ ჩემი ახლობლები და ექიმის დანახვისას ყველას ეშინოდა, ისევ ცუდი ამბავი არ გამოეტანა.
თვეები საავადმყოფოში გავატარეთ, დეიდაშვილები არ მტოვებდნენ, ყოველ დღე ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას. ასევე ახლობლები, კლასელები, ნათესავები... მათთვისაც დიდი სტრესი იყო, ამ თბილი, პოზიტიური ოჯახის ასეთ მდგომარეობაში ნახვა და 17 წლის გოგონასი, რომელსაც უბრალოდ მოძრაობა აღარ შეეძლო... გავიდა წლები ბრძოლაში, გაუჩერებელ ვარჯიშში, ტკივილებსა და ბევრ ცრემლებში, თუმცა დღეს, როგორც მხედავთ უკვე შემიძლია ეტლში ჯდომა, ხელების მოძრაობა (თითების ვერა), მუშაობა და დამოუკიდებლად რაღაცების გაკეთება. მინიმუმის, მაგრამ მაინც...
- რამ მოგცათ ძალა, ყოფილიყავით მუდამ ლამაზი, წარმატებული, სამაგალითო და არასოდეს დეპრესიული, ხელჩაქნეული?
- ვერ ვიტყოდი, რომ ამ რთულ გზაზე მუდამ წარმატებული ან პოზიტიური ვიყავი. ასეთი რაღაც რომ მოგდის, ფიქრში ღამეებს ათენებ. პირველი და უმთავრესი კითხვით, რომელიც სრულიად გაუგებარია შენთვის იმ მომენტში „რატომ? მე რატომ დამემართა ეს?”... და მოჰყვება უიმედობის კორიანტელი "ასე როგორ უნდა ვიცხოვრო?", „სამუდამოდ აქ უნდა ვიწვე გაუნძრევლად?” „ვერასდროს გავივლი?”, "თითები თუ არ მიმოძრავებს ასე როგორ უნდა ვიცხოვრო” და ა.შ... პირველი წელი მსგავსი ფიქრები არ განებებს თავს, მაგრამ ძალა მომცა იმ ყველაზე ახლო წრემ, რომელიც ჩემ გვერდით იყო. მათთან ერთად დავიბადე თავიდან, მასწავლეს გარეთ გასვლა, მაჩვენეს, რომ საშიში არაფერია და მარტო არ ვიყავი. მაგრძნობინეს, რომ ერთად შევძლებდით ყველაფრის თავიდან დაწყებას. მათ გარეშე ალბათ ის ნეგატიური ფიქრები კიდევ გაგრძელდებოდა. ამიტომ არამართებულია ვთქვა, რომ მხოლოდ მე შევძელი. ჩვენ ერთად შევძელით!