„ვოლოდიმირ, მოსკოვის დაბომბვა შეგიძლიათ? სანკტ-პეტერბურგის?" - პუტინის 60 დღე ანუ რა მოხდება 1-ელ სექტემბერს?!
„მოსკოვის დაბომბვა“- მედიაში აგორებული ტრამპის გამონათქვამები, პუტინის რეაქციის შესამოწმებლად...
„ვოლოდიმირ, მოსკოვის დაბომბვა შეგიძლიათ? სანკტ-პეტერბურგის?“- ეს სიტყვები მართლაც წარმოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას და პასუხიც მიიღო - თუკი რაკეტებს მოგვცემთ, დიახო...
ისევე, როგორც გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც გასულ წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი თავის ამომრჩეველს ეუბნება, - მე ვუთხარი პუტინს, რომ მოსკოვს დავბომბავდი, თუკი ის არ შეწყვეტდა ომს, მე მგონი, პუტინმა მხოლოდ 10%-ით დაიჯერა ესო...
აშშ პირდაპირ არ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში და მისი ლიდერის ასეთი დაინტერესება „მოსკოვის დაბომბვით“ ცოტა უცნაურად მოჩანს, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს, ყველაფერი, სპეციალურადაა გაზვიადებული დასავლური მასმედიის მიერ, იმის გასაგებად, თუ რა რეაქცია ექნებოდა პუტინს, როდესაც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგებდა, როგორ „ათანხმებდნენ“ ერთმანეთში მისი „მოსკოვის დაბომბვას“ ტრამპი და ზელენსკი...
რეალურად კი ტრამპი, რა თქმა უნდა, არ აპირებს არავითარი „მოსკოვის დაბომბვას“ და არც ამის შემძლე ამერიკული რაკეტების გაგზავნას უკრაინისთვის. ის, დაანონსებული „50 დღეც“, რომლის გასვლის შემდეგ თითქოს აშშ „ყველაზე მკაცრ“ სანქციას დაუწესებს რუსეთს, თუკი პუტინი უკრაინაში ომს არ შეაჩერებს, ასევე, ცოტა უცნაურად მოჩანს...
საქმე ის არის, რომ 3 ივლისის ბოლო სატელეფონო საუბრისას პუტინს ტრამპისთვის თითქოს განუცხადებია, რომ ის ომს აგრძელებს და 60 დღეში მისი არმია სრულ კონტროლს დაამყარებს ლუგანსკის,დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ „ახალ ტერიტორიებად“ წინასწარ გამოაცხადა კრემლმა.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს "სიკვდილის ბუზი" დააჯდა?! - რა ვერ გათვალა კრემლის ბინადარმა და როგორ გაება საკუთარ ხაფანგში
პუტინი 60 ათას ტონიან ყოფილ „თბილისს“ ჯართში ჩააბარებს?
14 ივლისს კი ტრამპმა ზემოხსენებული „50-დღიანი“ წამზომი ჩაურთო პუტინს ანუ ზუსტად ათი დღის შემდეგ და პუტინის „60 დღე“ და ტრამპის „50 დღე“ ზუსტად ერთად - 2025 წლის 1-ელ სექტემბერს იწურება...
ასეთი დამთხვევა დასავლეთის ზოგიერთ წრეებში შეაფასეს, რომ თითქოს ტრამპმა გარკვეულწილად დრო მისცა პუტინს, კიდევ ორი თვის განმავლობაში გააგრძელოს უკრაინის ოკუპაციაო, თუმცა..
რა მოხდება 1-ელ სექტემბრამდე?
რუსეთს უკრაინის ლუგანსკის ოლქი, ფაქტობრივად, ბოლომდე ისედაც აქვს ოკუპირებული, მაგრამ დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ დასაპყრობი რჩება დიდი ქალაქები - კრამატორსკი და სლოვიანსკი, ზაპოროჟიეს ოლქში თავად ქალაქი ზაპოროჟიე, ხერსონის ოლქში კი - თავად ხერსონი და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ამ ოლქის დიდი ნაწილი...
თეორიულადაც კი წარმოუდგენლად მოჩანს, რომ პუტინის არმიამ ეს შეძლოს 60 დღეში, უფრო სწორად, 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილ შვიდ კვირაში...
ასევე, კიდევ რჩება ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ 1-ელ სექტემბერს ტრამპმა დააწესოს (ყველასთვის ნათელია, რომ პუტინი არც მანამდე და არც ამის შემდეგ შეწყვეტს უკრაინაზე აგრესიას) 500 %-იანი მეორადი საბაჟო გადასახადი იმ ქვეყნებზე, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის შეძენას და ამასთან, არ ეხმარებიან უკრაინას.
ეს პირველ რიგში ეხება ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ რუსულ ნედლ ნავთობს, თუმცა რუსულ ბუნებრივ აირს ხომ... ჩვენი საქართველოც ყიდულობს (თუ არ ვცდებით, აზერბაიჯანულზე მეტსაც კი), უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებებს, დევნილების შეფარებას და ქართველი მოხალისეების უკრაინის მხარეს ბრძოლას „აქტივში“, ალბათ, არ ჩაგვითვლიან და აშშ-ში გასაყიდ ქართულ ღვინოს 500 %-იანი ბაჟი დაედება?
დაველოდოთ 1-ელ სექტემბერს...